01.12.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში მიმდინარე „დემოკრატიული არჩევნის თანამეგობრობის“ პირველ სამიტში მონაწილეობს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის დედაქალაქ კიევში იმყოფება, სადაც „დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობის" პირველი სამიტი მიმდინარეობს. სამიტში საქართველოს, უკრაინის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, რუმინეთის, სლოვენიის, მაკედონიისა და მოლდოვის პრეზიდენტები მონაწილეობენ. ღონისძიებას ასევე ესწრებიან ბულგარეთის ვიცე-პრეზიდენტი, პოლონეთის სენატის სპიკერი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თურქეთისა და სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები უკრაინაში, ასევე გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლები.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ქვეყნის პრეზიდენტის გარდა, საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე არიან.
„დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობა" საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების მიერ 12 აგვისტოს ბორჯომში ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგია. სამიტზე თანამეგობრობის ინსტიტუციური ჩამოყალიბების, რეგიონული თანამშრომლობისა და საქართველოს, უკრინისა და მოლდოვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების საკითხებს განიხილავენ. გავლენიანი რუსი ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები კიევში მიმდინარე სამიტს უკრაინისა და, განსაკუთრებით, საქართველოს პრეზიდენტების მიერ რუსეთის საწინააღმდეგოდ მიმართული ალიანსის ჩამოყალიბების მცდელობად განიხილავენ.
პარალელურად კიევში მიმდინარეობს ევროკავშირისა და უკრაინის სამიტი უმაღლეს დონეზე, რომელშიც მონაწილეობენ ევროპის კავშირის მოქმედი თავმჯდომარე - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო და საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ხავიერ სოლანა. გადაწყვეტილია, რომ სამიტზე უკრაინა საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუსს მიიღებს. მოლაპარაკებები იმართება, ასევე, უკრაინის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების, არალეგალური ემიგრანტების რეადმისიის, საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შექმნის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური