ოქტომბრის ბოლოს, უფრო ზუსტად 31 ოქტომბერს, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის წიგნის "იდეალისტის ნაამბობის" ქართული თარგმანის პრეზენტაცია. ჰოლანდიაში ეს წიგნი დაახლოებით ერთი წლის წინ გამოიცა და უკვე ათი ათასობით გაიყიდა. მიუხედავად იმისა, რომ "იდეალისტის ნაამბობი" ძირითადად ჰოლანდიელი პუბლიკისათვის არის დაწერილი და მასში ხშირად შეხვდებით ქართული ისტორიისა და კულტურის განმარტებებს. ქართველი მკითხველისთვის წიგნის თარგმანი კიდევ უფრო საინტერესო უნდა იყოს სწორედ იმ პიროვნული ელემენტების გამო, რასაც ჩვენი პირველი ლედი ასე გულწრფელად და დეტალურად გვიყვება.
ქალბატონ სანდრასთან ჩვენი საუბარიც სწორედ ამ წიგნის გარშემო იყო. თუმცა, იმის გამო, რომ სააკაშვილებისა და რულოვსების ოჯახში მეორე შვილს ელოდებიან, ჩვენ ამ მოლოდინზეც და სანდრას ახალ შეგრძნებებზეც ვისაუბრეთ. ამასთანავე მინდა გახაროთ, რომ ინტერვიუსთან ერთად, ჩვენ საშუალება გვაქვს შემოგთავაზოთ ნაწყვეტები ამ წიგნის პირველი და მეორე თავებიდან.
რა იყო თქვენთვის ამ წიგნის დაწერის მთავარი იმპულსი?
ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, როცა ვარდების რევოლუცია მოხდა და ბელგიიდან და ჰოლანდიიდან რამდენიმე გამომცემლობა გამომეხმაურა. ყოველთვის ვგრძნობდი წერის იმპულსს და ეს შემოთავაზება ჩემთვის ძალიან დიდი ამოცანა იყო, თან ვგრძნობდი, რომ მჭირდებოდა ამის დაწერა.
ამ პროცესში მივხვდი, რომ ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩემი ბიჭის გაზრდის პერიოდში, არასდროს გავჩერებულვართ, ყოველთვის მოძრაობაში ვიყავით. წერის დროს ვიგრძენი, რომ მჭირდებოდა ამ ყველაფერის აწონ-დაწონვა და გადახარშვა. ალბათ, ამიტომ იკითხება წიგნი წყალივით. მკითხველმა წიგნი ვერ უნდა დადოს, იმიტომ, რომ ცხოვრებაც ასეთი იყო. არ დაგვისვენია, არ გავჩერებულვართ. ეს ათი წელიც წყალივით მიდიოდა: ბავშვი იზრდებოდა, ქმარი წინაურდებოდა. მეც გავიზარდე ამ ინტეგრაციაში, ამ ჩემს ახალ ოჯახთან, საქართველოსთან შეგუებაში. ეს ყველაფერი ერთი პროცესი იყო და პიროვნული, პოლიტიკური, ისტორიული, კულტურული გამოცდილება ერთ ჯამში იხარშებოდა. საქართველოსთან ინტეგრაცია, ბავშვის გაზრდა, პოლიტიკურ კიბეზე ასვლა - ეს ყველაფერი ამ წიგნში ჰარმონიულად, ერთად არის თავმოყრილი და 10 წლის შემდეგ, სწორედ ისეთი განცდა მაქვს, რომ ეს ყველაფერი ერთი დინება იყო.
ბოლო წერტილი რომ დავსვი, ამოვისუნთქე. ეპილოგში მიწერია, რომ 2004 წელმა წერაში გაიარა. ამ პერიოდზეც ვწერ, მაგრამ ძალიან ცოტას. ჩემთვის მთავარი იყო პროცესის აღწერა, იმიტომ, რომ პროცესი, ძალიან ხშირად, უფრო მრავლისმთქმელია, ვიდრე შედეგი. უფრო საინტერესოა, რა გზა გაიარე, რა პრინციპებით, რა ოცნებებით, რა ამბიციებით და რა იდეალებით. 2004 წელს ეს უკვე შედეგი იყო და, შესაბამისად, ამ წიგნისთვის ნაკლებად საინტერესო.
