Google+

ბრიფინგები

10.05.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ მიღებულ ორი საკანონმდებლო აქტის პროექტს

იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და ვეტო დაადო პარლამენტის მიერ მიღებული ორი საკანონმდებლო აქტის პროექტს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ბრიფინგი გამართა.

ერთ-ერთი საკითხი შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს არასამეწარმეო იურიდიული პირების გარდაქმნას საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად. როგორც ანდრო ბარნოვმა აღნიშნა,  კანონპროექტი იურიდიული ხასიათის ხარვეზებს შეიცავს, თუმცა ყურადღება იმ უარყოფით შედეგებზე გაამახვილა, რომლებიც, მისი თქმით, კანონპროექტს შეიძლება მოყვეს. ადმინისტრაციის უფროსმა იმედი გამოთქვა, რომ კანონმდებლები ყოველგვარი კონფრონტაციის გარეშე მიუდგებიან აღნიშნულ საკითხს, ყურადღებით მოეკიდებიან პრეზიდენტის შენიშვნებს და გაითვალისწინებენ მათ მომავალი განხილვის დროს.

„გაცილებით მნიშვნელოვანია ის ნეგატიური შედეგები, რომლებიც, შესაძლოა, მოყვეს აღნიშნულ კანონპროექტს. საკითხი შეეხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების - უნივერსიტეტების ორგანიზაციული, აკადემიური, ქონებრივი, ფინანსური და მმართველობითი ავტონომიურობის დაკნინებას. ბუნებრივია, კანონის უპირველესი მიზანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერესების დაცვა და განათლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა უნდა იყოს. სწორედ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით აუცილებელია კანონპროექტში აისახოს ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტების ავტონომიურობას და რეორგანიზაციის შემთხვევაში, გაითვალისწინებს მათ პოზიციას.

„საგულისხმოა, რომ რამდენიმე დღის წინათ, აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებას უარყოფითი შეფასება მოყვა ორი ყველაზე დიდი ქართული უნივერსიტეტის მხრიდან. მას შემდეგ, რაც ამ თემაზე საჯარო განცხადებები  გაკეთდა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის რექტორებმა ოფიციალური წერილით მიმართეს პრეზიდენტს და ძალიან არგუმენტირებულად სთხოვეს მას, გამოეყენებინა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება ვეტოს დადების შესახებ.  მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში მართავდა კონსულაციებს შესაბამის პირებთან და, საბოლოოდ, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. ასე რომ, საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს ადებს აღნიშნულ პროექტს და შემდომი განხილვისთვის უბრუნებს პარლამენტს.

„პრეზიდენტმა წარმოადგინა ძალზე საინტერესო რეკომენდაციები და ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ყოველგვარი კონფრონტაციის გარეშე, გააზრებულად მიუდგება მას და გაითვალისწინებს აღნიშნულ შენიშვნებს“, - განაცხადა ადმინისტრაციის უფროსმა.  

ანდრო ბარნოვმა იმ ტენდენციაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქვეყნის მთავრობის მხრიდან ბოლო პერიოდში გამოიკვეთა და უმაღლესი სასწავლებლების მიმართ ზეწოლის ფაქტებს უკავშირდება. მან მაგალითად ბათუმის ხელოვნების აკადემია, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და თავისუფალი უნივერსიტეტი დაასახელა. მისი თქმით, ამ ტენდენციის გაგრძელება პრეზიდენტს დაუშვებლად მიაჩნია.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ის უკავშირდება  საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებას.

„აღნიშნული კანონპროექტი ზღუდავს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებას. კერძოდ, ამ ცვლილებების თანახმად, შესაძლებელი ხდება იმ ნორმატიული აქტის მოქმედების აღდგენა, რომელმაც, შეიძლება, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ერთ-ერთ მხარეს, საკონსტიტუციო სასამართლოს კი მხოლოდ ერთთვიან ვადა ექნება გადაწყვეტილების მისაღებად. საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, ერთი თვე ძალიან მცირე დროა და ამ ვადაში შეუძლებელია საქმის სრული და ყოველმხრივი განხილვა. ამ საკითხს ძალიან დიდი სიფრთხილით სჭირდება მიდგომა, რადგან, შესაძლოა, შეიზღუდოს სხვადასხვა სუბიექტთა უფლებები. საქართველოს პრეზიდენტი ეთანხმება ამ პოზიციას, აღნიშნულ კანონპროექტსაც ადებს ვეტოს და უბრუნებს პარლამენტს შემდგომი განხილვისთვის“, - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.      




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code