Google+

ინტერვიუები

26.12.2006
'ქართული სპორტი' - საქართველოს პირველი ლედის სპორტული გატაცებები

ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ყველა სპორტული გამოცემის მესვეურს უდიდესი სურვილი აქვს თავისი ჟურნალის თუ გაზეთის ფურცლებზე საქართველოს პირველი ლედის, არაჩვეულებრივი და არაჩვეულებრივად სპორტული ქალბატონის ინტერვიუ იხილოს. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ ფრენბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტია, რომელსაც ახალგაზრდობაში მრავალმხრივი სპორტული გატაცება ჰქონდა...

ჩვენ კი, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გაგვიმართლა. როდესაც მაგიდას მივუსხედით ქალბატონმა სანდრამ გულწრფელი ღიმილით და არა იმგვარით, ზრდილობიანს რომ ვეძახით, მანიშნა დავიწყოთო. ჩემი რწმენით, ეს მეგობრული ჟესტი - უშუალობის დასტური, საქართველოს პირველი ლედის უმთავრესი ხიბლია, როგორც პრეზიდენტის მეუღლისა...

- ქალბატონო სანდრა, ცნობილია, რომ საკმაოდ სპორტულ ოჯახში გაიზარდეთ. პირადად სპორტის რამდენიმე სახეობაშიც მოსინჯეთ ძალები ახალგაზრდობაში. იქნებ გაიხსენოთ ის წლები, ის პერიოდი?

- კი, სპორტულ ოჯახში გავიზარდე. ბავშვობიდან რაც მახსოვს, ჩემი მშობლები ცხოვრების ჯანსაღ წესს არ ღალატობდნენ და დღემდე ასეა. დედაც და მამაც კარგად ცურავენ, დარბიან, ველოსიპედით დადიან. დედა ჩოგბურთს კარგად თამაშობს, მამა 63 წლის ხდება და კვირა არ გავა, 150 კილომეტრი არ გაიაროს ველოსიპედით, უმთავრესად ეს შაბათ-კვირას ხდება.

მე პირველად ჩოგბურთზე მივედი, მცირე ხანს ბალეტზეც დავდიოდი, მერე კალათბურთზე გადავინაცვლე, მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი კალათბურთი, მას მარტო გოგონები თამაშობენ. სპეციფიკური სახეობაა, ჰოლანდიაშია გამოგონილი, ინგლისშია კიდევ პოპულარული. ცხადია, კალათბურთს ჰგავს, მაგრამ სხვანაირია. ბავშვობიდან ვცურავ, ყველაზე წარმატებით კი მაინც ფრენბურთს დავეუფლე. მე-5 კლასში ვიყავი, როდესაც ჩემი ქალაქის მახლობლად, ერთ-ერთ საფრენბურთო გუნდში დავიწყე ვარჯიში. კვირაში 3-ჯერ დავდიოდი ვარჯიშზე, 17 წლამდე ვთამაშობდი. მესამე დივიზიონშიც გამოვდიოდით, ვერ ვიტყვი, განსაკუთრებით წარმატებით-მეთქი, მაგრამ არც ლიგიდან გავვარდნილვართ. საკმაოდ სოლიდური და ტრადიციული გუნდია, დღესაც თამაშობს ეს გუნდი ჰოლანდიის ჩემპიონატში.

- პირადად თქვენს მიღწევებზე რას იტყვით?

- რაც გუნდს ჰქონდა, ის მიღწევები მქონდა მეც. ზოგჯერ ვიგებდით, ზოგჯერ - ვაგებდით. სამწუხაროა, რომ ჩემპიონები ვერ გავხდით და ზედა ლიგაში ვერ ავინაცვლეთ, თუმცა, ახლოს ვიყავით ამ მიზანთანაც. მე არ ვყოფილვარ გუნდის ლიდერი, ამას ვაღიარებ, თუმცა, ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე ვიყავი. ცოტა არ იყოს ვზარმაცობდი, თორემ მეტის მიღწევაც შემეძლო ფრენბურთში. ეს ნაწილობრივ იმის ბრალია, რომ ჩემი დროის უდიდესი ნაწილი სწავლას მიჰქონდა. უკვე უმაღლეს განათლებაზე ვფიქრობდი და ამ ასაკში ძნელია რამდენიმე საქმის ერთდროულად, სრულფასოვნად კეთება.

