შეხვედრები და ვიზიტები
12.11.2012
საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, პრაღაში ვიზიტის ფარგლებში, დღეს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საერთო ფასეულობები, საქართველოში დემოკრატიის განვითარება და ალიანსში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა იყო. მხარეებმა სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს და ყურადღება თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს. მიხეილ სააკაშვილმა და კარლ ლამერსმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზეც ისაუბრეს.
კარლ ლამერსმა ყურადღება საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმების მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესია პრაღაში კარლ ლამერსის ინიციატივით, 2002 წლის პრაღის სამიტის 10 წლისთავთან დაკავშირებით იმართება, რომელიც ალიანსის ყველაზე დიდი გაფართოების სამიტი იყო. კარლ ლამერსის განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ საპარლამენტო ასამბლეის წლევანდელ სესიას ოთხი ასპირანტი ქვეყანა ესწრება, რომელთა შორის ერთ-ერთი საქართველოა.