Google+

დოკუმენტები

27.05.2011
საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელი პირები ულოცავენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვიკტორ იანუკოვიჩმა მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებლობის იუბილე მიულოცა.

„უკრაინელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მთელი გულით გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავს. დარწმუნებული ვარ, რომ ტრადიციული, მეგობრული ურთიერთობა ჩვენ ქვეყნებს შორის კვლავ განვითარდება ჩვენი სახელმწიფოების სასარგებლოდ. ვსარგებლობ შემთხვევით და გისურთვებთ ჯანმრთელობას, საქართველოს მოსახლეობას კი მშვიდობას და აყვავებას", - აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის მისალოცში.

დამოუკიდებლობის დღე მიხეილ სააკაშვილს შვეიცარიის პრეზიდენტმა მიშელინ კალმი-რეიმ მიულოცა.

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენ და საქართველოს მთავრობას, ასევე ქართველ ხალხს გადავცე ჩემი და შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გულწრფელი მილოცვა. თქვენს ქვეყანას ვუსურვებთ აყვავებასა და კეთილდღეობას", - წერს შვეიცარიის პრეზიდენტი მიშელინ კალმი-რეი საქართველოს პრეზიდენტისადმი გამოგზავნილ მისალოც ბარათში.მიშელინ კალმი-რეი მადლობას უხდის მიხეილ სააკაშვილს თბილისში მოწვევისათვის და იმედოვნებს, რომ მისი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავების საფუძველი გახდება.

ლიტვის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილსა და ქართველ ხალხს ძლიერება კეთილგონიერება, მშვიდობა და შეუპოვრობა უსურვა. დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და ქვეყნის პირველ პირს თბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. ვრცელ წერილში ლიტვის ლიდერმა ყურადღება საქართველოს პროგრესზეც გაამახვილა და  აღნიშნა, რომ ამ წინსვლაში ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობასაც მიუძღვის წვლილი. ლიტვა კვლავაც რჩება საქართველოს მხარდამჭერად მისი ევროინტეგრაციის პროცესში. დალია გრიბაუსკაიტე მიიჩნევს, რომ ნატომ და ევროკავშირმა კვლავაც უნდა გააგრძელოს საქართველოს დახმარება მშვიდობისა და დემოკრატიის განვითარების საქმეში.

ისრაელის ხალხის სახელით, დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა მიულოცა. საქართველოსა და ქართველ ხალხს კეთილდღეობა და წინსვლა უსურვა.

„ჩვენ გვქონდა სიამოვნება გვეთანამშრომლა საქართველოსთან მეცნიერების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და სხვა სფეროებში. ჩვენ ქვეყნებს შორის მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირი ნათლად აისახება ისრაელისა და საქართველოს ურთიერთობებზე", -  აღნიშნულია ისრაელის პრეზიდენტის წერილში.

დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზიდენტს ისრაელის ვიცე პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმაც მიულოცა - „ბევრი ებრაელი, რომელთა ფესვები საქართველოდანაა, ახლაც გრძნობენ დიდ სიყვარულს თქვენი ერის, კულტურისა და ხალხისადმი. საქართველოდან წამოსულ ხალხს დიდი წვლილი მიუძღვის მუსიკის, კინემატოგრაფიისა და ხელოვნების განვითარებაში. ჩვენი სახელმწიფოები მუდამ იქნება დაკავშირებულნი საერთო ღირებულებებით, გამოწვევებითა და ინტერესებით. ჩვენ მოწოდებული ვართ გავაძლიეროთ კავშირი ჩვენ ერებს შორის და უფრო განვამტკიცოთ საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობა", -  ნათქვამია წერილში.

მიხეილ სააკაშვილსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმაც მიულოცა.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული ურთიერთობა დინამიკურად ვითარდება. ჩეხეთის რესპუბლიკას მიაჩნია, რომ საქართველო მისი მნიშვნელოვანი პარტნიორია და დაინტერესებული ვართ, ჩვენ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდება და გაძლიერდება", - აღნიშნულია მისალოც წერილში.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code