- რთული იყო ნახევრად პროფესიონალურ გუნდში ვარჯიში?

- კი, საკმაოდ რთული იყო. ზოგჯერ ასეთ რამეს გვაკეთებინებდნენ, მაგალითად, დაახლოებით ჩემივე წონის გოგონას ავიკიდებდი ხოლმე და 20 საფეხურიან კიბეზე ამყავდა, მერე ისევ კიბე იყო, ცოტას შევისვენებდი და კიდევ 20 საფეხური. ის "ტვირთი" კი დაახლოებით 55-60 კილო იქნებოდა. უფრო რთული და მძიმე ვარჯიშებიც იყო, მაგრამ ვუძლებდი. სპორტში ასეა, თუ არ იწვალე, არ იშრომე, ვერაფერს მიაღწევ.

- რამდენადაც ვიცი, თხილამურებითაც ჩინებულად სრიალებთ. თხილამურებზე დგომაც ჰოლანდიაში ისწავლეთ?

- სკოლა დავამთავრე და ბელგიაში წავედი სასწავლებლად. თავისუფალი დრო თითქმის არ მქონდა, მაგრამ სპორტისთვის მაინც ვახერხებდი მცირე დროის გამონახვას. თხილამურებით იქ დავიწყე სრიალი და აუზზე დავდიოდი. მეტს ვერ ვახერხებდი. ცურვა, შეიძლება ითქვას, არასდროს მიმიტოვებია, მიუხედავად ქრონიკულად თავისუფალი დროის სიმწირისა. სხვათა შორის, ბავშვობიდან ფორტეპიანოზე ვუკრავდი, მაგრამ ბელგიაში ფორტეპიანო არ მქონდა იმ სახლში, სადაც ვცხოვრობდი და ფლეიტაზე დაკვრა ვისწავლე. ზოგი ჭირი მარგებელიაო, მართალია. იქ რომ ფორტეპიანო ყოფილიყო, ფლეიტას ხომ არ დავეუფლებოდი? ჰო, სხვათა შორის, კუნძულ ტექსელზე პარაშუტითაც გადმოვმხტარვარ, საპარაშუტო სპორტზე დავდიოდი, რვა ნახტომი შევასრულე და დიპლომიც მომცეს.

- და კიდევ უამრავ ენას ფლობთ. ქალბატონო სანდრა, გულწრფელად გეუბნებით, თუ არსებობს რამე, რისი შესწავლაც მოგისურვებიათ და ვერ დაუფლებიხართ?

- ჰო, ენების შესწავლის ნიჭი ნამდვილად მაქვს. სპორტშიც, რომელ სახეობაშიც ვცადე ბედი, ყველა ავითვისე რაღაც დონეზე მაინც. მთავარი მონდომებაა, თუ მოინდომებ, იშრომებ, ბევრს მიაღწევ. მაშინ ერთსაც გეტყვით - შვეიცარიაში ფიგურული სრიალიც მოვსინჯე, ესეც ვისწავლე. აბა, ისე რა ჰოლანდიელი ვიქნებოდი, ფიგურული სრიალი რომ არ მცოდნოდა? სპორტის ეს სახეობა ხომ ჰოლანდიაშია გამოგონილი.

