Google+

რელიზები

02.03.2005
საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ლიდერების კიშინიოვის დეკლარაცია ''შავი ხვრელების'' წინააღმდეგ ევროპაში

საქართველო და მოლდოვის რესპუბლიკა ადასტურებს ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საერთაშორისო საზღვრების ურღვევობის აბსოლუტური პატივისცემის აუცილებლობას, რაც გაეროს წესდების, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის პრინციპების, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, ევროპული ნორმებისა და ადათ-წესების შესაბამისად, საერთაშორისო ძალისხმევას საჭიროებს. ამის საფუძველზე, ჩვენ ყველა საშუალებას მივმართავთ, რათა მშვიდობასა და უსაფრთხოებას არაფერი დაემუქროს, რაც შეიარაღებული სეპარატიზმისგან მომდინარეობს, იმისათვის, რომ ორივე ქვეყანაში გარე ძალების მიერ ინსპირირებული, გაჭიანურებული კონფლიქტები საბოლოოდ მოგვარდეს.

კონფლიქტური ზონები და სეპარატისტული ტერიტორიები ჩვენს ქვეყნებში "შავ ხვრელებად" იქცა, რომლებსაც გარე ძალები ღიად უჭერენ მხარს. ეს ტერიტორიები კრიმინალურ თავშესაფარს წარმოადგენს, სადაც მასშტაბური კონტრაბანდა კორუმპირებული ლიდერების ნაწილს ამდიდრებს, მაშინ, როდესაც მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს; სადაც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს პატივს არ სცემენ; სადაც ასობით ათასი დევნილია და ადამიანთა გატაცება და ტრეფიკინგი, ასევე იარაღისა და ნარკოტიკების კონტრაბანდა "ჩვეულებრივ მოვლენად" აღიქმება.

საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის უკანონოდ კონტროლირებადი ტერიტორიებზე სეპარატისტები ბავშვთა ფუნდამენტურ უფლებებსაც არღვევენ. მაგალითად, დნესტრისპირეთში სკოლებს ავიწროებენ, ლათინური ანბანი კი, აკრძალულია. აფხაზეთში, გალის რაიონში მასწავლებლებს მოსწავლეების მშობლიურ - ქართულ ენაზე სწავლება ეკრძალებათ.

საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკაში რუსული სამხედრო ფორმირებების არსებობა და უშუალო მონაწილეობა ამ კონფლიქტების მთავარ კატალიზატორად მოგვევლინა. სწორედ ამიტომ, ორი ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების სასწრაფოდ გაყვანა ჩვენი ქვეყნებისა და მთლიანად რეგიონის საერთო ინტერესს წარმოადგენს.

რუსული სამხედრო ფორმირებების გაყვანა თავად რუსეთის ინტერესებშიც შედის. რუსეთთან კარგი ურთიერთობა საქართველოსთვისაც და მოლდოვის რესპუბლიკისთვისაც მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მეგობრული და უსაფრთხო რეგიონის განვითარება რუსეთის ინტერესებსაც უნდა შეესაბამებოდეს.

საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკაში შეიარაღებულმა სეპარატიზმმა ნაყოფიერი ნიადაგი შექმნა იმ პირთა იმპერიული ამბიციებისთვის, რომლებსაც არ სურს, რომ ჩვენი ქვეყნები თავისუფალი და აყვავებული იყოს. სწორედ ამიტომ, შეიარაღებული სეპარატიზმი უბრალოდ სიტყვას კი არა, დანაშაულებრივ საქმიანობას წარმოადგენს. ეს არამარტო ჩვენი კერძო, არამედ მთელი ევროპის პრობლემაცაა. ამიტომაც, ჩვენ ღრმად გვწამს, რომ თავის ახალ საზღვარზე ევროპამ არ უნდა მოითმინოს და არც მოითმენს ამ "შავი ხვრელების" არსებობას.

საქართველო და მოლდოვის რესპუბლიკა აცნობიერებს სხვადასხვა ეკონომიკური და პოლიტიკური ზომების მიღების აუცილებლობას, რომლებიც შეიარაღებული სეპარატიზმის წინააღმდეგ არის მიმართული, იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყნებს, გაფართოებულ ევროპაში ინტეგრაციის შესაძლებლობა ჰქონდეს, ნაწილობრივ, კეთილმეზობლური ევროპული პოლიტიკის ინიციატივის ფარგლებში.

საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო და მოლდოვის რესპუბლიკა ერთობლივ დიპლომატიურ ნაბიჯებსაც გადადგამენ, რომლებიც ტეროროზმის, ადამიანის უფლებათა მასიური დარღვევების, ტრეფიკინგის, იარაღისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის, უკანონო ვაჭრობისა და ფულის გათეთრების, ტრანსნაციონალური კორუფციისა და აგრესიული სეპარატიზმის წინააღმდეგ იქნება მიმართული, რომელიც დემოკრატიის ანტითეზას, ტოტალიტარულ ფორმათა კვინტესენციას წარმოადგენს.

საქართველო და მოლდოვის რესპუბლიკა აცხადებს:

  • ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ საზოგადოებას, რომელშიც ეროვნებისა და კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური მრწამსის მიუხედავად, მოქალაქეთა უფლებები თანაბრად არის დაცული.
  • ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ საზოგადოებას, რომელშიც ეთნიკურ უმცირესობათა კულტურული და ენობრივი უფლებები გარანტირებული და დაცულია.
  • ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებას, ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით.
  • ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ სეპარატისტთა კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოებისა და მშვიდობიანი ევროპის ფარგლებში გაერთიანდება.
  • მხარს ვუჭერთ ყველას კეთილდღეობის თანაბრად უზრუნველყოფას, რაც ჩვენი ევროპული მემკვიდრეობიდან მომდინარეობს და რომელსაც ფესვები ევროპულ ცივილიზაციაში ღრმად აქვს გადგმული.
  • ვადასტურებთ, რომ საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანა ევროპასთან გაერთიანების პროცესის დასრულებაა. დაე, ერთად შევუერთდეთ ევროპას და ხელი შევუწყოთ ევროპის გათავისუფლების მესამე ტალღის დასრულებას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)