საქართველოს პრეზიდენტი ტრადიციული წლიური ანგარიშით საკანონმდებლო ორგანოს წინაშე წარსდგა
ბატონო თავმჯდომარევ, ძვირფასო პარლამენტის წევრებო, პატივცემულო სტუმრებო, ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე დღეს აქ, რათა წარმოგიდგინოთ პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში ქვეყნის მდგომარეობის, ჩვენი სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების, განვლილი წლის შედეგების, მომავალი გეგმებისა და ჩვენ მიერ არჩეული კურსის შესახებ.
მაგრამ ვიდრე ძირითად საკითხებზე გადავიდოდეთ, მინდა უბრალოდ გავიხსენო, რომ სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ გამოგვაკლდა მეგობარი, კოლეგა, ბევრისთვის მასწავლებელი, მრჩეველი და, უბრალოდ, ძალიან ღირსეული თანამოქალაქე გია არსენიშვილი. მინდა გითხრათ, რომ ბატონი გია პირადად ჩემთვის იყო კრიტერიუმი სიკეთის განსახიერებისა და, ზოგადად, ყველას მიმართ კეთილგანწყობისა. გია არსენიშვილს ჰქონდა უნიკალური თვისება დაენახა და გაერჩია შავი და თეთრი ყველაზე რთულ სიტუაციებშიც; გაერჩია სად იყო სიკეთე და სად ბოროტება, უყოყმანოდ დამდგარიყო სიკეთის მხარეს, უყოყმანოდ ებრძოლა მისი გამარჯვებისთვის. იგი იყო კლასიკური მაგალითი ადამიანისა, რომელიც საქმის კეთებისას არადროს არ გაითვალისწინებდა მცდარ აზრს თუნდაც კოლექტიურს, არასდროს არ დააყენებდა წინ პირად ემოციებსა და კომფორტს. როდესაც შევარდნაძის მთავრობაში ვიყავი, რომელსაც იგი ფორმალურად ხელმძღვანელობდა, გია არსენიშვილი იყო სახელმწიფო მინისტრი. მისი სახით, ჩვენ, ახალგაზრდა რეფორმატორებს გვყავდა მტკიცე დამცველი, რომელიც ყველა ვითარებაში, ყოველთვის სიმართლის მხარეს იდგა. მიშა მაჭავარიანსა და ჩემს სხვა კოლეგებს, რომლებიც იმ მთავრობაში იყვნენ, ეს კარგად ახსოვთ. ჩვენს მთავრობაში, დაიჩაგრა - მაშინ იგი ძალიან უსამართლოდ გაათავისუფლა საგარეო მინისტრმა, მაგრამ ერთი წამითაც არ გაბრაზებულა, ერთი წამითაც არ გაბოროტებულა. იგი ბოლომდე ემსახურა ამ საქმეს და მართლაც საოცრად ახალგაზრდა წავიდა, რადგან ახალგაზრდაა ის ადამიანი, რომელიც მუდმივად ფიქრობს, მუდმივად მოქმედებს, მუდმივად ახალს სწავლობს და მუდამ რაღაც კარგის გაკეთება სურს. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მინდა ქედი მოვიხარო მისი ხსოვნის წინაშე. აქ იმყოფებიან ქალბატონი ელენე - მისი მეუღლე და მისი ოჯახის წევრები, მინდა მათ მივესალმო.
ალბათ, წლის განმავლობაში არ არსებობს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მოხსენება, რომელსაც აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი. ტრადიციისამებრ, ამ მოხსენებით პრეზიდენტს საშუალება ეძლევა წარმოადგენოს საკუთარი ხედვა, საკუთარი შეფასებები და საკუთარი მიზნები.
დღეს მინდა, თქვენი ნებართვით, ეს მაღალი ტრიბუნა მთლიანად დავუთმო ჩვენს ხალხს; მინდა, რომ ჩემი დღევანდელი გამოსვლით ხმამაღლა ვთქვა არა მხოლოდ საკუთარი პოზიცია, არამედ უპირველესად, ჩვენი ხალხისა. მინდა მათი სათქმელი ვუთხრა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობის წევრებს, გავუზიარო ჩვენი მოქალაქეების ტკივილი და სადარდებელი, მათი მიზნები და სურვილები, მათი პრეტენზიები და მოთხოვნები.
ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, მაქვს ბედნიერება, ქართველ პოლიტიკოსებს შორის ყველაზე ხშირად ვიმოგზაურო არა მარტო საზღვარგარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც - საქართველოს რეგიონების ქალაქებსა და სოფლებში.
მე ათასობით ჩვენს მოქალაქესთან მაქვს შეხვედრა, ზოგჯერ ტელეკამერების თანდასწრებით, უფრო ხშირად კი - მათ გარეშე.
მაქვს პატივი ყოველდღიურად პირადად მოვუსმინო უამრავ ადამიანს საზოგადოების ყველა, ძირითადად, გაჭირვებული ფენების წარმომადგენლებს.
ვესაუბრები, ყველა პროფესიის ადამიანს, იქნება ეს სოფლის ექიმი, მასწავლებელი, აგრონომი თუ მეგზევე, ფერმერი თუ ქარხნის მუშა, მშენებელი თუ მეშახტე....
ვხვდები მათ, ვისაც პროფესია აქვთ, მაგრამ არ აქვთ შესაბამისი სამსახური და მათაც, ვისთვისაც ხანგრძლივმა უმუშევრობამ უკვე დიდი ხანია აზრი დაუკარგა ერთ დროს მიღებულ პროფესიულ ცოდნას.
ვხვდები მათ, ვინც ახლა ეუფლება პროფესიას და მათაც, ვინც უკვე მეორე ან მესამე პროფესიის ათვისებას ცდლილობს, რათა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე.
ჩემი პრეზიდენტობა ეძღვნება მათი ცხოვრების გაუმჯობესებას, მათი პრობლემების შემსუბუქებას, მათი ოჯახებისა და შვილების უკეთეს ხვალინდელ დღეს.
მე ვხედავ რა უნთებს მათ თვალებს იმედით და, სამწუხაროდ, ვხედავ რა უქრობს მათ ამ იმედის ნაპერწკალს. ვხედავ რა ახარებს მათ და მესმის რა ართმევს მათ ამ სიხარულს. მათი ერთი სიტყვაც საკმარისია ხოლმე, რომ ვიგრძნო - რაღაც კარგად გამოგვივიდა,... მაგრამ ხანდახან ერთი შემოხედვით ცხადი ხდება, რომ რაღაც შეგვეშალა ან სწორად არ ვაკეთებთ.
ამიტომ, დღეს, ამ ტრიბუნიდან, უპირველეს ყოვლისა, მათი სათქმელი მინდა ვთქვა, მინდა თქვენამდე მოვიტანო მათი იმედები და მოლოდინები, მინდა ვისაუბრო მათ პრობლემებსა და გასაჭირზე.
და დღეს ჩვენი ხალხისთვის არ არსებობს არც ერთი სხვა უფრო მტკივნეული პრობლემა, ვიდრე არის გაზრდილი ფასები და გაძვირებული ცხოვრება.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, უდიდესი ქალაქებიდან ყველაზე პატარა სოფლებამდე მე ვხედავ უამრავ ოჯახს, რომელიც სასოწარკვეთამდეა მისული გაზრდილი ფასების გამო; რომელთაც დაკარგული აქვთ ხვალინდელი დღის იმედი,... მეტიც, ბევრ მათგანს აშინებს ფიქრი მომავალზე. ბევრს აქვს განცდა, რომ მისი ცხოვრება უკან მიდის და უჭირს დაინახოს თუნდაც ერთი მიზეზი, რომელიც უკეთესი პერსპექტივის მოლოდინს გაუჩენს.
ერთი წუთით წარმოიდგინეთ როგორ თენდება დილა დედისთვის, რომელსაც ყოველი თეთრი გაწერილი აქვს, ზუსტად იცის რამდენი ლარი უნდა დახარჯოს ყოველი მორიგი დღის, მორიგი კვირის გადასაგორებლად ისე, რომ არც შვილს მოაკლოს საჭმელი და როგორღაც ოჯახიც გაიტანოს და ამ დროს აღმოაჩენს, რომ კილოგრამი შაქარი ლარ-ნახევრის ნაცვლად უკვე სამ ლარამდეა გაძვირებული,... ზეთი კი ორი და ორმოციდან - თითქმის ოთხ ლარამდე.
ერთი წუთით წარმოიდგინეთ როგორ თენდება დილა უმუშევარი მამისთვის, რომელიც ყოველ საღამოს სახლში ბრუნდება და არ იცის რა უთხრას ცოლს ხვალინდელ დღეზე, არ იცის როგორ შეხედოს ბავშვებს თვალებში,... არ იცის სად იშოვოს ელემენტარული საშუალება ოჯახის შესანახად, მაგრამ იცის, რომ ხვალ სახლში პურის მოტანა უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე დღეს....
ერთი წუთით წარმოიდგინეთ, როგორ იწყება დღე სტუდენტისთვის, რომელსაც იმისათვის, რომ სასწავლებლამდე მისასვლელ ყოველდღიურ ხარჯს გაწვდეს, უწევს შეამციროს ხორცი საკუთარი კვების რაციონში.
ჩემი ყოველი დღე ამ წარმოდგენებით იწყება, ჩემი ყოველი ფიქრი არის უამრავი ასეთი ადამიანის გახსენება, მათთვის გამოსავლის ძიება და მე გავაკეთებ ყველაფერს, რათა მათ დავუბრუნო იმედი და გამოვნახოთ საშუალება ამ სასოწარკვეთის ერთად დასაძლევად.
