Google+

დოკუმენტები

22.04.2004
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წლიური საანგარიშო მოხსენება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

1004 წლის 22 აპრილი

 

პატივცემულო თავმჯდომარევ, ბატონო ელდარ, პატივცემულო პარლამენტის წევრებო!

ბოლო თვეების განმავლობაში ამ დარბაზში მეორედ შემოვდივარ და ამჯერად სრულიად სხვა, ახალი მიზნით.

მინდა ყველას გვახსოვდეს და მუდმივად ვახსენებდეთ თავს და კოლეგებს, რომ თქვენი უმრავლესობა, თითოეული პარლამენტარი ამ დარბაზში მოიყვანა ქართველმა ხალხმა; იმ ადამიანებმა, რომლებიც კვირების განმავლობაში წვიმასა და ქარში იდგნენ მედგრად და არ შეუშინდნენ არც დიდ წინააღმდეგობას, არც მათ მიმართ გამოყენებულ სხვადასხვა საშუალებას - მათ ესროდნენ, აშინებდნენ, მაგრამ მათ გაუძლეს ყველაფერს და თითოეული თქვენგანი, მათ შორის, მეც მიგვიყვანა იქ, სადაც ახლა ვართ.

მინდა ყველამ ერთად გამოვხატოთ პატივისცემა მათ მიმართ, ფეხზე ავდგეთ და ტაში დავუკრათ ქართველ ხალხს!

მინდა მივესალმო მის უწმინდესობასა და უნეტარესობას და მსურს აღვნიშნო მისი განსაკუთრებული როლი „ვარდების რევოლუციის“ დროს.

მისმა პრინციპულმა პოზიციამ, მისმა შემართებამ და გამბედაობამ ბევრწილად განაპირობა ჩვენი ბრძოლისა და გამარჯვების ლეგიტიმაცია აქ, ამ დარბაზში და მთელი საქართველოს მასშტაბით.

ჩვენ ვალში ვართ ჩვენს ხალხთან, რომელმაც ქვეყნის სათავეში მოგვიყვანა ბევრი მიზეზით.

ბოლო თვეების განმავლობაში, ქვეყანაში პირველად გაჩნდა ოპტიმიზმი.

მიხარია, რომ რამდენიმე პარლამენტარი დღეს მოვიდა ჩოხით, რადგან ხალხმა დაიბრუნა სიამაყე ეროვნული სიმბოლოებით, ხალხი პირველად ამაყობს საკუთარი დროშით.

ქართული დროშა უკვე ინახება ოჯახებში, გამოიფინება აივნებიდან, რადგან ხალხს უყვარს ეს დროშა.

ყველა ასაკის ადამიანი, მათ შორის ჩვენი ახალგაზრდები პირველად არიან მოწადიმებული იბრძოლონ და გაიმარჯვონ ამ დროშით.

ვფიქრობ, ის, რაც ახლა იწყება საქართველოში, არის აღორძინების ახალი პერიოდი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს სრულიად ახალ, განსაკუთრებულ შანსს აძლევს. ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, თუ რა ხალხთან და საზოგადოებასთან გვაქვს საქმე.

ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო ბოლო ადგილზეა პოსტსაბჭოთა სივრცეში.

ქვეყანა, რომელიც ერთ დროს ყველაზე კარგად ცხოვრობდა, არ ჰქონდა არც გადაადგილების, არც განათლების, არც ბავშვების დაბინავების, არც სტუმართა გამასპინძლების, დღეს გამათხოვრებული და დამცირებულია.

ქვეყანა დაშლილია მარტივ მამრავლებად და ეს არ არის მხოლოდ აფხაზეთი, ქალაქი ცხინვალი და მისი შემოგარენი. ჩვენ ასევე ვერ ვაკონტროლებთ ზოგიერთ სხვა ტერიტორიას და ეს არის საქართველოს ბოლო 10 წლის რეალობა.

დასუსტებული საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

მიმაჩნია, რომ ჩემი პრეზიდენტობისა და ამ პარლამენტის ვადა არის ის პერიოდი, რომლის განმავლობაში ყველამ ერთად უნდა შევძლოთ დაშლოს პროცესის შეჩერება და საქართველოს გამთლიანების დაწყება.

უპირველესად, ჩვენ თავად უნდა ვიყოთ ერთიანი.

ამ დარბაზში ზის ხალხი, რომელიც იყო ეროვნულ მოძრაობაში, პირველი, 1990 წლის პარლამენტის წევრები. ეს ადამიანები აქედან სამხედრო გადატრიალების გზით გააძევეს და  გაყარეს.

აქ არის ხალხი, რომელიც იყო 1992 წლის პარლამენტში; ასევე ვიმყოფებით ისინიც, ვინც ვიყავით 1995 წლისა და შემდეგ მოწვევის პარლამენტის წევრები.

დღეს ეს ბარიერები მოშლილია.

რამდენიმე დღის წინ ჩვენ დავიწყეთ შერიგების პროცესი წალენჯიხაში. ათეულობით, ასეულობით ჩვენი ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე, პატრიოტი, ქვეყნის თავდადებული შვილი იძულებული იყო წლების განმავლობაში ტყეებს შეფარებოდნენ, რადგან მათი გამოჩენა მათი დაპატიმრებისა და განადგურების ტოლფასი იყო.

ამ ხალხს სამშობლოს სიყვარულის გარდა არაფერი „ჩაუდენია“, მაგრამ 10-12 წლიანი არეულობისა და უკუღმართობის გამო, საკუთარი ოჯახებისა და ქვეყნის ეს მეტად ღირსეული წარმომადგენლები სახელმწიფომ ველური ყოფისთვის გაიმეტა.

ჩვენ მოვახერხეთ ამ ხალხთან საერთო ენის გამოძებნა, ისინი გამოვიდნენ ტყიდან, ჩააბარეს ძველი ეროვნული დროშა და ხელში აიღეს ქართველი ერის ახალი, ხუთჯვრიანი დროშა, ახალი სახელმწიფოს სიმბოლო.

ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პროცესები დაიწყო.

ჩვენი პარლამენტი არის გამთლიანებისა და ერთიანობის სიმბოლო.

აქ შეკრებილი ხართ სრულიად განსხვავებული ადამიანები და მგონია, რომ დღეს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას მიეკუთვნებოდით 10-15 წლის წინათ.

თითოეული ჩვენგანი საქართველოს ახალი აღმშენებლობის, საქართველოს მომავლის პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტს დიდი უფლებამოსილება აქვს.

ლაპარაკი იმის შესახებ, რომ კონსტიტუციამ შეამცირა მისი უფლებამოსილება, რისი ტირაჟირებაც ხდებოდა უცხოური პრესის მეშვეობით, სრულებით არაკომპეტენტურად მიმაჩნია. არის ევროპის საბჭოსა და სხვა ორგამიზაციების დასკვნები, რომელთა თანახმად საქართველოში საპრეზიდენტო მოდელიდან გადავედით ნახევრადსაპრეზიდენტო მოდელზე.

ამის შემდეგ რამდენიმე განაწყენებულმა ადამიანმა ამ კონსტიტუციის არასწორი ტირაჟირება დაიწყო.

წინა მოწვევის პარლამენტს არ ჰქონდა მთავრობის გადაყენების უფლება და ეს ყველამ კარგად ვიცით. მთავრობის გადაყენების ბერკეტი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია მათ შორის, ტრაც კი შეიძლება ჰქონდეს საკანონმდებლო ორგანოს.

