Google+

რელიზები

27.08.2010
უბრალოდ მიშა

 მიხეილ სააკაშვილის წყალობით, Forbes-მა საქართველო ევროპის ყველაზე ლიბერალურ რეჟიმად დაასახელა

პროგრესულმა რეფორმებმა ექვს წელიწადში ღატაკი საქართველო, რომელიც კანონიერი ქურდების მიერ იმართებოდა, მჩქეფარედ  განვითრებად ევროპულ სახელმწიფოდ გადააქცია, სინგაპურისა და ჰონკონგის ამბიციებით. ვიტალი სიჩის ეს მასალა, რომელიც უკრაინის ავტორიტეტული ჟურნალის "კორესპონდენტის" თავაზიანი ნებართვით გადმოვბეჭდეთ "გორდონის ბულვარში", ეძღვნება ჩვენს უნიჭო და უიმედოდ კორუმპირებულ ხელმძღვანელ ვირებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა უკრაინა კვლავაც მესამე მსოფლიოს ქვეყნად დარჩეს.

 

"როგორ ბრძანდებით?", "როგორ მიდის თქვენი საქმეები?",  "გამარჯობა, როგორ გიკითხოთ?" - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტუმრებს ღიმილით ართმევს ხელს საკუთარ კაბინეტში, ამერიკული მისალმების რუსულ ენაზე პირდაპირი კალკირების გამოყენებით.  ხალხი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  Procter&Gamble ან Philip Morris მსგავსი ტრანსნაციონალური კომპანიის პერსონალს მოგაგონებენ: ყველა ახალგაზრდაა, ბევრი მათგანი 30 წლისაც არ არის, გამოწყობილი არიან ჯინსებსა და პიჯაკებში, უფრო ადვილად საუბრობენ ინგლისურად, ვიდრე რუსულად.

 

 

ვიტალი სიჩი

"კორესპონდენტი"

 

 

TIME წერდა: "ბათუმი ისეთი სისწრაფით ვითარდება, რომ ჩინეთსაც კი გააწითლებდა"

 

"ჩვენს ხელისუფლებაში სულ ორი კაცია 40 წელს გადაცილებული, - გვიხსნის სააკაშვილი. - და თითქმის ყველა რაღაც პერიოდით საზღვარგარეთ ცხოვრობდა". სააკაშვილის პრესმდივანი ლონდონში სწავლობდა, მისი ასისტენტი ვანკუვერში გაიზარდა.

იქვე ღია ტერასაზე, რომლიდანაც მთელი თბილისი მოჩანს, დგას სავარჯიშო ტრენაჟორი. პრეზიდენტის ახალ სასახლეს მინის გუმბათი აგვირგვინებს, შიგნიდან დაკიდული სპირალისებური კიბით - ისეთივე როგორიც ბერლინის ბუნდესტაგშია. სააკაშვილის მთაზე აშენებული სასახლე - თბილისის ერთ-ერთი არქიტექტურული დომინანტი, ქართველი პრეზიდენტის ამბიციებს ასახიერებს. რუსეთთან გაფუჭებული ურთიერთობისა და დასავლეთში მისი შელახული რეპუტაციის მიუხედავად,  ეკონომისტები და პოლიტიკური ექსპერტები, რომლებიც თბილისს სტუმრობენ-ხოლმე, პრაქტიკულად, ყველა ერთ რამეზე თანხმდება: მიხეილ სააკაშვილმა, ან  როგორც მას საქართველოს დედაქალაქში უწოდებენ უბრალოდ მიშამ და მისმა კოლეგებმა განახორციელეს ლიბერალური რეფორმები, რომლებიც შეიძლება ეკონომიკის სახელმძღვანელოებში შევიდეს, როგორც რადიკალური გარდაქმნების ყველაზე სწრაფი კურსი ისტორიაში.  

თავად განსაჯეთ. ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგით, რომელსაც ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიო ბანკი, საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების არასახარბიელო კომპანიიდან, მსოფლიო მასშტაბით მე-11 ადგილზე "აფრინდა" და ფინეთი, შვედეთი და იაპონია უკან ჩამოიტოვა.      

რამდენიმე თვის წინათ, ამერიკულმა ჟურნლმა Forbes-მა, რომელიც ყოველწლიურად აძლევს შეფასებას გადასახადების გადახდის სიმარტივეს მთელ მსოფლიოში, საქართველო, საერთოდაც, ევროპის ყველაზე ლიბერალურ რეჟიმად დაასახელა, ხოლო მსოფლიო მასშტაბით, მეოთხე ქვეყნად აღიარა კატარის, არაბეთის გაერთიანებული ემირატებისა და ჰონკონგის შემდეგ. 