ჰოლანდიაში სულ მეკითხებოდნენ, მეორე ტომს ხომ არ აპირებო. ამ ეტაპზე, არა მგონია. ამისთვის მასალას განსაკუთრებულად არ ვაგროვებ. თუ ოდესმე რამის დაწერას გადავწყვეტ, ბუნებრივ მასალას, ჩემს წერილებსა და ბლოკნოტებს გამოვიყენებ.
ვოცნებობ, რომ კიდევ რაღაცეები დავწერო საქართველოზე. მაგალითად, ჭიათურაში, 90 წლის წინ, ცხოვრობდნენ ბელგიელი ძმები. მათაც ჰქონდათ დღიური, ჰოლანდიურ ენაზე დაწერილი. მე ეს დღიური წავიკითხე და დამაინტერესა. ეს ყველაფერი დარკვეთში ხდებოდა. ვიყავი, ვნახე მათი ძველი სახლის ნაშთები, მეზობლები, რომლებსაც ახსოვდათ რაღაც-რაღაცეები. ვნახე მათი მამის საფლავი. მინდა მათზე დავწერო. წარმოიდგინე, 90 წლის წინ, სადღაც შორეულ ქართულ სოფელში, ჩემნაირად გაზრდილი, ჩემნაირი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ბელგიელები ცხოვრობდნენ. ერთ-ერთ ძმას, რომანიც ჰქონია ვიღაც გოგონასთან. იყო ღალატიც. ამ ყველაფერს ალბათ იმ გოგონას თვალით მოვყვები. ის მაშინ 17-18 წლისა იქნებოდა. მისი მეუღლე 40 წელზე მეტის იყო. უცბად მეზობლად გამოჩნდა 2 ახალგაზრდა ბელგიელი... ისინი შესანიშნავად უკრავდნენ პიანინოზე, იცოდნენ ენები, სხვანაირი მენტალიტეტი და ურთიერთობები ჰქონდათ. ამ გოგოს ერთ-ერთი ძმა შეუყვარდა. მე ძალიან კარგად შემიძლია იმ გოგონას გრძნობების გაგება. კარგად შემიძლია წარმოვიდგინო ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ვიცი, რა არის საქართველო და ვიცი, რა სხვაობაა ჩვენს კულტურებს შორის. ამიტომ, თუ ოდესმე დავწერ, ამ ამბავს დავწერ.
პირველი ორი თავის კითხვისას მომეჩვენა, რომ თქვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრი სიმბოლური დამხთვევაა. თქვენი შეხვედრა, უკრაინა, წითელი ვარდები...
წერისას თვითონაც მიკვირდა, რამდენი დამთხვევა იყო. სიმბოლოები, ისტორიული მომენტების დასწრება... შემთხვევით არაფერი ხდება. საქართველოში ჩამოსვლა ძალიან დიდი ოცნება იყო. ალბათ წაკითხული გაქვთ დედაჩემისთვის მიწერილი წერილი, სადაც ვამბობ, რომ მინდა საქართველოს გმირი ან დედოფალი გავხდე. რამ დამაწერინა ეს? (ეს წერილი შენახული მაქვს და შემიძლია ვაჩვენო ყველა ურწმუნო თომას). ყოველთვის გვქონდა შინაგანი რწმენა იმისა, რომ ჩვენ საქართველოში დიდი როლი უნდა გვეთამაშა. მაშინ პატარა ვიყავი, 24 წლის გოგონა და, ალბათ, ეს გულუბრყვილო მოტივაცია იყო. მაგრამ თუ რაიმე ძალიან გინდა და ამისთვის ყოველდღე რაღაცას აკეთებ, აუცილებლად გამოდის.
როგორი გამოხმაურება ჰქონდა თქვენს წიგნს ჰოლანდიაში?
ჩემი წიგნი ჰოლანდიასა და დანიაში 10 ათასობით გაიყიდა. ზუსტი ციფრი არ ვიცი, მაგრამ 2006 წლის დასაწყისში უკვე მეოთხე ტირაჟი გამოდის. წაიკითხა ყველამ, ვისაც ოდესმე საქართველოსთან შეხება ჰქონია - მეცნიერებს, კონსულტანტებს, ქართველების ჰოლანდიელ მეგობრებს. თუმცა, მგონი ნელ-ნელა ფართოვდება მკითხველების აუდიტორია. ეს ძალიან კარგია, რადგან მინდა, რომ საქართველომ ჰოლანდიასა და ბელგიაში თავის ადგილი დაიმკივდროს. ამ წიგნის მკითხველი საქართველოს მიმართ გულგრილი ვერ დარჩება. სულით და გულით მაქვს დაწერილი და ისე გულწრფელად, რომ შეუძლებელია, თუნდაც არ გვქონდეს რაიმე შეხება საქართველოსთან, მის კულტურასთან და არ დაგაინტერესოს მან.