თუმცა ჩვენ ვიცით და ვხედავთ, რომ ეს სასოწარკვეთა არ არის მარტო საქართველოში. ფასების ზრდამ დღეს მთელი სამყარო, უკლებლივ ყველა ქვეყანა მოიცვა. ბევრგან გაცილებით უფრო მძიმეა სურათი და ეს არის შედეგი მრავალთვიანი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა... რომელიც, რა თქმა უნდა, დრამატულ გავლენას ახდენს ისეთ პატარა ეკონომიკაზე, როგორიც არის ჩვენი. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენ ჯერ არა გვაქვს განვითარებული ადგილობრივი წარმოება და მხოლოდ ახლა ვიწყებდით პირველი ნაბიჯების გადადგმას ეკონომიკური პოტენციალის გასაზრდელად, მანამ, სანამ დაგვარტყამდა ჯერ გლობალური ეკონომიკური კრიზისი, მერე ომი, და ახლა მსოფლიო ინფლაცია.
მაგრამ მე არ ვაპირებ, რომ ხელი ჩავიქნიოთ და ყველაფერი გლობალურ ეკონომიკურ პროცესებს დავაბრალოთ. ფასების ზრდის მიზეზები, რა თქმა უნდა, საერთაშორისოა, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივი გამოსავალი ვეძებოთ.
ამ მხრივ კი ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, რათა ჩვენი ეკონომიკა მაქსიმალურად დავიცვათ ინფლაციური პროცესებისგან, რათა სწორად მოვახერხოთ ნავიგაცია ფასების ზრდის გამო შექმნილი ტურბულენტური ზონიდან.
საქართველოს მთავრობა ახორციელებს ყველა საჭირო მონეტარულ და ფისკალურ ღონისძიებას, რათა საზოგადოება მაქსიმალურად იყოს დაცული შემდგომი ინფლაციური პროცესებისგან. საქართველოს ამისათვის საკმარისი რეზერვიც გააჩნია და საკმარისი გამოცდილებაც.
თუმცა, გარდა მონეტარული პოლიტიკისა, არის სხვა საშუალებებიც, რომლითაც ჩვენ ვცდილობთ თუნდაც მცირედით, მაგრამ მაინც შევუმსუბუქოთ გაძვირებული ცხოვრების სიმძიმე ჩვენს ხალხს.
მიმდინარე თვიდან ჩვენ ვიწყებთ ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგებას საქართველოს ყველა ოჯახისთვის. თითო ვაუჩერი დაფარავს 20 ლარის ელექტროენერგიის საფასურს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მცირე შეღავათია, მაგრამ ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება. ამასთან, ეს ვაუჩერი საშუალებას გვაძლევს, რომ არა მარტო სახელმწიფო დაეხმაროს საზოგადოებას, არამედ საზოგადოების წევრებიც დაეხმარონ ერთმანეთს, რადგან ვაუჩერის ყველა მფლობელს ექნება შესაძლებლობა, რომ ეს ვაუჩერი სურვილის შემთხვევაში დაუთმოს სხვას, უფრო დიდ გაჭირვებაში მყოფ ადამიანსა თუ ოჯახს.
მარტიდან, საქართველოს ყველა ოჯახი, თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, იმავე პრინციპით, როგორც მათ მიუვათ ელექტროენერგიის ვაუჩერი, მიიღებს 30-ლარიან სასურსათო ვაუჩერს. ეს არის ფასიანი ქაღალდი, რომლის მფლობელს ბანკში მისი განაღდებაც შეეძლება. ამჯერადაც ვაუჩერის ყველა მფლობელს ექნება საშუალება, რომ სხვა ოჯახს დაუთმოს ვაუჩერი - სახელმწიფოსგან მიღებული ეს მცირედი დახმარება სხვა, უფრო გაჭირვებული ადამიანის დახმარებად აქციოს.
ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც უნდა ვებრძოლოთ სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდას, არის ადგილობრივი სოფლის მეურნეობის წარმოების განვითარება. ჩვენი სოფლის მეურნეობა რომ იმაზე განვითარებული იყოს, ვიდრე არის ახლა, უფრო მეტად რომ ვაწარმოებდეთ ადგილობრივ სასურსათო პროდუქციას, საქართველო გაცილებით ძლიერი პოზიციებით შეხვდებოდა მსოფლიო ფასების ზრდას სურსათზე. ჩვენ ამისთვის მოვაგროვეთ და გამოვყოფთ 150 მილიონ ლარს.
ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ მარცვლეულის წარმოების ინტენსიფიკაციის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს მაღალმოსავლიანი ხორბლისა და სიმინდის თესლის ხელმისაწვდომობის გაზრდას ჩვენი ფერმერებისა და გლეხებისთვის.
ყველა მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს და ისარგებლოს პროგრამით და მიიღოს ხარისხიანი, მაღალმოსავლიანი თესლი, ხოლო მისი საფასური 7 თვის შემდეგ გადაიხადოს, ანუ მას შემდეგ, როცა ამოიღებს გაზრდილი მოსავლით მიღებულ შემოსავალს.
2010 წელს ჩვენს ქვეყანაში სიმინდის საშუალო მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 2,2 ტონა იყო. ამირან მაჭარაშვილმა, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ვარდისუბანში გასულ წელს შეძლო სიმინდის რეკორდული მოსავლის აღება - მან მაღალმოსავლიანი სიმინდის თესლი დათესა და 1 ჰექტარზე 8,5 ტონა სიმინდი აიღო. ამირანის წარმატება სამაგალითოა და მთელი გულით ვულოცავთ მას.
მაგრამ ამ რეკორდის გამეორება არ შეუძლია ბევრ ფერმერს მხოლოდ იმის გამო, რომ მათი სიმინდის თესლი არაფრად არ ვარგა, მაღალი ხარისხის თესლი კი ძვირია. მაგალითად, ამირანზე არანაკლებად შრომისმოყვარე მეურნეა მამუკა გოგოლაძე, რომელიც ასევე ჩვენთან იმყოფება დღეს. ბევრი სხვა სოფლის მეურნის მსგავსად, უხარისხო თესლის გამო, მისმა დიდმა შრომამ დიდი მოსავალი ვერ მოიტანა. მარცვლეულის წარმოების ინტენსიფიკაციის პროგრამა მამუკასა და კიდევ უამრავ პროგრამაში მონაწილე ფერმერს მისცემს საშუალებას, რომ მოხსნას მოსავლიანობის რეკორდი.
მამუკა უკვე დარეგისტრირდა პროგრამაში ისევე, როგორც უკვე სხვა 15,300 ფერმერი. რეგისტრაციის პროცესი გრძელდება და ველოდებით ამ რაოდენობის გაორმაგებას.
ამ პროგრამების მასშტაბურად განხორციელების შემთხვევაში საქართველო უკვე წელს გახდება სიმინდის ექსპორტიორი ქვეყანა, ხოლო 2013 წლისთვის ჩვენ 35%-მდე გავზრდით ხორბლის ადგილობრივ წარმოებას, რაც დამატებით შემოსავალს მოუტანს ჩვენს მწარმოებლებს სოფლად და, რაც მთავარია, შეამცირებს საქართველოს დამოკიდებულებას მსოფლიო ფასების მერყეობაზე სიმინდსა და ხორბალზე.
5 წლის წინათ ქართული სოფლის მეურნეობა მთლიანად გაცამტვერებული იყო. მას შემდეგ გარკვეული პროგრესი გვაქვს: დღეს არის უკეთესი ირიგაცია და წინ წავიწიეთ მექანიზაციის თვალსაზრისითაც.... გაჩნდა პირველი სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რითაც ჩვენი ადგილობრივი წარმოება გახდა უფრო კონკურენტუნარიანი რამდენიმე სექტორში, მაგალითად, წვენების ჩამოსხმასა და საკონსერვო წარმოებაში. დღეს ბევრი ქართული პროდუქტი გვხვდება უკვე დახლებზე, მაშინ როდესაც რამდენიმე წლის წინ ერთს ვერ ნახავდით.
მაგრამ მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული ვითარება მთლიანობაში არადამაკმაყოფილებელია. პოტენციალი გვაქვს, მაგრამ შორს ვართ მისი სრულად გამოყენებისგან. სოფლის მეურნეობის ახალი საწარმოების გახსნის დინამიკა ძალიან ნელია.
ბოლო წლებში ჩვენ არაერთხელ ვცადეთ სოფლის მეურნეობაში კერძო ინიციატივების სტიმულირება, იქნებოდა ეს იაფი კრედიტის პროგრამა თუ რეგიონული განვითარების ფონდები. ამ პროგრამებმა გარკვეული შედეგი გამოიღო და არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალა,... მაგრამ მთლიანობაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, კომპანიებმა ჯერჯერობით განვითარების ნელი ტემპი შემოგვთავაზეს. ძნელად ინერგება ახალი ტექნოლოგიები, ჯერაც მცირეა თანამედროვე სოფლის მეურნეობის მიღწევების ადაპტაცია ჩვენს ქვეყანაში.
მაგრამ ჩვენ სოფელს ვერ მივატოვებთ, სურსათის მსოფლიო ფასებზე დამოკიდებულების შესამცირებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების განვითარება. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო, ბიზნესთან პარტნიორობის პრინციპით უფრო აქტიურად ჩაებას სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
კონკრეტულად კი, ის საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად უჭირს სოფლის მეურნეობას - დღეს საქართველოში არ არსებობს მაღალი დონის სასაწყობე მეურნეობები, რომლებიც ერთი მხრივ, ჩაიბარებდა პროდუქციას ფერმერებისგან, ხოლო მეორე მხრივ, შეძლებდა პროდუქციის რეალიზაციასა და უცხოური ბაზრების ათვისებას.
ამიტომ, ჩვენი ახალი პროგრამით, სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის პარტნიორობით, აშენდება სოფლის მეურნეობის პროდუქტების სასაწყობე მეურნეობები და ლოჯისტიკური ცენტრები, რაც თვისობრივად შეცვლის ექსპორტის სტრუქტურასა და გეოგრაფიას; გააჩენს ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ფერმერებისთვის და მათ აღარ მოუწევთ დამოუკიდებლად გასაღების ბაზრების ძიება.
