საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა და მედიის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა დადებითად შეაფასა. პრესსპიკერის თქმით, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას. მანანა მანჯგალაძემ დღეს ეუთოსა და ლისაბონის მოახლოებულ სამიტებზეც გაამახვილა ყურადღება. ასევე შეეხო პრეზიდენტის ვიზიტს შვეიცარიაში და მის მონაწილეობას ფრანკოფონიის სამიტში.
"პარლამენტის თავმჯდომარის ინიციტივას მედიის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, შეესაბამება პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 2008 წელს გაეროს ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებას საქართველოში დემოკრატიის მეორე ტალღის დაწყების შესახებ. ასე რომ, პრეზიდენტი მიესალმება პარლამენტის ამ ინიციატივას", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება ლისაბონის სამიტს, ის ნოემბერშია დაგეგმილი და საქართველომ უკვე მიიღო ოფიციალური მიწვევა. ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ჯერ კიდევ სექტემბერში, თბილისში ყოფნისას გააკეთა.
"ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სამიტზე წარმოდგენილი უნდა იყოს ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია - ის, რომ ალიანსისათვის მიუღებელია გავლენის სფეროებად გადანაწილების საკითხი. ასევე მსურს აღვნიშნო, რომ ლისაბონის სამიტი დაადასტურებს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებაში. რაც შეეხება იმას, თუ რას უნდა ველოდოთ ლისაბონის სამიტისაგან, უნდა ითქვას, რომ საქართველოსთვის კურსი და პრინციპი უცვლელი რჩება, თუმცა გზა, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსისაკენ მიდის, საკმაოდ რთული და გრძელია", - აღნიშნა მან.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის შესახებაც მანანა მანჯგალაძემ ილაპარაკა, ეუთოს სამიტი იყო, რომელიც ყახზახეთში, კერძოდ, ასტანაში 1-2 დეკემბერს გაიმართება.
"ამ სამიტს უკვე უწოდეს ისტორიული, რადგან 11 წლის შემდეგ ის პირველად იმართება. საქართველო ჩართულია ამ პროცესში და რამდენიმე კონკრეტული და მნიშვნელოვანი საკითხის დაყენებას ვაპირებთ. მათ შორისაა სამშვიდობო და სადამკვირვებლო მანდატის აღდგენა. თავის დროს, რუსეთმა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონში მონიტორინგის მანდატის დაბლოკვით ორგანიზაციას საკმაოდ მძიმე დარტყმა მიაყენა. რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგით დასრულდება სამიტი, მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ. პროგნოზის გაკეთება საკმაოდ ძნელია, რადგან იცით, რომ ასეთ თემებთან მიმართებაში რუსეთი საკმაოდ არაკონსტრუქციულია", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
პრესსპიკერი ფრანკოფონიის სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის საკითხსაც შეეხო.
„როგორც იცით, შვეიცარიაში დასრულდა ფრანკოფონიის სამიტი, რომელშიც 70-მდე ქვეყნის წარმომდგენელი, მათ შორის, სახელმწიფოთა პირველი პირები მონაწილეობდა. სამიტზე მიიღეს ძალზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი და სწორედ ერთობლივი ძალისხმევით რეზოლუციაში ჩაწერეს პუნქტი საქართველოს შესახებ. ქვეყნები მხარს უჭერენ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატის გაძლიერებას, მხარდაჭერას უცხადებენ როგორც გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესახებ, ისე აღიარებენ საქართველოს ტერიტორულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფო საზღვრებში. საქართველო სამიტზე მიწვეული იყო დამკვირვებლის სტატუსით. ამ სატატუსის მქონე სახელმწიფოს წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლა სამიტის დღის წესრიგში არ შედის, მაგრამ სწორედ ამ კომუნიკეს გამო, გამონაკლისის სახით, საქართველოს პრეზიდენტი სამიტზე სიტყვით გამოვიდა", - განაცხადა პრესსპიკერმა.