- სამწუხაროდ, ჯერ ჩვენი ქვეყანა ვერ დაიტრაბახებს, ასე ვთქვათ, "სპორტული ქვეყნის" სტატუსით. რაც ნორმალური სპორტული ბაზები და მოედნები იყო, წინა ხელისუფლების დროს გაპარტახდა ან გაიყიდა ჩალის ფასად და პროფილი შეიცვალა. კი, ბოლო წლებში ბევრი კეთდება ამ დანაშაულის გამოსასწორებლად, მაგრამ არაერთი წელი დაგვჭირდება, ვიდრე სპორტი მართლა მასობრივი გახდება, რეგიონებშიც მიუწვდება ხალხს საცურაო აუზებსა და სატრენაჟორო დარბაზებზე. ვიდრე ეს დრო მოვა, მანამდე წალეკა ქვეყანა ნარკომანიამ, კატასტროფულად იზრდება ნარკომანთა და ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვი. არადა, ამ სენთან ბრძოლის პრევენციული მეთოდები, პრაქტიკულად, არ არსებობს. ყველაზე ეფექტური მეთოდი და ეს უკვე არაერთ ევროპულ ქვეყანაში დადასტურდა, სპორტი და სკოლის ასაკიდანვე ანტინარკოტიკული პროპაგანდაა. რამდენადაც ვიცი, თქვენც აპირებთ ამ მიმართულებით მუშაობის გაშლას. კონკრეტულად, რას და როგორ გეგმავთ?

- საქართველოში, დაახლოებით, 300-400 ათასი ნარკომანი და ნარკოტიკის მომხმარებელია. ასეთია სტატისტიკა. ცხადია, ეს საშინელებაა. სირცხვილია ჩვენს ქვეყანაში ამდენი ნარკომანი რომაა. საითაც გაიხედავ - სადარბაზოები, ქუჩები, სკვერები სავსეა ნახმარი შპრიცებით. თანაც ნარკომანს დღეში მინიმუმ 30 ლარი სჭირდება, რაც ხშირ შემთხვევაში კრიმინალურ ხასიათს იღებს... საქართველოში ყველაფერია საიმისოდ, რომ ადამიანმა თავი გაირთოს, ისიამოვნოს, გნებავთ, დრო გაატაროს - საოცარი ბუნება, ხელოვნება, სპორტი, კი ბატონო, ჯერ შორსაა ევროპული დონისგან, მაგრამ მითხარით ერთი ადამიანი მაინც, ვისაც სპორტის რომელიმე სახეობაზე უნდა ვარჯიში და უბაზობის გამო ვერ ვარჯიშობს. ცხადია, სპორტის იმ სახეობებს არ ვგულისხმობ, რაც ჩვენთან არ არის განვითარებული. მთავარი მონდომებაა, მთავარი სურვილია, რომ ადამიანმა ჯანსაღი წესით ცხოვრება არჩიოს ნარკომანიასა და სხვა საშინელებებს. სხვანაირად არ გამიგოთ, მაგრამ ხელისუფლება საკმაოდ ბევრს აკეთებს სპორტული ბაზების მოსამრავლებლად. თითქმის ყველა სოფელში თითო მარტივი ტიპის მოედანია, იქ ბავშვები დღე და ღამე თამაშობენ და დარწმუნებული ვარ, ამ ბავშვების თაობაში ნაკლები ნარკომანები იქნებიან, შედეგს, რაც კეთდება, მომავალში მივიღებთ. რაც შეეხება პრევენციულ ზომებს, არანაირად არ უნდა შესუსტდეს ნარკომანიასთან ბრძოლა. ის სამართლებრივი მეთოდები, რაც არსებობს, უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩემი აზრით, ერთადერთი პრევენცია ნარკომანიასთან ეფექტურად საბრძოლველად, ესაა ბავშვებთან სკოლის ასაკიდანვე მუშაობაა. მე მართლა ვაპირებ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. კერძოდ, ამ ეტაპზე მე და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი გიგი წერეთელი შევალთ რამდენიმე სკოლაში, მე-8 კლასიდან დავიწყებთ. მერე ზედა კლასების მოსწავლეებსაც შევხვდებით. იქნება ეს ლექცია, პროპაგანდა, რაც გნებავთ, დაარქვით, მაგრამ მთავარია, რომ მოსწავლეები გაიგებენ, რა საშინელებაცაა ნარკომანია, გაიგებენ, რატომ არ უნდა გაეკარონ მას. მომავალში, შესაძლოა, განათლების სამინისტრომ საამისოდ ცალკე საათიც გამოყოს. კვირაში ერთხელ ან ორჯერ, ბავშვებს აუცილებლად უნდა ესაუბროს კომპეტენტური ადამიანი, თუ რა საშინელება ელის მაშინ, თუკი ნარკოტიკს დაუახლოვდა.