ლოჯისტიკური ცენტრები ფერმერებისგან მიღებულ პროდუქციას მისცემენ მაღალხარისხიან სასაქონლო სახეს ისე, რომ ჩვენი პროდუქტი გახდეს კონკურნტუნარიანი ნებისმიერ უცხოურ ბაზარზე. თავად შეარჩევენ ყველაზე მომგებიან ბაზრებს და გაამარტივებენ პროდუქციის ტრანსპორტირებას. ანუ აღმოფხვრიან ყველა იმ პრობლემას, რომელტა წინაშეც დღეს საკუთარი, დამოუკიდებელი რესურსით უძლურია ჩვეულებრივი ქართველი ფერმერი თუ გლეხი.
მათ შორის, გააჩენენ ფერმერსა და ექსპორტიორს შორის ინფორმაციის გაცვლის ეფექტიან მექანიზმს, რის შედეგადაც ფერმერს ეცოდინება რომელ პროდუქტზეა განსაკუთრებულად გაზრდილი მოთხოვნა და მომგებიანი ფასი. ანუ ექნება საშუალება უფრო სწორად დაგეგმილი და უფრო შემოსავლიანი მეურნეობა აწარმოოს.
გარდა ამისა, ჩვენ წელს 150 მილიონი ლარით ვაპირებთ სოფლის მეურნეობის დაფინანსების გაზრდას. ეს იმიტომ, რომ ჩვენ არა მხოლოდ მოკლევადიანი ღონისძიებები გავატაროთ მაღალი ინფლაციური რისკის რამდენიმეთვიანი პერიოდისთვის, არამედ შევქმნათ გრძელვადიანი, მყარი გარანტიები დარგის განვითარებისთვის და მასში სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნისთვის. უნდა გაიხსნას ახალი გადამამუშავებელი ქარხნები, განსაკუთრებით, სოფლად, უნდა ვაწარმოოთ ბევრად დიდი ასორტიმენტი.
ჩვენი პროგრამა - მინიმუმი სოფლის მეურნეობაში ასეთია: 2015 წლისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობა დღევანდელ ნიშნულთან შედარებით იქნება გაორმაგებული. ასევე გაორმაგდება სოფლის მეურნეობის ეროვნული ნაწარმის ექსპორტი და საქართველოში წარმოებული ღვინის ბოთლების რაოდენობა ავა წელიწადში 50 მილიონზე.
გარდა მსოფლიო ფასებზე დამოკიდებულების შემცირებისა, ეს საწარმოები შექმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს.
სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტს ეკონომიკისა და ჩვენი ხალხის ყოფის გასაუმჯობესებლად, მათ შორის ინფლაციის სიმძიმის შესამსუბუქებლად.
მე მინდა ამ ტრიბუნიდან ყველა ჩვენი უმუშევარი მოქალაქის სათქმელი ვთქვა და თქვენამდე მოვიტანო მათი სატკივარი. უმუშევრობა არის დღეს ჩვენი განვითარების მთავარი შემაფერხებელი, უმუშევრობა არის მიზეზი, რომელიც აათმაგებს ფასების ზრდის შედეგად მიღებულ ტკივილს. უმუშევრობა არის ის, რაც კლავს სიცოცხლის ხალისს და ხვალინდელი დღის იმედს უამრავი ჩვენი თანამოქალაქისთვის.
არაფერი არ ჩაითვლება წარმატებად, ვიდრე ჩვენ არ დავამარცხებთ უმუშევრობას.
ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ვაგებთ ახალ გზებს, გაგვყავს ახალი რკინიგზის ხაზები, ვაგრძელებთ საქართველოს გაზიფიკაციას.
ეს ყველაფერი არის გარანტი იმისა, რომ გაჩნდება სამუშაო ადგილები და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები ჩვენი ხალხისთვის. ამის გარეშე ოცნებაც კი შეუძლებელია ეკონომიკურ წარმატებაზე. შედეგად, ჩვენი ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმის მიხედვით, 2015 წლისთვის:
- საქართველოს ყველა ქალაქს დააკავშირებს საერთაშორისო სტანდარტის გზა.
- დასრულდება თბილისი - ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია და მგზავრობის ხანგრძლივობა 8-10 საათიდან შემცირდება 3 საათამდე. გზის პირველი ეტაპი 2012 წელს - ახალი გვირაბი და მეორე ეტაპი 2014 წელს დასრულდება.
- ასევე დასრულდება თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა.
- დასრულდება ევროპასთან დამაკავშირებელი რკინიგზის (ბაქო-თბილისი-ყარსის) მშენებლობა და საქართველოს გავლით ტვირთები გადაადგილდება პეკინიდან ლონდონამდე.
- მოსახლეობის 70%-ზე მეტი (სოფლის მოსახლეობის ჩათვლით) იქნება გაზიფიცირებული.
უმუშევრობასთან ბრძოლის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს ეკონომიკის ისეთი დარგების ინტენსიური განვითარება, რომლებშიც საქართველოს დიდი პოტენციალი და შედარებითი უპირატესობა აქვს. ასეთი დარგებია ტურიზმი და ენერგეტიკა.
ალბათ დამეთანხმებით, რომ ბევრი ახსნა არ სჭირდება იმას, თუ რამდენად დიდია საქართველოს პოტენციალი ტურიზმის განვითარების მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ბედნიერება, გვქონდეს სამშობლო ყველაზე თვალწარმტაცი და მრავალფეროვანი ბუნებით, რასაც ემატება უნიკალური კულტურა, ისტორია და განუმეორებელი სტუმართმოყვარე ხალხი. არ არსებობს მიზეზი, რატომაც საქართველო არ უნდა ვაქციოთ მორიგ მსოფლიო ტურისტულ ცენტრად. არ არსებობს მიზეზი, რატომაც საქართველო არ უნდა იყოს ისეთივე საოცნებო დასვენების ადგილი, როგორიც არის დღევანდელი მსოფლიოს საუკეთესო კურორტული ზონები.
რაც მთავარია, ტურიზმის განვითარება გვინდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ უცხოელ დამსვენებელს მოვაწონოთ თავი, არამედ, უპირველესად, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის, ჩვენი ხალხის დასაქმებისა და მათი შემოსავლის ზრდისთვის.
განსხვავებით სხვა ეკონომიკური დარგებისაგან ტურიზმი ყველაზე სწრაფად იძლევა შემოსავალს, ტურიზმი არის საშუალება, რომ ყველაზე მოკლე ვადებში გამოვაცოცხლოთ ეკონომიკა საქართველოს ისეთ რეგიონებში, რომლებშიც დღეს უმუშევრობა და დეპრესიაა დასადგურებული.
სწორედ ამიტომ არის საქართველოს სახელმწიფო გადასული ტურიზმის განვითარების აქტიურ მოქმედებაზე საქართველოს ტურისტულ ზონებში. აქაც ისევე, როგორც სოფლის მეურნეობაში, ჩვენ დავინახეთ, რომ სახელმწიფოს აქტიური, ბიზნესთან მჭიდრო პარტნიორული, ჩაბმულობის შედეგად გაცილებით უფრო სწრაფად და კარგად ორგანიზებულად ხორციელდება პროგრესი.
ამიტომ, დღეს სახელმწიფოს პირდაპირი მონაწილეობითა და კერძო სექტორთან ძალიან ინტენსიური თანამშრომლობით იქმნება ახალი კურორტები და ვითარდება ტრადიციული ტურისტული კერები. ჩვენ ვაშენებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას, ვქმნით თავისუფალ ტურისტულ ზონებს, ვაძლევთ ინვესტორებს მაქსიმალურ სტიმულს. აღვადგენთ ქალაქებს, რომელთაც დიდი ტურისტული პოტენციალი აქვთ, ვაჩენთ ახალ ტურისტულ კერებს. ვაშენებთ ახალ სათხილამურო კურორტებს, ვცვლით ტურისტული ზონების იერსახესა და არქიტექტურას. 20-მდე სასტუმროს მშენებლობა დაიწყო ქობულეთში, 15 სასტუმროს ვვარაუდობთ ანაკლიაში და ამდენივეს - მესტიაში. ძალიან აქტიურად ვაწარმოებთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით.
თუმცა ჯერ ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით რა პოტენციალიც გაგვაჩნია ეკონომიკის ამ დარგში. ამიტომ გასაკეთებელი ჯერ ძალიან ბევრი გვაქვს და ტურიზმის სექტორში შესაქმნელი ახალი სამუშაო ადგილებიც ძალიან ბევრია.
ჩვენი გეგმა ამბიციურია, მაგრამ მას აუცილებლად შევასრულებთ - 2015 წლისათვის საქართველოში წლიური ვიზიტორების რაოდენობა ავა 5 მილიონზე და ამ დროისთვის ჩვენი ქვეყანა ტურისტებისთვის იქნება ზამთრის ტურიზმის ერთ-ერთი მსოფლიო ცენტრი. ბევრისთვის შეიძლება ეს წარმოუდგენლი იყოს დღეს, მაგრამ, დამერწმუნეთ, 3 წლის წინათ კიდევ უფრო წარმოუდგენლი იყო ის, რომ „ნიუ იორკ თაიმსი“ საქართველოს, ტურისტული მონახულების თვალსაზრისით, მსოფლიოს მეექვსე საუკეთესო ქვეყნად დაასახელებდა.
