Google+

ბრიფინგები

22.03.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

„კვირის უმთავრესი პოლიტიკური მოვლენა  და  ეპიცენტრი  ერთი კვირის განმავლობაში, შეიძლება ითქვას,  პარლამენეტში  ინაცვლებს. პარლამენტში  დებატები კვირის ბოლომდე გაგრძელდება", - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე.  

მისი თქმით, გასული წლების  განმავლობაში ამის პრეცედენტი  საკანონმდებლო  ორგანოში  პრაქტიკულად არ ყოფილა. საქართველოს  მთავრობას შესაძლებლობა ექნება ანგარიშით წარდგეს კანონმდებლების წინაშე. ხელისუფლების წარმომადგენლები შეეცდებიან პასუხი გასცენ იმ შეკითხვებს, რომლებიც მოსახლეობისთვის ყველა საჭირბოროტო თემაზე, როგორც ოპოზიციის, ისე უმრავლესობის მხრიდან დაისმება.

„ბუნებრივია  საკითხები იქნება  ეკონომიკური, სოციალური და ჯანდაცვის სფეროებიდან,  სოფლის მეურნეობის   განვითარებისა და ამ დარგის პრობლემების შესახებ, ამ დარგებში განხორციელებული თუ განსახორციელებელი რეფორმების თაობაზე და სხვ. დებატები შეეხება ინფლაციის თემასაც, მათ შორის, იმ გეგმებს, რომლებიც ინფლაციური  წნეხის შეჩერებას უკავშირდება. საქართველოს  პრეზიდენეტი დიდი ყურადღებით აკვირდება და  თვალს ადევნებს ამ ძალზე მნიშვნელოვან  პოლიტიკურ პროცესს, რომელიც პარლამენტში მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება", - განაცხადა მან.  

მისი თქმით, პრეზიდენტი განსაკუთრებულად ადევნებს თვალს  ელექტროენერგიისა და სასურსათო  ვაუჩერების დარიგების პროცესს. 21 მარტს დასრულდა  ელექტროენერგიის   ვაუჩერების დარიგება. თუმცა, აქვე დასძინა, რომ  იმ ოჯახებს რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო, ვაუჩერი  არ მიუღია, ხარვეზის გამოსასწორებლად განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის სტრუქტურას.

„აქვე  მინდა  მოგაწოდოთ ინფორმაცია სასურსათო ვაუჩერების დარიგების პროცესის შესახებ. დღევანდელი მონაცემებით, უკვე დარიგებულია 621 ათას 928 ვაუჩერი, რომელთაგან  უკვე განაღდებულია 302 ათას 308 ვაუჩერი, ხოლო გაჩუქებულია 15 ათასი. პროცესი ყველა რეგიონში მიმდინარეობს და გაგრძელდება მანამ, სანამ  დახმარებას ყველა  ოჯახი არ მიიღებს", - აღნიშნა პრესსპიკერმა.

მანანა მანჯგალაძემ მოკლედ შეაფასა პრეზინდეტის  ვიზიტი ამერიკის შერთებულ შტატებში, რომელიც  17 მარტს დასრულდა.

„ბევრჯერ ითქვა, რომ ვიზიტს ეკონომიკური დატვირთვა ჰქონდა. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ დონალდ ტრამპსა და  კომპანია სიალქ როუდ ჯგუფს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვიზიტის დროს პოლიტიკური  შეხვედრებიც გამართა. კერძოდ იგი სენატში შეხვდა როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების ლიდერებს. გამოვყოფდი შეხვედრას სენატის გაფართოებულ შემადგენლობასთან, სენატის ლიდერებთან - დემოკრატების ლიდერთან ჰარი რეიდთან, რესპუბლიკელების ლიდერთან მიჩ მაკონელთან, სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან კარლ ლევინთან, სამხედრო კომიტეტის წამყვან წევრებთან ჯონ მაკკეინსა და საქსბი ჩამბლისთან, ასევე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვან წევრთან ბენჟამინ კარდინისთან. შეხვედრები გაიმართა ცალკეულ სენატორებთანაც, რომელებიც  განსაკუთრებით გამოირჩევიან  საქართველოსადმი  მხარდაჭერით. ამას გარდა ძალზე მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა სენატორებთან  ჯინ შაჰინთან, გრემთან და ჯოზეფ  ლიბერმანთან. ვაშინგტონში შეხვედრა გაიმართა მიხეილ სააკაშვილსა და  საერთშორისო სავალუტო ფონდის  მმართველ  დირექტორს დომინიკ სტრაუს-კანს შორისაც", - განაცხადა პრესსპიკერმა. 

მანანა მანჯგალაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრეზიდენტსა და ავღანეთის საერთაშორისო და ამერიკული ძალების მეთაურის, გენერალ დევიდ პეტრეიასთან შეხვედრაზე. გენერალმა ავღანეთში განლაგებულ ქართულ ძალებს მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა ურთულესი სამუშაოები გაწიეს. მისი თქმით, ეს პროგრესი შეუქცევადია.

პრესსპიკერმა ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ ამ კვირაში საქართველოს, ნატოს  საპარლამენტო  ასამბლეის  პრეზიდენტი კარლ ლამერსი ესტუმრება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მანჯგალაძის თქმით, კვლავ აქტუალურია, იაპონიაში მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება.

„როგორც იცით საქართველომ გამოთქვა სურვილი, დაეხმაროს იაპონელ ხალხს და, თუ შეიძლება ითქვას, მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ამ საქმეში. იაპონიის მხარესთან შეთანხმების შედეგად,  გადაწყდა, რომ ჰუმანიტარული დახმარების სახით სტიქიის ზონაში სასმელი წყალი  გაიგზავნოს. რეისი თბილისი-ტოკიოს მიმართულებით შესრულდება", - აღნიშნა პრესსპიკერმა და დასძინა, რომ პრეზიდენტის უშულო დავალებით, საქართველოს საელჩო  იაპონიაში მუდმივ კონტაქტზეა იქ მყოფ ჩვენს მოქალაქეებთან და მზად არის  დახმარება გაუწიოს მათ, მათ შორის, ტრანსპორტირების თვალსაზრისით.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code