სულ რაღაც ექვს წელიწადში ღატაკი და ნახევრად დანგრეული სახელმწიფო გადაიქცა ქვეყნად, რომლის ეკონომიკა მჩქეფარედ ვითარდება და მთელი მსოფლიოდან იზიდავს ინვესტორებს. საღამოს თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, შოთა რუსთაველის გამზირზე ანათებს მარიოტის, რედისონისა და შერატონის სასტუმროთა ქსელების აბრები. სულ ცოტა ხანში, მათ რიცხვს კემპინსკიც შეემატება.  

წელში იმართება რეგიონებიც. ამერიკული ჟურნალი Time წერდა, რომ ქართული საკურორტო ქალაქი ბათუმი "ისეთი სისწრაფით ვითარდება, რომ ჩინეთსაც გააწითლებდა". იმ ობიექტთა მაკეტების ჩამონათვალი, რომლებიც ბათუმში მომავალ წელს ჩაბარდება, დუბაის სარეკლამო ბროშურას მოგვაგონებს.  

საერთაშორისო განვითარების ამერიკულმა სააგენტომ (USAID) თავის შემაჯამებელ ანგარიშში, რომელიც მოწოდებულია შეაფასოს ბიზნესკლიმატის ცვლილებები საქართველოში, ამ გარდაქმნებს " ყველაზე ვრცელი, ღრმა და სწრაფი რეფორმები უწოდა, რომლებიც მსოფლიოს რომელიმე ქვეყანას ბოლო 50 წლის განმავლობაში განუხორციელებია".

ალექსეი გარანი, კიევო-მოგილანსკის აკადემიის ნაციონალური უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი, რომელიც საქართველოს ახლახან სტუმრობდა, ნანახის გამო მისი ემოციურად დატვირთული შთაბეჭდილებების შესახებ გვიყვება.   

"ჯგუფში ხალხს ველაპარაკებოდი და ყველა ერთ მოსაზრებაზე შევჩერდით - აქ თავს გრძნობ, არა როგორც უკრაინიდან ჩამოსული, არამედ მესამე მსოფლიოს ქვეყნიდან, შავი კონტინენტიდან", - დაასკვნა მან. კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და  საინვესტიციო კლიმატის ხარისხით, საქართველო ბევრად შორს წავიდა წინ, ვიდრე უკრაინა, აღნიშნავს გარანი. 

რეფორმების ავტორები ამტკიცებენ, რომ ქართული სასწაულის რეცეპტი ძალზე მარტივია. მისი ინგრედიენტები - რკინის პოლიტიკური ნება, მკვეთრი ლიბერალიზაცია და კორუფციის ყველა გამოვლინების პარანოიდალური განადგურებაა.

 

ნიმუშს წარმოადგენდა არა პოლონეთი, სლოვაკეთთან ერთად, არამედ სინგაპური და ჰონკონგი

საქართველოში ლიბერალური გარდაქმნების ისტორია 2004 წელს დაიწყო, როდესაც ქვეყანაში სანეპიდსადგური გაქრა. მას მიჰყვა სახანძრო ინსპექცია. შემდეგ გაუქმდა ათობით უწყება და ნებართვების გაცემის ასობით პროცედურა.  

"როდესაც სანეპიდსადგური დავხურეთ, ყველა ფიქრობდა, რომ ყველგან ტარაკნები გაჩნდებოდა", - გვიყვება სააკაშვილი. "თუმცა ასე არ მოხდა, რადგან რესტორნები თავად არ იყვნენ დაინტერესებული ტარაკნების გაჩენით, - მათთან ხომ აღარავინ მივიდოდა! - იცინის ის და იქვე ემოციურად დასძენს: - თანაც სანეპიდსადგური საქართველოში არც არასდროს ზრუნავდა სანიტარულ ნორმებზე. ისინი უბრალოდ დადიოდნენ და ქრთამს იღებდნენ.

რამდენიმე თვეში ქვეყანამ ბიზნესის რეგულირებისთვის საჭირო ლიცენზიებისა და ნებართვების დოკუმენთთა რაოდენობა ათასიდან 150-მდე შეამცირა.  რეფორმატორთა გუნდმა მაპროფილებელ უწყებებთან ერთად, ყველა პატენტი და ლიცენზია გადაარჩია და მხოლოდ ისინი დატოვა, რომელთა არსებობისთვის ჩინოვნიკებს მნიშვნელოვანი არგუმენტები ჰქონდათ. ნებართვების გამცემი მომავალი სისტემის საფუძველი შვედეთისა და ახალი ზელანდიის გამოცდილება გახდა.  

