ქრონიკული და ინკურაბელური სენით შეპყრობილ პაციენტთა პალიატიურმა მზრუნველობამ, როგორც სისტემამ, გასული საუკუნის უკანასკნელ წლებში მიიპყრო ქართველ მედიკოსთა ყურადღება. კერძოდ, მას შემდეგ, რაც 1999 წელს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ხელშეწყობით კლასიკური და ტრადიციული მედიცინის აკადემიის მაშინდელი ხელმძღვანელები დ. კორძაია და ო. თოიძე მიწვეულ იქნენ პალიატიური მზრუნველობის ევროპული ასოციაციის VI კონგრესზე ქალაქ ჟენევაში. იქ პირველად იქნა გაცნობიერებული, რომ "პალიატიური მზრუნველობა" გულისხმობს იმ პაციენტთა სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას, რომელთა სრული განკურნებაც მედიცინის განვითარების მოცემულ ეტაპზე შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელი (და აუცილებელია) იმ დისკომფორტთან და ტკივილთან ბრძოლა, რომელიც წამყვანი ჩივილი ხდება აღნიშნული კონტიგენტისთვის; რომ შესაძლებელია პირადი ღირსებისა და სოციალური ფუნქციის ბოლომდე შენარჩუნება; რომ პალიატიური სამედიცინო დახმარება ნაკლებად უნდა ითვალისწინებდეს საფასურის გადახდას პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ და რომ ის უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფოსა და ქველმოქმედების ხარჯზე; რომ პალიატიური მზრუნველობის სისტემის ჩამოყალიბება წარმოადგენს ქვეყნისა და საზოგადოების ზნეობრივ-ეთიკური განვითარების კრიტერიუმს...
შემდგომში, ჩვენს ქვეყანაში პალიატიური მზრუნველობის სისტემის შექმნისა და დამკვიდრებისთვის ბრძოლა უკავშირდება პალიატიური მზრუნველობის ასოციაციის "ჰუმანისტთა კავშირის" და ა/ო "ონკოპრევენციის ცენტრის" სახელებს. ამ ორგანიზაციების ხუთწლიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოები, მოწვეულ იქნენ პირველი უცხოელი მასწავლებლები, გაჩნდნენ პირველი პარტნიორები, "ღია საზოგადოების ინსტიტუტის" და "ღია საზოგადოების ფონდის" მხარდაჭერით მომზადდა ექიმთა, ექთანთა და მოხალისეთა პირველი გუნდები, მოპოვებულ იქნა ქვეყნის ჯანდაცვის მესვეურთა და ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს მხარდაჭერა. თითქმის ყველაფერი მომზადდა პალიატიური მზრუნველობის ცენტრის ამოქმედებისთვის, მაგრამ... პრობლემად იქცა მედიკოსთა შრომის ანაზღაურებისთვის ფინანსების მოძიება.
სწორედ ამ გადამწყვეტ სიტუაციაში ინიციატორისა და ლიდერის როლი იტვირთა ქალბატონმა სანდრა რულოვსმა და მის მიერ დაფუძნებულმა საქველმოქმედო-ჰუმანიტარულმა ფონდმა "SOCO"-მ, რომელმაც სხვადასხვა სპონსორთა და დონორთა შემოწირულობებით დააფინანსა ასოციაცია "ჰუმანისტთა კავშირის" მიერ წარმოდგენილი "ბინაზე პალიატიური მზრუნველობის" ერთწლიანი პროგრამა, რაც გულისხმობდა ასზე მეტ პაციენტთან განხორციელებულ 3000-ზე მეტ ვიზიტს, უაღრესად შეჭირვებულ ადამიანთათვის პროფესიულ-სამედიცინო, სოციალური და მორალური მხარდაჭერის აღმოჩენას.
