Google+

სიახლეები

24.06.2011
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს იუბილე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა მოსამართლეებს საკონსტუტიციო სასამართლო 15 წლის იუბილე მიულოცა. ამ თარიღის აღსანიშნავად, ვენეციის კომისიის თავჯდომარე ჯანი ბუკიკიო ბათუმში სპეციალურად ჩავიდა. მოსამართლეებსა და  მოწვეულ სტუმრებს მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით მიმართა და სასამართლო სისტემის რეფორმირებისა და ამ ინსტიტუტის მიმართ მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდაზე ისაუბრა. სამსწრე საზოგადოებას ჯანი ბუკიკიომაც მიმართა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

საქართველოში კონსტიტუციური სამართალწარმოება ტრადიციად ჩამოყალიბდა. ეს არ არის ადვილი საქმე და ავტომატურად გასაკეთებელი რამ.

ჩვენ ვიცით ბევრი ქვეყანა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოები ფორმალურად არსებობს, მაგრამ, რეალურად, არ არსებობს სამართლებრივი და პოლიტიკური დავების მოგვარების კარგად ჩამოყალიბებული პრაქტიკა საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით.

საქართველოში ეს ყველა პლიუსების და მინუსების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა.

ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ქვეყანაში ყალიბდება კარგი სასამართლო სისტემა და ნდობა ამ სასამართლო სისტემის მიმართ.

კარგი სასამართლო სისტემა ბევრად უფრო ძნელი ჩამოსაყალიბებელია, ვიდრე, მაგალითად,  კარგი პოლიცია, კარგი საბაჟო ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ორგანო.  რატომ? - იმიტომ, რომ შეგიძლია ყველა პოლიციელი დაითხოვო და ახალი კადრები მოიყვანო, რაც გავაკეთეთ კიდეც. შეგიძლია სამთვიანი ტრეინინგი ჩაუტარო, შემდეგ აკონტროლო და პოლიცია იმუშავებს. თუმცა, რა თქმა უნდა,  ამას ხალხის მხარდაჭერა ჭირდება.

მოსამართლეები ქუჩიდან არ შეიძლება მოიყვანო, ისე, როგორც ეს სხვა პროფესიის ადამიანებისა და სხვა სტრუქტურების საკადრო პოლიტიკის შემთხევაში  ხდება.

 მოსამართლეს სჭირდება ძალიან დიდი ტრადიცია, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში, პრაქტიკულად, არ გვქონდა.

ამიტომ, ძალიან კარგი რამ გაკეთდა - გამოცდილ ხალხთან ერთად, სასამართლოს სხვადასხვა დონეზე ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოსამართლე დაინიშნა.

 ამ მოსამართლეებს დღეს სრული ინსტიტუციური დამოუკიდებლობა აქვთ.

თქვენ ხართ იმის მოწმე, რომ იუსტიციის საბჭოს სხდომა ჩემი, პრეზიდენტის თავჯდომარეობით არასოდეს არ ჩატარებულა, მაშინაც კი, ვიდრე ეს უფლება მქონდა. შემდეგ ეს წესი შეიცვალა და ამის უფლება პრეზიდენტს აღარ ააქვს.

ჩვენ არასოდეს არ ჩავრეულვართ ამ ინსტიტუტის კონკრეტულ საქმეებში, არამედ საორგანიზაციო საკითხებშიც კი. ერთადერთი, რისი უფლებაც საკუთარ თავს მივეცი, იყო ინიციატივა, საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადმოტანის თაობაზე.

ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ჩვენ გვყავს ახალგაზრდა მოსამართლეთა კორპუსი, გვაქვს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ყველა გარანტია, ამ მოსამართლეებს აქვთ მაღალი ხელფასები და საკანონდებლო დამოუკიდებლობა, ცხოვრების ყველა ასპექტში ისინი კანონით არიან დაცული ყოველგვარი უკანონო ჩარევისგან და დანარჩენი კი, მათ შორის, ტრადიციაც, უკვე კონკრეტულ პრაქტიკაში ჩამოყალიბდება.

თუ ხუთი წლის წინათ სასამართლოს, დაახლოებით, სამჯერ ნაკლები ადამიანი ენდობოდა,  ვიდრე, ვთქვათ, საქართველოს პოლიციას, დღეს სასამართლოს ენდობა, თუ არ ვცდები, ჩვენი საზოგადოების 60 პროცენტი. ეს ძალზე მაღალი მაჩვენებელია, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ, ჩვეულებრივ, მოქალაქეების აბსოლუტური უმეტესობა სასამართლოს ვერ ხედავს და მასზე წარმოდგენა ექმნება რომელიმე ჭორიკანა ტელევიზიის გადაცემებით ან რომელიღაც გაზეთის ბინძური ინსინუაციებით.

