Google+

დოკუმენტები

19.05.2011
საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ულოცავენ

 

საქართველოს პრეზიდენტს  დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ულოცავენ. მისალოცი წერილები მიხეილ სააკაშვილმა საელჩოებისგანაც მიიღო.

საბერძნეთის პრეზიდენტმა კარლოს პაპულიასმა ბერძენი ხალხისა და პირადად თავის სახელით საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და კეთილდღეობა და წინსვლა უსურვა.  

ავღანელი ხალხის სახელით, დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხამიდ კარზაიმ მიულოცა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობა, საქართველოს - აყვავება, ხოლო ქართველ ხალხს კეთილდღეობა უსურვა.  

„ავღანელი ხალხი აფასებს ამჟამად არსებულ მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც ადასტურებს ორი ქვეყნის კეთილგანწყობასა და ურთიერთპატივისცემას. დარწმუნებული ვარ, რომ ავღანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდება და განვითარდება", - აღნიშნულია წერილში.  

საქართველოს პრეზიდენტმა ძალზე გულთბილი წერილი მიიღო ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტისგან. ალექსანდრე ლუკაშენკომ ქართველ კოლეგას მტკიცე ჯანრთელობა, კეთილდღეობა და ნაყოფიერი მოღვაწეობა უსურვა ქვეყნის განვითარების საქმეში, ხოლო ქართველ ხალხს - ბედნიერება და აყვავება.

„ბელარუსის რესპუბლიკის მოსახლეობისა და პირადად ჩემი სახელით,  თქვენ და ქართველ ხალხს მთელი გულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს.   გულწრფელად ბედნიერი ვარ იმით, რომ შემიძლია აღვნიშნო ბელარუსისა და საქართველოს თანამშრომლობის დადებითი დინამიკა.

დარწმუნებული ვარ,  რომ ბელარუს-საქართველოს მეგობრული ურთიერთობა, რომელიც პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს ეფუძნება, შეუქცევადად განვითარდება  ჩვენი მოსახლეობის  საკეთილდღეოდ", - ნათქვამია წერილში.

დამოუკიდებლობის დღე მიხეილ სააკაშვილს რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ მიულოცა.

„საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 20 წლისთავთან დაკავშირებით, ნება მომეცით, გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და საქართველოს ხალხს ვუსურვო მშვიდობა და კეთილდღეობა.

„ვართ რა საერთო სივრცის წევრები, ევროპული ღირებულებების მტკიცე საფუძველზე დამყარებული შესანიშნავი ურთიერთობები რუმინეთსა და საქართველოს შორის ხელს უწყობს უმაღლეს დონეზე პირდაპირ, უწყვეტ და გაღრმავებულ დიალოგს და ამასთან, განამტკიცებს პარტნიორულ ურთიერთობას და თანამშრომლობას ჩვენს ორ ქვეყანას შორის, რაც ჩვენი ხალხების ინტერესებს ემსახურება.

დარწმუნებული ვარ, რომ წელს, თბილისში ჩემი ვიზიტის დროს შევძლებთ განსაზღვროთ ახალი შესაძლებლობები ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების რამდენიმე სფეროში დივერსიფიკაციის მიზნით.

ვადასტურებ რა რუმინეთის მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესისადმი და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ იდენტურობას, ვსარგებლობ შემთხვევით ბატონო პრეზიდენტო რათა დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა", - აღნიშნულია წერილში.

საუკეთესო სურვილებით აღსავსე წერილი საქართველოს პრეზიდენტს პორტუგალიის საელჩომ გამოუგზავნა, რომელშიც პორტუგალიის პრეზიდენტი ანიბალ კავაკო სილვა მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code