Google+

ბრიფინგები

10.09.2013
ანდრო ბარნოვი: „მოვუწოდებთ მთავრობას, ბიუჯეტის შევსებას ნუ შეეცდებიან საზოგადოების უსაფრთხოების ხარჯზე“

მინდა, გამოვეხმაურო ეკონომიკის მინისტრის დღევანდელ განცხადებას და ვთქვა, რომ თავისთავად მთავრობის მუშაობის არაეფექტიანობის მაჩვენებელია, რომ ორი დღის განმავლობაში ერთი და იმავე ინფორმაციას ერთი მინისტრი უარყოფს, მეორე კი ადასტურებს.

თუმცა კარგია, რომ ერთზე შევთანხმდით - ვერტმფრენების გაყიდვა მართლაც იგეგმება!

პირველ რიგში, მინდა ვკითხო ეკონომიკის მინისტრს, თუ გაეცნო ბრძანების ტექსტს? იქ გარკვევით წერია, რომ საუბარია არა თავდაცვის ბალანსზე არსებული, არამედ - საქართველოს საკუთრებაში არსებული ვერტმფრენების შესახებ.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეუძლია უმაღლეს მთავრსარდალს გამოსცეს ბრძანება ასეთი ქონების განკარგვის შესახებ, განვუმარტავ მთავრობას, რომ პრაქტიკულად ნებისმიერი ვერტმფრენი არის ორმაგი დანიშნულების და ამის დასტურია ისიც, რომ ეს ე.წ. „სამოქალაქო დანიშნულების ვერტმფრენები“ სწორედ თავდაცვის სამინისტროს აქვს განსაკარგად.

ესეც არ იყოს, პრეზიდენტი არის არა შეიარაღებული ძალების, არამედ - სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და მინდა ვთხოვო მთავრობას, რომ ცოტა მეტად დაფიქრდნენ, სანამ განცხადებებს გამოაქვეყნებენ.

ასევე, მინდა ორი სიტყვა ვთქვა იმ პროლეტარული აღშფოთების შესახებ, რომელიც მინისტრის განცხადებაში იკითხება, რომ თურმე სალონი სპეციალურად ყოფილა მოწყობილი პრეზიდენტის ბრძანებით. თავისთავად უცნაურია, როდესაც ყველაფერი მაღალხარისხიანი ჩვენი მთავრობის გაღიზიანებას იწვევს, შენობები იქნება ეს, სამხედრო თუ სამოქალაქო ტექნიკა. მაგრამ, მინდა დავუსვა მათ ეს კითხვა:

რითი დაფრინავს მაგალითად, პრემიერი ივანიშვილი? იმ თვთმფრინავს ხომ არ იყენებს, რომელზეც არჩევნებამდე მთელი წლის განმავლობაში სრულიად უშვერი ვაკხანალია იყო ატეხილი, რომ სააკაშვილმა თურმე გაბედა და თვითმფრინავი შეიძინა? ჩვენს თანამშრომლებს ვთხოვე, ამოებეჭდათ პრემიერის ბოლო ვოიაჟის ფოტოები და ვთხოვ მთავრობას, რომ მიპასუხოს - ეს ის თვითმფრინავი არ არის, რომელიც სააკაშვილის ბრძანებით იქნა შეძენილი და რომელიც თქვენს ასეთ აღშფოთებას იწვევდა? თუმცა, კარგია, რომ ამაზეც ვთანხმდებით - თურმე საჭირო ყოფილა არა?

ჩვენ ვიცით, რომ მთავრობამ შეცვალა ამ თვითმფრინავის განკარგვის ფორმა, ამას აქვს თავისი ახსნა მთავრობის დუნე საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ არ ვსაუბრობთ განკარგვის ფორმაზე ისევე, როგორც არ ვსაუბრობთ განკარგვის ფორმაზე ვერტმფრენების შემთხვევაში. მთავრობას შეუძლია, ისინი გადასცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაცვის სამსახურს ან რომელიმე სხვა უწყებას, მაგრამ ისინი უნდა დარჩეს საქართველოში, რადგან ისინი სჭირდება ქვეყანას და არა სააკაშვილს ან პირადად ივანიშვილს ან კვირიკაშვილს. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - ეს ტექნიკა, ისევე როგორც ძალიან ბევრი სხვა რამ, პრეზიდენტის სასახლიდან დაწყებული და პარლამენტის საუცხოო შენობით დამთავრებული, სჭირდება ქვეყანას და არა - რომელიმე კერძო პირს. კარგია, რომ ხელისუფლება ამას ნელ-ნელა აცნობიერებს.

დაბოლოს, ფასისა და პრეზიდენტ სარკოზის როლის შესახებ. ჩვენ არ გვითქვამს, რომ ეს ვერტმფრენები უფასოდ გადმოგვეცა. ეს იყო ფრანგული კრედიტი საკმაოდ კარგი პირობებით, რაც, ცხადია, საბოლოო ფასზეც აისახა. ძირითადი მიზეზი იმისა, რომ გადმოცემის პროცედურებს ამდენი დროს დასჭირდა, სწორედ ისაა, რომ ეს სამხედრო დანიშნულების ტექნიკაა და არა, ვთქვათ, სასოფლო-სამეურნეო.

ბოლოს და ბოლოს, ხომ შეიძლება, მთავრობის წევრებმა ინტერნეტში მაინც მოიძიონ ხოლმე ინფორმაცია, სანამ ოფიციალურ განცხადებებს გამოაქვეყნებენ?! ასეა თუ ისე, მინდა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გავიმეორო ჩვენი პოზიცია. ეს ვერტმფრენები ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიკაა და მათი გასხვისება დაუშვებელია. ისინი უნდა დარჩეს ქვეყანაში და მოემსახუროს ქვეყანას და საზოგადოებას.

მოვუწოდებთ მთავრობას, ბიუჯეტის შევსებას ნუ შეეცდებიან საზოგადოების უსაფრთხოების ხარჯზე. ეს არ არის ამ ბრიფინგის თემა, თუმცა იცით, რომ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ეკონომიკის კატასტროფული მდგომარეობის შესახებ, რისკენაც მთავრობის არაკომპეტენტურ პოლიტიკას მივყავართ. როგორც ვხედავთ, პირველი შედეგები უკვე სახეზეა და ეკონომიკის პრობლემებს უკვე ეწირება ჩვენი უსაფრთხოება.

ეს არის სრულიად დაუშვებელი და სწორედ ეს იკრძალება უმაღლესი მთავარსარდლის გუშინდელი ბრძანებით. ვთხოვ მთავრობას, რომ უფრო კარგად დაუკვირდეს საკუთარ გადაწყვეტილებებს.

ასევე ვთხოვ საზოგადოებას, რომ გააკეთოს სათანადო დასკვნები.

დიდი მადლობა




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code