Google+

სიახლეები

20.04.2012
საქართველოს პრეზიდენტმა წინანდალში შეკრებილ საზოგადოებას ახალი სასტუმროს მშენებლობა მიულოცა

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი დღეა, რადგან წინანდლის "რადისონის" მშენებლობა იწყება.

საქართველოს ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რამდენიმე წლის წინათ ამაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა. 

როდესაც პრეზიდენტი გავხდი, კახეთში არც ერთი მოქმედი სასტუმრო არ იყო.

მინდა ჩამოგითვალოთ რა გაიხსნა კახეთში 2004 წლიდან.

თელავში გაიხსნა სასტუმროები: „ლიზი“, „რჩეული“, „კავკასიონი“, „ლოპოტა“, „შატომერე“, „ვარდისუბანი“, „ძველი თელავი“, „თელიანი ველი“, „ბაზიერი“, „სავანეთი“, „თამარიონი“, „კახური ეზო“ და სხვა.

სიღნაღში 2004 წელს სასტუმრო კი არა, მოსახლეობაც აღარ იყო დარჩენილი. სიღნაღში გაიხსნა სასტუმროები: „სიღნაღი“, „ფიროსმანი“, „სოლომონ 1805“, „გალავნის კარი“, „ძველი სიღნაღი“, „ირმების გადასახედი“, „ჰერიო“, „ძველი უბანი“, „სასტუმრო სახლი“.

ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში სასტუმრო ყვარელში აბსურდულად მოეჩვენებოდათ.

ყვარელში გაიხსნა სასტუმროები: „ყვარელის ტბა“, „კავკასიონი“, „შატო ბაგრატიონი“...  შემოდგომით გია პირადაშვილი ხსნის ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროს და გაიხსნება მეორე საუკეთესო სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, რომელსაც იუსტიციის სასწავლო ცენტრი და კომპანია „რუმსი“ ერთად აკეთებენ.  

გურჯაანში გაიხსნა სასტუმრო „ამბასადორი“, იქ ახლა კეთდება კურორტი ახტალა და იქაც რამდენიმე სასტუმრო აშენდება.

ლაგოდეხში გაიხსნა სასტუმრო „ჰერეთი“ და ცენტრი კეთდება ბუნებრივ პარკში.

თუშეთში გაიხსნა სამი სასტუმრო. ცოტა ხნის წინათ, თუშეთში ჩასვლაც შეუძლებელი იყო, თუმცა უახლოეს პერიოდში იქ კიდევ რამდენიმე სასტუმრო გაიხსნება.

წელსვე შემოდგომით, თელავს „რედისონის“ გარდა დაემატება ამერიკული ბრენდის სასტუმრო „ბლუ ვესტერნი“, რომელიც „ინტურისტს“ ჩაანაცვლებს.  

საბჭოთა დროს კახეთში მხოლოდ ეს ერთი სასტუმრო იყო - თელავის „ინტურისტი“, სადაც ხალხი საქეიფოდ და დროის სატარებლად დადიოდა.

საბჭოთა კავშირში მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული, რომ თელავს ტურისტული პოტენციალი არ ჰქონდა.  მოსკოვში იჯდა ვიღაც „გოსპლან“-ში, რომელიც საკუთარი შეხედულებისამებრ საზღვრავდა რომელი კურორტი უნდა განვითარებულიყო საქართველოში. კურორტი უნდა ყოფილიყო, მაგალითად, „პიცუნდა“ (ბიჭვინთა) და წყალტუბო, რომელიც სტალინს მოსწონდა; აჭარაში არ იყო აუცილებელი კურორტები; ზღვა თუ იყოს აუცილებელი, გაგრა უნდა ყოფილიყო და ა.შ.  

ამ რუკაზე კახეთი არასდროს არ ხვდებოდა.

არადა, დასაქმების თვალსაზრისით, ტურიზმი სწრაფი ეკონომიკური წარმატებისა და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ყველაზე მოკლე გზაა.

ყველაზე კარგად ვიცი, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრს უჭირს, მაგრამ ის, ვინც ამის შესახებ  ყველაზე ხშირად ლაპარაკობს ტელეეთერში, სრულებით არ არის გაჭირვებული, პირიქით, ძალიან დიდი შემოსავალიც აქვს. ასეთებს მილიონები აქვთ საბანკო ანგარიშებზე და სულ არ ადარდებთ, მაგალითად, წინანდლის მოსახლეობის გაჭირვება.

ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოში მოსახლეობის მეხუთედი ნაწილი ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. ძალიან კარგად ვიცით ისიც, რომ საქართველოს ქალაქებში 15-დან 30 პროცენტამდეა უმუშევრობა.

მართალია, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, მესამედით შემცირდა, მაგრამ უმუშევართა რაოდენობა მაინც მნიშვნელოვანია.

ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი, წინსვლის ერთადერთი გზა ეკონომიკის განვითარებაა ყველა მიმართულებით.

 „სილქ როუდ ჯგუფი“ სწრაფად მზარდი ქართული კომპანიაა.

რა იყო საქართველო წინა მთავრობების დროს? ძველი მინისტრები ახლაც ისტერიულად ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას.

საქართველო მათთვის არ იყო ბიზნესის კეთების საშუალება. ეს იყო კრიმინალიზებული, ჩამორჩენილი ქვეყანა, საიდანაც ხალხი გარბოდა. აქ არ იყო პერსპექტივა და აზრადაც არ მოსვლიათ აქ რამე გაეკეთებინათ.

ბოლო წლების განმავლობაში ქართველებმა საკუთარი ძალებით არა მხოლოდ შექმნეს ადგილობრივი კომპანიები, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც გაიტანეს ჩვენი სახელი.

„სილქ როუდ ჯგუფი“ ამის ბრწყინვალე მაგალითია.

ამას გარდა, ბათუმში შეიქმნა პატარ-პატარა სამშენებლო ფირმები, რომლებმაც სამ სართულიანი შენობებიდან დაიწყეს და ახლა 40-50 სართულიან ნაგებობებს აშენებენ მთელი საქართველოს მასშტაბით.

იგივე შეეხება თბილისს, ადგილობრივი ბიზნესი ვითარდება კახეთში.

უნდა გვესმოდეს, რომ არის ორი ტიპის ქვეყნები: პირველს მიეკუთვნება მდიდარი ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ნავთობი და გაზი, მაგრამ სოციალური სამართლიანობის არქონის პირობებში, იქ გადანაწილება არ ხდება; მეორე ტიპს კი მიეკუთვნება ისეთი ქვეყნები, როგორიცაა სინგაპური. ეს არის ქვეყანა 5-მილიონიანი მოსახლეობით. იქ საქართველოზე ლამაზი მთა-ბარი არ არის და აღარაფერს ვამბობ ბუნებრივ რესურსებზე, რადგან მიწა და სასმელი წყალი კი არ აქვთ. თუმცა იქ, პრაქტიკულად, ყველას აქვს თავისი საქმე.

როდესაც ყველას ექნება თავისი ბიზნესი, ან უმეტესობა ამ ბიზნესებში დასაქმდება, როდესაც ყველა ადამიანი მყარად იდგება ფეხზე და წელში გაიმართება, როდესაც ყველა იქნება დარწმუნებული, რომ თავისი შრომით საკუთარ შვილებს უკეთეს მომავალს შეუქმნის, ამაში კი მათ სახელმწიფო დაეხმარება, რაც მისი ფუნქციაა, მაშინ იქნება ჩვენი ქვეყანა ბოლომდე მდიდარი.

ამ შემთხვევაში აღარ იქნება იმის საფრთხე, რომ მსოფლიო ბაზარზე განვითარებული გარკვეული მოვლენების გამო, საქართველოდან კაპიტალი გავა. ყველას ექნება განცდა, რომ ეს  მისი სამშობლოა, მისი ფესვები გამდგარი აქვს აქ, ეს არის მისი ბიზნესი და არსად არ სურს წასვლა.

ნებისმიერი ბიზნესის მაგალითად, რესტორნის, სასტუმროს, სამშენებლო თუ საგზაო ფირმის  მფლობელი, რომელიც, ვთქვათ, 100-150 ადამიანს ასაქმებს, თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელია ამ 100–150 ოჯახის კეთილდღეობაზე.

საქართველოში ჩნდება კორპორატიული პასუხისმგებლობის ცნებაც.

როდესაც ქართული ბიზნესი, ქართველების ხელით შეიქმნება და მათი საშუალებით სამუშაო ადგილები გაჩნდება ქართველებისთვის, საქართველო აღარ აღმოჩნდება სხვადასხვა ძალებისა და ავანტურისტების ხელში. ჩვენს ქვეყანაში ეს უკვე ხდება.