პოლიციელს ხედავ, მებაჟესაც უფრო მეტად ხედავ, ვიდრე მოსამართლეს, ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენელსაც ხედავ, მაგრამ სასამართლოში, როგორც წესი, ძალიან იშვიათად ხვდება მოქალაქე.

ის, რომ სასამართლოს 60 პროცენტზე მეტი ენდობა, უტყუარი ნიშანია იმისა, რომ სისტემა ყალიბდება და  ყველაზე კარგი პასუხია მათთვის, ვისაც არაფრის დაჯერება არ უნდა.

ამ მხრივ, პროგრესი მართლაც არის.

მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია დამკვიდრდა იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს დეცენტრალიზაცია სწორი კუთხით - არა ისე რომ ფეოდალურ საფაშოებად დავყოთ საქართველო, არამედ მოხდეს საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოების გადანაწილება ქვეყნის ტერიტორიაზე.

ჩვენი სისუტეც და ჩვენი სიძლიერეც არის ის, რომ ტერიტორიულად პატარა ქვეყანა ვართ. ჩვენ დავამკვიდრეთ ტრადიცია, რომ საქართველოს მთავრობა და არა მხოლოდ მთავრობა - ახლა უკვე მოსამართლეები, ადგილობრივი მმართველობის სხვადასხვა დონის  წარმომადგენლები მუდმივად გადაადგილდებიან და კარგია, რომ ყოველივე ამას ხელს აძლევს უკეთესი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

თბილისიდან ბათუმში ავტობანით ჩამოვალთ 2013 წლის დამლევამდე, ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე; 2012 წლისთვის გექნება ჩქაროსნული რკინიგზა და ამავე მარშრუტს ამ რკინიგზით ორ საათნახევარში დავფარავთ; ბათუმის აეროპორტში უკვე ყოველდღე სრულდება რეისი თბილისიდან და, რაც არ უნდა მოხდეს, ვუზრუნველყოფთ, ბათუმსა და თბილისს შორის ავიამიმოსვლა არ გაჩერდეს. ბოლოს და ბოლოს, ბათუმი ხდება საუკეთესო ქალაქი.

ზუსტად ასევე გადავა პარლამენტი ქუთაისში, იმის მიუხედავად, ვინც არ უნდა ილაპარაკოს და იფიქროს, რომ ქუთაისი არაფრის ღირსი არ არის. ვისაც ქუთაისი არ უნდა, ის ქუთაისში ვერც მოხვდება, რადგან ქართველი ხალხი მას იქ არ შეუშვებს. შეუშვებენ მათ, ვისთვისაც ქუთაისი, ბათუმი, ჩხოროწყუ, ხარაგაული, სოხუმი და ა.შ. ერთნაირად ძვირფასი და მისაღები ქალაქებია.

აი,  ეს არის ახალი საქართველო. ყველაფერს გადაწყვეტს არა ის ერთი და იგივე 100 ადამიანი ერთი და იგივე ქუჩაზე, რომელსაც არავის აზრი არ აინტერესებს, არამედ არამედ 4 მილიონ 700 ათასი ადამიანი, რომელიც თავისი ქვეყნისა და  მომავლის ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს.

ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ.

ეს არის ისტორიული რეფორმა, რომლის მნიშვნელობის გადაჭარბებაც შეუძლებელია.

საკონსტიტუციო სასამართლო იყო პირველი მერცხალი, საქართველოს პარლამენტის ულამაზესი შენობა საბოლოოდ განამტკიცებს ამ პროცესს, რომელზეც აიგება შემდგომი  საპარლამენტო ტრადიცია.

 

ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო  

ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩემთან ერთად იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლების  წარმომადგენლები.

ბათუმში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და მოხარული ვარ, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტი ახლა აქაა.

ჩვენს თანამშრომლობას დიდი ხნის ისტორია აქვს.

როდესაც აქ პირველად ჩამოვედი სრულიად განსხვავებული სიტუაცია იყო და მინდა მივულოცო საქართველოს პრეზიდენტს და მთელ ხალხს ქვეყნის ასეთი განვითარება.

ჩვენ ერთად ბევრი რამ გავაკეთეთ. შემიძლია ვთქვა, რომ მე უკვე საქართველოს ნაწილი ვარ. ჩვენ ერთად გავიარეთ გზა, რომ ქვეყანაში დემოკრატია უკეთესი ყოფილიყო. ვაღიარებ, რომ საქართველომ ბევრი რამ გააკეთა საამისოდ.

მინდა, განსაკუთრებით მივულოცო საკონსტიტუციო სასამართლოს.

ეს უწყება ნამდვილად მაღალკვალიფიციური და ევროპულია.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)