ქვეყანა წინ მიდის, ვითარდება, მართალია ჯერჯერობით ყველა ოჯახში კეთილდღეობა არ არის, მაგრამ ყველგან იგრძნობა, რომ წინსვლის შეუქცევადი პროცესები დაიწყო. ევროპული ქვეყანა ვხდებით. მე ვამაყობ ჩემი ქვეყნით. საქართველო ჩემთვის საამაყო ქვეყანაა, მაგრამ რა ხდება? ჩვენი ახალგაზრდობით არ უნდა ვიამაყოთ? ქვეყანა ხომ ხალხია უპირველესად და მერე ყველაფერი დანარჩენი. არადა, ახალგაზრდობის, სამწუხაროდ, დიდი ნაწილი, ძალიან სამარცხვინო გვყავს - ამდენი ნარკომანი უდიდესი სირცხვილია. საქართველო ხომ ყველანაირი ჯანსაღი გატაცებისა და მოწოდებისთვის უამრავ საზრდოს გვთავაზობს, ის ამ მხრივ ძალიან მდიდარი ქვეყანაა. დღევანდელ საქართველოს სხვანაირი ახალგაზრდობა სჭირდება...

მეორე პრობლემაც აქვე ებმება ნარკომანიას. ვინც ინექციის მეთოდს იყენებს, მისი შიდსით და ჰეპატიტით დასნებოვნების რისკი დიდად იზრდება. ამას სხვა უბედურებამდე მივყავართ. შესაძლოა, არც იცოდეს ნარკოტიკის მომხმარებელმა შიდსი რომ აქვს, ცოლიც შეირთოს, მაგრამ სად დაიმალება პრობლემა? ამას გართულებული ფეხმძიმობა, მშობიარობა მოჰყვება და უარესიც, შესაძლოა ნაყოფი შიდსის მატარებელი აღმოჩნდეს.

2007 წლიდან ჩემი ჰუმანიტარული ფონდი SOCO მთლიანად რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე იმუშავებს. უდაოა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის, სპორტს პროპაგანდა და ნარკომანიის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირშია.

ცნობილია, რომ შიდსით დაინფიცირების რისკი ყველაზე მაღალი 24 წლის ასაკამდეა, ამდენად, ეს უფრო ახალგაზრდული პრობლემაა. ახლა აჭარიდან ვიწყებ ახალი პროექტის განხორციელებას. შემდეგ კიდევ ორ რეგიონს მოვიცავთ. გვინდა ახალგაზრდებს კონსულტაციები ჩავუტაროთ. ძნელია ახლა ხულოდან ჩამოიყვანო ახალგაზრდები ბათუმში, რათა მათ შიდსთან დაკავშირებული კონსულტაცია გაიარონ, მაგრამ ამის მოსაგვარებლად ერთი რამ მოვიფიქრე: ვინც კონსულტაციას გაივლის, მათ კინოთეატრის ბილეთებს ვაჩუქებთ ან რომელიმე კაფეში საუზმის ტალონს მიიღებენ. ეს დეტალები დაზუსტდება. პროგრამა ერთწლიანია და მას ალბათ "ჯანმრთელი ქორწილი" ერქმევა. მომავალში კი ვნახოთ, ის შესაძლოა სახელმწიფომაც დააფინანსოს.

- ქალბატონო სანდრა, ბატონი პრეზიდენტი რამდენად ახერხებს ვარჯიშს, თუ პოულობს ცხოვრების გადატვირთულ რიტმში მცირე დროს მაინც, რომ სპორტით განიტვირთოს და თან ძალები აღიდგინოს?

