შეხვედრები და ვიზიტები
24.09.2010
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შეხვდა. შეხვედრა, რომელიც 50 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა, ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა. მხარეებმა რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საუბრის ერთ-ერთ მთავარი თემა იყო ვაშინგტონში 6 ოქტომბერს დაგეგმილი შეხვედრა, რომლის მსვლელობისას მხარეები სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ახალ ეტაპზე გადასვლის საკითხების შესახებ იმსჯელებენ.
ამას გარდა, საქართველოს წარმომადგენლები რამდენიმე ახალი ინიციატივითაც გამოვიდნენ, რომლებიც ეკონომიკის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ყურადღება ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკასაც დაეთმო.
შეხვედრისას, საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობამ კიდევ ერთხელ გამოხატეს მადლიერება აშშ-ის ხელმძღვანელობის მიმართ, რადგან იგი ღიად გამოხატავს საქართველოს მხარდამჭერ პოზიციას რუსეთთან მიმართებაში.
ქართული მხრიდან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე ლომაია ესწრებოდნენ.