Google+

ბრიფინგები

22.11.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგის მთავარი თემა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია იყო.

„აღნიშნული რეზოლუცია, არა მხოლოდ აღიარებს საქართველოს  ტერიტორიების ოკუპაციის  ფაქტს, არამედ რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს  კონკრეტული ნაბიჯები გადადგას  ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების უკლებლივ ყველა პუნქტის შესასრულებლად. ამ სახის დოკუმენტში პირველად ჩნდება ჩანაწერი, იმის შესახებ, რომ ევროპარლამენტი ძალადობრივი დემოგრაფიული ცვლილებების ფაქტს აფიქსირებს და, უფრო მეტიც, პასუხისმგებლობას აკისრებს საოკუპაციო რეჟიმს. ასევე  მნიშვნელოვანია, რომ საქართველო რეზოლუციაში ევროპულ სახელმწიფოდ არის აღიარებული და დადასტურებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების  პერსპექტივა. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რეზოლიციას ხმა ევროპარლამენტის  აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისცა და დოკუმენტს, პრაქტიკულად,  ყველა  პოლიტიკურმა  ჯგუფმა დაუჭირა მხარი“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მანანა მანჯგალაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ურთიერთობების  შესახებ მოლაპარაკებები წლის დამლევს, დეკემბერში დაიწყება. მისი თქმით, ეს ხაზგასმით არის აღნიშნული რეზოლუციაში, რაც საქართველოში ვიზიტისას კიდევ ერთხელ დაადასტურა  ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა  კომისარმა ქეთრინ ეშტონმა; ხოლო მომავალი წლის დამდეგს მოლაპარაკებები დაიწყება სავიზო რეჟიმის შემდგომ ლიბერალიზაციასთან  დაკავშირებით. 

მანანა მანჯგალაძე მომავალი კვირის მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საგარეო ურთიერთბების თვალსაზრისით, იგი ძალზე დატვირთული იქნება.

„საქართველოს  ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია ესტუმრება, რომლებიც გიორგობის დღესასწაულზე - ვარდების რევოლუციის  წლისთავთან დაკაშირებით დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ამას გარდა, საქართველოს ევროპის სახალხო პარტიის დელეგაციაც ეწვევა, 29-30  ნოემბერს კი, დაგეგმილია სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარქსიანის ვიზიტი“, - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ჟურნალსიტებს გიორგობის დღესასწაულისა და ვარდების რევოლუციის წლისთავზე დაგგემილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და განმარტა, რომ ღონისძიებები, პრაქტიკულად, დაწყებულია - უკვე გაიხსნა განახლებული გვირაბი რიკოთის  უღელტეხილზე, დღეს ქუთაისის საერთაშორისო  აეროპორტის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი,  გაიხსნება  ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი და, რაც მთავარია,  ქუთაისში გაიხსნება მთავრობის სახლი, რომელშიც დღესვე გაიმართება მთავრობის სხდომა.

მანანა მანჯგალაძემ 23 ნოემბერს დაგეგმილი ღონისძიებებიდან განახლებული აღმაშენებლის გამზირის გახსნის საკითხი გამოყო.

„აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია ძალზე მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, რომ ამ უბანმა ისტორიული სახე დაიბრუნა. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ პროექტში უდიდესი  ადამიანური რესურსია ჩადებული და გაწეული სამუშაოსთვის, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამ ადამიანებს მსურს მადლობა გადავუხადო. ეს აღმაშენებლის გამზირის სრულიად  ახალი – ძველი და ნამდვილი სახეა,“ - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.   

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code