რაც შეეხება ენერგეტიკას, აქაც უნიკალურია ჩვენი ქვეყნის პოტენციალი და უახლოეს წლებში ჩვენ ამ სფეროს ვაქცევთ არა მარტო ელექტროენერგიის, არამედ ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილის გენერირების წყაროდ ჩვენი ხალხისთვის. 2015 წლისთვის საქართველოში აშენებული იქნება 17 ჰესი საერთო ჯამში 717 მგვტ. ელექტროენერგიის წარმოებით,...ხოლო მშენებარე მდგომარეობაში იქნება 13 ახალი ჰესი, ჯამში 1007 მგვტ. ელექტროენერგიის წარმოების მოცულობით. ეს იქნება ჩვენი ელექტროენერგიის წარმოების გაორმაგება. ეს არის მილიარდობით დოლარი ჩვენი ეკონომიკის განმტკიცებისთვის და ჩვენი მოქალაქეების დასაქმებისთვის...
რამდენიმე წლის წინათ ჩვენ დაგვემუქრა ენერგეტიკული დამოკიდებულების საფრთხე. მაშინ პრიორიტეტად დავისახეთ ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოპოვება და ეს მიზანი შევასრულეთ.
ახლა ჩვენ წინაშე ახალი პრიორიტეტი დგას - საქართველოში დღემდე არ ხდება ნავთობის გადამუშავება და ჩვენი ეკონომიკა მთლიანად იმპორტირებული ნავთობპროდუქტებით საზრდოობს, რაც, რასაკვირველია, აძვირებს ფასს და ნეგატიური გავლენა აქვს საერთო ფასებზე. ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას, რომელიც 2015 წლისათვის საქართველოში წარმოებული საწვავით მთლიანად დააკმაყოფილებს ჩვენი ქვეყნის მოთხოვნილებას და ჭარბ პროდუქციას გაიტანს ექსპორტზე. შედეგად, უფრო დაასტაბილურებს ფასებს საწვავზე. ამ დიდი პროექტის განსახორციელებლად უკვე აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან.
გარდა სტრეტეგიული დარგებისა, იმისათვის, რომ ვებრძოლოთ უმუშევრობას და შევქმნათ ინფლაციისგან დაცვის გრძელვადიანი გარანტიები, ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესება.
გასული წლის დამლევს, ანუ ერთი თვის წინათ, ჩვენ გამოვაცხადეთ ახალი ეკონომიკური კურსი, რომლის მიზნად დავსახეთ სახელმწიფო სტრუქტურებისა და ფისკალური ინსტიტუტების მთლიანი შემობრუნება ბიზნესისაკენ ისე, რომ საქართველოში შეიქმნას უკეთესი ბიზნესკლიმატი, რათა მეწარმე გრძნობდეს თავს კანონიერ, რაც მთავარია, სამართლიან გარემოში.
თავისი არსით, ახალი კურსი ურთულესი გამოწვევაა ჩვენი სახელმწიფო სისტემისთვის. შევეცდები მოკლედ აგიხსნათ რატომ: ძალიან ბევრ ქვეყანაში ჯერ ოცნებაც კი შეუძლებელია იმაზე, რომ ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტები მუშაობდეს კანონის უზენაესობის პრინციპით. მიზეზი არის ერთი სიტყვა, რომელიც ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს საკმაოდ ახლო წარსულიდან - კორუფცია.
ჩვენი რეფორმის უმთავრესი ამოცანა იყო ის, რომ გადაგველახა კორუფციული ბარიერი და მიგვეღწია იმ მდგომარეობისათვის, როდესაც ჩვენი ფულის ამკრეფი სახელმწიფო სტრუქტურები იმუშავებდნენ კორუფციის გარეშე და იხელმძღვანელებდნენ კანონის პირუთვნელი დაცვის პრინციპებით. 1999 წელს, როდესაც ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად ვიყრიდი კენჭს, ბანერები მქონდა წარწერით: „საქართველო კორუფციის გარეშე“ და ხშირად, ეს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ. ჩვენ ეს დაპირება მთელი საქართველოს მასშტაბით შევასრულეთ. თავისთავად, ეს უკვე ჰგავდა შეუძლებელ ამოცანას 6-7 წლის წინ. მაგრამ ჩვენ ამას დიდი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მივაღწიეთ, ქართული ფისკალური ინსტიტუტები ყველა საერთაშორისო შეფასების სისტემის მიხედვით, დღეისათვის, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე არაკორუმპირებულებად ითვლებიან.
მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი გვერდითი ეფექტი და ჩვენს შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ არაკორუმპირებული სისტემის შექმნით მივიღეთ საკმაოდ მკაცრი და გადაცდომებისა და დარღვევებისადმი სრულიად შეუწყნარებელი, არამოქნილი სისტემა. შედეგად შეიქმნა განცდა, რომ სახელმწიფოს მხოლოდ დასჯა შეუძლია და არ შეუძლია თანამშრომლობა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერ ჩვენი სახელმწიფოებრიობის პირველ ნაბიჯებს ვდგამთ, ესეც არ არის გასაკვირი და ამისათვის არავინაა დასაძრახი. ბუნებრივია, რომ კანონის აღსრულება არაკორუმპირებული მეთოდებით გულისხმობს სიმკაცრეს, მით უმეტეს, უკანონობის ისეთი დიდი ტრადიციების ქვეყანაში, როგორიც იყო საქართველო უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში.
ჩვენ მიერ ერთი თვის წინ გამოცხადებული ახალი კურსის სირთულეც სწორედ ის არის, რომ ამით მიზნად დავისახეთ, სრულიად ახალ ეტაპზე გავიყვანოთ სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტების მუშაობის ხარისხი:
ჩვენ ვთქვით, რომ აღარ ვაპირებთ, დავკმაყოფილდეთ მხოლოდ იმით, რომ სისტემა არაკორუმპირებულია და მუშაობს კანონის უზენაესობის პრინციპით (რაც თავისთავად უკვე ძალიან დიდი მიღწევაა). ახალი კურსის გამოცხადებით, ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ გარდა ამისა სისტემა იყოს ბიზნესთან თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
- განახორციელოს არა მხოლოდ ადმინისტრირება, არამედ, იმავდროულად, მოემსახუროს ბიზნესს;
- არ ხუჭავდეს თვალს უკანონობაზე, მაგრამ ამას აკეთებდეს ისე, რომ მეწარმისთვის კომფორტული იყოს სახელმწიფოსთან ურთიერთობა;
- შეინარჩუნოს სიმკაცრე, მაგრამ, ამავე დროს, იყოს ობიექტური და სამართლიანი;
- იყოს არა მხოლოდ დამსჯელი, არამედ დამხმარეც და ხელშემწყობიც, რომ ნებსითი თუ უნებლიე დარღვევისა და გადაცდომის შემთხვევაშიც ბიზნესმა შეინარჩუნოს გადარჩენის, ფეხზე დადგომისა და განვითარების შანსი.
სისტემის ამ ღირსებებს უნდა გრძნობდეს უკლებლივ ყველა მეწარმე, რომელსაც შეხება აქვს სახელმწიფოსთან.
სწორედ ეს არის ახალი ეკონომიკური კურსის მთავარი გამოწვევა - იგი გულისხმობს მუშაობის ახალი კულტურის, ახალი ფილოსოფიის დანერგვას. გულისხმობს სახელმწიფოს მიერ თვითშეზღუდვის უნარის დემონსტრირებას და ისეთი ატმოსფეროს შექმნას, სადაც ბიზნესიც და სახელმწიფოც იგრძნობს, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ერთ სახლს ვაშენებთ და საერთო მიზანი გვამოძრავებს. ამის მისაღწევად, ყველა სახელმწიფო მოხელის მაქსიმალური მობილიზაციაა საჭირო.
თუმცა ფაქტია, რომ მხოლოდ ადამიანური მონდომება არ შველის ახალი ადმინისტრირების კულტურის დანერგვას. ამისათვის არც ცალკეული ხელმძღვანელი პირის ნებაა საკმარისი და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვა.
ეს ყველაფერი აუცილებელია, მაგრამ ახალი კურსის რეალობად ქცევას სჭირდება ცვლილებები კანონმდებლობაში. ჯერ ერთი თვეც არ არის, რაც ძალაში შევიდა ახალი საგადასახადო კოდექსი - რომლის უმთავრესი ღირსებაა ის, რომ იგი მკვეთრად ამცირებს სახელმწიფო ადმინისტრირების წნეხს ბიზნესის მიმართ და ბევრ ახალ ღირსებასთან ერთად, აყალიბებს სისტემას, რომელიც გამორიცხავს საგადასახადო სამსახურების მიერ კოდექსის ორმაგი ინტერპრეტაციის საფრთხეს, რაც აქამდე მეწარმეებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა.
ახალი კურსის განხორციელებას სჭირდება სხვადასხვა პროცედურის მნიშვნელოვანი გამარტივება - რაც ასევე აქტიურად მიმდინარეობს. მაგალითად, უნიკალური შესაძლებლობები ჩნდება ჩვენი მეწარმეებისთვის ინტერნეტის მეშვეობით, საკუთარი ოფისებიდან გაუსვლელად.
რაც მთავარია, ახალი კურსის განხორციელებას სჭირდება ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც ისე იქნება დაპროექტებული, რომ რეალურად შესაძლებელი იყოს, მაგალითად, ტვირთის ერთ საათში განბაჟება; სადაც ნაფიქრი იქნება ყველა დეტალზე, რაც მეწარმეს უფრო კომფორტული და სწრაფი მუშაობისთვის სჭირდება; სადაც არ იქნება მრავალი სარკმელი და მრავალი კაბინეტი, საიდანაც სხვადასხვა ცნობა თუ ბეჭედი ექნება მეწარმეს გამოსატანი; სადაც არ იქნება რიგები და, რაც მთავარია, სახელმწიფო მოხელეც და ბიზნესმენიც იგრძნობს თავს ღირსეულად, იგრძნობს თავს თანამშრომლურ და პარტნიორულ გარემოში; გარემოში, რომელიც ემსგავსება არა რაღაც დამსჯელი ორგანოს ადმინისტრაციას, არამედ მომსახურების ცენტრს.