- ჩემს მეუღლეს ერთი წუთით არ მიუტოვებია ვარჯიში. როცა რეგიონებშია გასული, მხოლოდ მაშინ ვერ ახერხებს, თორემ მაგალითად, ტრენაჟორებით, სისტემატურად ვარჯიშობს, უცხოური ვიზიტების დროსაც კი, ასევე, თითქმის ყოველდღე დარბის. შედარებით იშვიათად, მაგრამ ჩოგბურთსაც თამაშობს.

- თქვენ თუ გითამაშიათ მასთან ჩოგბურთი?

- კი, უმთავრესად უცხოეთში ყოფნისას ვთამაშობთ ხოლმე. ის შესანიშნავად თამაშობს, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ჰოლანდიაში როცა ვართ-ხოლმე, მამაჩემი და ჩემი მეუღლე ველოსიპედით ხშირად სეირნობენ და ხშირად ეჯიბრებიან ერთმანეთს.

- ვინ უფრო წარმატებულია ამ ველორბოლაში?

- მათი შეჯიბრების დეტალები ზუსტად არ ვიცი. ისე, მამაჩემი არ ჩამოუვარდება, რადგან ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ბავშვობიდან ველოსიპედს ატარებს, ხომ გითხარით, 150 კილომეტრსაც კი გადის-ხოლმე ერთ ჯერზე. მართალია, 63 წლის ხდება, მაგრამ ასაკი არ ეტყობა.

- ჩოგბურთის გარდა, თქვენ და ბატონი მიხეილი სპორტის სხვა სახეობით თუ ერთობოდით ახალგაზრდობაში? თუნდაც, თქვენი სტუდენტობის პერიოდში?

- როდესაც მეუღლე კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა, სწორედ მაშინ ვისწავლე ცურვის ახალი სტილი - კროლი. ეს მისი დამსახურებაა, ერთად დავდიოდით აუზზე, ჩემზე უკეთ ცურავდა და მეც ბევრი რამ დავხვეწე, ახალი სტილიც ავითვისე. სტუდენტობისას დილაობით ხშირად დავრბოდით სკვერებში, სხვადასხვა სახის ფიზიკურ ვარჯიშებს ვატარებდით. აი, ის - განმკლავი, მიმკლავი, წელის ტრიალი, ხელებზე აზიდვები და ა.შ.

- წესით, ასეთ სპორტულ ოჯახში აღზრდილი შვილი სპორტით უნდა იყოს გატაცებული. ედუარდ სააკაშვილი რამდენად სპორტული ბავშვია?

- ოო, ედუჩა ძალიან სპორტულია. დიდი სიამოვნებით დადის ჩოგბურთზე, ცურვაც ისწავლა კარგად და თხილამურებითაც დასრიალებს. ახლა კი წყალბურთზე დადის ტექნიკური უნივერსიტეტის აუზზე. სამწუხაროდ, წყალბურთი ლამისაა ჩაკვდეს ჩვენთან, მიხედვა უნდა. აუზები, რაც იყო, მართლაც ან გაიყიდა ან გავერანდა და თითზეა ჩამოსათვლელი ნორმალური მოქმედი აუზი. "ლაგუნა ვერე" გადატვირთულია. იქ ვერ ხერხდება ბავშვთა ჯგუფების ვარჯიში. არადა, 10-12 წლის ასაკის გუნდი, რომელშიც ჩემი შვილი ვარჯიშობს, არც გვყავდა. 8-9 ბავშვი თამაშობს ედუარდის გუნში და ამით ყველაზე ძვირფასის, რისი შეძენაც შეიძლება ბავშვობაში, იმას შეიძენს - სიჯანსაღესა და მეგობრებს. ახლა ვფიქრობ, რით დავეხმარო მის გუნდს, შესაძლოა, ტრენაჟორები ვუყიდო. წყალბურთი განსაკუთრებულ ძალისხმევას, სხეულის სიმრთელესა და ძალ-ღონეს მოითხოვს, ამიტომ, ტრენაჟორები აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ბავშვებს. მწვრთნელი ძალიან კარგი ჰყავთ - სოსო მაისურაძე. ვიცი, რომ კარგი სპეციალისტია.