ასევე არის ძალიან ბვევრი საკითხი, რომლებიც უშუალოდ შეეხება აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლს.

ძალიან კარგად მახსოვს, რომ ბევრ თქვენგანთან ერთად ვიწყებდით ხოლმე რომელიმე მინისტრის კრიტიკას, თვეობით ვაკრიტიკებდით მთავრობა, მაგრამ იმედგაცრუებული ვრჩებოდით, რადგან ადგილიდან ვერ ვძრავდით.

დღევანდელი კონსტიტუცია ამ პრობლემას ხსნის.

ამავე დროს, ეს კონსტიტუცია მეტ უფლებამოსილებას და მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს პარლამენტს და ესეც ძალზე მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ ეს მოდელი სწორად, სწორი მიმართულებით გამოვიყენოთ და წაადგეს საზოგადოებრივ საქმეს.

დღეს საქართველო ურთულესი პრობლემების წინაშე დგას.

უპირველესად, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

თუმცა, ამის უმთავრესი წინაპირობა არის ის, რომ შევძლოთ ქვეყანაში კანონიერებისა და დემოკრატიის ერთიანი სისტემის დამყარება.

დღეს საქართველოში რამდენიმე პოლიტიკური რეჟიმია, რამდენიმე მთავრობა და თითოეული მათგანი ერთმანეთთან კონფრონტაციაში იმყოფება.

თითქმის არც ერთი მათგანი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მინდა ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება მივაპყრო, რადგან ამ ეტაპზე ეს არის ყველა მძიმე პრობლემა.

მსურს ხაზგასმით აღვნიშნო ასლან აბაშიძესთან დაკავშირებულ ვითარებას.

ყველას ვთხოვ, ლექსიკონიდან ამოვიღოთ ფრაზები „აჭარისა და ცენტის დაპირისპირება“, „ცენტრალური მთავრობა“.

საქართველოს არ ჰყავს ცენტრალური მთავრობა, ისევე, როგორც არ ჰყავს ცენტრალური პრეზიდენტი, ცენტრალური პარლამენტი და ა.შ.

საქართველოს ჰყავს მთავრობა!

ვითარება ასეთია: კრიმინალური ჯგუფი ბოლო წლების განმავლობაში დაკავებულია წინა პრეზიდენტისა და წინა მთავრობის პირდაპირი ხელშეწყობით, ასევე ნარკოტრეფიკით, ადამიანების უკანონო დაპატიმრებით, შეკვეთილი მკვლელობებით და სხვა მსგავსი კრიმინალური, ძალიან მძიმე სისხლისსამართლებრივი საქმიანობით.

ეს ჯგუფი დღეს მთელი აჭარის რეგიონის სახელით ლაპარაკობს, თუმცა ამის არავითარი ლეგიტიმური უფლება არ აქვს - ამას ვაცხადებ როგორც პრეზიდენტი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებზე აჭარის ოლქში ხმათა 90 პროცენტი მივიღე.  

ეს შეგიძლიათ თქვათ თქვენ, როგორც პარლამენტმა, რომელმაც, დარღვევების მიუხედავად,  აჭარის ტერიტორიაზე აბსოლუტური მხარდაჭერა მიიღო. 

დარღვევები გამოავლინეს ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა - ხალხს აშინებდნენ, ატერორებდნენ, სცემდნენ, თუმცა ამის მიუხედავად, ხალხი მოვიდა, მოგცათ ხმა და წაგართვათ უფლება ილაპარაკოთ „ცენტრისა და აჭარის დაპირისპირებაზე“.

აჭარისთვის არავის უკითხავს, როდესაც იქ მთავრობას და ასლან აბაშიძეს ნიშნავდნენ - ეს გააკეთა თბილისმა, მაშინდელმა ხელისუფლებამ. აჭარის მოსახლეობას ის არც ერთხელ არ აურჩევია, რადგან აჭარაში არასდროს არ გამართულა თავისუფალი არჩევნები და ეს ყველამ კარგად ვიცით.

აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი უსამართლობა და უბრალო, დამცინავი დამოკიდებულება იქნებოდა ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილის - აჭარლების მიმართ ის, რომ ვაყვედროთ და თუნდაც ერთი გადაბრუნებული სიტყვა ვთქვათ მათზე ასლან აბაშიძის მეთაურობისთვის.

სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ მოახვია მათ თავს ეს კრიმინალები, დღევანდელი ხელისუფლების ძალისხმევის საგანი უნდა იყოს მათგან აჭარის თითოეული მცხოვრები ს გათავისუფლება.

ხშირად ისმის, რომ არ გვინდა დაპირისპირება, კონფრონტაცია და გამოჩნდნენ კიდეც „პაციფისტები“, რომლებიც ამბობენ, რომ სურთ მშვიდობა.

ვისთან გინდათ მშვიდობა? ადამიანთა უკანონო დამპატიმრებლებთან გვინდა მშვიდობა თუ მათთან, ვინც ღიად აცხადებს, რომ აჭარა არ არის საქართველოს შემადგენლობაში და ამ საკითხში არ უნდა ჩაერიონ მეზობელი სახელმწიფოები და, პრაქტიკულად, უნდა უზრუნველყონ აჭარის დამოუკიდებლობა?!

ეს განცხადება კეთდებოდა მრავალი წლის განმავლობაში და ბოლოჯერ გაკეთდა გუშინწინ აჭარის ხელმძღვანელის მიერ.

ამ ხალხთან გვსურს მშვიდობა?

მაშინ უნდა შევეგუოთ იმასაც, რომ მშვიდობიანად დაგვეშლება და განადგურდება საქართველო.

თუ ქართველებმა ვერ შევძელით ჩვენი ქვეყნის დაცვა, თუ ქართულმა სახელმწიფომ ვერ შეძლო თავისი მთლიანობის უზრუნველყოფა, თუ ვერ შევძელით სახელმწიფო სტრუქტურების გაწმენდა კრიმინალებისგან, მაშინ საქართველოს მომავალი არ აქვს.

მაშინ შეგვიძლია, ვუთხრათ ეს ჩვენს შვილებს, დავიხურთ ქუდი და წავიდეთ სახლებში.

ყალბი პაციფიზმი, ყალბი შემრიგებლობა, ყალბი ეროვნულობა არის ყველაზე დიდი ღალატი საკუთარი სამშობლოს მიმართ.

შესარიგებელი არაფერი გვაქვს - პირადად მე არადროს შევურიგდები კრიმინალებს, ნარკოტიკების გადამტანებს, მათ, ვინც ღიად უმიზნებს იარაღს ქართულ სახელმწიფოებრიობასა და თითოეულ ქართველს.

ძალიან გთხოვთ, თქვენც ნუ შეურიგდებით ამას, რადგან არის შემთხვევები, როცა უკან დახევა დაუშვებელია.

თუ გვინდა, რომ ვიყოთთავმოყვარე ერი, რომლისთვისაც ღირსება ყველაზე მთავარი რამაა, გადამწყვეტ მომენტში უკან არ უნდა დავიხიოთ.

აი, ეს არის ჩვენი დღევანდელი მოქმედების მთავარი არსი. ამ ბრძოლაში კი ჩვენი მთავარი დასაყრდენი არის აჭარის მოსახლეობა, თითოეული აჭარელი.

ბათუმში საარჩევნო კამპანიის გასამართად დილის 9 საათზე (და არა დილის 4 საათზე, როგორც ამას ზოგიერთი უსინდისო ადამიანი ამტკიცებდა; თუმცა პრეზიდენტს შეუძლია ჩავიდეს ნებისმიერ ადგილზე ნებისმიერ დროს) ჩემს მეგობრებთან ერთად ჩავედი. ჩვენ გვსურდა თავიდან აგვეცილებინა სისხლისღვრა, რომელსაც გეგმავდა აბაშიძის დანაშაულებრივი კლანი ერთი დღის შემდეგ. ამის თაობაზე ტელეფონით გვაფრთხილებდნენ მეც, პრემიერ-მინისტრ ჟვანიასაც და ჩვენს სხვა თანამოაზრეებსაც.

მათ გაუგონარი თავხედობა გამოიჩინეს და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ შეუშვეს აჭარის ტერიტორიაზე, თუმცა ჩვენ მაინც შევედით ბათუმში.  ჩოლოქიდან ბათუმის ცენტრამდე ჩვენი მსვლელობის განმავლობაში გზის ორივე მხარეს ჩამწკრივებული აჭარლები ყვავილებს გვესროდნენ და ტაშით გვესალმებოდნენ.

შეიძლება ამ ხალხს ვუღალატოთ და დავტოვოთ კრიმინალების ხელში?!

აჭარის ყოველგვარი შედარება აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დანაშაული, და უვიცობაა, სხვა არაფერი.

რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდება სერიოზული მომზადება და ამით სერიოზულად ვართ დაკავებული.

ჩვენ ვამაგრებთ ჩვენს სახელმწიფო სტრუქტურებს.

იცით რატომ წარმოიქმნა პრობლემები აბაშიძის კლანთან? - მარტივი მიზეზის გამო. 

შევარდნაძისგან განსხვავებით, ჩვენ ვთქვით, რომ არ შევეგუებით კორუფციას, განუკითხაობას, არ შევეგუებოდით იმას, რომ 80-დან 120-მდე მილიონი ამერიკული დოლარი ყოველ წელს მარტო ბათუმის ტერმინალზე ნავთობის ექსპორტირებით „ტყდება“ აბაშიძისა და მისი რუსი პარტნიორების მიერ.

ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ მარტო სარფის საბაჟოზე ყოველწლიურად 50-დან 100-მდე მილიონი ლარი „იკარგება“.

არ შევეგუებით იმას, რომ იქ შემოსული, პრაქტიკულად, ყველა ტვირთი, კონტრაბანდული და განუბაჟებელია, მთელი ფული მიდის ადგილობრივი კლანის ჯიბეში და არც ერთი თეთრი არ ხმარდება აჭარლებსა და საქართველოს მკვიდრთ.

არ შევეგუებით უტიფრობას, თავგასულობას, სიცრუეს და სამშობლოს ღალატს.

თუ ჩვენ გვინდა ჩვენი დაწყებული საქმე, საქართველოში დაწყებული დადებითი პროცესები გაგრძელდეს, ჩვენ გვმართებს ამ პრობლემის გადაწყვეტა.

ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ძალიან ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა.

ამ დარბაზში თქვენ ადგილებზე ისხდნენ ლევან მამალაძე, სარიშვილი, რჩეულიშვილი, ახლა კი სხედხართ თქვენ.

როგორ, არაფერი არშეიცვალა საქართველოში? ის, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები დაპატიმრებული არიან კორუფციისთვის, ეს არაფერს ნიშნავს? ზოგიერთ ქართველს სინდისი ყოფნის, თქვას, რომ ყოველივე ეს ფარსია.

გარწმუნებთ, ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ გაბედა მაფიის „თავების დაყრა“ ასეთ მოკლე პერიოდში და ასეთი დიდი ტემპით.

კი, რა თქმა უნდა, რამდენიმე მათგანი ფულს იხდის და ეს შეიძლება ჩაითვალოს  შემამსუბუქებელ გარემოებად, მაგრამ ძალიან კარგად მახასოვს, ჩვენი სიცილიელი მეგობრების სიტყვები და რჩევა: ჯობს მაფიოზი გყავდეთ ციხის გარეთ უფულოდ, ვიდრე ციხეში მთელი თავისი ფულითა და მობილური ტელეფონითო.

დღეს ციხეში ზის პრეზიდენტის სიძე, მაგრამ მისი ფულით დაქირავებული სამი Pღ კომპანია ვაშინგტონსა და ევროპაში დღე და ღამე ცდილობს საქართველოს „გაშავებას“.

ასლან აბაშიძე ბათუმში შინაპატიმრობაშია, მაგრამ მისი დაქირავებული რამდენიმე Pღ კომპანია ანადგურებს საქართველოს რეპუტაციასა და პრესტიჟს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სწორედ ამიტომ არის ჩვენი მთავარი ამოცანა ის, რომ ამოვძირკვოთ ეს „შხამიანი კბილი“ უკანონოდ მოპოვებული ფულის სახით; ამავდროულად კი, ეს ხალხი გასამართლდეს და პასუხი აგოს კანონის წინაშე.

მთავრობას შემოაქვს ამომწურავი პაკეტი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. გთხოვთ, რომ აღნიშნული პროექტი უახლოეს კვირებში განიხილოთ და მიიღოთ, რათა სამართალდამცავ სტრუქტურებს კორუფციასთან უფრო ეფექტიანად  ბრძოლის საშუალება ჰქონდეს. წინა მთავრობისგან განსხვავებით, ამ უწყებების ხელმძღვანელთა ბირთვს სურს ებრძოლოს ორგანიზებულ დანაშაულს და ამისათვის ყველაფერს იღონებენ.

სამეგრელოში კრიმინალებისგან გასაწმენდად სამხედრო ოპერაცია ჩატარდა. 10 ვერტმფრენის გამოყენება მოგვიხდა, მაგრამ აუცილებელი იყო, რომ სამეგრელო გაგვეწმინდა იმ კრიმინალებისგან, რომლებიც ატერორებდნენ მოსახლეობას.

საქმის 80 პროცენტი გაკეთებულია, თუმცა ბოლომდე ჯერ კიდევ მისაყვანია.

მძიმედ შეიარაღებული ბანდის წინააღმდეგ ოპერაცია ჩატარდა სვანეთში და მითი იმის თაობაზე, რომ სვანები ამას ვერ გაიგებდნენ, დაიმსხვრა. როდესაც ადგილზე ჩავედით, ვნახეთ მესტიელების, უშგულელების, ასევე იმ სოფლის მცხოვრებთა რეაქცია, სადაც ეს ოპერაცია ჩატარდა.

ამ ხალხს განსაკუთრებული ნდობა გაუჩნდა ქართული სახელმწიფოს მიმართ და ჩვენ ასეთი ქმედებები უნდა გავაგრძელოთ, რისთვისაც გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა.

რაც შეეხება შემოსავლებს... როგორც კი მოვედით მთავრობაში, ჩვენ ვთქვით, რომ გადასახადების სახით ვიღებთ მხოლოდ ფულს - არანაირ გადარიცხვებს და ჩათვლებს,  რითაც იყო გამორჩეული წინა მთავრობა.

ჩვენ არ გვჭირდება ქაღალდზე შესრულებული ბიუჯეტი. საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ამისთვის საჭიროა ფული.

ფულადი შემოსავალები გადასახადების ამოღების მხრივ გაიზარდა ორჯერ. მსურს ამას ხაზი გავუსვა, რადგან შემოდის ფულის ნიშნები და ის ხმარდება სხვადასხვა პროგრამას. ეს პროგრამებია:

უპირველესად, სოციალური პროგრამა.

საპენსიო დავალიანებების გასტუმრების პარალელურად, ნელ-ნელა უნდა გავზარდოთ პენსია. მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში, ცალკეული გამონაკლისის გარდა, პენსიებისა და ხელფასების დაგვიანება პირველად აღარ ხდება ბოლო 7 წლის განმავლობაში. ეს იმ პირობებში, როცა ჩვენ დაგვხვდა მთლიანად დაშლილი აპარატი.

ასევე ძალიან დიდი ხარჯი მიდის ჩვენი სახელმწიფოს აპარატის გაძლიერებასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე.

პირველად გავაძლიერეთ ჩვენი არმია. როდესაც მოვედით, ჩვენს არმიაში იყო 2 საათის სამყოფი ტყვია-წამლის მარაგი და დღე-ნახევრის კვების მარაგი ჯაარისკაცებისათვის.  რა კვება იყო იქ, ეს ყველამ კარგად იცის.

დღეს ყველა ჯარისკაცი, ყველა ოფიცერი გეტყვით, რომ არმიაში კვება ბევრად გაუმჯობესდა - ზოგან - მეტად, ზოგან - ნაკლებად, მაგრამ, პრაქტიკულად, ყველა ნაწილში  გაუმჯობესებულია.

საქართველოს დღეს უკვე იარაღის საკმარისი მარაგი აქვს იმისათვის, რომ ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას მრავალი კვირისა და უკვე თვეების განმავლობაში შეხვდეს ღირსეულად.

ხვალ ვიბრუნებთ იმ საბრძოლო ვერტმფრენებს, რომლებიც წაყვანილი იყო უკრაინაში.

ასევე ვაპირეთ, რომ წლის დამლევამდე კიდევ ამდენივე ვერტფმფრენი შევიძინოთ საზღვარგარეთ.

ჩვენ რომ მოვედით, უკვე იყო ჩვენი საჰაერო ფლოტის გაყიდვის გეგმები, რადგან - აქ არიან თავდაცვის ექსპერტები - იყო სხვადასხვა რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს არ სჭირდება საბრძოლო ავიაცია.

ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ ავიაცია (ადრე დაფრინავდა წლის განმალობაში მხოლოდ 5 საათი და ისიც პრეზიდენტების აფრენა-დაფრენის დროს), ახლა ყოველდღე დაფრინავს საბრძოლო ცდებისათვის და თავისი ამოცანების შესასრულებლად. ამას გარდა, ახალ თვითმფრინავებს ვაყენებთ შეიარაღებაზე.

ჩვენ ასევე ერთ კვირაში შემოგვყავს საბერძნეთიდან უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საფლაგმანო გემო და გაჩნდება პირველი დიდი ხომალდი სასაზღვო დაცვის სისტემაში.

ასევე შემოდის ორი ხომალდი, რომელიც დაემატება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ზღვის აკვატორიაში.  

ყოველივე ეს მოხერხდა 2-3 თვეში და ეს საკმარისი აღმოჩნდა, თუ მთავრობა მუშაობს.

არ არის ეს შთამბეჭდავი შედეგები? რა თქმა უნდა, არის! და ეს არის ყველა ჩვენგანის და ყველა თქვენგანის ერთობლივი დამსახურება.

ასევე მინდა გთხოვოთ, რომ ვიმუშაოთ ხალხთან. ზოგს დაავიწყდა, რომ პენსიას და ხელფასს დროზე არ იღებდნენ. ადრე, როცა ჩვენ დავდიოდით მოსახლეობასთან, გვეუბნებოდნენ, მოგვეცით დროზე ჩვენი 14 ლარი.

სხვათა შორის სოფლებში 13 ლარი იყო, ახლა კი 17 ლარს იღებენ და გვეუბნებიან, რატომ არის პენსია ასე ცოტაო. ვეთანხმები, რომ პენსიისთვის ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ მინდა ყველა დემაგოგს გავცეთ პასუხი.

რა თქმა უნდა, ერთ დღეში არ შეიძლებოდა სიტუაციის შემობრუნება უკეთესობისაკენ, მაგრამ ფაქტია, რომ პოზიტიური ტენდენცია სახეზეა. მათ ფულს ჯიბეში აღარავინ იდებს.

მითხარით ერთი მინისტრი, რომელიც შეიძლება დაადანაშაულოთ პენსიონერების ფულის მიტაცებაში.

მითხარით ერთი გუბერნატორი ან გამგებელი და იმ წამს დატოვებს თანამდებობას თუ ეს ოდნავ მაინც დასაბუთებული იქნება ბრალდება.

თუმცა ამაზე აღარავინ ლაპარაკობს.

ჩვენ უნდა ავუხსნათ ხალხს, რომ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გვჭირდება დრო; ასევე გვჭირდება დრო იმისათვის, რომ ეს ჩაოხრებული და განადგურებული ქვეყანა სწორ გზაზე დადგეს.

ბალტიის ქვეყნებში მინიმალური პენსია 120 დოლარია. 1989 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე ჩვენ ერთნაირი შემოსავალი გვქონდა.

დადგება დრო, როდესაც დავეწევით ლიტვასაც, ლატვიასაც და ესტონეთსაც, რადგან საქართველო გამოირჩევა ნიჭიერი ხალხით და განსაკუთრებული რესურსით. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის რესურსი და უზარმაზარი ენერგია, რომელიც რევოლუციამ გამოათავისუფლა. 

ჩვენ უნდა დავწიოთ გადასახადები, ვცადოთ დავარწმუნოთ სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ გვაქვს ზედმეტობა გადასახადების; ასევე უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოსახლეობა, რომ ეს მარტო ხელფასებად და პენსიებად კი არ უნდა დავარიგოთ, არამედ ბიზნესმენსაც უნდა მივცეთ განვითარების,  გაფართოების, ახალი ხალხის დასაქმების საშუალება.  

ასე უფრო მეტად დავეხმარებით პენსიონრებს და სხვა სოციალურად დაუცველ ფენებს. ეს არის პარლამენტის გადასაწყვეტი და ეს პარლამენტმა უნდა აუხსნას ჩვენს საზოგადოებას.

გვაქვს მატება? შეგვიძლია წავიდეთ სავალუტო ფონდთან და ვთქვათ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაიაფოთ სოციალური გადასახადები, შეგვიძლია დავწიოთ მოგების გადასახადი...

უკვე გავათავისუფლეთ ინდივიდუალური მეწარმეეები ყველანაირი გადასახადისაგან, ასევე შეგვიძლია გავათავისუფლოთ მიწის გადასახადისაგან 5 ჰექტარამდე მიწა და, ამავე დროს, მივცემთ სტიმული მათი წარმოების გასაფართოებლად.

აი, ამისათვის გვჭირდება დისციპლინის გაუმჯობესება და საგადასახადო რეჟიმის უკეთესი ადმინისტრირება.

ეს კოდექსი თქვენთან ერთად უნდა განვიხილოთ მაისში. მინდა, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ მასზე, ყველამ შევიტანოთ წვლილი მის განხილვაში.

უნდა გვახსოვდეს, რომ, ერთი მხრივ, გვჭირდება წარმოების, ბიზნესების სტიმულირება, ხოლო მეორე მხრივ, არ უნდა დავუშვათ, რომ სოციალური ბაზა საქართველოში ჩამოინგრეს. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ამ ბალანსის ზუსტი პოვნა შეგვეძლოს, ასევე პენსიებისა და ხელფასების დროულად გაცემა, თანაც შეგვეძლოს ბიზნესის დახმარება. ეს პარლამენტის სიბრძნისა და გამოცდილების ერთ-ერთი მთავარი შედეგი უნდა იყოს და ალბათ, იქნება კიდეც.

ასევე გვჭირდება მაღალტექნოლოგიური საწარმოების განვითარება და ამისათვის იმ ბიუჯეტში, რომელიც შემოდის, თითქმის ორჯერ იზრდება განათლებაზე გაწეული ხარჯი, რადგან ამ სფეროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი პრიორიტეტი ქვეყნის ძრითადი სისტემების გაძლიერებასთან ერთად, არის განათლების სისტემის შექმნა, მისი სერიოზული  რეფორმირება.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო აგრეთვე ის, რომ ჭორები სამეცნიერო ინსტიტუტების დახურვის, მეცნიერების ქუჩაში გაყრისა და რაღაც რეპრესიების დაწყების თაობაზე არის აბსურდი, ბლეფი, მოგონილი უვიცი და დემაგოგი ადამიანების მიერ.

ჩვენ შევინარჩუნებთ ყველა მეცნიერს და არა მხოლოდ შევინარჩუნებთ, შევუქმნით მათ პირობებს.

ჩვენ მართლაც ეფექტიან რეფორმებს ჩავატარებთ, გავიტანთ საუნივესიტეტო დაწესებულებაში, მაგრამ კორუფციულ სისტემას, რომელიც არის  საუნივერსიტეტო დაწესებულებებში და ეს ყველამ ძალიან კარგად იცით, იმედია, ამ დაწესებულებების ხელძღვანელებთან ერთად მოვსპობთ.

ხელმძღვანელებს, რომლებიც არ ითანამშრომლობენ ამ მიმართულებით, შევცვლითმ ნაგრან მაინც შევძლებთ კორუმპირებული სისტემის აღმოფხვრას საქართველოს უმაღლეს განათლებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

აი, ეს არის ის, რისი გაკეთებაც პარლამენტს სჭირდება, ეს არის ნამდვილი რეფორმების პარლამენტი.

ის, რაც დავიწყეთ 1995 წელს სანახევროდ, სუსტი ნაბიჯებით, ამ პარლამენტმა უნდა მიიყვანოს ბოლომდე. აუცილებელია ყველაფრის ინსტიტუციონალიზაცია და ამას შეძლებთ, რადგან ამჯერად თქვენ მხარეს არის პრეზიდენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება.

ამიტომ იდეები, ხედვა უნდა მოდიოდეს თქვენგან. ყველაზე მეტი კავშირი ხალხთან გაქვთ თქვენ და ყველაზე მეტი იდეის მოძიება შეიძლება სწორედ ხალხთან უშულო კავშირის შედეგად. მთავარია, რომ ეს კავშირი იყოს მუდმივად ინტერაქტიური, რომ მუდმივად გრძნობდეს ხალხი, რომ თქვენ მათთან მიდიხართ და მათგან იღებთ ენერგიას.

მაგალითად, მე, მთელ ჩემს ენერგია ვიღებ ხალხთან ურთიერთობით. საკმარისია  გული გამიწყალონ, ჩვენმა მინისტრებმა და მთავრობის წევრებმა, რაც ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ მაშინვე გავდივარ ქუჩაში ხალხთან საურთიერთოდ.

მათგან სულ სხვა ენერგიით დამუხტული ვბრუნდები და ეს არის თითოეული ნამდვილი პოლიტიკოსის მთავარი საყრდენი, მოქმედების მთავარი წყარო.

მოგიწოდებთ, რომ მუდმივად ახალი რეფორმატორული იდეები წამოიღოთ ხალხისგან. მით უმეტეს, რომ თქვენი უმეტესობა სწორედ ინტენსიური ბრძოლის შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში.

თამაზ ხიდაშელმა დაამხო მედიკო მეზვრიშვილი ჩვენს სხვა კოლეგებთან ერთად. მინდა გითხრათ, რომ შევარდნაძის დამხობა უფრო ადვილი იყო, ვიდრე მედეა მეზვრიშვილის გამოყვანა თელავის გამგეობის შენობიდან. ხომ მოახერხეს ამის გაკეტება ჩვენმა გუჯაანელმა, ლაგოდეხელმა, თელაველმა, საგარეჯოელმა, ყვარლელმა და სხვა კოლეგებმა?

ამიტომ, ეს ბრძოლა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ არ დამთავრებულა. ის ხალხი კი გამოუშვით, მაგრამ მთავარია ახლა ისინი იყვნენ განსხვავებული და წარმატებული, ვინც შევუშვით.

ამის გაკეთება ბევრად უფრო ძნელია და ეს არის თითოეული ჩვენგანის მოვალეობა და ამოცანა.

ჩვენ გვინდა თქვენი დახმარება იმ მხრივაც, რომ მუდმივად აკონტროლოთ  აღმასრულებელი ხელისუფლება. რატომ? მიუხრდავად იმისა, რომ მინისტრები ჩვენთან აღარ აიღებენ ქრთამებს, მებაჟეები და საგადასახადო ინსპექტორები მაინც იღებენ, შესაძლოა, ნაკლებს, მაგარამ მაინც.

საგზაო ინსპექტორს ვუხდით 400-600 ლარს. ადრე ქრთამის სახით რჩებოდა მხოლოდ თვეში 100 – 150 ლარი, მეტი არა, მაგრამ ნახევარი მაინც ისევ იღებს ქრთამს.

ამიტომ რამდენიმე წყება ხალხის გამოცვლა დაგვჭირდება, ვიდრე არ მიხვდებიან, რომ ხელფასს თუ იღებენ, წესიერადაც უნდა იმუშაონ, ხოლო თუ წესიერად არ იმუშავებენ, ვერც ხელფასს ვეღარ მივცემთ, რადგან სახსრები აღარ გვექნება...

გაუმჯობესება აშკარად შეინიშნება, მაგრამ, პრაქტიკულად, სისტემური რეფორმები ჯერ კიდევ ყველა დონეზე არის გასატარებელი; ამხრივ პარლამენტის როლი განსაკუთრებულია.

რაც შეეხება ჩვენს შემდგომ რეფორმებს, ადმინისტრაციული რეფორმების მსგავსად, ადგილობრივი მმართველობის რეფორმებიც უნდა განვახორციელოთ.

მომავალ წელს ადგილობრივი მმართველობის არჩევნებია გასამართი. ჩვენ უნდა გვყავდეს ეფექტიანი ადმინისტრატორები, რომლებსაც ხალხი აირჩევს.

მათ მიმართაც აუცილებელია კონტროლი, რადგან არჩეული ადმინისტარტორებიც მინახავ, ერთ თვეში რომ გაბანდიტებულა, თავზე ხელი აუღია და უფრო მძიმე ტვირთად  დასწოლია საკუთარ მოსახლეობას.

ამიტომ კონტროლი ორივე მხრიდან, ერთი მხრივ, ცენტრალიზირებული კონტროლი და, მეორე მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება - ეს შეთავსებადი ცნებებია და ეს ბალანსი ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ.

ჩვენ გვჭირდება ჯანდაცვის ადა სოციალური დაცვის სისტემების სერიოზული ცვლილება.

ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ერთ-ერთი ყველაზე ბარბაროსულია მთელ მსოფლიოში. დღეს ადამიანი შეიძლება მოკვდეს იმის გამო, რომ ოპერაციის გასაკეთებელი ფული არ აქვს და საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ქვეყანა, რომელში ასეთი რამ შესაძლებელია.

მსოფლიოში თითქმის არ არსებობს და ევროპაში ნამდვილად არ არის ისეთი ქვეყანა, სადაც ეს შეიძლება მოხდეს.

საქართველოში ეს ხდება ყოველდღიურად. თბილისში ამის შეცვლა შევძელით, მაგრამ ქალაქგარეთ, შეიძლება, დაგეჯახოს მანქანა და თუ თავი არ წამოყავი იმის სათქმელად, რომ ფული გაქვს, მილიონერიც რომ იყო, სასწრაფოც არ დაგეხმარება. აი, ამის შეცვლა არის ჩვენი მთავარი ამოცანა.

აღრიცხვიანობის მოწესრიგება. საქართველოში დღეს სოციალურ შემწეობას იღებს 300 ათასამდე დევნილი კონფლიქტური ზონებიდან. საქართველოში არ არის 120 ათასზე მეტი დევნილი, დანარჩენი 180 ათასი იმ ხალხის ჯიბეებში ნაწილდება, ვინც ამ სოციალურ დახმარებას არიგებს.

ისევე, როგორც საქართველოში არ არის ამდენი პენსიონერი, არ არის 950 ათასი  პენსიონერი და არ არის ამდენი სპეციალური შეღავათებით მოსარგებლე ხალხი.

ყოველივე ეს თითიდანაა გამოწოვილი.

აუცილებელია ამ სისტემის მოწესრიგება, რათა გავიგოთ რამდენია პენსიონერი, რამდენია დევნილი, რამდენია მართლა გაჭირვებული და რამდენია ძალიან მდიდარი, რომელიც სახელმწიფოსაგან დამატებით იღებს ამგვარ შემოსავალს. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და მუდმივი წუხილი.

როდესაც მთავრობას შენიშვნა მივეცი, რომ არაფერი არ იცვლება, უპირველესად, იმას ვგულისხმობდი, რომ სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა მოხერხოს სწორედ აღრიცხვიანობის სისტემის უკეთესობისაკენ შემობრუნება. დაეხმარეთ მას ამაში, რადგან თქვენ ყველანი, განსაკუთრებით კი მაჟორიტარი დეპუტატები, ინფორმირებული ხართ იმის შესახებ, თუ რა ხდება.

ჩვენ გვჭირდება ჩვენი მთავრობის რეფორმირება სხვადასხვა დონეზე და ამის დრო არ იქნება ძალიან ბევრი.

მინდა გითხრათ, რომ ყველა რეფორმატორისათვის გამოყოფილი დრო არის ძალიან შეზღუდული. ვერ გამოიყენებს შესაძლებლობას, შესაძლებლობების ფანჯარა იხურება და  შემდეგ შეიძლება არასოდეს აღარ გაიხსნას.

მე და ჩემი მეგობრები ვართ ბედნიერები, რომ რეფორმების გატარების მეორე შანსი მოგვეცა.

პირადად ჩვენ ეს შანსი ბოლომდე ვერ გამოვიყენეთ, ვერ გამოვიყენეთ ჩვენივე, ზოგჯერ, გადაუწყვეტელობის გამო და ზოგჯერ (უმეტესად) იმის გამო, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ამ რეფორმებს შეეწინააღმდეგა. აი, ახლა ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი: არის რეფორმატორი პრეზიდენტი, რეფორმატორული მთავრობა და რეფორმატორული პარლამენტი და ჩვენ შეგვიძლია საქართველო მთლიანად შემოვაბრუნოთ უკეთესობისაკენ.

რა არის ჩვენი მომავალი? ჩვენი მომავალი არის ევროპის კავშირის წევრობა და ყველა ჩვენთვის მნიშვნელოვან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული გაწევრება.

ეს უკვე აღარ არის ფანტაზია. ივნისში ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ევროპის კავშირმა საქართველო აღიაროს ევროპის კავშირის უახლოესი სამეზობლოს წევრად. ეს  ნიშნავს იმას, რომ, პრაქტიკულად, ევროკავშირის გაფართოების მთავარი ორიენტირი ახლა ხდება საქართველო და შემდგომში, ალბათ, საქართველოს მეშვეობით სამხრეთ კავკასიის ქვეყნები.

ბულგარეთი და რუმინეთი უკვე შედიან ევროკავშირში. ბულგარეთის დონე 3-4 წლის წინ ძალიან ჰგავდა საქართველოს დონეს. ალბათ მონაცემებიც ასეთია.

უკვე დღეს ბულგარეთი არის ევროკავშირის წევრობის რეალური კანდიდატი. საქართველო თუ წავიდა სწორი გზით, შეძლებს ევროპის კავშირში გაწევრებას.

რას ნიშნავს ევროპის კავშირში ინტეგრაცია? ეს ნიშნავს თითოეული ქართველისათვის ცხოვრების 3-ჯერ, 4-ჯერ მაღალ დონეს და საერთოდ პერსპექტივების სრულიად განსაკუთრებულ გახსნას.

ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ მივიღოთ ბევრად მეტი დახმარება თავდაცვის სფეროში.  ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამა ნატოსთან, რომელიც მტკიცდება სტამბოლში ივნისის ბოლოს და ამ პროგრამის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ შემდგომი ნაბიჯი, რათა მომავალ წელს საქართველომ მიიღოს გაწევრების სამოქმედო პროგრამა.

ეს არის პირდაპირი მიწვევა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, მაგრამ ჩემთვის, ფორმალობასთან შედარებით ბევრად მეტია კონკრეტული დახმარების მიღება იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები დადგეს ფეხზე.

ჩვენ გვყავს ერთი  თითქმის ჩამოყალიბებული ბრიგადა აღმოსავლეთ საქართველოში. ჩვენ გვჭირდება ასევე მეორე, 5000-კაციანი ბრიგადა დასავლეთ საქართველოში და ეს უნდა მოვახერხოთ მაქსიმუმ 2-3 წელიწადში.

მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ჰყავს რეგიონში საუკეთესო შეიარაღებული ძალები, ბირთვი, ყოველ შემთხვევაში. 10 ათასი მაღალი დონის ჯარისკაცი ჯობია 150 ათას საბჭოთა პერიოდში მომზადებულ ჯარისკაცს თავისი შესაძლებლობებითა და მოქმედების ხარისხით. ვისაც უნახავს ამერიკელების გაწვრთნილი კომანდოსები, ამაში დამეთანხმებიან.

ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან და მთავარი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, არის ის, რომ არ უნდა დავსვათ საკითხი ასე: ან ამერიკა ან რუსეთი, ან ევროპა ან ამერიკა.

ჩვენ გვინდა ყველაფერი, რაც ჩვენთვის კარგია. ჩვენ გვინდა ამერიკაც, რუსეთიც, ევროპაც და ახლო აღმოსავლეთიც, თუ ეს წაადგება საქართველოს ინტერესებს.  მეზობლებთან ურთიერთობა არის ჩვენი ინტერესების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსეთის ხელოვნურად გაღიზიანება, წინა მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომ შინაგანი სისუსტეების კომპენსირება მოეხდინა რუსეთთან აგრესიული რიტორიკით, ძალიან ცუდად დამთავრდა ჩვენთვისაც და ჩვენი და რუსეთის ურთიერთობისთვისაც.

დარწმუნებული ვარ, თანმიმდევრული, პრინციპული, ღირსეული საუბრით რუსეთთან ჩვენ შევძლებთ ამ ქვეყნის შემობრუნებას და ამის ყველა სიმპტომი უკვე სახეზეა. დღეს, 3 თვის წინანდელისაგან განსხვავებით, რუსეთის საზოგადოებრივი აზრი მკვეთრად პოზიტიურია საქართველოს მიმართ. ვერ წარმომედგინა, რომ  ეს ასე ჩქარა შეიძლება მომხდარიყო.

დღეს საქართველოს ხსენებაზე რუსეთში უკვე აღარ არის ის უარყოფითი რეაქცია, რომელიც აქამდე იყო და რომელმაც ძალიან დაგვაზარალა თავის დროზე.

დღეს აღარ არის მოდაში თუნდაც ყველაზე ნაციონალი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს ლანძღვა და ამით პოლიტიკური ქულების დაწერა, რადგან ამას აზრი აღარ აქვს და თავის დროზე ასეთმა რიტორიკამ საქართველოში 10-ჯერ და 100-ჯერ დაგვაზარალა - სერიოზულად მოგვითხარა ძირი აფხაზეთშიც და საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

ამიტომ სერიოზული პარტნიორული ურთიერთობის წარმოება რუსეთთან ჩემს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მიმაჩნია.  ამ მხრივ, იმედია, უახლოეს პერიოდში მივიღებთ სავიზო რეჟიმის გამარტივების გადაწყვეტილებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. შეიძლება მთლიანად გაუქმება სწორი არც იყოს, მაგრამ გამარტივება სრულიად აუცილებელია.

ჩვენ მივიღებთ ეკონომიკური, ახალი პრეფერენციების მიღების გარანტიებს რუსეთისაგან, ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ვლაპარაკობთ.

მნიშვნელოვანია, რომ სხვა ნაბიჯები გადმოდგა რუსეთმა ჩვენთან შესახვედრად და ჩვენც უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მხოლოდ ჩვენთვის სასარგებლო, ჩვენს წინაშე ასევე  არსებული შიდა ამოცანების უახლოეს მომავალში გადასაწყვეტად. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ფაქტორი.

ჩვენ ასევე გვინდა ურთიერთობის განვითარება არა მხოლოდ ევროპულ ინსტიტუტებთან, ამერიკასთან. აქ ჩვენ ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავთ და ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავთ, ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ; ასევე ახლო აღმოსავლეთთან, როგორც არაბულ ქვეყნებთან, ისე ისრაელთან.

ტრადიციულად, არაბული ქვეყნები ჩვენთვის, პრაქტიკულად, უცნობი ზონა იყო. არადა, ეს არის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო ბაზრები და სხვა ეკონომიკური სიძლიერის წყარო, მაგრამ ისრაელი ასევე არის ჩვენი ქვეყნის ტრადიციული, მნიშვნელოვანი პარტნიორი. ამიტომ ისრაელთანაც უნდა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ძალიან თბილი და ახლობლური ურთიერთობა. ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი მახასიათებელი უნდა იყოს ღირსება და პრაგმატულობა.

ჩვენ გვყავს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის დონე შეშურდება ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას.

სალომე ზურაბიშვილის დონის მინისტრი ძალიან იშვიათია ევროპაში. ზოგადად,  ჩვენი მთავრობა არის ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური და, ალბათ, ყველაზე კომპეტენტური პოსტსაბჭოთა სივრცეში. როდესაც გელა ბეჟუაშვილი მივიდა თავდაცვის სამინისტროში, ჩვენ გვყავდა 28 გენერალი, ახლა დარჩა შვიდი. დაიწყო ამ სფეროს სწრაფი რეფორმირება და უცებ აღმოიფხვრა იქ არსებული კორუფციული სისტემა. 

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ზურაბ ადეიშვილის მუშაობა უშიშროების მინისტრის პოსტზე. პრაქტიკულად, უმოკლეს პერიოდში მთელი ის მითი, რომ თურმე უშიშროების მინისტრი ვერ გახდება ის კაცი, ვინც თავის დროზე საბავშვო ბაღში ჯერ უშიშროების აგენტი არ იყო, შემდეგ უშიშროების ოფიცერი არ გახდა და  მთელი ცხოვრება იქ არ მუშაობდა, მთლიანად დაინგრა.

პირველად ქვეყანაში იგრძნობა, რომ არის უშიშროების სისტემა და ჩვენ პირველად ვიღებთ ინფორმაციას იმ ადგილებიდან, საიდანაც მხოლოდ ჩვენგან იღებდნენ ხოლმე ინფორმაციას და მათზე არაფერი  ვიცოდით. დამთავრდა ეს. პირველად გვაქვს ეს შესაძლებლობა და ტექნიკური რესურსებითაც აღვიჭურვეთ.

როცა კითხულობენ - სად იხარჯება ფული, პასუხი ერთია: ჩვენი სამინისტროების მოდერნიზაციაზე.  პირველად გაგვიჩნდა სამინისტრო, რომელიც გვაძლევს ყოველმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებით.

უმნიშვნელოვანესი რაღაცები კეთდება შინაგან საქმეთა სამინისტროში. გია ბარამიძე აღმოჩნდა ბრწყინვალე მინისტრი და მიუხედავად იმისა, რომ ეს სისტემა არის ძალიან  დასნეულებული, ვამზადებთ თბილისის საპილოტო პროგრამას.

თბილისში პირველად შეიქმნება მუნიციპალური პოლიცია, წლის ბოლომდე, ე.ი. იქნება თავაზიანი, წესიერი, კულტურული და არაკორუმპირებული. აი, ეს არის ჩვენი პროგრამა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

ასეთივე სერიოზული რეფორმები ხორციელდება საგზაო პოლიციაში.

დეცენტრალიზაციის პარალელურად სერიოზული რეფორმები მიმდინარეობს  ადგილობრივი სტრუქტურების შექმნის თვალსაზრისით.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური ნაბიჯები გადადგა ზურაბ ნოღაიდელმა. ჩვენ მასთან ხშირად გვაქვს პრეტენზიები, მაგრამ ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ ზედა დონეზე სამინისტრო  დალაგდა.

ძალიან ეფექტიანად მუშაობს საგადასახადო პოლიცია. პრობლემებია ჯერ კიდევ სერიოზული, როგორც მოგახსენეთ, საგადასახადოსა და საბაჟოში.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, ვფიქრობ, ბატონმა გურამ აბსანძემ, რეალური ნაბიჯები გადაიდგა ეროვნული შერიგებისთვის და ამისათვის მას განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა.

ეს არ არის რაღაც აბსტრაქტული კატეგორია, ეს არის ადამიანების ბედის შემობრუნება უკეთესობისაკენ. ეს შეეხება როგორც წალენჯიხაში შემორიგებულ ბიჭებს, ასევე ასობით სხვა ადამიანს; მათ შორის, ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც წასული იყვნენ საზღვარგარეთ და დაბრუნდნენ ახლა უკან.  პრაქტიკულად ყველა მინისტრი კარგად მუშაობს, ზოგიერთი სხვებზე  გვიან შევიდა ფორმაში, მაგრამ ფაქტია, რომ შედეგები სახეზეა და ამ მთავრობას აქვს მართლაც მნიშვნელოვანი წარმატება.