თვე-ნახევრის წინ ჩვენ ასეთი ინფრასტრუქტურული ნოვაციის პირველი მერცხალი გავხსენით თბილსში და ძველი „ტერმინალის“ ნაცვლად გაჩნდა ახალი ტერმინი - გაფორმების ეკონომიკური ზონა - გეზი. ასეთივე გეზი გაიხსნა ბათუმში და უახლოეს დღეებში იხსნება უკვე ფოთში. ყველას კარგად გვახსოვს რა ხდებოდა ტერმინალებში - გაუთავებელი რიგები, იმპორტიორებისთვის შექმნილი არაადამიანური პირობები, ზოგჯერ კვირების განმავლობაში გაჩერებული პროდუქცია... დღევანდელი გეზები მომხმარებელს სრულიად საპირისპირო გამოცდილებას სთავაზობს.
22 წლის თამთა ხარებავა, რომელიც ერთ-ერთი ასეთი გეზის ახალი თანამშრომელია, დღეს ჩვენი სტუმარია, რადგანაც მან 6 წუთში მოახერხა იმპორტიორის მიერ შემოტანილი მთელი ტვირთის გაფორმება. ვინც იცის რა პროცედურებთან და რა დროსთან იყო სულ ცოტა ხნის წინ ტვირთის განბაჟება დაკავშირებული, დამეთანხმება, რომ 6 წუთში ამის გაკეთებაზე ფიქრი, მაშინ, ყველაზე თამამი ფანტაზიორისთვისაც კი, წარმოუდგენელი იქნებოდა. დღეს კი ეს რეალობაა, დღეს თამთა არის ახალი ქართული ეკონომიკური კურსის სახე.
უმუშევრობასთან ბრძოლაში ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მეწარმეს საქართველოში იყოს ოპტიმისტი, თავდაჯერებული და ჰქონდეს განცდა, რომ მას უსამართლოდ არავინ მოექცევა. მხოლოდ ასეთი მეწარმე არის მზად გასწიოს ბიზნესრისკი, ჩადოს ფული საკუთარი ბიზნესის გაფართოებაში და შესაბამისად შექმნას ახალ სამუშაო ადგილი.
თქვენ იცით, რომ მსოფლიო ბანკმა საქართველო მეცამეტე ადგილზე გაიყვანა ბიზნესის კეთების სიმარტივის მსოფლიო რეიტინგში. ჩვენი გეგმაა, რომ 2015 წლისათვის საქართველო ამ კატეგორიაში მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შედიოდეს.
მეწარმის თავდაჯერებულობის ერთ-ერთი კომპონენტი არის ასევე ნებისმიერ ბიზნესსაქმიანობასათან მისი ხელმისაწვდომობა და ეკონომიკის სრული გახსნილობა - ანუ ეკონომიკა მონოპოლიების გარეშე!
თუ ეკონომიკა მონოპოლიური სტრუქტურებითაა ჩაკეტილი, იგი ვერ ვითარდება, ბაზარი კი მხოლოდ კონკურენციის შედეგად იღებს მომხმარებლისთვის ყველაზე ხელსაყრელ ფასად პროდუქციას.
ამიტომ, დღიდან ჩემი გაპრეზიდენტებისა, ერთ-ერთი მანკიერება, რომელსაც ვებრძვით არის მონოპოლიების არსებობა და ეკონომიკის ცალკეული სექტორების ჩაკეტილობა. იმ ტრადიციების გათვალისწინებით, რაც ქართულ ეკონომიკას ჰქონდა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, ეს ბრძოლა არ იყო ადვილი.
არსებობდა უამრავი ბიუროკრატიული ინსტრუმენტი, ლიცენზიებისა და ნებართვების სახით, რაც კორუმპირებულ მოხელეებს შესაძლებლობას უქმნიდა საკუთარი ინტერესების შესაბამისად ჩაეკეტათ ცალკეული სექტორები და ჩამოეყალიბებინათ ხელოვნური მონოპოლიები. ჩვენ ეტაპობრივად გავანეიტრალეთ ასეთი საშუალებები, გავამარტივეთ ბიუროკრატიული პროცედურები, გავაუქმეთ ლიცენზიებისა და ნებართვების 85 პროცენტი, სრულიად დაუბრკოლებელი და სუბიექტური ჩარევისგან თავისუფალი გავხადეთ არსებული ლიცენზიების მოპოვების მექანიზმი. ამასთან, მაქსიმალურად გავხსენით საბაჟო და შევზღუდეთ კორუფციული გარიგებების არეალი.
შედეგად, სულ რაღაც სამი თვის წინათ, გასული წლის ნოემბერში, მსოფლიო ბანკის ყველაზე ავტორიტეტულმა კვლევამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც (ციტირებას ვახდენ) „საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორი არის მთლიანად გახსნილი ინვესტიციებისათვის და საქართველოში არ არსებობს მონოპოლიური და ოლიგოპოლიური საბაზრო სტრუქტურები“.
ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თავი მოვიწონოთ, ეს არის შანსი ხალხმა უსაფრთხოდ იგრძნოს თავი და დაიწყოს ბიზნესი, შესაბამისად, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები.
ამავე დასკვნის მიხედვით, საქართველოში არ ფიქსიდრება არც ერთი შემთხვევა, როდესაც რომელიმე ბიზნესს შეექმნა ამა თუ იმ ლიცენზიის აღების სუბიექტური პრობლემა. საქართველოს ეკონომიკაში მონოპოლიური საშუალებებით პროდუქციაზე ფასების მანიპულაციები აღკვეთილია და ასეთი შესაძლებლობის არსებობას არ დავუშვებთ!
გარდა ამისა, ინფლაციისაგან ჩვენი ეკონომიკის გრძელვადიანი დაცვის გარანტიების შესაქმნელად, აუცილებელი ელემენტია ეროვნული წარმოების განვითარება და ექსპორტ-იმპორტის ბალანსის გამოსწორება.
ამ მიზნით, ჩვენი პრიორიტეტია ქართული პროდუქციისთვის ახალი საერთაშორისო ბაზრების გახსნა, ჩვენი პროდუქცია ბოლო წლებში პირველად გამოჩნდა ისეთი ქვეყნების დახლებზე, სადაც ადრე არაფერი ქართული არ იყიდებოდა, მაგრამ ჯერ ვითარება არ არის დამაკმაყოფილებელი. ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჰქონდეს გაფორმებული ამერიკასა და ევროკავშირთან. ეს ბაზრების ათვისების წარმოუდგენელ მასშტაბებს გაუხსნის ქართულ პროდუქციას. 2015 წლისთვის კი, გაორმაგებული იყოს ჩვენი ექსპორტი და ნომინალური შიდა პროდუქტი. შესაბამისად გაორმაგდეს საექსპორტო სექტორში დასაქმებული ჩვენი თანამოქალაქეების რაოდენობა.
გარდა ეკონომიკის სტრატეგიული დარგებისა, ჩვენი პოტენციალი ძალიან დიდია, რესურსი არის ჩვენი ხალხის ნიჭიერება და ინტელექტი.
ჩვენი ბრძოლა უმუშევრობასთან არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკური სამუშაოების ამ მომსახურების სფეროდან ახალ სამუშაო ადგილების გაჩენას. ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ხალხის ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზება.
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წარმატების ერთ-ერთი კომპონენტი უნდა იყოს მაღალტექნოლოგიური წარმოების განვითარება. ამას ალტერნატივა არ აქვს. მომავალი 6 წლის განმავლობაში ჩვენ საქართველო უნდა ვაქციოთ ახალი ტექნოლოგიების წარმოების რეგიონულ ცენტრად, განვავითაროთ ინფორმატიკისა და გამოთვლითი მეცნიერებების ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკური დარგები.
სულ მალე საქართველოში ამუშავდება პირველი ქართული კომპიუტერული წარმოება. ახალ ქართულ ქარხანას ექნება მსოფლიო კომპიუტერული გიგანტის - "ინტელის" ლიცენზია და ქართული ბრენდი გამოუშვებს მაღალტექნოლოგიური კომპიუტერულ ნაწარმს დაწყებული პერსონალური კომპიუტერებით და დამთავრებული ე.წ. ლეპტოპებითა და ნეტბუკებით. ქარხანაში იმუშავებენ ქართველი სპეციალისტები. „ინტელს" ევროპაში მხოლოდ პორტუგალიაში აქვს ერთი ქარხანა, ყოფილ საბჭოთა კავშირში კი - მხოლოდ რუსეთში. ასე რომ, საქართველო იქნება ევროპაში მესამე ქვეყანა, სადაც „ინტელის" ქარხანა გაიხსნება.
ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი პროგრამისტები, რომელთაც მსოფლიო სტანდარტის კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის წარმოება შეუძლიათ.
ასეთი სპეციალისტები არიან დათო სახვაძე და ირაკლი ქოქრაშვილი. დათო და ირაკლი ხელმძღვანელობდნენ ქართველ პროგრამისტთა და გრაფიკოსთა 20-კაციან ჯგუფს, რომელთაც რამდენიმე დღის წინ თანამედროვე სტანდარტის პირველი ქართული კომპიუტერული თამაშის პრეზენტაცია გააკეთეს. მათი მაგალითი იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც გვაჩვენებს, რომ ჩვენს პროგრამისტებსაც შეუძლიათ მაღალხარისხიანი, კონკურენტუნარიანი კომპიუტერული პროდუქციის წარმოება და თუ მათ ხელშეწყობა ექნებათ, თუ მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიის განვითარებაზე ზრუნვას დავიწყებთ, მათთან ერთად კიდევ უამრავ ქართველ სპეციალისტს გაუჩდება საქმიანობის ასპარეზი, საშუალება, რომ დიდ ბიზნესად და შემოსავლად აქციონ თავიანთი კომპიუტერული ცოდნა.
