Google+

ბრიფინგები

28.08.2013
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დღეს ბრიფინგი გამართა. ანდრო ბარნოვმა, უპირველესად, საზოგადოებას მარიამობის დღესასწაული მიულოცა. 

საუბრისას, ანდრო ბარნოვი რამდენიმე საკითხს შეეხო. მათ შორის იყო რამდენიმე თვის წინათ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეორგოლები, რომლებშიც,  თითქოს, თალიბები საქართველოს მოსახლებასა და ჯარისკაცებს განადგურებით ემუქრებოდნენ. როგორც ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა,   შს მინისტრი გამოძიებას შეგნებულად აჭიანურებს და მოუწოდა შსს-ს სასწრაფოდ მიიყვანოს გამოძიება კონკრეტულ შედეგამდე და მოახდინოს საზოგადოების სათანადო ინფორმირება პროცესის მიმდინარეობის თაობაზე.  

„საზოგადოებას ახსოვს, რომ ივნისში გავრცელდა ანონიმური ვიდეორგოლები, რომლებშიც, თითქოს,  თალიბანი ჩვენს მოსახლეობას და ჯარისკაცებს განადგურებით ემუქრებოდა. კლიპების პათოსი მიმართული იყო მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკის დისკრედიტაციისაკენ და მიზნად ისახავდა საზოგადოებაში პანიკის დათესვას და აგრესიის კულტივირებას, რაც ახალი მთავრობის საყვარელი იარაღი გახდა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.

ჩვენ დაუყოვნებლივ მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ სასწრაფოდ გამოძიებულიყო ამ მასალის წარმომავლობა. ასევე წერილით მივმართეთ ნატოს გენერალურ მდივანს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს საზღვარგარეთ, ამ საქმის გამოძიებისას დახმარება აღმოეჩინათ ახალი მთავრობისთვის. მართლაც, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო ეს დახმარება, რაც ამ საქმის ტექნიკურ და ტექნოლოგიურ მხარეს შეეხებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო ეს დახმარება, თუმცა სამინისტრო გვარწმუნებს, რომ შედეგად გამოძიებისთვის ხელჩასაჭიდი ვერაფერი მიიღეს.

ამ ტიპის განცხადებების გარდა, სამინისტროსგან დღემდე არაფერი გაგვიგია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მინისტრი ღარიბაშვილი ყველანაირად ცდილობს, მიჩქმალოს ეს საქმე. ჩვენ არ ვიცით, როგორ მიმდინარეობს გამოძიება, არ ვიცით, დაიკითხა თუ არა ვინმე საქმის შინაარსობლივი კონტექსტიდან გამომდინარე, არ ვიცით, საერთოდ ხდება თუ არა რამე ამ მიმართულებით. მინდა, საზოგადოებას შევახსენო ჩვენს მიერ თავიდანვე გამოთქმული ეჭვი, რომ აღნიშნული კლიპები დამზადებული იყო ხელისუფლებასთან დაახლოებული წრის მიერ, შეგახსენებთ მთავრობის კანცელარიის მაღალჩინოსნის, ყანდიაშვილის ქცევას, როდესაც მან, ლამის, პირველმა დაიწყო ხსენებული კლიპების გავრცელება. ჩვენ დღემდე ვფიქრობთ, რომ გამოძიება სწორედ იმიტომ არის უშედეგო, რომ შსს-მ, სინამდვილეში, ძალიან კარგად იცის, თუ ვინ დაუკვეთა და დაამზადა ეს მარაზმატული კლიპები.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ სასწრაფოდ კონკრეტულ შედეგამდე მიიყვანოს გამოძიება და მოახდინოს საზოგადოების სათანადო ინფორმირება, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიების პროცესი. ჩვენის მხრივ, დღესვე მივმართავთ ოფიციალური წერილით შინაგან საქმეთა მინისტრს და მოვითხოვთ, რომ მოგვაწოდოს დეტალური ინფორმაცია აღნიშნული საქმის გამოძიების დეტალების შესახებ“, - განაცხადა ადმინისტრაციის უფროსმა.

