Google+

ინტერვიუები

25.04.2006
'ცხელი შოკოლადი' - კოკა-კოლა თბილისის მე-10 ჯაზ-ფესტივალი

სანდრა ელისაბედ რულოვსი. საქართველოს პირველი ლედი

წელს ჯაზ-ფესტივალი მეათედ იმართება და ამ საიუბილეო წელს შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წლიდან წლამდე, ეს საერთაშორისო ღონისძიება სულ უფრო დახვეწილი ხდება და სულ უფრო ცნობილ სტუმრებს იზიდავს. ეს კი კომპანია EASTERN PROMOTION -ის დიდი დამსახურებაა, რადგან მართალია, ფესტივალი ჩემი პატრონაჟით ტარდება, მაგრამ ძირითად სამუშაოს EASTERN PROMOTION -ი ასრულებს. ორგანიზება, კონტაქტების დამყარება - ეს ყველაფერი მათ კისერზეა.

წელს ფესტივალის ყველაზე ცნობილი სახე ჰერბი ჰენკოკი იქნება. მისი ჯაზი სულ სხვანაირია. ის, ალბათ, 65 წლის არის და მაინც ფეხს უწყობს სიახლეებს, მაინც თანამედროვე ელექტრონულ-აკუსტიკური ჯაზი მოჰყვება, რაც ძალიან დასაფასებელია.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელ ფესტივალზე ჩიკაგო ფართოდ არის წარმოდგენილი. ჰენკოკის გარდა, ჩიკაგოში მღეროდა Three Ladies of Blues-ის წამყვანი მომღერალი ჯოან ფოლკნერიც. ბავშვობაში ის მამის ეკლესიაში გოსპელს ასრულებდა. ეს სამი ქალბატონი მართლაც დაუვიწყარ, ფერადოვან შოუს აწყობს ხოლმე და ყოველთვის უზარმაზარ ენერგიას გადასცემს აუდიტორიას. ამიტომ, მგონი, ქართულ პუბლიკასაც აღაფრთოვანებენ.

ფრედი ქოულიც ჩიკაგოელია. მართალია, მისი უფროსი ძმა ნეთ ქინგი უფრო ცნობილია, მაგრამ ფრედის უფრო ჯაზური ხმა აქვს და ამიტომ თბილისის ჯაზ-ფესტივალს უფრო მოუხდება.

მაინტერესებს თბილისის სცენაზე JAMROQUAI-ის ლიდერის, ჯეი ქეის ხილვაც. საინტერესოა, თბილისის ჯაზ-ფესტივალისთვის თავისი ქუდების კოლექციიდან რომელს შეარჩევს.

შარშანდელ ფესტივალზე ჰოლანდიაში ვიყავი და კონცერტებს ვერ დავესწარი, მაგრამ წელს აქ ვარ და მიხარია, რომ არც ერთ კონცერტს არ გამოვტოვებ.

ცხადია, თბილისის ჯაზ-ფესტივალი მთლიანად ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. შეიძლება ვიღაცამ ამტკიცოს, რომ მსგავსი ძვირადღირებული ღონისძიებების მოწყობის დრო არ არის, მაგრამ ჩემი აზრით, ეს საქართველოსთვის საუკეთესო რეკლამირების შანსია. თბილისის ჯაზ-ფესტივალიდან ხომ ჯაზის დიდი ვარსკვლავები აღფრთოვანებულები მიდიან და საქართველოდან ამჯერადაც ისეთი შთაბეჭდილებებით წავლენ, როგორითაც კრის ბოტი, ანდა ჯორჯ ბენსონი წავიდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ თბილისში ჩამოსული თითოეული მუსიკოსი საქართველოს პრომოუტერი ხდება.

თბილისის ჯაზ-ფესტივალი სხვა კუთხითაც მნიშვნელოვანია - მსგავსი ღონისძიებების მოწყობა ნორმალური მოვლენაა განვითარებული ქვეყნებისთვის და ამ ტენდენციას არც ჩვენ ჩამოვრჩებით. გარდა ამისა, ახალგაზრდას თუ ასაკოვანს - მათ, ვისაც არ აქვთ საზღვარგარეთ წასვლის შანსი - ახლა შეუძლიათ კარგ მუსიკას, ცოცხალი შესრულებით, თბილისშივე მოუსმინონ.

ასე რომ, მართალია თბილისის ჯაზ-ფესტივალი ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ ეს თანხაც ხომ აქვე, ჩვენთან იხარჯება და საქართველოს ეკონომიკას ხმარდება.

ვფიქრობ, მსგავსი ფესტივალების მოწყობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შანსი იმისთვის, რომ უცხოეთს საქართველოს ევროპული სახე დავანახოთ, რომ დავარწმუნოთ - ეს ქვეყანა მართლაც სწრაფად ვითარდება და აქაც შეიძლება მაღალი დონის ფესტივალებისა და საერთაშორისო დონის ღონისძიებების ორგანიზება.



სანდრა ელისაბედ რულოვსი
"ცხელი შოკოლადი"




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code