დღეს უკვე მულტიმილიარდიანი გლობალური კომპიუტერული კომპანიები, რომლებმაც კაცობრიობის ცხოვრებისა და საქმიანობის წესი შეცვალეს, თავის დროზე უბრალო, არაფრით გამორჩეული, მაგრამ ინფორმატიკით გატაცებული ბავშვების ფანტაზიებში წარმოიშვნენ.
ჩვენ დავიწყეთ პირველკლასელებისთვის კომპიუტერების დარიგება, და ვინ იცის, იქნებ, საქართველოს სოფლებსა თუ ქალაქებში უკვე უკირკიტებენ იმ კომპიუტერებს ჩვენი ბავშვები, რომლებიც წლების შემდეგ მსოფლიოს ახალ ბილ გეითსებად, სტივ ჯობსებად და მარკ ცუკერბერგებად მოევლინებიან.
საქართველოს მოდერნიზაციის ჩვენი გეგმის მიხედვით, 2013 წლისთვის საქართველოში იფუნცქიონირებს საერთაშორისო სტანდარტის მქონე რეგიონული საინჟინრო-ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც მაღალი ტექნოლოგიების მწარმოებელი, უმაღლესი დონის სპეციალისტების ახალ თაობებს გაზრდის.
ახალი თაობა ვახსენე და არ შეიძლება არ შევეხოთ განათლების სფეროს. ჩვენ გვაქვს გარკვეული წინსვლა განათლების სისტემაში, სკოლებში სწავლის პროცესი გააქტიურდა, აღარ არის კორუფცია და სწავლა უფრო მეტად ფასდება, ვიდრე ოდესმე; მშობელს აღარ ეშინია ბავშვის სკოლაში გაშვება და სკოლაში გატარებული წლები აღარ არის ფუჭად დახარჯული.
მაგრამ ჯერ ძალიან ბევრი გვიკლია იქამდე, რომ განათლების სისტემა სრულად გამართულად ჩავთვალოთ. ჯერ ძალიან ბევრი სკოლაა, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. ჯერ ძალიან ბევრი მოსწავლეა, რომლებიც გაცილებით მეტ საშუალებას იმსახურებენ XXI საუკუნის განათლების მისაღებად, ჯერაც ძალიან დაბალია ის ანაზღაურება, რომელსაც მასწავლებლები იღებენ.
არადა განათლებაა გასაღები ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმატებისა. განათლებას ეფუძნება ის, იქნება ჩვენი ქვეყანა პერსპექტიული თუ ჩაიძირება უპერსპექტივობის მორევში. განათლება განაპირობებს შევძლებთ თუ ვერა საქართველოს მოდერნიზაციას და თანამედროვე, კონკურენტუნარიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას.
ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ სკოლებისა და სასკოლო სისტემის განვითარებას; ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ კომპიუტერიზაციისა და ინტერნეტიზაციის პროგრამებს სკოლებში. ამიტომ, ჩვენ ვახორციელებთ პროგრამას, რომლის შედეგადაც ყველა სერტიფიცირებული მასწავლებელი მიიღებს 200-ლარიან დანამატს, ხოლო მასწავლებელთა ყველაზე მაღალკვალიფიციური ნაწილის ხელფასი 1000 ლარს გაუტოლდება.
ქეთევან კლიმიაშვილი ახალგაზრდა პედაგოგია, მან ცოტა ხნის წინ დაიწყო მუშაობა და ახლა მათემატიკასა და ინფორმატიკას ასწავლის 27-ე საშუალო სკოლაში, მისი ხელფასი 400 ლარს არ აღემატება. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტს იმსახურებს ისიც და საქართველოს ყველა პედაგოგი. დარწმუნებული ვარ, რომ ქეთევანი შეძლებს სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარებას, რომელიც მას ავტომატურად 200 ლარს დაუმატებს ხელფასზე, ხოლო თუ თავისი შედეგით საუკეთესო 25 პროცენტში მოხვდება, მისი ხელფასი 1000 ლარი გახდება. ეს, რა თქმა უნდა, არ მოაგვარებს ჩვენი პედაგოგების ყველა პრობლემას, მაგრამ იმის გარანტიას მაინც შექმნის, რომ ღირსეული, მასწავლებლის შესაბამისი ანაზღაურება ჰქონდეს.
2015 წლისათვის ყველა სკოლა იქნება შვედეთისა და ჰოლანდიის სტანდარტების შესაბამისი, აღჭურვილი პერსონალური კომპიუტერებითა და ინტერნეტით. ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ყველა ოჯახისთვის.
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების მოდერნიზაციისათვის არის ის, თუ რამდენად შევძლებთ ჩავებათ მსოფლიო ეკონომიკურ ფერხულში ისე, რომ ჩვენი მოქალაქე იყოს კონკურენტუნარიანი, რომ მას შეეძლოს საქმიანობა და აზროვნება გლობალური მასშტაბით და არ იყოს შეზღუდული, არ იყოს მოქცეული მხოლოდ ქვეყნის ფარგლებში, რომ მას შეეძლოს გაიზიაროს, ისწავლოს და საქართველოში შემოიტანოს ის ცოდნა, რომელიც არა მარტო ჩვენმა ერმა, არამედ მთელმა კაცობრიობამ დააგროვა და ამით გაამდიდროს ჩვენი ეროვნული ინტელექტი და გააძლიეროს საქართველო - ისევე, როგორც თავის დროს, ამას თერგდალეულები აკეთებდნენ ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, როდესაც მათ საქართველოში შემოჰქონდათ ევროპული განათლება. ამას კი, უპირველესად, სჭირდება საერთაშორისო ენის - ინგლისურის ძალიან კარგად ცოდნა. თუმცა ჩვენ უნდა წავახალისოთ სხვა ევროპული და მოწინავე აზიური ქვეყნების ენების ცოდნაც.
პიტერ რუთსი ინგლისელი პროფესორია კემბრიჯის უნივერსტეტიდან, რომელიც უკვე 6 თვეა თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა სიმონეთში ცხოვრობს და იქაურ ბავშვებს ინგლისურს ასწავლის. მინდა მივესალმოთ პიტერს და მასთან ერთად, ასეულობით ამერიკელ, კანადელ, დიდ ბრიტანელ, ავსტრალიელ და ახალ ზელანდიელ ინგლისურის მასწავლებელს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში ჩვენ ბავშვებს არა მარტო ინგლისურს ასწავლიან, არამედ უხსნიან გზას მსოფლიო მოქალაქეობისაკენ.
ამავე დროს, არ გვავიწყდება ზრუნვა ყველა იმ მოქალაქეზე, რომელიც ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს, სრულად ჰქონდეს გახსნილი გზა საკუთარი შესაძლებლობების, უნარებისა და მიზნების რეალიზაციისთვის საქართველოში. მე სიამაყით ვაცხადებ, რომ შარშან ჩვენ ავამუშავეთ სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი აზერბაიჯანელი, სომეხი, აფხაზი, ოსი და სხვა ეროვნების მოქალაქეებისთვის ქართული უმაღლესი განათლების სისტემისაკენ გზის გახსნას, განათლების მიღებისა და გამოცდების ჩაბარების გამარტივებას. მათ შორის, არიან ისინიც, ვინც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.
საქართველოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი თითოეული მოქალაქე ზუსტად ისეთივე შვილია ჩვენი ქვეყნისა, როგორც ნებისმიერი ქართველი - ისეთივე ძვირფასი და ისეთივე საჭირო. ადრე ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების სისტემა, პრაქტიკულად, ჩაკეტილი იყო. ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს, ერთად ვაშენებთ საქართველოს მომავალს და თანაბარი შესაძლებლობები უნდა გვქონდეს წარმატების მისაღწევად. ეს არის ჩვენი არა მარტო განათლების სისტემის, არამედ მმართველობის უმთავრესი პრინციპი.
როგორც დასაწყისში გითხარით, ეს ტრიბუნა დღეს ხალხს ეკუთვნის და მინდა ყველა სახელმწიფო მოხელემ იცოდეს, რომ მთელი მათი მოღვაწეობაც ხალხისთვის არის. ხშირად მთავრობა დაკავებულია დიდი პროექტებით, მაკროეკონომიკური ამოცანების გადაწყვეტით და ავიწყდება მიკრო, თითოეული ადამიანის მასშტაბის ეკონომიკა, ის პატარა პრობლემები, რომლებითაც უთენდებათ და უღამდებათ ჩვენს ოჯახებს....
ძალიან ბევრგან საქართველოში, უბრალო ადამიანებთან საუბრისას ვაწყდები მოსაზრებას, რომ მთავრობა ზრუნავს ქვეყანაზე, მაგრამ ისე არ ზრუნავს ხალხზე, როგორც საჭიროა. რა თქმა უნდა, ქვეყანაზე ზრუნვა თავისთავად ნიშნავს ხალხზე ზრუნვასაც, მაგრამ ამ მოსაზრებაში მართლაც არის გარკვეული ლოგიკა. ხალხს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა, შეიძლება ყველა პრობლემის გადასაჭრელად ცალკე სოციალური პროგრამა არ არსებობდეს, ამას ვერც ერთი ქვეყნის ბიუჯეტი ვერ ეყოფა, მაგრამ უბრალო ადამიანები უნდა გრძნობდნენ, რომ მათი პრობლემის შესახებ კარგად იციან მთავრობაში, რომ მათ ტკივილს გრძნობს სახემწიფო მოხელე, რომელიც სინამდვილეში კაბინეტში არა საკუთარი წარმატებისთვის, არამედ ხალხის მოსამსახურედ ზის.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო, სადაც ჩვენს ხალხს თანადგომა სჭირდება, არის ჯანდაცვა. ეკონომიკურმა კრიზისმა და შემდეგ ომმა მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია პროგრამაზე, რომელსაც ყველა იცნობდა, როგორც 100 საავადმყოფოს პროგრამას. არადა, დღევანდელი მდგომარეობით ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს ხელმისაწვდომობა თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებებთან და დისტანცია, ერთი მხრივ, აძვირებს მათი ჯანდაცვის ხარჯებს ხოლო, მეორე მხრივ, შეუძლებელს ხდის სისტემატურ მკურნალობას.
