Google+

რელიზები

18.02.2010
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლონდონში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლონდონში იმყოფება, სადაც ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. მიხეილ სააკაშვილი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ მილიბენდს შეხვდა. შეხვედრისას საუბრის თემა ოკუპირებულ ქართულ რეგიონებში შექმნილი ვითარება და საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია იყო. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები ბრიტანელ ექსპერტებთანაც გამართა. მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა "ჩეთამ ჰაუს"-სა და ლეგატოს ინსტიტუტში. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსული ემბარგოსა და რუსული სამხედრო ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყანა არ თუ არ დაიშალა, არამედ განვითარებას განაგრძობს. როგორც მან განაცხადა, გაერთიანებული საემიროებისა და ჰონ კონგის შემდეგ, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადებით გამოირჩევა, ხოლო, ბოლო კვლევების მიხედვით, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში კორუფციის დონე ყველაზე დაბალია.

"რუსეთის მხრიდან ემბარგოების, პროვოკაციების, ჩვენს ქვეყანაში შემოჭრისა და ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის, ასევე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ჩვენ შევძელით რეგიონში ტოტალიტარული რეჟიმის ალტერნატივის შექმნა. მე ვარ იმ სამყაროდან, რომელშიც ხალხს არჩევანი მხოლოდ მოჩვენებით თავისუფლებასა და დიქტატურას შორის ჰქონდა. ამის მაგალითია ელცინისა და პუტინის მმართველობები. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ჭეშმარიტი და მყარი დემოკრატიის გარეშე ნამდვილი წესრიგის დამყარება შეუძლებელია. ამ თვალსაზრისით, საქართველო ლიდერობს, რადგან ის ევროპული ტრანსფორმაციის ლაბორატორიაა. ხალხი ყოველთვის ფიქრობს, რომ რევოლუცია, მხოლოდ, დემონსტრაციები, დროშების ფრიალი და ლოზუნგებია. ჩვენ მსოფლიო ისტორიაში ყველაზე თვალსაჩინო რევოლუცია მოვახდინეთ, რომლის ტრანსლაცია მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიების მიერ ხდებოდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ჩეთამ ჰაუსის" შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს ლეგატოს ინსტიტუტის ექსპერტებმა მოუსმინეს. გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე გაამახვილა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წლებიც წინათ საქართველო კორუფციის ჭაობში იყო ჩაფლული და ამის გამო სახელმწიფოს ყველა რგოლი მოშალა. დღეს კი, მისი თქმით, გამარტივდა საჯარო სერვისი, რამაც ქვეყანაში ბიუროკრატიული მექანიზმები გააუქმა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ბევრმა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ იგივე პრობლემების დაძლევა ვერ მოახერხა.

"ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების ძირითადი მიზანი ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი ამაღლებაა როგორც კერძო პირთათვის, ისე კომპანიებისთვის. ამ თვალსაზრისით, საქართველომ 112-ე ადგილიდან მე-11 ადგილზე გადაინაცვლა. ჩვენ წინ წავიწიეთ ბიზნესის დაწყების სიმარტივის მხრივ და ამ მაჩვენებლის მიხედვით პირველები ვართ ცენტრალური ევროპის მასშტაბით. "ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" კვლევების მიხედვით, 99-დან 26-ე ადგილზე გადავინაცვლეთ. მსოფლიო ბანკის მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენს წინ მხოლოდ ესტონეთი იყო. იმედია, ჩვენ მას დავეწევით და მომავალ წელს გავუსწრებთ კიდეც. საქართველოს წარმატების საიდუმლო კორუფციის დაძლევაში, ერთიან მიდგომასა და ნულოვან ტოლერანტობაშია. ჩვენ შევძელით გადასახადების შემცირება, ბიუროკრატიული სურთულეების დაძლევა და საჯარო სერვისი განვითარება. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, აფრიკისა და აზიის ზოგიერთი ქვეყნებისათვის ჩვეულია სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების მოშლა. კორუფცია და სხვა ყველა პრობლემა სწორედ აქედან იღებს სათავეს. ეს შეიძლება ყველგან მოხდეს და თქვენ აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ, ამ მხრივ, საქართველო ყველაზე უარეს ვითარებაში იმყოფებოდა. ახლა ეკონომიკის თავისუფლების ზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს. წარმოებისა და სახელმწიფო შემოსავლის ზრდა, ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის შედეგიცაა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)