საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ კოლეგასთან ერთად ტარას შევჩენკოს ძეგლი გახსნა
დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ, რომელიც საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ამის შემდეგ საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა თბილისში ტარას შევჩენკოს ძეგლი და მისივე სახელობის სკვერი საზემოდ გახსნეს. ცერემონიაზე მიხეილ სააკაშვილმა ტარას შევჩენკოს ლექსი უკრაინულად წაიკითხა.
გამოსვლისას ვიქტორ იუშჩენკომ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას ერთმანეთთან უნიკალური მეგობრობა აკავშირებს, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში გრძელდება. მისივე თქმით, ამ ორ სახელმწიფოს არა მარტო ისტორია, არამედ მომავალიც აერთიანებს. ვიქტორ იუშჩენკო დარწმუნებულია, რომ საქართველო და უკრაინა ეკლიანი, მაგრამ სწორი გზით მიდიან და ეს გზა მათ თავისუფლებამდე მიიყვანს.
"დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთიანი ევროპული თავდაცვის სისტემისა და ერთიანი ევროპული ოჯახის წევრები ვიქნებით", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამის შემდეგ, პრეზიდენტებმა თბილისში მიხაილო გრუშევსკის სახელობის სკოლა გახსნეს. დედაქალაქის 41-ე საჯარო სკოლას სახელი გამოჩენილი უკრაინელი მეცნიერისა და პოლიტიკური მოღვაწის, უკრაინის სახალხო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის მიხაილო გრუშევსკის პატივსაცემად ეწოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად სამგზავრო ავტობუსი გადასცა, უკრაინის პრეზიდენტმა კი სკოლას მუსიკალური ცენტრი და ბიბლიოთეკა უსახსოვრა.
"უკრაინის პირველი პრეზიდენტი თბილისში სწავლობდა, მიხეილ სააკაშვილი კი - კიევში. ეს მსუბუქი მინიშნებაა - თქვენ შეგიძლიათ თავად მიხვდეთ, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა წარმატებას მიაღწიოს", - აღნიშნა ვიქტორ იუშჩენკომ.
სკოლიდან პრეზიდენტები ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრნენ. მიხეილ სააკაშვილმა ვიქტორ იუშჩენკოს 1921-1991 წლებში განვითარებული მოვლენები გააცნო და ყველა მნიშვნელოვანი ექსპონატის ისტორია უამბო. მუზეუმის დარბაზში პრეზიდენტებმა ვარდების რევოლუციის ქრონიკასაც გადაავლეს თვალი.
მუზეუმიდან მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ იუშჩენკო დასავლეთისკენ გაემგზავრნენ. აეროპორტში მიხეილ სააკაშვილი უკრაინელ ჟურნალისტებს გაესაუბრა და ქართულ-რუსული ურთიერთობის შესახებ გააკეთა კომენტარი.
"მთავარი დადებითი მოვლენა, რაც რუსეთთან ურთიერთობაში გამოიკვეთა, ნაკლები რიტორიკა და მეტი გონიერებაა. რუსეთი დიდი ქვეყანაა და მას სხვა სტრატეგიული პრიორიტეტები აქვს. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს და რუსეთის თემა საქართველოში მთავარი არ არის, სიმართლე გითხრათ, მასთან ურთიერთობის გაფუჭებასაც აღარ ველოდები", - აღნიშნა მან.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებსა და ნატო-ში ინტეგრაციაზეც ისაუბრა.
„საქართველოს, უკრაინის მსგავსად, საკუთარი მიზანი აქვს და ვფიქრობ, მას ხელი არ უნდა შეეშალოს" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური