შეხვედრები და ვიზიტები
30.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი რიგაში ლატვიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ლატვიის პრემიერ-მინისტრს ვალდის დომბროვსკის შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობისა და კონკრეტულ ეკონომიკურ და ბიზნესპროექტებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ლატვიური მხარე დაინტერესებულია, რომ საქართველოში ერთობლივი პროექტებიც განახორციელოს და სამომავლოდ ინვესტიციებიც დააბანდოს. მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკურ სექტორში ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის გაზრდის აუცილებლობაზე. შეხვედრის დასასრულს, ვალდის დომბროვსკიმ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და ქვეყანას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში სრული თანადგომა აღუთქვა.
დღესვე, რიგაში მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმში და ლატვიის უნივერსიტეტს ეწვევა, სადაც დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. მიხეილ სააკაშვილი საკურორტო ქალაქ იურმალასაც ესტუმრება, სადაც ორი ქვეყნის პრეზიდენტების გადაწყვეტილებით, ქალაქებს იურმალასა და ანაკლიას შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმი გაფორმდება.
მიხეილ სააკაშვილი სხვა ოფიციალურ და კულტურულ ღონისძიებებსაც დაესწრება, მათ შორის, რიგაში შოთა რუსთაველის ბარელიეფს გახსნის და ISAF-ის პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის ამსახველ ფოტოგამოფენას დაათვალიერებს, სახელწოდებით “ერთად საერთო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის - საქართველო "აისაფში".
საქართველოს პრეზიდნტის ოფიციალური ვიზიტი ლატვიაში დღეს დასრულდება.