Google+

ინტერვიუები

02.10.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია ალ ჯაზირას ინტერვიუ მისცა

ნიუ იორკში ვიზიტისას, ტელეკომპანია ალ ჯაზირას წამყვანმა, ცნობილმა ჟურნალისტმა დევიდ ფროსტმა საქართველოს პრეზიდენტი, ტერორიზმთან ბრძოლის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ გადაცემაში მიიწვია. საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუს დროს დევიდ ფროსტი, ძირითადად, რუსეთთან ურთიერთობითა და საქართველოს დემოკრატიული განვითარებით დაინტერესდა. ამავე გადაცემაში დევიდ ფროსტის სტუმრები ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი და აშშ თავდაცვის ყოფილი მდივანი დონალდ რამსფელდი იყვნენ.

დევიდ ფროსტი: ნიუ იორკში ყოფნისას, გაეროს სამიტზე კიდევ ერთხელ შევხვდი მიხეილ სააკაშვილს - საქართველოს პრეზიდენტს, მრავალფეროვან და ქარიზმატულ პიროვნებას. იგი არის "ეკალი" რუსეთისთვის და მათთვის, ვისაც ის აღიზიანებს. 

მოხარული ვარ რომ კიდევ ერთხელ შეხვდით.

მიხეილ სააკაშვილი: ეს ჩემთვისაც ყოველთვის სასიამოვნოა.

დევიდ ფროსტი: როგორ მიდის თქვენი ურთიერთობა რუსეთთან?

მიხეილ სააკაშვილი: ამ ურთიერთობაში ორი ძირითადი მიმართულებაა. ერთი მხრივ, რუსეთის მთვრობა არ სცნობს ჩვენს საზღვრებს, არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლებას და მათ მიერვე გაფორმებულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ცოტა ხნის წინათ, პრესის საშუალებით, პრეზიდენტმა სარკოზიმ აღწერა ვლადიმერ პუტინი, რომელიც ნახევარი საათის განმავლობაში ყვიროდა, რომ მას ჩემი ჩამოხრჩობა უნდოდა. ჩვენი ურთიერთობის ერთი მხარე არის ის, რომ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი კვლავ ოკუპირებულია. თითქმის, ნახევარ მილიონ ადამიანს არ შეუძლია საკუთარ სახლებში დაბრუნება, რადგან რუსეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მათი საცხოვრებელი ამ ხალხს აღარ ეკუთვნის.

მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ საქართველოში ძალიან ბევრი რუსი ჩამოდის. წელს ჩვენთან ასობით ათასი ადამიანი იმყოფებოდა. რუსეთის სამხრეთ რეგიონების მოსახლეობისთვის ჩვენ უვიზო მიმოსლვაც დავაწესეთ. ბევრ რუსს საქართველოში ჩამოსვლა, საერთოდ, ვიზის გარეშე შეუძლია. ქართველებისთვის კი, რუსეთში მოხვედრა, თითქმის, შეუძლებელია. საქართველოში ჩამოსული რუსები აღფრთოვანებული არიან იმით, თუ როგორ შეიცვალა ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენ, მით უმეტეს, რომ ჩვენ, მათგან განსხვავებით, არც ნავთობი გვაქვს და არც გაზი. რამდენიმე დღის წინათ პოლონეთში ვიმყოფებოდი, სადაც რუს პროფესორს შევხვდი. მან მითხრა: თქვენით ისევე ვართ აღფრთოვანებული, როგორც ცივი ომის პერიოდში ამერიკითა და დასავლეთ გერმანიით ვიყავითო. მე კი ვუპასუხე: თუკი ჩვენ რუსეთისთვის ამერიკას და გერმანიას ჩავანაცვლებთ, ეს ნამდვილად უსიამოვნების მომტანი იქნებოდა თქვენთვის-თქო. ამ ეტაპზე, ბევრი რუსი ჩვენით, მართლაც, აღფრთოვანებულია და ეს მათი ბუნებრივი განცდაა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code