შემდეგ მთავრობამ მკვეთრად შეამცირა გადასახადები და ბაჟები იმპორტზე. საშემოსავლო გადასახადი დაეცა 12 პროცენტამდე, ადრინდელ 16 სხვადასხვა ტარიფთან შედარებით, რომლებიც 30 პროცენტს აღწევდა, იმპორტზე ბაჟების რაოდენობა სამამდე შემცირდა - 0 პროცენტი, 5 პროცენტი და 12 პროცენტი. ქართული ეკონომიკური რეფორმების იდეოლოგის კახა ბენდუქიძისთვის ნიმუშს წარმოადგენა არა პოლონეთი სლოვაკეთთან ერთად, არამედ სინგაპური და ჰონკონგი.

თამარ კოვზირიძე, რომელიც იმ პერიოდში იყო ბენდუქიძის თანაშემწე (იგი ახლა საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველია), გვიყვება, რომ ლიბერალიზაციის პარალელურად, რეფორმატორები ცდილობდნენ მიეჩვიათ ბიზნესის წარმომადგენლები  და უბრალო ადამიანები გადაეხადათ გადასახადები.      

"როდესაც თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე მაღაზიათა მფლობელებს სალარო აპარატების დადგმა ვაიძულეთ, პროტესტი მრავლად იყო. თუმცა ყველამ დაიწყო გადახდა, - ღიმილით იხსენებს კოვზირიძე. - შემდეგ ვაიძულეთ მრიცხველების დადგმა წყალსა და ელექტროენერგიაზე. საქართველოში ადრე ასე არ იყო, ამიტომ ყველა არსებული გადასახადიდან, ბიუჯეტამდე მხოლოდ 10 პროცენტი თუ აღწევდა.

პარალელურად, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მთავრობამ მასშტაბური, მათ  შორის, ე.წ. სტრატეგიული ობიექტების პრივატიზაცია დაიწყო. ფოთის პორტი იყიდეს  და ააშენეს ინვესტორებმა არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან; თბილისსა და ბათუმში აეროპორტები შეიძინეს და რეკონსტრუქცია გაუკეთეს თურქებმა. უკრაინელმა მილიარდერმა იგორ კოლომოისკიმ იყიდა სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური, გვიამბობს კოვზირიძე.    

განსაკუთრებული შფოთვა გამოიწვია რუსული კომპანიების მოძალების პერსპექტივამ. თუმცა კოვზირიძესა და მის კოლეგებს ეს ფაქტი არ აფრთხობდა. თბილისში ელექტროენერგიის დისტრიბუცია РАО ЕЭС-ს მიჰყიდეს; ვითიბი ბანკის განყოფილებები, რომლის აქციათა, თითქმის, 90 პროცენტი რუსეთის ფედერაციას ეკუთვნის, ქალაქში ყველგანაა; ახლახან კი, საქართველოს მობილურ ბაზარზე ბრძოლაში, ტელეკომუნიკაციის გიგანტი - ბილაინი ჩაერთო. "სახელმწიფო საკუთრებაში ჩვენთან მხოლოდ რკინიგზა და ფოსტა დარჩა, - გვიყვება კოვზირიძე და აქვე დასძენს: - თუმცა ფოსტას მალე გავყიდით".

დასავლელი ეკონომისტები ამტკიცებენ, რომ მსგავსი უპრეცედენტო ლიბერალიზაცია უზარმაზარ გავლენას მოახდენს ხუთი-შვიდი წლის შემდეგ. პირველი შედეგები უკვე სახეზეა. საქართველოს ბიუჯეტის შემოსავალი 2003 წლიდან 2008 წლამდე 558 მილიონი დოლარიდან 3,3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.   2004 წლიდან 2008-მდე საქართველოს ეკონომიკა წელიწადში 8-12 პროცენტი სისწრაფით იზრდებოდა. მთლიანი შიდა პროდუქტის (მშთ) ვარდნა გასულ, კრიზისულ წელს, ქვეყანაში 3,9 პროცენტი იყო, მაგალითად, უკრაინში კი - 15 პროცენტი. მეზობლებთან შედარებით მშთ-ის ნაკლებ უკუგებას, კოვზირიძე ქართული ეკონომიკის დივერსიფიცირებას უკავშირებს.      

რეფორმების შედეგად, ქვეყანაში საშუალო ხელფასი 2005 წელს  30 დოლარით ნაკლები თანხით გაიზარდა უკრაინის საშუალო  ხელფასის  დონესთან შედარებით, რომელიც გასულ წელს 240 დოლარს შეადგენდა . ცუდი შედეგი არ არის იმ სახელმწიფოსთვის, სადაც, ჯერ კიდევ შვიდი წლის წინათ, წყალმომარაგება და შუქი ფუფუნებას წარმოადგენდა. 