ანდრო ბარნოვი გამოეხმაურა ბათუმში გუშინ მომხდარ ინციდენტსაც, რომლის დროსაც ხელისუფლების ერთ-ერთმა მხარდამჭერმა მელორ ვაჩნაძემ საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმა სცადა. მისი თქმით, პრეზიდენტის დაცვას რამდენჯერმე მოუხდა ხსენებული პირის შეჩერება, მათ შორის დაცვის პირველ ხაზთან, პოლიცია კი ამ დროს უმოქმედო იყო. ანდრო ბარნოვმა მთავრობას მიმართა და აღნიშნა, რომ „ასეთი ელემენტების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება არის ქაოსის ხელშეწყობა და საზოგადოებრივი წესრიგის ფეხქვეშ გათელვა“.

 „გუშინ საქართველოს პრეზიდენტის დაცვას რამდენჯერმე მოუხდა ხსენებული ელემენტის შეჩერება, მათ შორის დაცვის პირველ ხაზზეც. პოლიცია, რომელიც იქვე იმყოფებოდა, სრულიად უმოქმედო იყო და მხოლოდ სულ ბოლოს, როდესაც ამ პირმა დაცვასთან ფიზიკური შეხლა-შემოხლა დაიწყო, იკადრეს და წააბრძანეს პოლიციის განყოფილებაში. თუმცა უმსგავსობა ამით არ დასრულებულა. იმ პოლიციელთა რიგებში, რომლებიც თვალს ადევნებდნენ მოვლენებს, ერთიც არ აღმოჩნდა, რომელიც გაბედავდა და ხელისუფლების მხარდამჭერი მოკრიმინალო ელემენტის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა. ამიტომ, პრეზიდენტის პირადი დაცვის წევრებს სთხოვდნენ პოლიციაში მისვლას და ჩვენების მიცემას. როგორც ვიცით, ვაჩნაძე ამჟამად დაკავებულია. რა თქმა უნდა, თუ აუცილებელია, პრეზიდენტის დაცვის რომელიმე წარმომადგენელი მისცემს ჩვენებას, თუმცა გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ პოლიციას და გამოვთქვათ იმედი, რომ შეინარჩუნებენ და დაიცავენ როგორც საკუთარ, ასევე მთლიანად სახელმწიფოს ღირსებას. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ბათუმში სტუმრობის შესახებ პოზიტიური სიუჟეტების გასვლის შემდეგ ხელისუფლებამ სასწრაფოდ გამოიძახა ვაჩნაძე და გააგზავნეს ამ არეულობის მოსაწყობად. ჩვენი ინფორმაციით, მას გადაუხადეს სასტუმროს საფასურიც და მისცეს დამატებითი ჰონორარიც და სწორედ ამით აიხსნება მისი ასეთი თავგამოდებული თავხედობა გუშინ. ამის მიუხედავად, მინდა მოვუწოდო მთავრობას, შეიგნოს, რომ მოკრიმინალო ელემენტები ვერ ჩადგებიან პრეზიდენტსა და ხალხს შორის. ასეთი ელემენტების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება არის ქაოსის ხელშეწყობა და საზოგადოებრივი წესრიგის ფეხქვეშ გათელვა.

ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა რომ ამ მდგომარეობის კონსტატირება გვიწევს, თუმცა გვინდა მაინც გამოვთქვათ იმედი, რომ თუნდაც ახლა, როდესაც ხელისუფლების მიერ პოლიტპატიმრად შერაცხული მოკრიმინალო ელემენტი თვით პრეზიდენტზე ცდილობდა თავდასხმას, თავად საზოგადოება, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და აქტივისტები აღიმაღლებენ ხმას და მოითხოვენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საქართველოში კრიმინალების პოლიტიკაში შემოთრევის მცდელობა. ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ ასეთი მცდელობები განწირულია სრული კრახისთვის და სახელმწიფოსა და საზოგადოებას მართლაც აქვს ნათელი მომავალი“, - აღნიშნა ანდრო ბარნოვმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code