რელიზები
11.09.2013
საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წელს შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების დედები დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულ მებრძოლთა დედები თამარ მეფის ორდენებით დაჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა ქართველი სამხედროების თავდადება და თავგანწირვა გაიხსენა და ყურადღება ქართველი დედების როლზე გაამახვილა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, ის, რომ ქართველი ვაჟკაცები ღირსეულად იცავდნენ სამშობლოს, მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, სწორედ ქართველის დედების, მათი აღზრდის დამსახურებაა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მათ სახელოვანი ვაჟკაცების აღზრდისთვის და აღნიშნა, რომ მათი ბრძოლა საბოლოო დასასრულამდე უნდა მივიდეს.
„თამარ მეფის ორდენი არის ჯილდო, რომელიც განსაკუთრებით გამოჩენილ ქართველ ქალებს ეკუთვნით. ჩემთვის არ არის უფრო გამოჩენილი ქართველი ქალის სიმბოლო, თუ არა ქართველი გმირის დედა. ყველა გმირს აქვს თავისი ბიოგრაფია... 300 არაგველის გმირობის შემდეგ კი, შინდისის გმირების მსგავსი პარალელი საქართველოს არ ახსოვს. გმირებს ვეძებთ წარსულში, მაშინ, როდესაც გმირები არსებობენ დღეს... შემთხვევით გმირები არ არსებობენ, გმირებად იზრდებიან ბავშვობიდან და გმირებად მათ ზრდიან დედები... ყველა თქვენგანი იმსახურებს განსაკუთრებულ პატივისცემას. ჩემთვის დიდ პატივია პირველად, სწორედ თითოეულ თქვენგანს გადმოგცეთ თამარ მეფის ორდენი, როგორც ქართველი ქალის უმაღლესი კეთილშობილობის, გმირობისა და განსაკუთრებულობის გამოხატულება. ყველა ქართველი გმირის დედა თავად არის გმირი. ამაში დარწმუნებული ვარ. მთავარი ის კი არ არის რამდენ შვილს გაზრდი, თუმცა კარგია, რომ ბევრი შვილები გვყავდეს, მთავარია, როგორ გაზრდი და რას გააკეთებენ ისინი სამშობლოსთვის. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გმირობისთვის, გამბედაობისთვის და თავმოუდრეკელობისთვის; იმისათვის, რომ საქართველოს ჭშმარიტი პატრიოტები გაუზარდეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.