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თომას ეიმონდ-ლარიტაზი განსაკუთრებით გაოცებულია უცხოელ ინვესტორთა დაუცხრომელი ინტერესით რუსეთის ფედერაციასთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.

"მოდით, პირდაპირ ვილაპარაკოთ: რუსეთთან ომი - ეს არასტაბილურობის სერიოზული ფაქტორია და ვშიშობდი, რომ ეს უბრალოდ დააფრთხობდა ყველა ინვესტორს. მაგრამ ისინი კვლავაც მოდიან ძალზე ხელსაყრელი ბიზნესკლიმატის გამო", - აღნიშნა ექსპერტმა. 

 

"გაი", როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფო სამსახური,  რამდენიმე საათში იყო ლიკვიდირებული

ეიმონდ-ლარიტაზს შეუძლია საქართველო უკრაინას შეადაროს. ფრანგი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინაში ვიკტორ პინჩუკის ფონდის პრეზიდენტად მუშაობდა, ამჟამად საქართველოს პრეზიდენტისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მრჩეველია.  "ქართული და უკრაინული პოლიტიკური ელიტის ხარისხის შედარება არ შეიძლება. ისინი უბრალოდ სხადასხვა პლანეტებია", - ამბობს კავკასიური რესპუბლიკით აღფრთოვანებული.

ბიზნესის ხარჯზე გამუქთახორებული მაკონტროლებელი ორგანოების განადგურების სადამსჯელო ღონისძიებები ქართული ელიტის მაღალი ხარისხის მიღწევის ერთადერთი საშუალება არ იყო. 2005 წლის ზაფხულს ხელისუფლებამ თავისი ყველაზე ხმამაღალი რეფორმა დაიწყო - სახელმწიფო აპარატის ტოტალური წმენდა. ერთ დღეს გაათავისუფლეს სახელმწიფო ავტოინსპექციის 14 ათასი თანამშრომელი - არც თუ პატარა ძალა იმ ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობა 4,5 მილიონია. რამდენიმე საათში სახელმწიფო ავტოინსპექცია, როგორც ერთ-ერთი კორუმპირებული სახელმწიფო უწყება, უბრალოდ, ლიკვიდირებული იყო. შსს-ს ახალგაზრდა ჩინოვნიკებმა დაიწყეს ახალი სტრუქტურის - ახლა უკვე პოლიციის ჩამოყალიბება. 

სამი თვის განმავლობაში გზებზე ავტომანქანებს არავინ არ აკონტროლებდა. ყველას ეშინოდა: რა მოხდება? - იხსენებს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე. - არაფერიც არ მოხდა. და იცით, ცუდიც არ იყო".

სამ თვეში მთავრობამ ჩამოაყალიბა პოლიცია ახალი ხელფასებით - მინიმუმ 400 დოლარი ადრინდელი 30-ის ნაცვლად, ახალი ფორმებით და ახალი მანქანებით Volkswagen Pas­sat. ზღულაძე, რომელიც მთავრობაში მუშაობის დაწყებამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა და რამდენიმე წლის განმავლობაში საინვესტიციო ფონდში მუშაობდა, ამბობს, რომ მას და მის კოლეგებს ხალხისთვის "სრულიად ახალი პროდუქტის" შეთავაზება სურდათ.   

"იმ დღეს, როდესაც ქუჩებში ახალი პოლიციელები გამოვიყვანეთ, გამვლელები შოკში იყვნენ. ისინი ჩერდებოდნენ, უყურებდნენ მათ, ახლოს მიდიოდნენ, ელაპარაკებოდნენ... ეჩვენებოდათ, რომ რაიმე ხრიკი უნდა ყოფილიყო". 

ახალგაზრდა ხალხს მოსწონდათ პოლიციაში მუშაობა. მათ, ვინც ქრთამს იღებდა, მაშინვე აგდებდნენ სამსახურიდან. ახალი უწყების წინაშე ამბიციური ამოცანა იდგა - ეიძულებინათ მძღოლები პატივი ეცათ საგზაო მოძრაობის წესებისთვის. ზღულაძე გვიყვება, რომ მთელი წლის განმავლობაში უწყება კონცენტრირებული იყო იმაზე, რომ მძღოლებსისთვის წითელ შუქზე გაჩერება ეიძულებინათ. შემდეგი წელი მუშაობდნენ იმაზე, რომ ისინი თეთრ ხაზთან შეჩერებულიყვნენ და არა მის მიღმა. რამდენიმე წელიწადში საქართველოში პოლიციის მიმართ ნდობის მაჩვენებელი რამდენიმე პროცენტიდან 82 პროცენტამდე გაიზარდა. ეიმონდ-ლარიტაზი ამას შოკისმომგვრელ მაჩვენებელს უწოდებს, რომელიც მისი მშობლური საფრანგეთის ანალოგიურ მაჩვენებელსაც აჭარბებს.    