ჩვენ არ დავივიწყეთ დაპირება 100 საავადმყოფოს შესახებ, გამოვნახეთ ახალი საშუალებები და დაფინანსების წყაროები და შედეგად, 2013 წლისთვის საქართველოში იფუნქციონირებს 100-ზე მეტი ახალი, თანამედროვე კლინიკა და ჰოსპიტალი. მთელი ჰოსპიტალური სექტორი იქნება პრივატიზებული, რაც გამორიცხავს კორუფციას ჯანდაცვის სიტემაში და უზრუნველყოფს მაღალი დონის მომსახურებას.
თუმცა იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანდაცვა იყოს მაღალ დონეზე, ისეთ დაავადებათა მკურნალობას, რომლებიც კერძო კლინიკებისთვის კომერციულად მიმზიდველი არ არის, საკუთრებაში დაიტოვებს სახელმწიფო. ეს მიმართულებებია ფსიქიატრია, ტუბერკულოზი, ინფექციური დაავადებები და შიდსი. ასევე, შენარჩუნდება ყველა არსებული ჯანდაცვის პროგრამა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეებისთვის.
გარდა ამისა, ჩვენ ვაძლიერებთ ჯანდაცვის დაზღვევის კომპონენტს და, რაც მთავარია, ვცდილობთ, რომ ხელმისაწვდომი გახდეს იგი. 2015 წლისათვის უკვე დაზღვეულ მილიონ-ნახევარ ადამიანს კიდევ ერთი მილიონი დაემატება და ჯამში 2 მილიონ-ნახევარი დაზღვეული მოქალაქე გვეყოლება.
მას შემდეგ რაც გასულ წელს ამ ტრიბუნიდან მოგმართეთ ყოველწლიური ანგარიშით, ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამართლებრივი რეფორმა განიცადა.
უკვე ძალაში შევიდა კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც, წელს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ჩატარდება სასამართლო პროცესი, სადაც განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ - ანუ ჩვეულებრივი, პატიოსანი და ღირსეული მოქალაქეები განახორციელებენ მართლმსაჯულებას. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი და ისტორიული ნაბიჯი ქართული სასამართლო სისტემის განვითარების საქმეში. ჩვენი სასამართლო მთლიანად შეჯიბრობითობის პრინციპზე იქნება დაფუძნებული, რაც განაპირობებს მის უფრო მეტ სანდოობას, სამართლიანობასა და ადამიანის უფლებების უკეთ დაცვას. მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრი რჩება, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ.
გასულ წელს ჩვენ არა მარტო პირველად ავირჩიეთ თბილისის მერი პირდაპირი წესით, არამედ გვქონდა თვისობრივად განსხვავებული, უფრო ცივილიზებული ატმოსფერო მთელი საარჩევნო კამპანიის დროს და არჩევნების დასრულების შემდეგაც. ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, შევძელით მაღალი პოლიტიკური მოწიფულობის დემონსტრირება, ამისთვის მადლობა მინდა ვუთხრა ხალხს და ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომლებმაც ამაში წვლილი შეიტანა, ასევე ჩვენს ოპონენტებს.
გასულ წელს ჩვენ, შევცვალეთ ქვეყნის კონსტიტუცია ისე, რომ მივიღეთ უფრო ძლიერი საპარლამენტო კონტროლი, უფრო ანგარიშვალდებული მთავრობა და უფრო ევროპული პოლიტიკური სისტემა.
ჩემი შარშანდელი გამოსვლისას, მე მოვუწოდე პოლიტიკურ პარტიებს, ჩვენ შორის არსებული განსხვავებების მიუხედავად, ერთად შეგვემუშავებინა კონსტიტუციის ახალი პროექტი. მინდა დღეს მადლობა გადავუხადო ოპოზიციურ პარტიებს იმისათვის, რომ ისინი ასე აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი ამ ერთობლივ მუშაობაში.
ჩვენი ახალი კონსტიტუცია ნამდვილი მაგალითია იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი პარტნიორობა განსხვავებული პოლიტიკური პოზიციების მქონე პარტიებს შორის და რამდენად ეფქტიანი გამოდის ასეთი თანამშრომლობა, როდესაც პრიორიტეტი არა პარტიული ინტერესი, არამედ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვაა. ეს იყო ნამდვილად ისტორიული პროგრესი დემოკრატიის შენებისა და ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის ფორმირების პროცესში.
მინდა მივესალმო ამ პროცესში აქტიურად ჩაბმულ საზოგადოებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. დემოკრატიული წარმატება იყო არა მარტო შედეგი - ახალი კონსტიტუციის სახით, არამედ ის პროცესი, რომლის საშუალებითაც ამ შედეგამდე მივედით.
რა თქმა უნდა, გვყავდა მკვეთრი ოპონენტებიც, რომლებმაც უარი განაცხადეს მიეღოთ მონაწილეობა კონსტიტუციის განხილვაში, მათი კრიტიკული პოზიცია ჩვენ ტელევიზიებითა და სხვა მედიასაშუალებებით გვესმოდა -... მე მივესალმები მათაც, რადგან ჩვენი დემოკრატის ძალა ზუსტად ამ პლურალიზმშია.
მინდა ვისარგებლო დღევანდელი გამოსვლით, და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას შემდგომი თანამშრომლობისაკენ და სახელისუფლო შტოებს შორის კონტროლისა და ურთიერთდაბალანსების სიტემის ერთობლივად განხორციელებისაკენ.
მივესალმები დიალოგის პროცესს, რომელიც ახლა მიმდინარეობს პარტიებს შორის და მიზნად ისახავს საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწას.
პოლიტიკურ პარტიათა შორის თანამშრომლობა არის ის, რასაც ძალიან დიდი ხანია პოლიტიკოსებისაგან ითხოვს ჩვენი საზოგადოება.
არადა, ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებისა და მთელი ერის ერთსულოვნება მაშინ, როდესაც საქმე ეხება ნაციონალური უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების საკითხებს.
ჩვენი ქვეყანა, ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით კვლავ რთული რეალობის წინაშე დგას. საქართველოს დამოუკიდებლობასა და მთლიანობას კვლავ უპირისპირდება ძლიერი მტერი.
მაგრამ გასული წლის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვან დიპლომატიურ წარმატებას მივაღწიეთ. დღეს უკვე საერთაშორისო საზოგადოება ოკუპანტად მოიხსენიებს რუსეთს. დღეს აღარ არსებობს კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მხარესაა საერთაშორისო სამართალი. დღეს საქართველოსადმი პოლიტიკური მხარდაჭერა იზრდება ყველგან. უფრო და უფრო ღრმავდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ურყევია ჩვენი კურსი ევროკავშირისა და ნატოსკენ.
დღეს ყველა ხედავს, რომ მთლიანად ჩაფუშულია გეგმები საქართველოს იზოლაციისა და მისი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ასაღიარებლად. დღეს მთელი მსოფლიო ხედავს ვინ არის აგრესორი და ვინ იბრძვის მშვიდობის შესანარჩუნებლად. ვინ აშენებს სამხედრო ბაზებს და ვინ აცხადებს უარს ძალადობრივი გზით ურთიერთობების გარკვევის შესახებ.
ჩვენი მყარი პოზიციაა ვუერთგულოთ მშვიდობას, და მშვიდობით, არაძალადობით, შენებით, განვითარებითა და რეფორმებით გავამთელოთ ის, რაც ომმა და აგრესიამ დაანგრია. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ და გვსურს რუსეთთან დიალოგი, მაგრამ არასდროს შევეგუებით საქართველოს დანაწევრებას და ჩვენი სამშობლოს ოკუპაციას. არასოდეს დავთმობთ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს და ევროატლანტიკურ კურსს.
ჩვენ კვლავ უდიდესი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ძალა, რომელიც ახლა ჩვენს დანაწევრებას ცდილობს, კაცობრიობის ისტორიული დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მოცურავედ იქცა და მისი მიზნის განხორციელებას მომავალი არ გააჩნია.
მომავალი არ გააჩნია რუსეთის ხელმძღვანელობის დღევანდელ კურსსაც, რომელიც იმპერიის შენარჩუნებას და აღდგენას ისახავს მიზნად. იმპერიის იდეა ჯერაც ცოცხლობს, მაგრამ XXI საუკუნეში მას აღარ გააჩნია სიცოცხლის უნარი და არსებობის პერსპექტივა. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილება გვასწავლის, რომ ისინი, ვინც იმპერიების აღდგენაზე ოცნებობენ, სწორედ დასუსტების პროცესში ხდებიან ყველაზე სახიფათონი. ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს და ამიტომ გვმართებს ასმაგი სიფრთხილე, რათა გარდაცვლილი საბჭოთა იმპერიის ხელოვნურად გაცოცხლების მცდელობამ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოება არ შეიწიროს.
დღეს საქართველოს თავისუფლებას ალტერნატივა არ გააჩნია. დღეს ისტორიული ლოგიკა ჩვენს მხარეზეა და ამიტომ, საქართველო, რა თქმა უნდა, იქნება მთლიანი!
ხოლო სანამ ეს მიზანი განხორციელდება, უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ზრუნვა დევნილ მოსახლეობაზე. ძალიან ბევრი მათგანი ჯერაც რთულ პირობებში ცხოვრობს. ბევრი ჯერაც საკუთარი სახლის გარეშეა დარჩენილი და ისევ დროებით თავშესაფარს იყენებს საცხოვრისად, ჯერაც ძალიან რთული კომუნალური პირობებით.
