სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა და მოქალაქეებმა საქართველოს პრეზიდენტს დაბადების დღე მიულოცეს
21 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტს დაბადების დღე მეგობრებისა და ახლობლების გარდა, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმაც მიულოცეს. მისალოცი ბარათები მიხეილ სააკაშვილმა ასევე საქართველოში მოქმედი საელჩოებისგან, ბიზნესმენებისგან და გამოჩენილი ადამიანებისგან მიიღო. მისალოცი წერილები საკუთარ პრეზიდენტს მოქალაქეებმაც გამოუგზავნეს. ერთ-ერთი ყველაზე გულთბილი მილოცვა მან თავისი პირველი მასწავლებლისგან ნინელი თათარიშვილისგანაც მიიღო, რომელმაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ, მას ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიხეილ სააკაშვილს იუბილე ტელეფონით მიულოცეს. საქართველოს პრეზიდენტს მათ ჯანმრთელობა, წინსვლა და წარმატებები უსურვეს ქვეყნის განვითარებისა და აღმშენებლობის საქმეში. საქართველოს პირველმა პირმა, თავის მხრივ, მათ ყურადღებისა და მილოცვისათვის მადლობა გადაუხადა.
მისალოცი ბარათები მიხეილ სააკაშვილმა დსთ-ის ქვეყნების ლიდერებისგანაც მიიღო.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა მიხეილ სააკაშვილს ოჯახთან ერთად ბედნიერება, ჯანმრთელობა და ნაყოფიერი შრომა უსურვა, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - მშვიდობა და აყვავება. ასევე, მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ყაზახეთის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა მომავალშიც დინამიკურად განვითარდება ამ ქვეყნების ხალხის საკეთილდღეოდ.
მიხეილ სააკაშვილმა მისალოცი ბარათი ორმხრივი თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავების იმედით, უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვისგანაც მიიღო. საქართველოს პრეზიდენტს, მან ძალზე საპასუხისმგებლო სახელმწიფო საქმიანობაში წარმატებები უსურვა, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - კეთილდღეობა.
საუკეთესო სურვილებით აღსავსე მისალოცი გამოუგზავნა მიხეილ სააკაშვილს მოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მიხაი გიმპუმ. ასევე მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სტიქიით დაზარალებულთა დახმარებისთვის. „კმაყოფილებით მსურს აღვნიშნო, რომ მოლდოვა-საქართველოს ორმხრივმა თანამშრომლობამ მაღალ ნიშნულს მიაღწია, მათ შორის, თქვენი პირადი ძალისხმევის წყალობით, რომელიც მიმართულია მოლდოვის მხარდაჭერისკენ მისი დემოკრატიზაციისა და ევროპული რეფორმების განხორციელების გზაზე. ჩვენ დიდად ვაფასებთ იმას, რომ პირადად მიიღეთ მონაწილეობა მოლდოვაში წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად და სტიქიური უბედურების ზონაში 20-ზე მეტი სახლი და საბავშვო ბაღი ააშენეთ", - აღნიშნულია წერილში. მიხაი გიმპუმ ქართველ ხალხს კეთილდღეობა და მშვიდობა უსურვა.
ორმხრივი თანამშრომლობისა და პარტნიორობის შეუქცევადი განვითარების იმედებით, ასევე საუკეთესო სურვილებით აღსავსე წერილი მიიღო მიხეილ სააკაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოსგან. ქართველ კოლეგას იგი ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, დაუშრეტელ ენერგიასა და აღმშენებლობით წარმატებებს უსურვებს სახელმწიფოს მეთაურის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.
საქართველოს პრეზიდენტს დაბადების დღე მიულოცა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჯონ ბასმა. როგორც მან აღნიშნა, საუკეთესო სურვილებში მას ის მეგობრები უერთდებიან, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტს ასე მრავლად ჰყავს ამერიკაში.
ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ წამოწყებულ ყველა საქმესა და მისწრაფებაში წარმატება უსურვა ქვეყნის მეთაურს თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა.
ძალზე თბილი წერილი გამოუგზავნა მიხეილ სააკაშვილს ვალდას ადამკუსმა (ლიტვის პრეზიდენტი 1998-2003, 2004-2009 წლებში), რომელმაც პრეზიდენტს საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაში წარმატებები უსურვა. მან ის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც იგი საქართველოს სტუმრობდა. იგი იმედოვნებს, რომ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესი კვლავაც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. „ღმერთი იყოს თქვენი მფარველი იმ კეთილშობილურ საქმეებში, რომლებიც საქართველოს საკეთილდღეოდ წამოიწყეთ", - აღნიშნულია წერილში.
იმ მრავალ ადამიანთა შორის, რომლებმაც საქართველო პრეზიდენტს დაბადების დღე მიულოცეს არიან კიევის მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი, უკრაინის რადას დეპუტატი, სახალხო არტისტი იაკოვ ტაბაჩნიკი, აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ნამიგ ალიევი, ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი, ესპანელი არქიტექტორი ალბერტო დომინგო კაბო და სხვები.