"ГАИ"-ს პოლიციად გადაქცევა, სახელმწიფო აპარატის მოხელეთა ტოტალური გაახლების მხოლოდ ნაწილია. თამარ კოვზირიძე ამბობობს, რომ საჯარო მოხელეთა რაოდენობა 20 პროცენტით შემცირდა, ხოლო დარჩენილ მუშაკთა ხელფასები 15-ჯერ გაიზარდა. ამჟამად სამინისტროებში ხელფასები 600-დოლარიანი ნიშნულიდან იწყება. პოსტსაბჭოთა ჩინოვნიკები ახალგაზრდა თაობამ ჩაანაცვლა, რომლებიც კერძო კომპანიებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოვიდნენ. ბევრი მათგანი საზღვარგარეთ სწავლობდა. თავად კოვზირიძემ, რომელიც რუსულად ლაპარაკის დროს ინგლისურ სიტყვებს იყენებს, განათლება ბელგიასა და გერმანიაში მიიღო.     

" შთამბეჭდავია, ის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ახალგაზრდები არიან, არაკორუმპირებული,  თანამედროვე, უცხო ენის მცოდნე ადამიანები, - აღნიშნავს გარანი. - ამ თვალსაზრისითაც, უკრაინასთან შედარებით, მკვეთრი კონტრასტია".

 

ზღაპარი მთავრდება, როდესაც ოპოზიციასთან იწყებ ურთიერთობას

საქართველოში ზღაპარი მთავრდება, როდესაც ოპოზიციასთან იწყებ ურთიერთობას. დავით გამყრელიძე, "ახალი მემარჯვენეების" პარტიის თავმჯდომარე და ალიანსის "საქართველოსთვის" თანათავმჯდომარე, სწრაფად გვაყრის პრეტენზიათა გროვას პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ კორუფციამ ზედა საფეხურებზე გადაინაცვლა, ტენდერებსა და მსხვილ ბიზნესს შსს აკონტროლებს. წინასწარი დაკავება დასჯის ძალზე ეფექტიანი მეთოდი გახდა - პატიმართა საერთო რაოდენობის 30 პროცენტი სწორედ ეჭვმიტანილები არიან, აღნიშნავს იგი. სასამართლოებში ყველაფერს პროკურორები წყვეტენ, რომლებიც, თავის მხრივ, იმავე შსს-ზე არიან დამოკიდებული.

"ჩვენთან კანონის უზენაესობა ქაღალდზეა და არა საქმეზე - კანონი ერთი ადამიანის - სააკაშვილის ხელშია, ამბობს გამყრელიძე. - შეიძლება ორის - კიდევ, შინაგან საქმეთა მინისტრის".

ქვეყანაში ყველა ტელეარხს აკონტროლებენ ის ბიზნესმენები, რომლებიც ლოიალური არიან სააკაშვილის რეჟიმის მიმართ, განაგრძობს იგი. ოპოზიციას წვდომა მხოლოდ ორ, არც თუ დიდ ტელეარხთან აქვს, რომლებიც ქვეყნის უმნიშვნელო ნაწილში მაუწყებლობენ. პროპაგანდის გაქანებამ უზარმაზარ მასშტაბებს მიაღწია, აღნიშნავს ოპოზიციონერი - რუსეთთან ომის ოთხი თვის თავზე, გამოკითხვების მიხედვით, თბილისის მოსახლეობის 25 პროცენტი მიიჩნევდა, რომ ომში საქართველომ გაიმარჯვა. "ჩვენთან ასე ხუმრობენ კიდეც: ჰიტლერს რომ "რუსთავი2" ჰქონოდა, გერმანელ ხალხს დღემდე არ ეცოდინებოდა, რომ ომი წააგო" - ირონიულად ამბობს ის.       

შედეგად, ოპოზიცია პარლამენტში 150-დან მხოლოდ 15 მანდატით არის წარმოდგენილი, ხოლო თბილისის საკრებულოში  - 35-დან ორით. თავად გამყრელიძემ და მისმა 11 თანაპარტიელმა უარი თქვა პარლამენტის დეპუტატის მანდატზე, რათა, მისი თქმით, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების "ლეგიტიმაცია არ მომხდარიყო".

