Google+

რელიზები

18.12.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე დღეს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას ეწვია, სადაც კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრთან, გიორგი გაბაშვილთან და განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, მაია მიმინოშვილთან ერთად პროფესორ-მასწავლებლებს და რეგიონებიდან ჩამოსულ პედაგოგებს, სტუდენტებს და მუსიკოსებს შეხვდა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ამომწურავი ინფორმაცია თქვენი მოღვაწეობისთვის საჭირო პირობებისა და თქვენს წინაშე არსებული გადასაჭრელი საკითხების შესახებ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ სფეროში ჩვენი უნიკალური ტრადიციები შევინარჩუნოთ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა განთლების სისტემაში განხორციელებული რეფორმებისა და მისი შედეგების შესახებ. მისი თქმით, ძირითადი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და მომავალში ეტაპობრივად მოხდება გადაწყვეტილებების მიღება ამ სფეროს შემდგომი განვითარებისთვის.

შეხვედრაზე განიხილეს დაწყებითი და საშუალო სამუსიკო განათლების პრობლემები. იმსჯელეს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მიერ წარმოდგენილ კონცეფციაზე, რომლის ძირითადი ნაწილი კონსერვატორიისა და სამუსიკო სკოლების ექსპერტებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად უკვე შემუშავებული და შეჯერებულია და რომელიც სამუსიკო განათლების სრულ ციკლს განსაზღვრავს.

„დღეისთვის თქვენი საქმიანობა ზოგადი განათლების შესახებ კანონით რეგულირდება და ეს შესაცვლელია. ჩვენ შევთანხმდით, რომ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო პარლამენტში შესაბამის კანონპროექტს შემოიტანს და საკანონმდებლო ორგანოც მას მოკლე დროში განიხილავს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სამუსიკო სასწავლებლებთან დაკავშირებით ერთიანი ცენტრალიზებული სისტემის ამუშავების შესახებ. სამუსიკო სკოლები სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების პრინციპით დაფინანსდება და აღნიშნული დაწესებულებების პედაგოგებს საჯარო სკოლის პედაგოგებზე არანაკლები ხელფასი ექნებათ", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

შეხვედრაზე იმსჯელეს ქვეყნიდან გამოცდილი პროფესურის და ნიჭიერი ახალგაზრდების გადინების შესახებ, რომელიც დღეისთვის ერთ-ერთი მტკივნეულ თემას წარმოადგენს.

„სახელმწიფომ უნდა გამონახოს რესურსი იმისთვის, რომ ეს გამოცდილება და ნიჭი საქართველოში იყოს რეალიზებული და იგი ახალი თაობების აღზრდას მოხმარდეს",- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა სპეციალურ დაფინანსებაზე, რომელიც განსაკუთრებით ნიჭიერ და გამორჩეულ ახალგაზრდებს შეეხებათ და ასევე დეფიციტური და ნაკლებადპოპულარული მიმართულებების დაფინანსებაზე და ახალგაზრდების წახალისებაზე.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)