ეს ბიჭები, რომლებიც აქ, ამ მშენებლობაზე მუშაობენ კარგად მახსოვს. რამდენიმე წლის წინათ, წინანდალში ბოლო ბიზნესი ღვინის ქარხანა იყო, რომელიც  ჯერ ხელიდან ხელში გადადიოდა და საბოლოოდ, ისიც გააჩერეს. მაშინ ყველა უმუშევარი დარჩა და,  პრაქტიკულად, არავის არ ჰქონდა პერსპექტივა.

დღეს, იმის გათვალისწინებით, რაც აქ კეთდება, დარწმუნებული ვარ, რომ კახეთში უმუშევრობის პრობლემა, მაქსიმუმ, ორ წელიწადში საერთოდ მოიხსნება.

რა თქმა უნდა, როცა უმუშევრობის პრობლემა აღარ დგას, ყოველთვის ჩნდება დაბალი ანაზღაურების პრობლემა.

ადამიანს, რომელსაც ხელფასი 300, 500, 700, 800 ლარი აქვს, ყოველთვის უფრო მეტი უნდა.

შემდეგი პრეტენზიების ეტაპია, მაგრამ, მოდით, ჯერ იმ ეტაპზე გადავიდეთ, რომ ყველას მოეხსნას დასაქმების პრობლემა და შემდეგ დაბალ შემოსავალსაც მივხედავთ.

ამიტომ არის, რომ ქართული ბიზნესი სწრაფად უნდა განვითარდეს.

იცით, რატომ არის გიორგის ბიზნესი ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ, რეალურად, ბათუმში მათ ააშენეს „რედისონი“, რომელიც ევროპის ყველა ექსპერტმა ამ ქსელის საუკეთესო სასტუმროდ აღიარა; იმიტომ რომ საქმეს სიყვარულით აკეთებენ.

ბათუმის „რედისონი“ ააშენა ქართველმა, ქართველების ხელით და საქართველოსთვის. შექმნა იმისთვის, ყოველდღიურად უყუროს, შექმნა საკუთარი ოჯახისა და გარემოცვისთვის,  მომავალი თაობებისთვისა და თავისი ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.  

საქმისადმი მსგავსი მიდგომით, ყველაფერი საუკეთესო გამოდის.

საქართველო ჯერ კიდევ არ არის წელში იმდენად გამართული, იმდენი დრო დაკარგა, რომ არ  გვაქვს ფუფუნება რაიმე საშუალოდ, მეორე და მესამეხარისხოვნად ვაკეთოთ, ველოდოთ სიმდიდრის დაგროვებას და შემდეგ ვიფიქროთ ამაზე.  

სწორედ ახლაა საჭირო, რომ, რასაც შევქმნით, ყველაფერი უმაღლესი, მსოფლიო კლასის იყოს.

მოდით, ყველანი გამბედავები ვიყოთ.

რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა ბევრს ტრაბახობს და ქვეყანას უჭირს - დიახ, მე ვარ პირველი, ვინც ამბობს, რომ ქვეყანას ძალიან უჭირს, მაგრამ სწორედ ამის გამოა ქართული ფენომენი სრულიად უნიკალური.

უკრაინაში, მოლდოვაში, შუა აზიაში, კავკასიის ქვეყნებში, ჩრდილო კავკასიაში მთლიანად და, სხვათა შორის, რუსეთშიც  ხალხი აღფრთოვანებულია ქართული ფენომენით -  ეს ხომ ყველამ იცით და ჩემი მოგონილი ხომ არ არის?

ძალიან დიდი ფული იხარჯება იმისთვის, რომ საქართველო მთელ მსოფლიოს შეაძულონ.

საქართველო ყველაზე პოპულარული სწორედ ჩვენს რეგიონშია, რადგან ეს ხალხი დადის და საკუთარი თვალით ხედავს ყველაფერს.

რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ იმის თაობაზე, რომ საქართველოში ჩასვლა არ ღირს, ხალხი მაინც ჩამოვა - თბილისის სასტუმროები სავსეა რუსი ტურისტებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რუსი ტურისტები დიდი რაოდენობით ჩამოვიდნენ და აქედან დაბრუნებულებმა საკუთარ ქვეყანაში  სიმართლე გაავრცელონ ჩვენს ქვეყანაზე.

