Google+

ბრიფინგები

07.02.2012
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციული ბრიფინგი მიხეილ სააკაშვილის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შეჯამებით დაიწყო. აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით, მანანა მანჯგალაძემ ყურადღება ორ ძირითად საკითხზე გაამახვილა.

„პირველი ეს არის შესაძლებლობა საქართველომ დაიწყოს აშშ - სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკება. ეს დაბეგვრის ძალიან  ხელსაყრელი რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს, რაც საქართველოს მიმზიდველს გახდის ინვესტორთათვის. ასევე, ეს სრულიად ახალ და მყარ გარანტიებს შექმნის ჩვენი ეკონომიკური  სტაბილურობისა და მყარი განვითარებისათვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ გაჩნდება ახალი შესაძლებლობა უმუშევრობის პრობლემის დაძლევის თვალსაზრისით.

მეორე საკითხი შეეხება უსაფართხოებასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. როგროც იცით, შეხვედრისას, ლიდერებმა ყურადღება ამ საკითხზეც გაამახვილეს. პრეზიდენტებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოს  თავდაცვისუნარიანობის  მიმართულებით თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც სრულიად ახალ ეტაპზე  გადასვლას ნიშნავს. ოვალურ კაბინეტში ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა და ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ასევე, სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ევროატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებასა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებთან დაკავშირებით და დასძინა, რომ აღნიშნული კუთხით საქართველო ლიდერია თავის რეგიონში.

საქართველოში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებს აგრეთვე ადასტურებს მსოფლიო ბანკი, რომლის ავტორობითაც გამოიცა წიგნი სახელწოდებით - "ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ საჯარო სამსახურში - საქართველოს რეფორმების ქრონიკა". უახლოეს მომავალში დაგეგმილია წიგნის ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა. შესაბამისად, ეს წიგნი ქართული საზოგადოებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, ამერიკაში საკმაოდ დატვირთული ვიზიტისას, მიხეილ სააკაშვილმა 40-ზე მეტი შეხვედრა გამართა. საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა კონგრესის, აღმასრულებელი სტრუქტურების, აგრეთვე სხვადასხვა მედიასაშულებებისა და საერთშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

მანანა მანჯგალაძემ საქართველოს პრეზიდენტის უახლოეს გეგმებზც ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი აქტიურად გააგრძერლებს ხალხთან შეხვედრებს. როგორც მან აღნიშნა, თებერვალი ამ მხრივ საკმაოდ დატვირთული იქნება.

პრესსპიკერის ინფორმაციით, მიმდინარე თვეში იგეგმება 15 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყება.

„ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია ენერგეტიკის სფერო, რომლის რეფორმირება 2003-2004 წლებიდან დაიწყო. ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ქვეყანაში უფრო მყარ გარანტიას შექმნის. ამას გარდა, 2012 წლის განმვალობაში ამ სფეროში 13 ათასი ადამიანი დასაქმდება. ენერგეტიკული დამოუკიდებლობით, ჩვენ თავიდან ავიცილებთ წარსულის სამწუხარო გამოცდილებას. ამ თვეში აგრეთვე გაგრძელდება ახალი სამედიცინო დაწესებულებებისა და კლინიკების გახსნა და ახალი პროექტების პრეზენტაცია", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერის განმარტებით, ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში თებერვლის თვეში ახალი საავადმყოფოები გაიხსნება თიანეთის, ცაგერისა და თეთრი წყაროს რაიონებში. მისი თქმით, ასევე  იგეგმება რამდენიმე ახალი პროექტის  პრეზენტაცია  განათლების  სფეროშიც.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code