საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ლიდერების კიშინიოვის დეკლარაცია დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების უზენაესობის შესახებ
ქართველი და მოლდოველი ხალხი მხარს უჭერს დემოკრატიულ ღირებულებებსა და პრინციპებს, აღიარებს წარმომადგენლობით დემოკრატიას, როგორც სახელმწიფოებრივი მმართველობის ყველაზე ეფექტურ და სამართლიან მოდელს.
ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მხოლოდ დემოკრატიას შეუძლია კანონის უზენაესობისა და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის გზით, სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი ინსტიტუტების გაძლიერების, ასევე პოლიტიკური ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის, სოციალური სამართლიანობის, უმრავლესობის მმართველობით უმცირესობათა უფლებების დაცვის, თავისუფალი პრესის მხარდაჭერისა და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის გარანტი გახდეს.
მოლდოვის რესპუბლიკას და საქართველოს სურს ისეთი საზოგადოების შექმნა, რომელშიც ყველა ადამიანი თავს დაცულად, უსაფრთხოდ იგრძნობს და სადაც ყოველგვარი შიშისა და გაურკვევლობის გარეშე, სახელმწიფო მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტი იქნება.
ჩვენ გვწამს, რომ ახალი დემოკრატიული ხელისუფლების შეფასების ძირითადი კრიტერიუმი ხალხის მხარდაჭერაა, იმდენად, რამდენადაც დემოკრატიის პირობებში ხელისუფლების ლეგიტიმურობა იმ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, რომელსაც იგი ხმათა უმრავლესობით იღებს. უფრო მეტიც, ჩვენ გვჯერა, რომ იმ ქვეყნებში, რომლებმაც ტოტალიტარულ დიქტატორულ რეჟიმს და სხვა ქვეყნის მმართველობას თავი დააღწიეს, თავისუფალ და სამართლიანს არჩევნებს ალტერნატივა არა აქვთ. არც ერთ გარეშე ძალას არ შეუძლია ხელი შეუშალოს თავისუფლების მოყვარულ ხალხს ხმა მისცეს და თავისი მისწრაფებებისა და შეხედულებების შესაბამისად, ხელისუფლება აირჩიოს.
აქედან გამომდინარე, არავის უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ ვინმემ ხალხს ნება-სურვილი გარედან თავს მოახვიოს. არავის უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ არჩევნების შედეგებზე ზემოქმედება მოახდინოს ან შანტაჟისა და სხვა არალეგალური ფინანსური ოპერაციების გზით, ქვეყნის პოლიტიუკური კურსი შეცვალოს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ხალხს ძალაუფლებას ანიჭებს და ამით კლეპტოკრატიული ფსევდოელიტის ძალაუფლებას ანგრევს.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დემოკრატიულ ქვეყანას, რომ ხალხის მისწრაფებებს მხარი დაუჭიროს. უფრო მეტიც, მივმართავთ დემოკრატიულ მსოფლიოს დაგვიცვას თავისფლების მტრების უკანონო ჩარევისა და იმ ძალებისაგან, რომლებიც ჩვენს ქვეყნებში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს საფრთხის ქვეშ აყენებენ.
მოლდოვის რესპუბლიკა ადასტურებს, რომ პატივს სცემს მოლდოველი ხალხის ჭეშმარიტ დემოკრატიულ ნებას. ის არჩევნებზე დასასწრებად დემოკრატიული ქვეყნებიდან, ეუთოდან და სხვა სანდო საერთაშორისო ორგანიზაციებიდან რაც შეიძლება მეტ დამკვირვებელს იწვევს, რადგან მათი მიუკერძოებლობის სჯერა.
ჩვენ ამ ძირითადი დემოკრატიული მიღწევების უნივერსალურობასა და სიცოცხლისუნარიანობაში ღრმად ვართ დარწმუნებული. უფრო მეტიც, გვჯერა, რომ მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების და არა ზეწოლის გზით აირჩევენ, რაც ეკონომიკურ სანქციებსა და კორუმპირებული კლანების მიერ, გუშინდელი "პატრონების" ხელშეწყობით, ხელისუფლებაში დასაბრუნებლად გამიზნულ მცდელობას გულისხმობს.
ამ დინამიურმა პროცესმა სუუამის ქვეყნებს ახალი იმპულსი უნდა მისცეს, რათა მთელ ორგანიზაციასა და მის წევრ ქვეყნებში დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებების დამცველი გახდეს. ის ახალი გამოწვევები, რომელთა პირისპირაც მისი წევრი სახელმწიფოები დგანან, ამ ორგანიზაციის მიზანსა და ქმედებებში უნდა აისახოს. ერთად აღებული, ეს ახალი რეალობა, ახალ ფუნქციებსა და ამოცანებს გულისხმობს, რათა სუუამი მთელ რეგიონში დემოკრატიის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების პრინციპების მხარდამჭერი გახდეს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 2005 წლის 22 აპრილს, როდესაც მოლდოვის რესპუბლიკა სუუამის ორგანიზაციის თავმჯდომარე გახდება, ეს პრინციპები ინტენსიურად განხორციელდება.
თავისუფლების დაცვის, სტაბილურობისა და დემოკრატიის ხელშეწყობის მიზნით, ამ დოკუმენტით ახალი, გაერთიანებული ევროპის მშენებლობაში მონაწილეობის მიღების ერთობლივ სურვილს გამოვხატავთ, რომელიც ჩვენს საერთო ევროპულ მემკვიდრეობას, ცნობიერებასა და ღირებულებებს ეფუძნება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური