დოკუმენტები
26.04.2011
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება
# 18/04/05 2011 წლის 18 აპრილი, თბილისი
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის
(მეურვის) კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსის
გამოცხადების შესახებ
- 1. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, 2011 წლის 26 აპრილიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
- 2. სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ყველას კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში.
- 3. მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება.
- 4. მეურვეობის კანდიდატად პირის რეგისტრაციისათვის ღია კონკურსის სამდივნოში (მისამართი: ქ. თბილისი, აბდუშელიშვილის ქ. N1 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია) წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) მსურველის წერილობითი განცხადება ან წარდგინება, რომელსაც თან ახლავს წარდგენილი პირის თანხმობა;
ბ) ავტობიოგრაფია ან CV;
გ) კანდიდატის ერთი ფოტოსურათი;
დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
ვ) არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) სარეკომენდაციო ხასიათის წერილები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ხელწერილი, რომ პირი გაეცნო სამეურვეო საბჭოს წევრისათვის „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის პირობებს.
- 5. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 10 დღეში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს სამეურვეო საბჭოს წევრობის (მეურვის) კანდიდატების სიის გამოქვეყნება.
- 6. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ღია კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შექმნას ღია კონკურსის სამდივნო და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საჭირო ღონისძიებები.
მიხეილ სააკაშვილი