საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღეს ტრადიციული ბრიფინგი გამართა. პირველი თემა, რომელზეც მანანა მანჯგალაძემ გაამახვილა ყურადღება, კახეთის რეაბილიტაციის პროექტი იყო. როგორც მან განაცხადა, ამ პროექტის ფარგლებში მოხდება არა მხოლოდ თელავის, ყვარლისა და გურჯაანის, არამედ თუშეთისა და კახეთის კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციაც. პრესსპიკერის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ათამდე საეკლესიო და სამონასტრო კომპლექსს შეეხება.
„ამ პროგრამის ფარგლებში, ასევე, მოხდება კახეთის გაზიფიცირება, განხორციელდება წყალმომარაგების, სოფლის მეურნეობის განვითარების, კეთილმოწყობის ახალი გზებისა და თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები“, - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.
პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ კახეთის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დასაქმდება ოთხი ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო მისი დასრულების შემდეგ, სტაბილური სამუშაო ადგილები გაჩნდება.
საუბრისას, მანანა მანჯგალაძემ კიდევ ერთ საპრეზიდენტო პროგრამაზე ისაუბრა, რომელიც ელექტროენერგიის ვაუჩერებით დახმარებას ითვალისწინებს. მისი თქმით, უკვე დარიგებულია ვაუჩერების, დაახლოებით, 65 პროცენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის 92 ათასზე მეტმა ოჯახმა მიიღო.
დაბოლოს, მანანა მანჯგალაძე ქვეყნის საგარეო პოლიტიკასაც შეეხო. როგორც მან განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი მიწვეულია ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე, რომელიც 27-28 მარტს სამხრეთ კორეაში გაიმართება. პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ სამიტს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები დაესწრებიან, რომელთა შორის არიან აზერბაიჯანის, უნგრეთის, ჩინეთის პრეზიდენტები, ავსტრალიის, კანადის, ბელგიის, ჩეხეთის, იაპონიის, დანიის პრემიერ-მინისტრები, იორდანიის მეფე და სხვები.