Google+

ბრიფინგები

01.05.2012
პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციული ბრიფინგი გამართა

ტრადიციულ ბრიფინგზე მანანა მანჯგალაძემ გასული კვირის მოვლენებსა და პრეზიდენტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან ყურადღება ლიტვის დელეგაციის ვიზიტზე გაამახვილა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ესტუმრა. პრესსპიკერის თქმით, ლიტვა საქართველოს ერთ-ერთი აქტიური  მხარდამჭერი და პარტნიორია ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე.

საუბრისას, მანანა მანჯგალაძე მიხეილ სააკაშვილის ახალ ინიციატივებსაც შეეხო. მისი განცხადებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო მუშაობა ქართული სტუდენტური ბარათების კონცეფციაზე. ამ ბარათით ნებისმიერი სტუდენტი ისარგებლებს, რომელიც აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს და მათზე გარკვეული ფასდაკლებები და შეღავათები გავრცელდება როგორც ტრანსპორტით მგზავრობისას, ისე კვების ობიექტებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსებსა და სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ცენტრებში მომსახურების დროს.  

„მისასალმებელია, რომ პრეზიდენტის ინიციატივას უკვე გამოეხმაურა რამდენიმე კერძო ორგანიზაცია, რომლებიც მზად არიან მნიშვნელოვანი შეღავათები გაუწიონ სტუდენტებს. უნდა ითქვას, რომ  სტუდენტური ბარათით სარგებლობა მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკაა“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.

კიდევ ერთი სიახლე, რომელზეც მანანა მანჯგალაძემ გაამახვილა ყურადღება, სტუდენტების სწავლის დაფინანსებას შეეხებოდა. მისი თქმით პრეზიდენტის ინიციატივით, იმ სტუდენტებმა, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ ვერ მიიღეს სწავლის დაფინანსება, უმაღლესში სწავლის პერიოდში მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში ეძლევათ გრანტის გაუმჯობესების შესაძლებლობა. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, ამ პროგრამაში პირველ ეტაპზე ჩართულია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მოგვიანებით კი პროგრამას ყველა სახელმწიფო სასწავლებელი შეუერთდება.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ქუთაისში მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქი ქუთაისობას განახლებული ხვდება. მისი თქმით, უკვე რეაბილიტირებულია ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის ისტორიული შენობა. ქუთაისის სტუმრებს საშულება ექნებათ ნახონ ახალი მოედანი, რომელსაც, გარკვეულწილად, თემატური დატვირთვაც აქვს. მანჯგალაძის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში გაიზარდა მოთხოვნა სასტუმრობზე, რაც რეგიონისადმი ტურისტების ინტერესით არის განპირობებული. 

დაბოლოს, პრესსპიკერი პრეზიდენტის უახლოეს გეგმებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ  პრეზიდენტი რამდენიმე ახალი ჰიდრო ელქტრო სადგურის მშნებლობისა და ახალი საავადმყოფოების დათვალიერებას აპირებს. მიხეილ სააკაშვილის მალე საქართველოს ყველა რეგიონში მექანიზაციის ახალი ცენტრებისა და სადგურების გახსნასაც აპირებს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code