პირველი ლედი პირველ რიგში უნდა იყოს ლედი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში _ პირველი. არასოდეს. მუდამ ჩრდილში უნდა დარჩეს. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ქალბატონი ისწრაფვის იმისკენ, რომ ყურადღების ცენტრში მოექცეს, პრესაში მისი სახელი ცოტა ფარავს კიდეც ქმრის მოღვაწეობას. ეს ნამდვილად არ არის ჩემი საქმე.
სანდრა ელისაბედ რულოვსი
პატარა რომ ვიყავი, ჩემი საძინებლის გვერდზე პატარა ოთახში მოვაწყვე კუთხე, რომელსაც დავარქვი Third Worlds Room. კედელზე აფრიკის დიდი რუკა გავაკარი და დავიწყე შესწავლა _ სად რომელი ქვეყანა მდებარეობს, რა ჰქვია ამა თუ იმ სახელმწიფოს დედაქალაქს. ჟურნალებიდან თუ გაზეთებიდან სტატიებსა და ფოტოებს ვაგროვებდი. ბავშვობიდან მაინტერესებდა უცხო ქვეყნები, განსხვავებული ტრადიციები და კულტურა.
ჩემი მშობლები კათოლიკური ოჯახებიდან იყვნენ. იმ წრეში, სადაც ისინი იზრდებოდნენ, მისიონერობა პრესტიჟულ საქმედ მიაჩნდათ და ბევრი ჩემი წინაპარი უცხოეთში მისიონერი იყო.
ბავშვობისას ზაფხულში ხშირად ვსტუმრობდით დედაჩემის დეიდებს - იოანეტასა და ნეპომოსენას (ეს მათი საეკლესიო სახელებია), უკვე ძალიან მოხუცები იყვნენ. ახალგაზრდობისას ინდონეზიაში მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდნენ. საომარი მოქმედებების დროს დაჭრილებს უვლიდნენ, ტყვეობაშიც კი მოხვედრილან. ჩვენგან სამოცდაათ კილომეტრში ცხოვრობდნენ და ერთდღიანი ვოიაჟი მათთან ჩემთვის და ჩემი ძმის, ეხბერტისთვის, საინტერესო ექსკურსიად გადაიქცეოდა ხოლმე _ მათთან ერთად ვსადილობდოთ სატრაპეზოში, ვლოცულობდით, ბებიები ინდონეზიის შესახებ გვიამბობდნენ, გვათვალიერებინედნენ ძველ ფოტოებს, ლამაზ საფოსტო მარკებს, რომლებიც შორეული ქვეყნიდან გამოგზავნილ ბარათებს მოჰყვებოდა. ინდონეზიელ მეგობრებთან მიმოწერას სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდნენ. ვიცი, რომ მათი დღიურებიც არსებობს, სამწუხაროდ, წასაკითხავად ვერა და ვერ მოვიცალე.
მთელი ბავშვობა ტერნეზენში გავატარე - პატარა ქალაქში, სადაც სულ ორმოცდაათი ათასი კაცი ცხოვრობს. დედას მაგდალენა ვან დერ პული ჰქვია, მამაჩემი ედუარდ რულოვსი უძრავი ქონების მაკლერი იყო. თავდაპირველად მის სამსახურთან ძალიან ახლოს, პატარა სახლში ვცხოვრობდით, სწორედ მაშინ ვისწავლე ველოსიპედის ტარება. მერე გადავედით ცოტა უფრო დიდ სახლში, მერე კიდევ უფრო დიდ სახლში და ასე, ოთხი ბინა გამოვიცვალეთ.
