ბრიფინგები
25.06.2013
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ბრიფინგი
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს ბრიფინგი გამართა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების თაობაზე დონეცკსა და ოდესაში გენერალური საკონსულოების კლასის შეცვლის შესახებ განცხადება გააკეთა.
„მოგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება დონეცკსა და ოდესაში საქართველოს გენერალური საკონსულოებისთვის კლასის შეცვლის, მათი რიგით საკონსულოებად გადაკეთების თაობაზე. ნაცვლად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას საკადრო თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაცია გაემართა, ყოველგვარი შეთანხმების, უფრო მეტიც, ყოველგვარი ინფორმირების გარეშე (ამის შესახებ არაფერი იცოდნენ თავად კონსულებმაც) მიმართეს უკრაინას ამ საკონსულოებისთვის კლასის დაქვეითების მოთხოვნის ნოტით.
მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა გენერალური კონსულებისთვის, მათ გენერალური საკონსულოების სტატუსის შენარჩუნების სანაცვლოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამდებობების დატოვება შეთავაზეს. თუმცა სამინისტროს უკვე გაგზავნილი ჰქონდა დიპლომატიური ნოტა უკრაინის შესაბამის უწყებაში.
მოგეხსენებათ, რომ გენერალური საკონსულოს ფუნქციაა დაიცვას საქართველოს მოქალაქეთა ინტერესები, მოიზიდოს ტურისტები უკრაინიდან, ხელი შეუწყოს კულტურულ და სავაჭრო ურთიერთობებს, მათ შორის, ქართული პროდუქციის გატანას. აქედან გამომდინარე, გენერალური საკონსულო ძალზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით.
სამწუხაროა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გაუფრთხილდა ორი ქვეყნის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას და საერთო ეროვნულ ინტერესებზე მაღლა, ვიწრო პარტიული ინტერესები დააყენა.
საქართველოს პრეზიდენტი მადლობას უხდის გენერალურ კონსულს დონეცკში ზურაბ კვაჭაძესა და გენერალურ კონსულს ოდესაში თეიმურაზ ნიშნიანიძეს გაწეული საქმიანობისა და ქვეყნის ინტერესების დაცვისათვის. ქვეყნის პირველი პირი იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობა მიიღებს შესაბამის ზომებს გენერალური საკონსულოების სტატუსის აღსადგენად და შემდგომი ურთიერთობის განვითარებისთვის საქართველოსა და უკრაინას შორის“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.