შეხვედრები და ვიზიტები
17.10.2012
მიხეილ სააკაშვილი ბუქარესტში უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა, რუმინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა საქართველოში გამართული არჩევნები და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასეს. ორბანის განცხადებით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ აქვს მმართველობის დემოკრატიული კურსი, რაც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ფაქტორია. შეხვედრისას, საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელების აუცილებლობასაც შეეხო.
„საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გაიმართა. პროცედურები აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს. საბოლოოდ, ეს იყო ქართველი ხალხის გადაწყვეტილება და სურვილი, თუ როგორ გააგრძელონ ცხოვრება. მათ აირჩიეს ძალიან რთული გზა. მათ არ მოისურვეს გაგრძელებულიყო ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ყოფილი ხელისუფლება ახორციელებდა და რომელიც, ჩვენი აზრით, იყო წარმატებული და სწორი. ჩვენი შეფასებით, ეს იყო ის გზა, რომელიც ქვეყნის წარმატებულ ეკონომიკას ქმნიდა. არჩევნებზე ხალხმა აჩვენა, რომ მას სხვა პოლიტიკა სურდა. ქართველ ხალხს და საქართველოს წარმატებებს ვუსურვებ. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ უნგრეთი მხარში უდგას ქართველ ხალხს და კვლავ მის ერთგულ მეგობრად რჩება“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ქვეყნის პირველი პირი ბუქარესტში ევროპის სახალხო პარტიის 21-ე კონგრესის მუშობაში იღებს მონაწილეობას.