საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციული ბრიფინგი საქართველოს მთავრობის ახალი პროგრამის შესახებ ისაუბრა. მან ყურადღება საყოველთაო დაზღვევაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. მანანა მანჯგალაძის თქმით, პირველი სექტემბრიდან საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე შეძლებს სადაზღვევო პოლისებით სარგებლობას.
“პირველი სექტემბრიდან დაზღვევის მომსახურებით 600 ათასამდე პენსიონერი ისარგებლებს. პოლისით სარგებლობა შეეძლება ასევე 100 ათასამდე სტუდენტსა და 0-დან 5 წლის ჩათვლით ბავშვებს. ეს გახლავთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც საქართველოს მთავრობის პროგრამაშია გაწერილი და საყოველთაო დაზღვევას გულისხმობს”, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
პრეზიდენტის პრესსპიკერის განმარტებით, მოქალაქეებს, რომლებიც აქამდე არ სარგებლობდნენ დაზღვევის მომსახურებით, აღნიშნული პოლისები 15-16 ივლისიდან დაურიგდებათ, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. პენსიონერთა ის ნაწილი, რომელიც პენსიას ლიბერთი ბანკში იღებს, სადაზღვევო პაკეტს პენსიასთან ერთად აიღებს, ხოლო ის ნაწილი, რომელიც პენსიას სახლში ღებულობს ლიბერთი ბანკის საშუალებით, სადაზღვევო პოლისსაც სახლში მიიღებს. სადაზღვევო პოლისს სახლში მიიღებენ ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც მომსახურების მსგავსი ფორმით სარგებლობენ. სტუდენტები და ბავშვები პოლისებს რეგისტრაციის მისამართზე საქართველოს ფოსტის მეშვეობით მიიღებენ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც პენსიას არ იღებენ, სადაზღვევო პოლისს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ რაიონულ სერვისცენტრში მიიღებენ. პოლისები ეტაპობრივად დარიგდება და პროცესი დასრულებული პირველი სექტემბრისათვის იქნება.
ამას გარდა, საუბრისას, მანანა მანჯგალაძე შეეხო საქართველოს მთავრობის ახალ პროგრამას - მეტი სარგებელი ხალხს.
„საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია ახალი პროგრამა – მეტი სარგებელი ხალხს, რომელიც უმუშვერობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს. მთავრობა იწყებს დასაქმების მსურველთა ბაზისა და, შესაბამისად, დასაქმების აგენტების მომზადებას. ტრენინგებს, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო გამართავს, 15 ივლისიდან იწყება და 25 ივლისამდე გაგრძელდება. მომზადებას 3 ათსი აგენტი გაივლის. ტრენინგის დასრულების შემდეგ კი, დასაქმების აგენტები ქვეყნის მასშტაბით 25 ქალაქსა და რაიონში შევლენ და უშუალოდ ოჯახებთან დაიწყებენ მუშაობას“, - აღნიშნა პრესსპიკერმა და დასძინა, რომ სპეციალური ანკეტების მეშვეობით შეგროვდება ინფორმაცია, პირველადი მონაცემების გარდა დასაქმების მსურველის კვალიფიკაციისა და პროფესია მიეთითება, მოპოვებული ინფორმაცია შევა ახლადშექმნილ სამუშაოს მაძიებელთა მართვის ცენტრში, სადაც შეიქმნება სამუშაოს მაძიებელთა მონაცემთა ბაზა.
„ჩვენი ვარაუდით, მონაცემთა ბაზის შექმნის პროცესი საკმაოდ შრომატევადი სამუშოა და ნოემბრამდე გაგრძელდება. დასაქმების აგენტების, ასევე სამუშაოს მაძიებელთა ცენტრისა და ბაზის შექმნის შესახებ, დეტალურ ინფორმაციას ყველა შესაბამისი უწყებებიდან - კერძოდ უკვე დასაქმებისა და ჯანდაცვის სამინისტროებისგან მიიღებთ“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.
კიდევ ერთი თემა, რომელსაც პრეზიდენტის პრესსპიკერი შეეხო, საკადრო ცვლილებებს შეეხებოდა.
როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულად დაინიშნა ივანე წიკალაური. ლაშა ჭკადუა საქმიანობას დასაქმების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე განაგრძობს. ასევე, საქართველოს პრეზინდეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დღეს შიდა ქართლში იმყოფება და საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობაზე წარადგენს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცის უფროსის უკვე ყოფილ მოადგილეს, სულხან სიბაშვილს“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
რაც შეეხება საგარეო ურიერთობებს, მანანა მანჯგალაძის თქმით, ეს კვირა საკმაოდ საინტერესოიქნება - საქართველო ორ მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს. ბათუმში გაიმართება ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელშიც რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობს. სამიტის ფარგლებში გაიმართება პლენარული შეხვედრა. ხელი მოეწერება რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. 11 -12 ივლისს კი, დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია - საქართველოს ევროპული გზა, ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები.
„კონფერენცია საკმაოდ წარმოამდგენლობითია, მასში მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელები, მათ შორის, გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრიდ მარტენსი, მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ ფილატი. ასევე, ევროპარლამენტარები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდნეტი“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.