- ვისი არჩევანი იყო ედუარდის წყალბურთზე მიყვანა - თქვენი თუ ბატონი მიხეილის? თუ ბავშვმა თვითონ ისურვა წყალბურთელობა?

- ცურვაზე ისედაც დადიოდა და რაღა რჩებოდა წყალბურთამდე? თავად ძალიან კმაყოფილია ამ არჩევანით, ისე, ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, სპორტის რომელ სახეობაზე მიგვეყვანა ედუარდი კი, ჩოგბურთი, თხილამურები, ცურვაც ძალიან კარგია, მაგრამ მაინც ინდივიდუალური სახეობებია. არ გვინდა, რომ ბავშვს მამის სამსახურისა და მდგომარეობის გამო, კომპლექსები ჰქონდეს. გვინდა, ისე გაიზარდოს, როგორც სხვა ბავშვები. ხშირი, რამდენიმესაათიანი კონტაქტი ჰქონდეს არა მარტო მწვრთნელთან, ბავშვებთან, თანაგუნდელებთან. საამისოდ კი სპორტის გუნდური სახეობაა მისწრება. რაკიღა გუნდური სახეობა ვარჩიეთ, მერე ბევრი აღარ გვიფიქრია და წყალბურთზე გადავიყვანეთ ცურვიდან.

- თუ არ ვცდები, ედუარდი ცეკვაზეც დადიოდა.

- კი, ცოტა ხანს დადიოდა ცეკვაზეც. სვანი მწვრთნელი ჰყავდა. იცით რა ერქვა? ტიფანი. ცოტა უცნაურია. ცეკვა კი ისწავლა ედუარდმა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მარტო სვანურ ცეკვებს ასწავლიდა მასწავლებელი. ისე, სვანეთში სასურველი სტუმარი იქნება.

- წყალბურთში როგორი მონაცემები აქვს, მწვრთნელი რას ამბობს, გამოდგებაო წყალბურთს?

- კი, მე მგონი გამოდგება. ბატონი სოსო კმაყოფილია, ედუარდიც ცოცხალი, მოქნილი ბავშვია, 1.66 სანტიმეტრია სიმაღლეში უკვე, ესეც დიდი პლუსია სპორტის ნებისმიერ სახეობაში, სისტემატური ვარჯიში უფრო განავითარებს მის სხეულს და ვფიქრობ, კარგი წყალბურთელი დადგება.

- ადრე კია პატარა ნიკოლოზთან დაკავშირებით სპორტზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც გკითხავთ - ტელეეკრანებსა და ფოტოებზე ძალიან ღონივრად გამოიყურება, მოკრივეობას ხომ არ აპირებს?

- (იცინის) ოო, ნიკოლოზს პორტული აღნაგობა აქვს. მგონი მისგან მოჭიდავე გამოვა. ძალიან მოძრავი და კომუნიკაბელური ბავშვია...

- ქართველი სპორტსმენებიდან ვისთან გაქვთ განსაკუთრებული სიახლოვე, ვინმესთან თუ მეგობრობთ?

- მეგობრობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ძალიან ბევრ სპორტსმენთან მაქვს ახლო ურთიერთობა - ნონა გაფრინდაშვილთან, ნანა ალექსანდრიასთან...ბევრ ჩვენს სპორტსმენს ვხვდები, საქმიანი ურთიერთობაც მქონია. როცა ჩვენმა ოლიმპიელებმა ათენში თავი ისახელეს, თბილისში რომ დავბრუნდით, შინ მივიპატიჟე ხაჭაპურზე, ოთხივე მედალოსანი იყო, ჩემპიონებიც და პრიზიორებიც - გია ასანიძე, ზურაბ ზვიადაური, რამაზ ნოზაძე და ნესტორ ხერგიანი.

