Google+

რელიზები

13.02.2010
ბაკურიანში ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ტრასა გაიხსნება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კანადაში, ქალაქ ვანკუვერში ზამთრის 21-ე ოლიმპიური თამაშების გახსნას დაესწრო. გახსნის ცერემონიაზე მყოფმა 5 ათასმა სპორტსმენმა და 80 ათასმა დამსწრემ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 21 წლის ქართველი სპორტსმენის, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას, რომელიც ოლიმპიადის წინა შესარჩევი გარბენის დროს გარდაიცვალა. მიხეილ სააკაშვილმა დარბაზი საქართველოს ნაკრების გამოსვლის შემდეგ დატოვა. საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო ოფიციალურ მიღებას, რომელიც სახელმწიფო მეთურებისა და მთავრობათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართა კანადის გენერალ-გუბერნატორისა და პრემიერ-მინისტრის სახელით. მიღება ზამთრის 21-ე ოლიმპიადის გახსნას ეძღვნებოდა და ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას აქაც წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. კანადის პრემიერ-მინისტრმა ქართულ დელეგაციასა და ნოდარ კუმარიტაშვილის ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.

"ყველა კანადელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი სპორტსმენის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. მისი სპორტული სულისკვეთება და ოსტატობისადმი სწრაფვა ოლიმპიადის მიმდინარეობის განმავლობაში ემახსოვრება ყველას და მას ყველა მიაგებს პატივს. ყველა კანადელის სახელით ვუთანაგრძნობთ საქართველოს პრეზიდენტს, ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახის წევრებს და ოლიმპიადის ქართულ ნაკრებს", - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი ოლიმპიური სოფლის ქართულ სახლსაც ესტუმრა და ნოდარ ქუმარიტაშვილის თანაგუნდელებს გაესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ბაკურიანში გაიხსნება სპორტული ციგაობის ტრასა, რომელსაც ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელი მიენიჭება.

"ყველას მადლობელი ვარ, რომ ცერემონიალზე მაინც თავაწეული გამოხვედით. ჩვენს ქვეყანას დალხენილი ცხოვრება არა აქვს და საქართველოს აუცილებლად სჭირდება ნოდარის მსგავსი ადამიანები. რაც არ უნდა დიდი უბედურება დაგვადყდეს, სხვებს უნდა შევეჯიბროთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ, ვიცხოვროთ და დღე და ღამე ვიმუშაოთ, ნოდარის შემთხვევის მსგავსად, თუ საჭირო გახდა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ თავიც გავწიროთ. საქართველოს არასდროს არ ჰყოლია ამხელა გუნდი ოლიმპიადაზე. ეს ყველაზე რთული სახეობაა. ის, რაც მოხდა უდიდესი ტრაგედიაა, დავკარგეთ ლამაზი და ძალიან კარგი ბიჭი. მინდა რომ მისი გულისთვის ჩვენ ყველაფერი გავაგრძელოთ. მას გაეხარდება, რომ საქართველო იყოს გამარჯვებული. კანადის პრემიერმა წუთიერი დუმილი გამოცხადა. აქ იყო ყველა სახელმწიფო მეთაური, მათ შორის, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტიც. ყველა შეძრწუნებულია. მე აღტაცებული ვარ თქვენი ვაჟკაცობით. დღეს თქვენ მთელი მსოფლიო და სპორტული სამყარო გიკრავდათ ტაშს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ სპორტსმენებთან საუბრისას.

ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების გამო, სპორტსმენის ახლობლებსა და მთელ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმაც გამოუცხადა. ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკელ სპორტსმენებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ბევრ სირთულეს წააწყდა.

"ეს არის პატარა, 5-მილიონიანი ერი და აქ ჩამოსული სპორტსმენები ძალიან ამაყობენ იმით, რომ ოლიმპიადაზე საკუთარ ქვეყანას წარმოადგენენ. ასეთი დანაკარგი ძალზე დიდი ტრაგედიაა", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)