სააკაშვილის მიმართ თავის პრეტენზიებში, გამყრელიძე მარტო არ არის. ხშირად ქართველებთან საუბრისას ისმის სიტყვები "სრული კონტროლი", "პოლიციური სახელმწიფო", "ელიტური კორუფცია". ბევრი აღნიშნავს, რომ გამოცდილი კადრების ცვლამ დიპლომატიის, სამხედრო, სხვა სფეროების დეგრადაციამდე მიიყვანა ქვეყანა, იმ დარგების, რომლებშიც გამოცდილება წლობით გროვდებოდა. ყველაზე მეტად, რეფორმატორებს ხვდებათ იმისთვის, რომ სახელმწიფო სექტორის რეორგანიზაციის დროს ასობით ათასი ადამიანი ერთდოულად გამოყარეს ქუჩაში ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე.

სწორედ სააკაშვილის გადამეტებულმა თვითდაჯერებულობამ მიგვიყვანა რუსეთთან ომამდე, რომლის შედეგად, საქართველომ 500 ადამიანი და საკუთარი ტერიტორიის 20 პროცენტი დაკარგა, მიაჩნია გამყრელიძეს. განაწყენებული და სამუშაოს გარეშე საქართველოში იმდენი ხალხი დარჩა, რომ საპროტესტო აქციებში შარშან, გარკვეულ ეტაპზე, 100 ათასი ადამიანი მონაწილეობდა - ეს პატარა მაჩვენებელი არ არის იმ ქვეყნისთვის, სადაც მოსახლეობა რაოდენობით იმდენივეა, რამდენიც უკრაინის დედაქალაქში, დაასკვნა მან.

გარანი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში სამჯერ სტუმრობდა საქართველოს, მიიჩნევს, რომ ოპოზიცია, შესაძლოა, აზვიადებს კიდეც, მაგრამ აღიარებს, რომ პრეტენზიების არსი სამართლიანია: ბევრი ძალაუფლება, ცოტა დემოკრატია. "სააკაშვილმა რეფორმების განსახორციელებლად ავტორიტარული მოდელი გამოიყენა. დიახ, იგი ამას რკინის ხელით აკეთებდა", - გვიამბობს ის.    

თავად სააკაშვილი "ელიტური კორუფციის" ბრალდებას სისულელეს უწოდებს, მიიჩნევს რა, რომ კორუფცია "ან ჩანს, ან არა". მისი მმართველობის ჯერ კიდევ დასაწყისში ავტორიტარიზმის ბრალდებაზე მან ასე უპასუხა: "ყველა ეს ადამაინი მხოლოდ ტაქტიკას ეწინააღმდეგება და არა მიზნებს. ეს კი უმნიშვნელო რამ არის".  

 

"ყველაფერი, რაც საქართველოში გაკეთდა, უკრაინაში უბრალოდ  ითქვა"

გარანი მწუხარებით აღნიშნავს, რომ უკრაინამ ქართულის მსგავსი რეფორმების განხორციელების შანსი პრეზიდენტ იუშჩენკოს პრეზიდენტობის პირველ ორ წელიწადში გაუშვა ხელიდან. "ყველაფერი, რაც საქართველოში გაკეთდა, უკრაინაში უბრალოდ ითქვა, - ჩივის იგი. - ახლა ამის განხორციელება, ფაქრობრივად, არარეალურია". პოლიტოლოგიის პროფესორი დასძენს, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას შეუძლია გააუმჯობესოს საინვესტიციო კლიმატი, თუმცა არა ის, რომ გაანადაგუროს ეკონომიკური უბედურებების გამომწვევი მიზეზები. 

"მიჭირს იმის წარმოდგენა, თუ როგორ იბრძოლებს კორუფციის წინაამდეგ რეგიონების პარტია - მაგალითად, გაათავისუფლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა კორუმპირებულ ადამიანს. აი, თქვენ შეგიძლიათ მსგავსი რამ წარმოიდგინოთ? მე - არა", -  მოკლედ ჭრის გარანი. 

საკაშვილი კი გაჩერებას არ აპირებს. თბილისიდან ბათუმამდე მატარებლით მგზავრობას, ამჟამად, რვა საათი სჭირდება. ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის აშენების შემდეგ, პრეზიდენტის თქმით, გზის დაფარვა ორ საათნახევარში გახდება შესაძლებელი. პრეზიდენტის მრჩეველი ედმონ-ლარიტაზი ამბობს, რომ ახლა განათლების, ჯანდაცვის და სასამართლო სისტემის რეფორმების ჯერია. 