- როგორ მოეწონათ ჩვენს ოლიმპიელებს პირველი ლედის მიერ გამომცხვარი ხაჭაპური?

- სხვათა შორის, ძალიან მოეწონათ. აქვე, ათენის ოლიმპიადის გახსენებაზე ერთ ამბავს მოგიყვებით. ოლიმპიადის ფრენბურთელ ქალთა ფინალზე დავესწარი, რუსეთისა და ჩინეთის გუნდები ხვდებოდნენ. რუსეთის ნაკრებში თამაშობს ერთი გოგონა, გვარად გამოვა. თან ისეთი გვარი აქვს, ჩვენებური, ქართული - გამოვა, არ გამოვა, გამოვიდა... ხომ გამიგეთ, გვარიც საინტერესო აქვს და ძლიერი ფრენბურთელიცაა. ფაქტობრივად, მის საქომაგოდ ვიყავი და მერე - რუსეთის ნაკრებისა. ჩემს უკან იჯდა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლეონიდ ტიაგაჩევი.

როცა გაიგო, რომ საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე ქომაგობს ჩვენს გუნდსო, გადაირია კინაღამ. იმან რა იცოდა ახლა, რომ მთავარი მიზეზი ჩემი იქ ყოფნისა, გამოვა იყო. 2:0-ს იგებდნენ რუსები, მესამე პერიოდი დაიწყო და წამოვედი, რადგან ძალიან მინდოდა მიმესწრო ბალახის ჰოკეის ფინალისთვის. ფინალში ჰოლანდიის ნაკრები თამაშობდა. ვუყურებ ბალახის ჰოკეის და ტაბლოზე სხვადასხვა ტურნირების შედეგებიც იწერება. გავიხედე. ფრენბურთი. რუსეთი - ჩინეთი - 2:1. ძალიან მეწყინა. ცოტა ხანში - 2:2, არ გასულა დიდი დრო და გამოაცხადეს, ჩინეთის ნაკრებმა რუსეთისას 3:2 მოუგოო. ეჰ, გამოვა, გამოვა, არ გამოვიდა შენი ჩემპიონობა-თქო, ვიძახი გულში. ამასობაში დასრულდა ჰოკეის მატჩი და დაჯილდოებისას მხვდება ლეონიდ ტიაგაჩევი. ისე მიყურებდა, რომ მივხვდი, რასაც გულისხმობდა - თქვენ რომ წახვედით დარბაზიდან, მას შემდეგ წავიდა ჩვენი საქმე ცუდად და ნეტავ ბოლომდე დარჩენილიყავითო.

- ქართულ ფრენბურთზე რას იტყვით. როდის გვეყოლება მაღალი დონის ნაკრები ვაჟებში ან ქალებში?

- მე ფრენბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი ვარ და გარკვეული პასუხისმგებლობაც მაკისრია. ძნელია ვადები დავთქვათ, ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს როდის მოვიპოვებთ, მაგრამ ეს დროც დადგება და იმედია, რომ არც თუ ისე გვიან. უკვე ბევრი ტურნირი ტარდება ფრენბურთში, მათ შორისაა "პირველი ლედის თასი", რომლის ფინალიც წელს ბათუმში გაიმართა და უკვე მესამედ, დასავლეთ საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა აღმოსავლეთისა. იმიტომ კი არა, რომ ეს ტურნირი ჩემს სახელს უკავშირდება, მართლა საკმაოდ მაღალი დონისაა, სპორტული თვალსაზრისით ბოლო ტურნირი წინა ორზე უკეთესი იყო.

ცალკე თემაა პლაჟის ფრენბურთი. მის განვითარებაზეც ვზრუნავთ. იცით, ალბათ, ორი ბრაზილიელი ჩამოვიყვანეთ და პლაჟის ფრენბურთელ ვაჟთა გუნდი საკმაოდ სოლიდური გვყავს და იმედია, ოლიმპიურ ლიცენზიას მოიპოვებენ.

