შეხვედრები და ვიზიტები
30.11.2012
საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ერევანს ესტუმრა, სადაც ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთ პარტნიორობის მეორე სამიტის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი სერჟ სარგსიანს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვდა. საუბრის მთავარი თემა მეზობელ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იყო. ლიდერებმა ასევე საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, სომხეთი საქართველოს საიმედო პარტნიორია და ორ ერს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიურად უნდა განვითარდეს. მისი თქმით, ეს ურთიერთობა სამაგალითოა მთელი რეგიონისთვის. ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ საქართველოც და სომხეთიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებია, რომლებსაც საერთო ევროპული ფასეულობები აერთიანებს.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დღეს დაიწყო. ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მიხეილ სააკაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა, ქვეყნის პირველ პირს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი დახვდა.