Google+

ბრიფინგები

01.03.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

„ბუნებრივია საქართველოს პრეზიდენტისა და  მთვარობის საქმიანობის უმთავრეს საზრუნავად  და გამოწვევად რჩება  ის ინფლაციური პროცესები, რომელიც მსოფლიოს და, მათ შორის, საქართველოს  აწუხებს" - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე და ყურადღება იმ დისკუსიის მნიშვნელობაზე გაამახვილა, რომელიც   პრეზიდენტის სასახლეში  საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის უმრავლესობას შორის გაიმართა.

 „ამ შეხვედრისას, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღინიშნა იმ ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველოს  ხელსუფლება დგამს იმ რთული და მძიმე პროცესების მინიმუმამდე დასაყვანად, რომლებსაც ინფლაცია იწვევს. როგორც ცნობილია, გარკვეული ღონისძიებები უკვე განხორციელდა. ქვეყნის მასშტაბით გრძელდება  ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგება. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით უკვე დარიგდა 89 პროცენტი. ასევე, გრძელდება დამატებითი ვაუჩერების ბეჭდვა და დარიგება. როგორც იცით, ეს გარკვეული ხარვეზებიდან  გამომდინარე  მოხდა. თუმცა ელექტროვაუჩერების დარიგების  პროცესი გრაფიკით გათვალისწინებული ვადისთვის, 15 მარტისთვის საბოლოოდ დასრულდება. სულ დაბეჭდილი იყო 941 ათას  634  ვაუჩერი, აქედან  დარიგებულია 840 ათასი. აქვე მინდა კიდევ ერთი ინფორმაცია მოგაწოდოთ. პრეზიდენტის მოწოდებისამებრ, სოლიდარობის აქციის ფარგლებში  5000-მდე ვაუჩერია გადაცემული. ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე ათასმა ადამიანმა 20-ლარიანი დახმარების ნაცვლად, 40-ლარიანი დახმარება მიიღო. ეს პროცესი დასრულებული არ არის და  ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია ამ აქციას შეუერთდეს", - აღნიშნა პრესსპიკერმა და დასძინა, რომ ელექტროვაუჩერების დარიგების პარალელურად, 10 მარტიდან სასურსათო ვაუჩერების დარიგებაც დაიწყება. 

 მანანა მანჯგალაძის თქმით, ხელისუფლება განაგრძობს ანტიკრიზისულ  პროგრამაზე მუშაობას. მოსახლობისადმი დამხარება მხოლოდ  სასურსათო და  ელექტრო ვაუჩერების დარიგებით არ სრულდება და საზოგადოებისა და მოსახლეობისთვის ეს პროექტები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

„მთავრობა კარგად აცნობიერებს, რომ სოციალური დახმარებების ერთჯერადი აქციები პრობლემას ვერ მოაგვარებს და უფრო გლობალური სამუშაოები  უნდა შესრულდეს. უპირველეს ყოვლისა, ეს ახალ სამუშაო ადგილებსა და დასაქმებას გულისხმობს. ასევე, აუცილებელია ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი პროექტების განხორციელება. სწორედ ასეთ კრიტიკულ   დროს  ძალზე მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების ამოქმედება, როგორიცაა გაფორმების ეკონომიკური ზონა. ეს შეეხება ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე გახსნილ გეზს, სადაც 250 ადამიანს სტაბილური სამსახური და სტაბილური  შემოსავალი გაუჩნდა. ფოთის გეზში, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული, თუმცა  ამ ცენტრის მთავარი მიზანი და ამოცანა არის ბიზნესის ხელშეწყობა, იმ   წნეხის  შემცირება,  რომელიც სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის იყო", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერი საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხსაც შეეხო, რომელიც ძალაში დღეიდან, 1 მარტიდან შევიდა. მისი თქმით, ამ ფაქტს ქვეყნისთვის  პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, მოსახლობა კი, საკმაოდ დიდი შეღავათებით ისარგებლებს.

„გამარტივებული პროცესები მოსახლობის გარკვეულ  კატეგორიას საკმაოდ უმარტივებს  მიმოსვლას. მათ შორის ბრძანდებით თქვენ  - ჩემი კოლეგები,  ჟურნალისტები; სტუდენტები, რომელთაც სასწავლო ვიზების აღება უმარტივდებათ; ასევე, ბიზნესმენები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.  ამას გარდა, გათვალიწინებულია ვიზის გადასახადის შემცირება. ასე რომ, დღეიდან ევროკავშირის ქვეყნებში წამსვლელი ჩვენი თანამემაულეებისთვის წესები მარტივდება და შეიძლება ითქვას, რომ  ეს არის ევროკაშვირთან დაახლოების გზაზე  გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი", - განაცხადა პრესსპიკერმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code