Google+

სამართლებრივი აქტები

18.12.2012
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

N 1112        2012  წლის    17  დეკემბერი     ქ. თბილისი

საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და დემოკრატიული პროცესების განმტკიცების საქმეში სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის როლის გათვალისწინებით, სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:

 1. სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის პროექტის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შერჩევის მიზნით ჩატარდეს კონკურსი.

2. კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფისა და გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ნინო კალანდაძე

-

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, კომისიის თავმჯდომარე

ვან ბაიბურთი

-

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი

მუბარის კარაევი

-

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი

ვერა ქობალია

-

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი

ნატალია ყანჩელი

-

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი.

3. საკონკურსო კომისიამ უზრუნველყოს კონკურსის გამოცხადება, საკონკურსო პირობებისა და კონკურსის ჩატარების ვადების, აგრეთვე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების განსაზღვრა.

4. საკონკურსო კომისია საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს შერჩეულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელსაც, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოეყოფა 1 000 000 (მილიონი) ლარი მედიასაშუალებებზე ან/და სხვა შესაბამის ორგანიზაციებზე გრანტების კონკურსის წესით გაცემის მიზნით.

5. ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ასიგნებების გამოყოფა განხორციელდეს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. საკონკურსო კომისიის სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახური.

7. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

                                                                                                                                                                                         მიხეილ სააკაშვილი




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code