ევროპული ნიმუშის მსგავსად, სასწავლო პროცესი სკოლებში გაყოფილი იქნება ორ ნაწილად - მეხუთე კლასამდე და მის შემდეგ. განსაკუთრებით გამახვილებულია ყურადღება ინგლისური ენისა და კომპიუტერის შესწავლის აუცილებლობაზე. მთავრობა უკვე ამუშავებს პროგრამას, რათა საქართველოში ინგლისურენოვანი უცხოელები მოიზიდოს და მათ ამ ქვეყნის სკოლებში ასწავონ ენა. ამავდროულად, გეგმავენ, რომ ყველა მოსწავლეს უფასოდ გადასცენ ლეპტოპები, რომლებიც შეერთებული იქნება ინტერნეტქსელში, - გვიხატავს ფერად სურათს ფრანგი.

ჯანდაცვის სფეროში ხელისუფლება აპირებს საავადმყოფოების პრივატიზაციას, სამედიცინო დაზღვევის დანერგვასა და ცხოვრების ჯანმრთელი წესის პროპაგანდირების კამპანიას, - აღნიშნავს ეიმონდ-ლარიტაზი. სასამართლო სისტემაში კი, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებას გეგმავს. 

თავად სააკაშვილს მიაჩნია, რომ საქართველო უკვე გახდა მისაბაძი მოდელი მთელ მსოფლიოში.  ცოტა ხნის წინათ, ნატო-ს სამიტზე ბუქარესტში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისმა სახელმწიფომ საკუთარი მაგალითით დაამტკიცა: "არ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომელსაც არ უხდება დემოკრატია. არ არსებობს ერი, რომელსაც არ უხდება მჩქეფარე განვითარება. და არ არსებობს ისეთი კულტურული თავისებურებები, რომლებიც თავისუფლების გზაზე შეიძლება დაბრკოლებად იქცეს".

შს მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე ფართოდ აღებს კარს და შედის იმ შენობის მოლაპარაკებთა ოთახში, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისთვის უფრო შესაფერისია, ვიდრე პოსტსაბჭოთა ქვეყნის მაღალჩინოსანი მილიციელების სამუშაოდ. 31 წლის გოგონა ერთ-ერთი იმათგანია, ვინც რამდენიმე წელიწადში კორუფცია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბ და კორუმპირებულ ქვეყნაში აღმოფხვრა.

2004 წლის 16 იანვარს საქართველომ ერთდროულად ორ უზარმაზარ ფრონტზე წამოიწყო ომი - მექრთამეობასთან სახელმწიფო უწყებებში და კანონიერ ქურდებთან, რომლებიც იმ დროისათვის დე-ფაქტო მართავდნენ სახელმწიფოს.

ამ დღეს თანხის არამიზნობრივი ხარჯვის ბრალდებით, რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დააპატიმრეს. მეორე დღეს მთავრობამ, ახლადარჩეული პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დააკავა. ერთი თვის თავზე დაიხურა აჭარის მძლავრი კონგლომერატი. კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ, თბილისი-პარიზის თვითმფრინავის ბორტზე, შევარდნაძის სიძე აიყვანეს.

ახალი ხელისუფლება არავის არ იბრალებდა, ხოლო ეჭვმიტანილის რანგი დაბრკოლებას არ წარმოადგენდა. სააკაშვილი გვიამბობს, რომ ხელისუფლებაში მისი მოსვლის წუთიდან კორუფციის გამო დაპატიმრებული იყო რამდენიმე მინისტრი, ხოლო მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობიდან - ექვსი დეპუტატი.  

 

დღეს საქართველოში არც ერთი კანონიერი ქურდი არ არის თავისუფალი

"პირადად მე კიევში სასწავლებლად გავემგზავრე, რადგან იმ პერიოდში (1984 წელს) ჩასაბარებლად 50 ათასი მანეთი მომთხოვეს, წარმოგიდგენიათ? უკრაინაში კი, უფასოდ მოვეწყე", - იღიმება კიევის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული საერთასორისო ურთიერთობების განხრით, მიხეილ სააკაშვილი. 

თუ სახელმწიფო ორგანოებში გაბატონებული მექრთამეობა ხელისუფლებამ წელში საკმაოდ სწრაფად გატეხა, ზღულაძესა და მის კოლეგებს კანონიერი ქურდების სახით ქართული საზოგადოების პრინციპებთან მოუწიათ ბრძოლა. მინისტრის მოადგილე იხსენებს: 2000 წელს სკოლებში მოზარდთა გამოკითხვის შედეგებით, ბიჭების 75 პროცენტს კანონიერი ქურდობა სურდა, ხოლო გოგონების ნახევარი მათ ცოლობას ოცნებობდა. საქართველოში კანონიერ ქურდებს ისე უყურებდნენ, როგორც რობინ ჰუდებს - ხალხს, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა სისტემას, გვიხსნის ზღულაძე.  