საპლაჟო ფრენბურთს დიდი პერსპექტივა აქვს საქართველოში. მალე, დარწმუნებული ვარ, ძალზე პოპულარული გახდება. შეუძლებელია, ზღვისპირა ქვეყანას, ამდენი და ამხელა პლაჟებით, სპორტის ეს სახეობა არ ჰქონდეს მაღალ დონეზე. იცით რაზე ვოცნებობ? იმაზე, რომ სოხუმში, პლაჟზე ფრენბურთი ვითამაშო. გნებავთ ამას ჩემი ცხოვრების ოცნება დაარქვით. მერწმუნეთ - მოვა ის დრო, როდესაც ჩვენ სოხუმის პლაჟზე ფრენბურთს ვითამაშებთ და ეს რეალური, საფუძვლიანი ოცნებაა.

- თუნდაც ფრენბურთის პოპულარიზაციისთვის, ხომ არ აპირებთ ერთხელ კიდევ გამოხვიდეთ სარბიელზე? მე მახსოვს, რომ თქვენ დიდ ჯიხაიშში ითამაშეთ ამ სამი წლის წინათ.

- კი, მაშინ გავიმეტე თავი და ვითამაშე. სამაგიეროდ, ხელები სულ დალურჯებული მქონდა. ტკივილი იქით იყოს, პაპანაქება სიცხეში გრძელსახელოიანი სამოსი მეცვა, ჩალურჯებული ადგილები რომ დამემალა. ჯერ არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა. სამომავლოდ, ვნახოთ, გამორიცხული არ არის. 1-2 კვირიანი ვარჯიში მეყოფა, ცოტა ფორმა რომ აღვიდგინო და მთელ მატჩს თუ არა, რაღაც ნაწილს მაინც გავუძლო შეხვედრისას.

- ყველაზე მეტად რომელი სპორტსმენი მოგწონთ?

- თავის დროზე ჩოგბურთელი ივან ლენდლი მომწონდა ძალიან. მგონი არც ერთი მნიშვნელოვანი ტურნირი არ გამომიტოვებია მისი მონაწილეობით, ცხადია, ტელევიზორში ვუცქერდი მის თამაშებს. ბელგიაში სწავლის დროს კი ერთ-ერთ იქაურ ტურნირზე იასპარეზა. ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი, წავედი კორტზე და დავესწარი მის თამაშს. ჩემზე ბედნიერი მაშინ ბევრი არ მეგულებოდა. ალბათ, განგიცდიათ, დიდი ხნის ნაოცნებარის ახდენა როგორი სასიამოვნო გრძნობაცაა.

_ ფეხბურთის ვარსკვლავებიდან ვის გამოარჩევდით?

_ მარკო ვან ბასტენს. საოცარი ფეხბურთელი იყო, ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა და ლამაზი გოლებიც გაჰქონდა. ტრავმებს მისთვის ხელი რომ არ შეეშალა, უფრო დიდი ფეხბურთელი იქნებოდა...

- საქართველოსა და ჰოლანდიის ნაკრები გუნდები რომ შეხვდნენ სპორტის რომელიმე სახეობაში, ვის უქომაგებთ?

- რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებს ვუქომაგებ, რადგან მას უფრო ესაჭიროება გამარჯვება. ქართულ სპორტში მთელი სული და გულია ჩადებული და მიუხედავად რთული პირობებისა საკუთარ თავს მაღალ დონეზე რომ ავლენენ, ძალიან მიხარია...

- როგორ ფიქრობთ, ძალიან შორია ამ დრომდე?

- ძალიან მიხარია, რომ სასიკეთო ძვრები არის ქართულ ფეხბურთში. ბოლოს ურუგვაის ნაკრებს ხომ მოუგეს ჩვენმა ბიჭებმა. "ჩვენ ერთი გუნდი ვართ" ძალიან კარგი სლოგანია... რამდენიმე ვარსკვლავი გვყავს და იმედია, რომ გუნდური თამაშის პრინციპით კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მივაღწევთ.



ლევან ჯავახიშვილი
"ქართული სპორტი"




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code