შეხვედრები და ვიზიტები
23.05.2011
საქართველოს პრეზიდენტი უნგრეთში ადგილობრივ ბიზნესმენებს შეხვდა
უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი უნგრელ ბიზნესმენებს შეხვდა. შეხვედრას, ძირითადად, ტურიზმის, ენერგოსექტორისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში მომუშავე ბიზნესმენები ესწრებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომლებიც საქართველოში სწორედ ბიზნესის წარმოების გასამარტივებლად, ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება იმ ცვლილებებზეც გაამახვილა, რომლებიც კორუფციის დაძლევისა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით მოხდა.
„ამჟამად, ჩვენ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა დაბალია. ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ ციფრები და რეგიონში საქართველოს მნიშვნელობაზე გავამახვილოთ ყურადღება. ექვსი-შვიდი წლის წინათ საქართველო ერთ-ერთი არშემდგარი სახელმწიფო იყო კრიმინალისა და კორუფციის მაღალი მაჩვენებლებით. თუმცა ბოლო 5 წლის განმავლობაში ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად დასახელდა. არც ერთი ქვეყანა არ განვითარებულა ისეთი სწრაფი ტემპით, როგორც ეს საქართველომ მოახერხა. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში მე-12 და აღმოსავლეთ ევროპაში პირველ ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. ჩვენს ქვეყანაში კრიმინალის დონე ხუთჯერ უფრო დაბალია, ვიდრე რუსეთსა და უკრაინაში. მონაცემების თანახმად, ჩვენ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ ისლანდიის შემდეგ. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და გაზი, მაგრამ გვაქვს ის, რაც სხვებს არ აქვთ - ჩვენთან არ არის ბიუკროკრატია. ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე სწრაფად არის შესაძლებელი ბიზნესის დაწყება. ეს არის ადგილი ერთ-ერთი უმარტივესი საბაჟო პროცედურებით. მომავალ წელს ჩვენ ველოდებით ოთხ მილიონ ტურისტს და ამ მხრივ, გეომეტრიული პროგრესიით გვაქვს ზრდა. გზა, რომლითაც საქართველო მიგვყავს სინგაპურისა და დუბაის განვითარების მიმართულებით, ასეთია: ცენტრი - ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით; უძველესი კულტურული ცენტრი, რომელმაც ევროპას ბევრი რამ შესძინა. ამ ადგილზე ტურისტებს ძალიან სასიამოვნოდ შეუძლიათ დროის გატარება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა კერძო მეწარმეებთან საუბრისას.
უნგრელმა ბიზნესმენებმა საქართველოში ჩამოსვლის და ინვესტიციების ჩადების სურვილი უკვე გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ საქართველო თავისი ეკონომიკური პოტენციალითა და არაკორუმპირებული გარემოთი ძალზე საინტერესო ქვეყანაა.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალიაც იმყოფებოდა, რომელიც ბიზნესმენებთან მოლაპარაკებამდე უნგრელ კოლეგას შეხვდა. უნგრეთის ეკონომიკის მინისტრი საქართველოს უახლოეს პერიოდში ესტუმრება. გადაწყდა, რომ შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს ადგილზე შეისწავლის.
მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნასთან დაკავშირებითაც.