ამ შემთხვევაში ვეღარავინ დაარწმუნებს ხალხს, რომ აუცილებელია საქართველოში ვითარების არევა და შემოჭრა, თითქოს იმის გამო, რომ აქ კაციჭამიები ცხოვრობენ.

ბევრი თვითმხილველი იქნება და ამას აღარავინ დაიჯერებს.

ამიტომ, ტურიზმი ჩვენთვის არა მხოლოდ ხალხის დასაქმების საშუალებაა, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი სფერო ჩვენი უსაფრთხოებისთვის.

როდესაც პრეზიდენტი გავხდი, საქართველოში 120 ათასი ტურისტი შემოდიოდა, შარშან 3 მილიონი სტუმარი გვყავდა, წელს 4 მილიონი გვეყოლება, ხოლო, მომავალ წელს 5 მილიონს მივიღებთ.

ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს პოტენციალი, 2015 წელს, დაახლოებით, 6–7 მილიონი ტურისტი გვყავდეს.

გადათვალეთ მათგან მიღებული შემოსავალი, მათ შორის, იანგარიშეთ გადასახადების სახით მიღებული თანხა და, საბოლოოდ, ერთიანი ეროვნული პროდუქტის რამდენჯერმე გაზრდილ მაჩვენებელს მივიღებთ.

რა თქმა უნდა, ყოველივე ეს შემდეგ უნდა აისახოს განათლების, ჯანდაცვის, სოციალურ და სხვა სფეროებზე,  ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიებზე.

საქართველო მხოლოდ ტურიზმით ვერ დაკმაყოფილდება, ეს ჩვენი კეთილდღეობის მინიმალური ბაზაა, დანარჩენი არის ტექნოლოგიები, განათლება, ჯანდაცვა, უკეთესი სოციალური დაცვა, მათ შორის ყველაზე დაუცველებისთვის. ეს არის საზოგადოების პატივისცემის საკითხი, მათ შორის, საკუთარი თავის; ეს არის უკეთესი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის.

ჩვენი ქვეყანა მართლაც შეიძლება გახდეს ამ რეგიონის მარგალიტი.

ამის პერსპექტივა რეალურად გვაქვს და ჩვენმა მტერმა ეს ძალიან კარგად იცის. ამიტომ, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვითარება მანამდე არიოს, სანამ სამშვიდობოს გავალთ.

ხელს ვერავინ ვერ შეგვიშლის!

ყველა მაჩვენებელი იმას მიანიშნებს, რომ საქართველოს საინვესტიციო ფონი, განვითარება და  მისი სისწრაფე, ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე რეგიონის ძალიან ბევრ ქვეყანაში.

ასეც უნდა გავაგრძელოთ.

მსურს, მივესალმო ამ დიდ მშენებლობას.

ასევე მივესალმები, ამ პროექტის არქიტექტორს.

უახლოეს დღეებში ბათუმში ვაწყობთ „ტრამპ თაუერის“ პრეზენტაციას, თუმცა მის მშენებლობას უფრო მეტი დრო დასჭირდება.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც არა მარტო კახეთში აკეთებთ, არამედ ბათუმშიც.

წელს იქ  დიდი აღმშენებლობა იწყება წყალტუბოში. ამჟამად „სილქ როუდ ჯგუფი“ იქ წარმოდგენილი არ არის, მაგრამ იმედია, როდესმე ამ კურორტის განვითრებაშიც მიიღებს მონაწილეობას.

ვფიქრობ, წყალტუბო წარმოუდგენლი მასშტაბის კურორტი გახდება.

ქართველების უმრავლესობას აღარც ახსოვს სად მდებარეობს ეს ადგილი.

ამ ზაფხულს ყველას გიწვევთ წყალტუბოში, რათა წელს მისი განვითრების დასაწყისი ნახოთ, ხოლო ერთ წელიწადში - შესრულებული სამუშაოების პირველი ეტაპი.

სექტემბერში ყველას გიწვევთ თელავში, რადგან წელს შემოდგომით თელავი იქნება ისეთი, როგორსაც ვერავინ ვერ წარმოიდგენდა ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი.

ამ სასიამოვნო განწყობით დავიწყოთ მშენებლობა!

გმადლობთ!



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)