იმ ქართველებისგან, რომლებიც ჰოლანდიაში ცხოვრობენ და ენა ისწავლეს, ძალიან ბევრი დადებითი გამოხმაურება მივიღე. ეს ჩვენთვის ჩვენი ქვეყნის სარკეაო, მითხრეს. ძალიან სასაცილო მომენტებიც იყო. სამი კვირის განმავლობაში, წიგნის წარსადგენად სხვადასხვა წიგნის მაღაზიაში, სატელევიზიო და რადიო გადაცემებში მიწვევდნენ. წიგნიდან იმ ციტატებს ვკითხულობდი, რომელიც იმ აუდიტორიას უფრო მოეწონებოდა. ამსტერდამში ასობით ქართველს შევხვდი, ეს ღონისძიება ფონდმა "ჰოლანდია-საქართველო" და ფონდმა "ბაგრატიონი" მოაწყვეს. მაშინ, რა თქმა უნდა, შევარჩიე ციტატები მიშას ბავშვობაზე, დედამთილთან ურთიერთობაზე, ჰოლანდიის შესახებ კრიტიკულ კომენტარებზე. სხვათა შორის, ჰოლანდიის მიმართ საკმაოდ კრიტიკული ვარ, კრიტიკულად ვუყურებ იქაურ ამბებს. საქართველოს მიმართაც კრიტიკული ვარ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, ორივე მხარე გავითვალისწინო.
როგორია ოჯახში ახალი ადამიანის მოლოდინი?
ედუარდი სულმოუთქმელად ელოდება თავის ძმას ან დას. ის ხომ უკვე დიდია და არ ეჭვიანობს. პირიქით, მეუბნება, კიდევ ორი თვე რა ამბავიაო?! ნუ გეშინია, ახლა ვართ წყნარად, მერე ის დრო მოგენატრება, როცა მუცელში იყო-მეთქი, ვპასუხობ.
დედამთილს გოგო უნდა, რადგან ბიჭი ჰყავს, ძმა ჰყავს, ვაჟიშვილი ჰყავს და შვილიშვილიც ვაჟი ჰყავს. სულ კაცები არიან ოჯახში.
ისე, ამჯერად ორსულობის შეგრძნებები სულ სხვანაირია. მაშინ პატარები ვიყავით. ახლა უკვე გამოცდილები ვართ. ახლა, როგორც დედა, ალბათ უფრო წყნარად ვიქნები იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ერთხელ უკვე გამოცდილი მაქვს. როგორც ჩემს ჩანაწერებში ვკითხულობ. ბავშვობაში ედუარდი ხშირად ავადმყოფობდა. მაშინ საქართველოში ყველაფერი ახალი იყო ჩემთვის. ხანდახან ვერ ვეგუებოდი, მიჭირდა. ახლა უკვე ფესვგადგმული ვარ, უკვე კარგად ვიცი აქაური ღირებულებები, ვინ რას წარმოადგენს, როგორი მენტალიტეტია, როგორი სამედიცინო მომსახურება, როგორი ჩვევები - ეს ყველაფერი გავიარე.
ახლა უფრო სხვანაირად გამოვიყურები, ვიდრე მაშინ, ედუარდი ზაფხულში, ჰოლანდიაში დაიბადა. ეს კი ზამთარში, საქართველოში დაიბადება. ჩემი მშობლები დეკემბრის დასაწყისიდან ალბათ აქ იქნებიან, ჩემი მშობიარობა რომ არ გამოეპაროთ. ედუარდი ორი კვირით ადრე დაიბადა და შიშობენ, ახლაც ასე არ მოხდეს.
როგორ ზრდიდით ედუარდს, რა შეხედულებებით, რა პრინციპებით?
