Google+

ბრიფინგები

10.05.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციული ბრიფინგი გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების შეფასებით, კერძოდ, პოლიციის დღისადმი მიძღნილი აღლუმითა და მნიშვნელოვანი ვიზიტებით დაიწყო. მან ყურადღება გაამახვილა ლიტვის  პრეზიდენტისა და ლატვიის საგაერო საქმეთა მინისტრის  ვიზიტზე. მისი თქმით, ეს იყო მეგობარი ქვეყნების პირველ პირებსა და წარმომადგენლებს შორის საქმიანი და პარტნიორული შეხვედრები, რომლის დროსაც საუბარი ორხმრივ თანამშრომლობასა და სამომავლო  გეგმებს შეეხო. მანანა მანჯგალაძემ, ასევე, სამომავლო ვიზიტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დღეებში თბილისს ჩეხეთის საგარეო საქმეთა  მინისტრი ესტუმრება, რომელიც გრიგოლ ვაშაძის გარდა, შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთანაც გამართავს.  მხარეები იმ სტრატეგიულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრებენ, რომელიც საქართველოსა და ჩეხეთს შორის არის ჩამოყალიბებული.   

პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, ის, რომ ქვეყანა ტურისტრული სეზონის აქტიურ ფაზაზე გადადის და მზადებას იწყებს ახალი,ზაფხულის სეზონისთვის.

„ამ მხრივ, შესაბამისმა უწყებებმა პრეზიდენტისგან კონკრეტული დავალებებიც მიიღეს და უკვე აქტიურად მუშობენ ამ საკითხებზე. წელს ტურისტთა საკმაოდ დიდ რაოდენობას ველოდებით, რისი საფუძველიც გვაქვს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2011 წლის 4 თვეში საქართველოში ჩამოვიდა 674 ათას 409 უცხოელი მოგზაური, რაც 43 პროცენტით მეტია 2010 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ანუ ტურისტთა რაოდენობა 202 ათას 603 გაიზარდა. სტუმრებს ველოდებით აჭარაში - განახლებულ ბათუმში; ანაკლიაში, სადაც წელს ბევრად მეტი კომფორტია შექმნილი; სამცხე-ჯავახეთში -  ბორჯომსა და ბაკურიანში;  სვანეთში; თუშეთში; კახეთის  სხვადასახვა რაიონებსა და რაჭაში. შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ტიპის ტურისტის მისაღებად ქვეყნის ყველა რეგიონში მზადყოფნაა გამოცხადებული. ჩვენი რელიეფი იმის საშულებას გვაძლევს, რომ ღირსეული მასპინძლობა გავუწიოთ ჩამოსულ სტუმრებს როგორც მთაში, ისე ბარსა და, რა თქმა უნდა, ზღვაზე", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ ამ სეგმენტში წარმატება ახალი ინვესტიციებისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა.

ამას გარდა, პრესსპიკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის საქმიანობის მნიშვნელოვანი დრო და  ნაწილი  განათლების   სისტემას  და ამ დარგში მიმდინარე რეფორმებს დაეთმობა. მისი თქმით, ამ მიმართულებით, ეს კვირა საკმაოდ აქტიური იქნება.

„გუშინ  პრეზიდენტმა   ქუთაისში  პროფესიული კოლეჯების საინფორმაციო ცენტრი გახსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას პროფესიის შერჩევასა და მათ შემდგომ დასაქმებაში დაეხმარება. პრეზიდენტი პროფესიულ კოლეჯსაც ესტუმრა, სადაც მსურველებს შეუძლიათ  25 ხელობას დაეუფლონ. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში კი, სადაც ქართულ ენას 80 ეთნიკური აზერბაიჯანელი სწავლობს, მიხეილ სააკაშვილი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს გაესაუბრა. სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოდგენს ის, რომ ამ ადამიანებმა შეისწავლონ და სრულყონ სახელმწიფო ენა. ეს პრეზიდენტის ინიციატივაა. მიმდინარე კვირას განათლების სფეროში რამდენიმე საინტერესო ღონისძიება იგეგმება, კერძოდ, პრეზიდენტი იმ პედაგოგებს შეხვდება, რომლებიც, შეიძლება ითქვას, პირველები ჩაერთვნენ რეფორმის ახალი ტალღის პროცესში. ისინი, ვინც სასერტიფიკაციო გამოცდები პროფესიულ უნარებსა და მაპროფილებელ საგნებში გაიარეს, დამატებით 75 ლარს მიიღებენ, ხოლო მათ, ვინც ინგლისური ენისა  და  კომპიუტერის ცოდნაც გამოავლინეს, 125 ლარი დაემატებათ. სასერთიფიკაციო გამოცდებში უმაღლესი შეფასების მქონე პედაგოგთა 25 პროცენტი ახალი სასწავლო წლიდან 1000-ლარიან ხელფასს მიიღებს. ასე რომ, სახელმწიფოს პრიორიტეტია პედაგოგებზე ზრუნვა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება, მათი წახალისება და კონკურენტული გარემოს შექმნა", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერის თქმით, პირველ ტალღას  შედეგი უკვე მოყვა - 2011 წლის ივნისის  სასერტიფიკაციო გამოცდებზე უკვე 24 ათასი პედაგოგი დარეგისტრირდა.  

კიდევ ერთი თემა, რომელზეც მანანა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა, 26 მაისთან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები იყო. როგორც მან აღნიშნა, მზადება უკვე დაწყებულია, თუმცა ამის შესახებ მასმედიის წარმომადგენლები დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მიიღებენ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code