Google+

ბრიფინგები

24.01.2012
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

 

2012 წელს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა პირველი ტრადიციული ბრიფინგი გამართა და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ისაუბრა.

მანანა მანჯგალაძემ საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილი და ბარაკ ობამა აქამდეც არაერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს, ეს იქნება პირველი შეხვედრა იმ თვალსაზრისით, რომ ის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება. როგორც  პრეს-სპიკერმა აღნიშნა პრეზიდენტების შეხვედრის თემატიკა მრავალფეროვანია და სასაუბრო საკითხთა სპექტრი საკმაოდ ფართოა.

მანანა მანჯაგალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი და ბარაკ ობამა ორმხრივ ურთიეთობებსა და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებს განიხილავენ, ასევე ისაუბრებენ მათი გადაჭრის გზებზე.

„არის თემები, რაზეც ქართული მხარე გაამახვილებს ყურადღებას. მათ შორის იქნება საკითხები, რომელიც ჯდება შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ასპექტში. ისაუბრებენ ქარტიით განსაზღვრულ საკითხებზე, როგორიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება, დემოკრატიული რეფორმის გაძლიერება, თანამშრომლობა მთელ რიგ სფეროებში - ეკონომიკის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, კულტურისა და ხალხებს შორის არსებული საკითხების გაღრმავება“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისათვის, მისი დემოკრატიული რეფომებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის, ასევე წინსვლისთვის ჩვენი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების გზაზე.

„პრეზიდენტებს შორის შეხვედრის გარდა, ასევე დაგეგმილია აუდიენცია შეერთებული შტატების როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ორგანოს უმაღლეს პირებთან.  მათ შორის, გამოვყოფდი შეხვედრას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან და წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ჯო ბონერთან. გაიმართება სხვა შეხვედრებიც და შემიძლია გითხრათ, რომ ვიზიტი იქნება ძალიან მრავალფეროვანი და დატვირთული“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესს-სპიკერმა.

საერთაშორისო თემებზე საუბრის შემდეგ, მანანა მანჯგალაძემ საშიანო საკითხებს დაუთმო ყურადღება. მან აქცენტი გააკეთა ჯანდაცვის რეფორმაზე, რომელიც, მისივე თქმით, სრული დატვირთვით მიმდინარეობს და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. პრეს-სპიკერმა  ჰოსპიტალურ სექტორში განხორციელებული რეფორმის პირველი ეტაპი შეაჯამა და სტატისტიკური მონაცემები გაახმაურა.

„დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 37 ახალი სამედიცინო ცენტრი. გატარებული ამბულატორიული პაციენტების რაოდენობა 3 500-ია, რაც ყოველდღიურად 70-90 ადამიანს ნიშნავს. სტაციონარული პაციენტების რაოდენობა 1000-მდეა, რომელთა 45 პროცენტმა დაზღვევის სისტემით ისარგებლა. ახლადგახსნილ კლინიკებში 600-მდე ბავშვი დაიბადა“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ეს ციფრები პირველი ნიშანია იმისა, რომ ახალმა საავადმყოფოებმა ფუნქციონირება დაიწყო.

„ამ მხრივ საქართველო უნიკალური ქვეყანა გახლავთ, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში უმნიშვნელოვანესი რეფომები ხორციელდება. დამეთანხმებით, რთულია ისეთი ქვეყნის მოძიება, სადაც ერთი წლის განმავლობაში ამდენი ახალი კლინიკა გაიხსნა, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ჩვენს ამოცანად კლავად რჩება ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხიანი მომსახურება“, - განცადა მანჯგალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსსპიკერის თქმით, ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად ჯანდაცვის ახალი სისტემა იქმნება, რომელსაც წინ ბევრი პრობლემა და გამოწვევა შეხვდება, მაგრამ საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად მუშაობას აპირებს, რათა ეს პრობლემები ეტაპობრივად მოაგვაროს.

„უახლოეს მომავალში ახალი სამედიცინო დაწესებულებები ასევე გაიხსნება ყაზბეგში, თიანეთში, ცაგერსა და თეთრიწყაროში. ეს პროცესი უახლოეს დღეებში განახლდება“, - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code