ედუარდი ათი წლის წინ გაჩნდა. 3-4 წლის ასაკიდან უწევდა საზოგადოებასთან ურთიერთობა და მაშინ მიშა უკვე ცნობილი ფიგურა იყო. ეს მისთვის ახალი ამბავი არ არის. ის მიჩვეულია ყურადღებას და ეს არის მისი დიდი პლუსი. ამ პოპულარობის ფონზეა გაზრდილი და, მგონი, ეს ძალას მატებს. მაგრამ ბავშვმაც უნდა იფიქროს თავის მომავალზე, რომ ყოველთვის არ იქნება ამ გარემოცვაში. მინდა, რომ პირველ რიგში იყოს ქართველი და უყვარდეს თავისი სამშობლო. ვამაყობ, რომ ჰოლანდიურად წერა-კითხვა იცის. თუმცა, ჰოლანდიურად ჩემი ლექსიკონით ლაპარაკობს. როცა ედუარდს უსმენენ, ჩემი ნათესავები ამბობენ, სანდრა ლაპარაკობსო.
ამ ყველაფერთან ერთად, მინდა გახსნილი ადამიანიც იყოს, იცოდეს ენები და ესმოდეს, რომ საქართველოს გარდა, არის უამრავი სხვა ქვეყანა, უამრავი სხვა კულტურა. ჩვენ ვცდილობთ, რომ კარგად იცოდეს გეოგრაფია. სკოლაშიც ასწავლიან, მაგრამ მეც ვეხმარები. ხშირად რუკაზე ვირჩევთ ხოლმე რამე ქვეყანას და მასზე ვლაპარაკობთ. მაგალითად, ნიკარაგუაზე, მალიზე. ვეუბნები, ნახე, შენხელა ბიჭები ცხოვრობენ ხეზე, ან ცხოვრობენ მიწის ქვეშ, ან ქარხანაში მუშაობენ მთელი დღე. მინდა კოსმოპოლიტად გაიზარდოს.
ასევე დიდი სურვილი მაქვს, რომ ჰუმანიტარული თვისებებიც ჰქონდეს. ეს, სხვათა შორის, დედის და მამის მხრიდან ისედაც მოსდევს. ამიტომ ვუხსნი, რატომ ავირჩიე დასახმარებლად მაგალითად ეს სკოლა, რატომ ჩავატარე ესა და ეს ჰუმანიტარული აქცია, ან რატომ ვფიქრობ, რომ საჭიროა ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლა. ვფიქრობ, რომ რაც ჩვენს გარშემო ხდება, 10 წლის ბიჭისთვის გასაგებია. ის ხომ უკვე ზრდასრულივით აზროვნებს. ამიტომ, ხშირად ვრთავ დისკუსიებში. მინდა, რომ ნელა-ნელა ყველაფრის საქმის კურსში იყოს. მერე თვითონ გააკეთებს არჩევანს, საით წავა. ჩვენ, უბრალოდ, ვამზადებთ ისე, როგორც მე თვითონ ვიყავი მომზადებული.
როცა თქვენს თავს იხსენებთ, გაქვთ თუ არა გაუცხოების შეგრძნება თქვენი ცხოვრების რომელიმე ეტაპთან? ანუ, რამდენად შეიცვალეთ?
გაუცხოებას ნაკლებად ვგრძნობ. მგონი, ისეთი დავრჩი, როგორიც ვიყავი. რა თქმა უნდა, იყო მომენტი, როცა ყველაფერი - კარგი სამსახური, კარგი შემოსავალი - უკან, დასავლეთ ევროპაში მოვიტოვე და ცხოვრება მეორე სამშობლოში, ფაქტობრივად, თავიდან დავიწყე. 10 წლის გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, შეიძლება ითქვას, რომ რისკზე წავედი. მაგრამ მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს არის ის ადამიანი, რომელთან ერთადაც მინდა ვიცხოვრო. ახლა რომ ვიღებდე გადაწყვეტილებას, ალბათ იგივეს გავაკეთებდი იმიტომ, რომ ეს ბუნებაში დევს და სხვანაირად არ შეგიძლია.
ინტერვიუს ორგანიზებისთვის "ცხელი შოკოლადი" მადლობას უხდის გამომცემლობა "ლინკის" დირექტორს, ქ-ნ ინგრიდ დეხრავეს.
შორენა შავერდაშვილი
"ცხელი შოკოლადი"