იმას, რაც მათ დროებით წაართვეს - საკუთარ, მამაპაპისეულ კარ-მიდამოს ვერაფერი ჩაანაცვლებს, მანამ, სანამ თითოეული ლტოლვილი არ დაიბრუნებს საკუთარ ქონებას.
მაგრამ, სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა ჩვენს თანამემამულეებს დევნილობაშიც უფრო ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
ამ ვალდებულების ფარგლებში მიმდინარეობს დევნილების დროებითი თავშესაფრების ნაცვლად კერძო, მათ საკუთრებაში არსებულ ბინებში განსახლება.
რა თქმა უნდა, საცხოვრებლის შეცვლა ყველა შემთხვევაში წარმოშობს სირთულეებს. მეტიც, ეს პროცესი, უდავოდ, ძალიან მტკივნეულია, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მათ უკვე არაერთხელ მოუწიათ ამ ტკივილის განცდა. ჩვენც გვტკივა მათთან ერთად, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ მოვახდინოთ დევნილთა ცხოვრების ტრანსფორმაცია არალეგალური მდგომარეობიდან სამართლებრივად გამართულ, არაპროგნაზირებადიდან პროგნოზირებად, არასტაბილურიდან სტაბილურ მდგომარეობაში.
შედეგად, უკვე 25 ათასამდე დევნილი ცხოვრობს საკუთარ ბინაში ან აქვს საკუთარი კარ-მიდამო, ქონება, რომელიც მისი საკუთრებაა ნაცვლად ფართობისა, სადაც ის დროებით იყო შეხიზნული.
მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, გასაკეთებილი ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის ძალიან ბევრია. ჩვენი უმთავრესი ვალდებულებაა მუდმივი ზრუნვა დევნილთა კომუნალური პირობების გაუმჯობესების შესახებ. სარემონტო სამუშაოებისათვის უკვე გამოყოფილია სათანადო თანხა და მომავალი 12 თვის განმავლობაში ყველა კომპაქტური ჩასახლების ადგილას ჩატარდება აღდგენითი სამუშაოები.
მე გულისყურითა და გაგებით ვეკიდები დევნილთა ყველა სატკივარსა თუ საჩივარს. მათთან ერთად მეც უკმაყოფილო ვარ ცხოვრების იმ პირობებით, რომელშიც ისინი იმყოფებიან. ამიტომ ვცდილობთ, რომ შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ ყველა მათგანს მძიმე ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში. ზრუნვისა და თანადგომის გარეშე არც ერთი ლტოლვილი ოჯახი არ დარჩება!
მათი ღირსეული ცხოვრების ახალი კერები შერჩეულია საქართველოში არსებული განვითარების სურათის მიხედვით. ჩვენ ვავითარებთ ფოთს, სადაც შენდება თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და გვინდა, რომ იქ ჩასახლებულმა დევნილებმა თავისი წვლილი შეიტანონ ფოთის წარმატებაში. ბათუმი უკვე იქცა შავი ზღვის სასწაულად და იქ ჩასახლებულმა დევნილებმაც შეიტანეს თავიანთი წვლილი ბათუმის წარმატებაში. ანაკლია ახლა იბადება, როგორც მომავალი ტურისტული ცენტრი და მის განვითარებაშიც შეიტანენ წვლილს იქ მცხოვრები დევნილებიც. ეს არის მნიშვნელოვანი პრინციპი, რადგანაც საქართველოს ოკუპირებული მიწების დაბრუნებას მხოლოდ წარმატებული ხალხი შეძლებს.
ალბათ შეამჩნიეთ, რომ სხვადასხვა საკითხზე საუბრისას მე არაერთხელ დავასახელე 2015 წელი. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს განვითარების გრძელვადიანი გეგმის მიხედვით და 2015 წელი არის ამ გეგმის პირველი შედეგების შეჯამების წელი. ჩვენი გეგმა ეფუძნება საქართველოს შესაძლებლობებს, რეფორმათა მიმიდინარეობის არსებულ დინამიკას, ჩვენს რეალურ ადამიანურ და მატერიალურ რესურსებსა და უკვე დაწყებულ პროექტებს.
საქართველოს განვითარების გეგმა მოიცავს ეკონომიკის ყველა ძირითად სექტორსა და სახელმწიფო საქმიანობის ყველა მნიშვნელოვან სფეროს, ზოგიერთი მათგანის შესახებ უკვე მოგახსენეთ. რაც ჯერ არ მითქვამს არის ის, რომ 2015 წელს, ჩვენი გათვლებით და დღეს არსებული დინამიკის გათვალისწინებით, საქართველოს მოსახლეობა დაუბრუნდება 5-მილიონიან ნიშნულს. ამ დროისთვის, ჩვენი გეგმით, საქართველოს ბიუჯეტი იქნება გაორმაგებული, უმუშევრობა იქნება ორჯერ შემცირებული, საშუალო ხელფასი 50 პროცენტით გაზრდილი, ხოლო დღეს არსებული დინამიკისა და განხორციელებული დინამიკის მიხედვით, საქართველოს ექნება ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა. ამ მიზნების რეალიზაციას ემსახურება ყველა პროექტი, ყველა პროგრამა და ყველა რეფორმა, რომლებსაც ვიღებთ დღეს და განვახორციელებთ მომავალი წლების განმავლობაში. ეს ძალზე სოლიდურ და კონკრეტულ გათვლებზე დაფუძნებული გეგმებია და არც ისე შორსაა დრო, როდესაც ამას მივაღწევთ.
ჩემი გამოსვლის დროს მე რამდენჯერმე ვახსენე სიტყვა მოდერნიზაცია. ჩემი დღევანდელი მოხსენების ერთი სიტყვით დასათაურება რომ მომიწიოს, მე სწორედ ამ სიტყვას - მოდერნიზაციას შევარჩევდი. მეტიც, ვისურვებდი, რომ მოდერნიზაცია იყოს ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ამ ისტორიული ეტაპის, ჩვენი საზოგადოების დროსა და ეპოქასთან შეჯიბრების, ჩემი მთავრობისა და პირადად, მთელი ჩემი მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და შედეგი.
მოდერნიზაცია შეიძლება ზოგიერთისთვის სიტყვის მასალა იყოს, მაგრამ ჩვენთვის ეს ნიშნავს იმას, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნიდან საქართველო ვაქციოთ ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ; ნიშნავს კლანური და ტრაიბალისტური აზროვნების ჩანაცვლებას მოქალაქეობრივი თვითშეგნებით. მოდერნიზაცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქე იყოს უფრო განათლებული, უფრო კონკურენტუნარიანი, ჰქონდეს თანამედროვე ცოდნა და თავს გრძნობდეს საქართველოს პატრიოტად, მაგრამ, ამავე დროს, მსოფლიო მოქალაქედ, კაცობრიობის მედროშედ; თავისუფალ ადამიანად, ვისთვისაც ყველა შესაძლებლობა გახსნილია და რომელსაც არ გააჩნია არასრულფასოვნების კომპლექსი.
მოდერნიზაცია ნიშნავს სახელმწიფოს მიერ გატარებულ და გასატარებელ რეფორმებს, რომელთაც მივყავართ უფრო ცივილიზებულ, უფრო პროგრესულ, უფრო დემოკრატიულ სახელმწიფომდე;
ნიშნავს ცვლილებებსა და ინოვაციებს, რომლებიც გაგვინათებენ გზას უფრო გახსნილი, უფრო წარმატებული, უფრო თანამედროვე საზოგადოებისაკენ;
საზოგადოებისაკენ, რომელიც არ იკეტება საკუთარ ნაჭუჭში, რომელსაც არ გააჩნია ფობიები, არის მრავალეთნიკური და მრავალკომფესიური, რომელშიც ყველა თემი არის ქართველი ერის განუყოფელი ნაწილი;
საზოგადოებისკენ, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ მისტიროდეს წარსულს, ოცნებობს და ისწრაფვის მომავლისაკენ;
საზოგადოებისკენ, რომელიც შედგება თავისუფალი ადამიანებისაგან თავისუფალი აზროვნებით, თავისუფალი ცხოვრების წესით.
მოდერნიზაცია ნიშნავს გამარჯვებულ საქართველოს, სადაც პოლიტიკოსები და საზოგადოება ერთ მუშტად იქნება შეკრული ქვეყნის ინტერესების დასაცავად მაშინაც, როდესაც მათ შორის იქნება დიდი პოლიტიკური თუ იდეოლოგიური განსხვავებები. საქართველოს, სადაც ვეღარასოდეს დაბრუნდება ქურდული გაგება, ვეღარასოდეს მოიკიდებს ფეხს კორუფცია;... ნიშნავს საქართველოს, სადაც პიროვნების თავისუფლებაა ქვეყნის ქვაკუთხედი და რომელიც დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს საერთაშორისო სისტემაში, როგორც სუვერენული, ერთიანი და ძალზე წარმატებული სახელმწიფო, რომლის არსებობას ვეღარც ერთი იმპერია ვეღარ შეეცილება.
მოდერნიზებული საქართველო ნიშნავს განვითარებული ეკონომიკის მქონე საქართველოს, სადაც არის ბევრი სამუშაო ადგილი, ღირსეული შემოსავლის წყარო, კეთილდღეობის მოპოვებისა და შესაძლებლობების რეალიზების საშუალებებით ჩვენი მოქალქეებისთვის, რომელთაც მე დღეს თქვენ წინაშე წარმოვადგენ.
ამიტომ, ჩვენ ერთი წუთით არ ჩავხრით მუხლს საქართველოს მოდერნიზაციისათვის ბრძოლასა და შრომისათვის.
ამიტომ, ჩვენ გადავლახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას და დავძლევთ ნებისმიერ სირთულეს.
ამიტომ, ჩვენ ვიმოძრავებთ მხოლოდ წინ და აუცილებლად გავიმარჯვებთ!