მე მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენ ყველა დავეხმაროთ კონსტრუქციული კრიტიკით და რჩევებით, რომ იყვნენ ეფექტიანები. დავეხმაროთ, რომ აქ კანონპროექტები არ გაიჭედოს თვეობით, დავეხმაროთ იმაში, რომ არ მოხდეს კორუმპირებული ლობირება, როგორც ხდებოდა წინა პარლამენტში და კანონპროექტებში არ ჩაიდოს ვიღაცის ინტერესი.

ეს პარლამენტი ხალხს ამისთვის არ აურჩევია, ხალხმა მოგვიყვანა აქ და ხალხი გვიხდის ხელფასს იმისათვის, რომ დავდგეთ ყოველგვარ პარტიკულარულ და თუ სხვა ინტერესებზე მაღლა და ამოვიდეთ ქვეყნის მთავარი საჭიროებიდან.

თუ ყოველივე ამას გავაკეთებთ, ვფიქრობ, საქართველოში სრულიად განსაკუთრებული სიტუაცია შეიქმნება. ოპტიმიზმის ტალღა, რომელიც საქართველოში არსებობს, შენარჩუნდება და შეუქცევადი იქნება.

განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო ჩვენი ეკლესიის როლი. უკვე ვისაუბრე მისი უწმინდესობის როლზე რევოლუციაში.

განსაკუთრებული როლი აქვს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას. ვფიქრობ, ჩვენმა ეკლესიამ დაამტკიცა, რომ მას აქვს სახელმწიფოებრიობის განცდა და უზარმაზარი ტრადიციები; ის გამოირჩევა არა მხოლოდ ეროვნულობით, არამედ დიდი ტოლერანტულობითაც. ძალიან პროგრესული როლის შესრულება შეუძლია იმ პერიოდშიც კი, როდესაც საერო ცხოვრება მეტად არეულია.

ეკლესიას ასევე სჭირდება ყოველნაირი ხელშეწყობა და გვერდზე დადგომა იმისათვის, რომ ისიც დადგეს ფეხზე, იყოს წელში გამართული და არ ჰქონდეს მატერიალური პრობლემები, რომელიც დღეს მას, რა თქმა უნდა, როგორც მთლიანად საზოგადოებას, აქვს.

ჩვენ ვაპირებთ დიდი ზარ-ზეიმით აღვნიშნოთ საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლის 2000 წლისთავი. ეს არის იუნესკოს გადაწყვეტილება და 2000 წლისთავის აღნიშვნისას აუცილებლად უნდა გავხსნათ და ვაკურთხოთ სამების ტაძარი; მთელი მსოფლიოდან უნდა ჩამოვიყვანოთ კულტურისა და რელიგიის ლიდერები ამ მნიშვნელოვანი თარიღის ერთად აღსანიშნად.

ასე რომ, ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები, უახლესი ამოცანები და უახლოესი დაბრკოლებები. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პრობლემა შეგვხვდება და მინდა გთხოვოთ, რომ გავუწიოთ ერთმანეთს ანგარიში. შეიძლება რაღაცა პატარა ქულა დაიწერო ტელევიზიით გამოსვლით რაღაც თემაზე, მე ამის დიდი გამოცდილება მაქვს, მეც ვცდილობდი მთელი ცხოვრება ამ დარბაზში პოლიტიკური ქულების დაწერას, მაგრამ შეიძლება 5 წლის შემდეგ ამ შენმა დაწერილმა ქულამ შენც დაგაზარალოს. ამიტომ გთხოვთ, რომ ყველა ჩვენი ნაბიჯი განსაკუთრებულად ავწონ-დავწონოთ.

უახლოესი არჩევნები არის 4 წელიწადში -  საპარლამენტო. დრო ყველას ექნება თავის გამოსაჩენად. ამიტომ გთხოვთ, გეგმაზომიერად მივუდგეთ, რადგან ეს არის მარათონული დისტანცია. ვისაც ეყოფა გამძლეობა და გამბედაობა, რომ გაუძლოს, საბოლოოდაც ის იქნება გამარჯვებული. ამაში ვარ დარწმუნებული.

მინახავს აქ ხალხი, რომლებიც ერთი წლის წინ მიიჩნევდნენ, რომ თეთრ ცხენზე ისხდნენ და მათ წინ ვერაფერი აღუდგებოდა, მაგრამ ახლა ყველანი ისტორიის სანაგვეზე არიან. ეს თქვენ ნამდვილად არ გემუქრებათ, არ გაშინებთ, უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება პარლამენტი, რომელიც საქმეს სტრატეგიულად, გეგმაზომიერად მიუდგება  თავის ხელმძღვანელთან ერთად.

მიხარია, რომ ქალბატონი ნინოს კანდიდატურა სახელდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ თანამებრძოლები და მეგობრები ვართ და მოწინააღმდეგის მთავარი პროგნოზი ჩვენი დაშლისა და ერთმანეთის გადამტერების თაობაზე, აბსოლუტური სისულელე აღმოჩნდა,  როგორც სხვა პროგნოზები.

საკუთარ სიტყვას ყოველთვის ვიცავ და ჩვენ შეთანხმებებსაც ყოველთვის დავიცავთ.

თუ გვინდა, რომ პოლიტიკაში მართლა გვქონდეს გრძელვადიანი წარმატება, ეს არის ერთ-ერთი მთავარი საწინდარი. ამ შემთხვევაში, შეთანხმებას ვიცავ სიამოვნებით, პლიუს, იმიტომ, რომ საქმე გვაქვს ჩვენს მეგობართან, ჩვენს პარტნიორთან და ასევე რეფორმატორთა გუნდის ძალიან მნიშვნელოვან წარმომადგენელთან.

აი, ეს არის, რისი თქმაც ამ თვალსაზრისით თქვენთვის მსურდა.

მინდა გისურვოთ წარმატება; მინდა გისურვოთ, რომ ეს პარლამენტი და მისი საკანონმდებლო საქმიანობა გაფურჩქნულიყოს, როგორც ეს ვარდი; მსურს ასევე გისურვოთ ერთი რამ, თქვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა იამაყონ იმით, რომ მათი წინაპარი იყო იმ პარლამენტის წევრი, რომელმაც საქართველო დააყენა ფეხზე.

ჩვენ საქართველო უნდა დავაყენოთ ფეხზე, წინ არის დიდი ბრძოლა, მაგრამ აქ ის ხალხი არ ხართ, რომელსაც რამის შეიძლება შეეშინდეს.

თქვენ უკვე დაამტკიცეთ, რომ არაფრის  არ გეშინიათ. ახლა ყველამ ერთად ეს გრძნობა უნდა გადავდოთ დანარეჩენ საზოგადოებას, შიშით ახალი ქვეყანა არ შეიქმნება.

გამბედაობით, რეფორმატულობით, ურთიერთდახმარებით, ურთიერთთანადგომით, პრინციპულობით, ნამდვილი პატრიოტიზმითა და სამშობლოს ჭეშმარიტი სიყვარულით საქართველო დადგება ფეხზე.

საქართველო დადგება ფეხზე და მაშინ ყველანი ვიქნებით გამარჯვებული!

დიდი მადლობა ყურადღებისათვის.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code