პროექტის დირექტორი პროფესორი დ. კორძაია აღნიშნავს:
"მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად ვიცნობ სხვადასხვა ქვეყნის პალიატიური მზრუნველობის სამსახურს, ნამდვილად არ მოველოდი ასეთ გამოძახილს და მხარდაჭერას პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების მხრიდან. ვფიქრობ, ამას თავისი მიზეზები აქვს: ჩვენი მობილური გუნდის წევრები პროფესიული თვალსაზრისით კარგად არიან მომზადებული; პაციენტებისა და მათი ოჯახების ერთი ნაწილის სიდუხჭირეც, თავის მხრივ, განსაკუთრებულ ფასს ადებს მათთვის უანგაროდ გაწეულ სამედიცინო მომსახურებას; ამასთანავე ფრიად მნიშვნელოვანია ამ დახმარების ორგანიზატორის - ქვეყნის პირველი ქალბატონის - პოპულარობა და სიყვარული ხალხში. ასეთ დაკვირვებას გაგიზიარებთ: აღნიშნული პროექტის პარალელურად ასოციაცია "ჰუმანისტთა კავშირმა" ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით მოამზადა ვიდეორგოლები უშუალოდ პაციენტთა მონაწილეობით. ეს ვიდეორგოლები უკვე მთელი თვეა, რაც გადის ტელეეთერში, როგორც სოციალური რეკლამა. აქვე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ბატონ ბ.პატარკაციშვილის მხარდაჭერა, რომლის შედეგადაც ამ აქციაში საზოგადოებრივი ტელევიზიის პარალელურად "სრული" დატვირთვით ჩაერთო ტელეკომპანია "იმედი"-ც. აღნიშნულ ვიდეორგოლებზე მითითებულ სატელეფონო ნომრებზე შემოვიდა ათასობით მხარდამჭერი ზარი და SMS-ი. ამ SMS-ებში ხშირად მეორდება ორი სიტყვა: "გმადლობთ სანდრა!"
ქვეყნის პირველი ქალბატონის ინიაციატივა გაზიარებული იქნა ოფიციალური სახელმწიფო სტრუქტურების მიერაც. ბატონ ლ. ჭიპაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა პირველად დააფინანსა პალიატიური მზრუნველობის ორივე მოდელი: "ჰოსპისი" (პალიატიური მზრუნველობა სტაციონარში) და "პალიატიური მზრუნველობა ბინაზე". შედეგად, 2005 წელს პალიატიური მზრუნველობა გაეწევა სამასამდე პაციენტს. ასეთი ტემით ეს სამსახური არ განვითარებულა აღმოსავლეთ ევროპის არც ერთ ქვეყანაში. ვიმედოვნებთ, რომ ეს დასაწყისია.
8 ოქტომბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება პალიატიური მზრუნველობის დღე. წელს ამ აქციას ქალბატონ სანდრას ინიციატივით შემოუერთდა საქართველოც. დაგეგმილ შეხვედრაზე გათვალისწინებულია ჩემი პრეზენტაცია ბინაზე პალიატიური მზრუნველობის პილოტური პროექტის შედეგების თაობაზე, აგრეთვე ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის და ა/ო "ონკოპრევენციის ცენტრის" ინფორმაციის მოსმენა ჰოსპისის მუშაობის თაობაზე.
საქართველოში პალიატიური მზრუნველობის დანერგვის მიმართულებით გაწეული სამუშაო არ დარჩენილა უცხოელ კოლეგათა და პარტნიორთა ყურადღების გარეშე. 2005 წლის 4-7 სექტემბერს, ბუდაპეშტში, ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ პალიატიური მზრუნველობის მესვეურთა და ექსპერტთა საერთაშორისო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით განზრახულია საქართველოში დაიწყოს პალიატიური მზრუნველობის სისტემის დამკვიდრებისა და განვითარების ხელშეწყობის სამწლიანი პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პალიატიური მზრუნველობის შემდგომი განვითარებისთვის სახელმწიფო გარანტიების შექმნას. შეხვედრის მონაწილეთათვის სასიამოვნო სიურპრიზად იქცა საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის მისალმება და პალიატიური მზრუნველობის სისტემის განვითარებისადმი მხარდაჭერის გამოხატვა, რომელიც მან ვიდეო-კასეტით გაგვატანა ბუდაპეშტში.
მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაგეგმილია პალიატიური მზრუნველობის იმ პროგრამების პრეზენტაციაც, რომლის ჩართავაც საერთაშორისოდ რეკომენდებულია უმაღლესი და საშუალო სამედიცინო განათლების კურიკულუმებში. ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისკენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამჟამად იხილავს "პალიატიური მედიცინის" სუბსპეციალობად გამოყოფის საკითხსაც.
ამდენად, ქალბატონ სანდრა რულოვსისა და ასოციაცია "ჰუმანისტთა კავშირის" ინიციატივის განვითარებას რეალური პერსპექტივა უჩანს.
გ.შაიშმელაშვილი
"24 საათი"