"სახელმწიფო, როგორც ასეთი, აქ მაშინ არ არსებობდა. ქვეყანას კანონიერი ქურდები, კორუმპირებული მილიციელები, და ფეოდალი-ჩინოვნიკები მართავდნენ", - აღწერს ზღულაძე საკუთარი უწყების იმდროინდელ ამოცანათა მასშტაბურობას.

ახალი ხელისუფლება ექსტრაორდინალურ ზომებზე წავიდა. 2005 წელს საქართველოში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ითვალისწინებდა ყველა იმათგანის დაპატიმრებას, ვინც საკუთარ თავს კანონიერ ქურდს უწოდებდა, მისი დანაშაულის  მტკიცებულებათა არარსებობის შემთხვევაშიც კი. ღირსების დაუწერელი კოდექსის თანახმად, კანონიერ ქურდს არ შეუძლია უარყოს თავისი კრიმინალური სტატუსი და ვალდებულია დადებითად უპასუხოს პირდაპირ დასმულ შეკითხვას. ამის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა რეგიონალური მილიციის  ხელმძღვანელთან დააგზავნა გამაფრთხილებელი ცირკულარი იმის თაობაზე, რომ ერთ თვეში თითოეული მათგანი გათავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან, თუკი მისი პასუხისმგებლობის ზონაში თუნდაც ერთი ქურდი დარჩებოდა. დაიწყო დაპატიმრებათა სერიები.

ზღულაძე, რომელიც რეფორმების დაწყებისას 27 წლის იყო, იხსენებს, რომ მაშინ ქართველმა ქურდებმა მოსკოვში გამართეს "სხოდკა", რომელზეც, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადაწყვიტეს, საქართველოს  ქურდებისათვის გამონაკლისი დაეშვათ და ორგანიზაციულ დანაშაულში მონაწილეობის შესახებ დასმულ შე შეკითხვაზე, უარყოფითი პასუხის გაცამის ნება მიეცათ. ამან არ უშველა.

ბოლო წლების განმავლობაში დაკავებული იყო 214 ქურდი. თბილისის ციხეში დაწყებული ბუნტი ძალისმიერი მეთოდით ჩაახშეს, შვიდი პატიმარი გარდაიცვალა. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები გამოძიებას ითხოვდნენ. ხელისუფლება შეუდრეკელი რჩებოდა.

"უკრაინაში ეს ძნელი გასაგებია, მაგრამ საქართველოში 90-იან წლებში მთავარ კანონიერ ქურდს აეროპორტში შინაგან საქმეთა მინისტრი პირადად ხვდებოდა და სახლამდე კორტეჟი აცილებდა ", - ამართლებს პრეზიდენტი სააკაშვილი ძალოვანების სიმკაცრესა და სიმტკიცეს. ზღულაძის მონაცემების თანახმად, დღესდღეობით, საქართველოში თავისუფალი არ დარჩა არც ერთი კანონიერი ქურდი. თუ ადრე ქვეყანაში დღეში 50 ავტომანქანას იპარავდნენ, დღესდღეობით, მსგავსი შემთხვევა ექვს თვეში ერთია. აქ მანქანებს აღარც კეტავენ, სიამაყით დასძენს ის.     

ამჟამად, თბილისში ახალგაზრდებისთვის პოპულარული შარდენის ქუჩა სავსეა ბიჭებითა და გოგონებით, რომლებიც უდარდელად ცეკვავენ კლუბებში და რესტორნების ღია აივნებზე წრუპავენ კოქტეილებს. უდარდელობას საკუთარი ფასი აქვს.

საქართველოს ახალი კანონებით წვრილმანი დანაშაული და კორუფცია იმ სერიოზულ დანაშაულს უტოლდება, რომლებიც ხანგრძლივ პატიმრობას ითვალისწინებს. ამის შედეგად, ბოლო წლების განმავლობაში პატიმართა რაოდენობა ქვეყანაში 4-ჯერ -  5 ათასიდან 20 ათასამდე გაიზარდა. ქვეყანამ კი, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე სახელმწიფოს რეპუტაცია მიიღო, პატიმართა რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე. ამ მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო მესამე ქვეყანაა რუსეთისა და ბელარუსის შემდეგ.

"ახლა მობილური ტელეფონის ქურდობისთვის შეიძლება შვიდი წელი მოგისაჯონ. მაგრამ თუ მობილური ტელეფონი ბარში დაგრჩებათ, გთხოვენ კიდეც რომ წაიღოთ", - გვიამბობს ტატიანა ფედორჩენკო, გენერალური დირექტორი კომპანიისა "თავაზი", რომელიც 15 წელიწადზე მეტია, რაც უკრაიანიდან საქართველოში გადმოვიდა.

კიევი-თბილისი-კიევი 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)