სახლი, სადაც რვა წლის ასაკიდან თხუთმეტ წლამდე ვცხოვრობდი, სკოლასთან ძალიან ახლოს იყო. მე და ჩემი ძმა სკოლაში ფეხით დავდიოდით. ის წლები ყველაზე კარგად მახსოვს. ეზოში ბევრი მეგობარი მყავდა. როცა კარგი დარი იდგა, სულ ერთსა და იმავე თამაშს, `დამალობანას~ ვთამაშობდით, ოღონდ _ ბურთით. ამ `დამალობანაში~ მნიშვნელოვანია, ვინ აღმოჩნდება ბურთთან პირველი. გარდა ამისა, სახლში მქონდა ჩემი პატარა სამკითხველოც, ნამდვილი კარტოთეკითა და ნამდვილი მკითხველებით. ბიბლიოთეკა, სადაც თვითონ ვიყავი გაწევრებული, კომპიუტერულ სისტემაზე გადავიდა და მათთვის უკვე გამოუსადეგარი სააღრიცხვო ბარათები მაჩუქეს. საშინაო ბიბლიოთეკაც სწორედ მაშინ მოვაწყვე. მკაცრად ვადევნებდი თვალს, ვინ რა წიგნი გაიტანა, დააბრუნა თუ არა თავის დროზე. თუ ვინმე წიგნს დათქმულ ვადამდე არ დააბრუნებდა, ბარათში მისამართები მეწერა და შინ ვაკითხავდი. ძალიან მომწონდა ეს საქმე. წიგნებიც ძალიან მიყვარდა. თავადაც მწერლობაზე ვოცნებობდი და პატარა მოთხრობებსაც ვწერდი. გოგონაზე, რომელსაც სკოლაში სიარული არ სურდა და ავადმყოფობა მოიმიზეზა, ან ზღარბზე, რომელმაც არ იცოდა, როგორ შეეჩერებინა სლოკინი. ჩემთვის ლიტერატურული ფსევდონიმიც კი მოვიგონე _ არდნას სვოლეორ (შებრუნებული სანდრა რულოვს). გარდა ამისა, ბევრი სხვა ინტერესიც მქონდა. დავდიოდი ფრენბურთზე, ვთამაშობდი ჩოგბურთს, ბადმინტონსაც. საახალწლოდ მთელი ოჯახით ორი კვირით ავსტრიაში მივემგზავრებოდით, სადაც თხილამურებით ვსრიალებდით. კვირის ბოლოს შეჯიბრება ტარდებოდა და ვიღაცა ბრინჯაოს მედალს იღებდა, ვიღაცა - ვერცხლის, ვიღაცა კი - ოქროს. ძალიან კარგად ვატარებდით დროს. დღემდე მაქვს ურთიერთობა იმ ხალხთან, ვისთანაც ვისვენებდით, ბავშვებთან, რომელთაც დღეს უკვე თავად ჰყავთ შვილები.
როგორი მოთხილამურე იყავით?
კარგი, მაგრამ ჩემი ძმა უფრო სწრაფი და უფრო გამბედავი იყო. მე ცოტა ფრთხილი ვარ და ეს სიფრთხილე ჩემს უფროს ვაჟს, ედუარდსაც დაჰყვა. ცოტა ზარმაციც გახლდით - როცა სხვები ფრენბურთის თამაშისას ბურთის ასაღებად თავს იკლავდნენ, მე ვპასიურობდი. ამიტომ ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ვთამაშობდი.
გარკვეულ ასაკს რომ მივაღწიეთ, დედა კვირაში ერთხელ მე და კვირაში ერთხელ ჩემს ძმას გვავალებდა - დღეს შენ უნდა მოამზადო სპაგეტი ან სალათა, შეწვა ომლეტი ან გამოაცხო ტორტიო. ასევე ყოველდღე, რიგრიგობით, ხან ეხბერტი, ხან მე ვრეცხავდით ჭურჭელს ან დედა რეცხავდა, ჩვენ კი ვამშრალებდით.
პირველად კარტოფილი შევწვი. საქართველოში ამას უფრო მარტივად აკეთებენ _ გათლილ კარტოფილს ჭრიან და ზეთში წვავენ. ჩვენთან კი კარტოფილი ჯერ უნდა მოხარშო, მერე, ოდნავ რომ შეგრილდება, კარაქში შეწვა. კარტოფილის შემდეგ სალათის მომზადება ვისწავლე, შემდეგ კი - სოუსის, რომელსაც დღემდე ხშირად ვამზადებ დედისეული რეცეპტით: ცოტა იოგურტი (მაწონი), ცოტა მდოგვი, თაფლი, ძმარი, მარილი და ზეთი ერთმანეთში უნდა შეურიო და ძალიან გემრიელი გამოდის, ნამდვილად. სამზარეულოში მზარეულად ჩემი მორიგეობის დღე იყო ხუთშაბათი, ამიტომ ეხბერტი ხუთშაბათობით ჭურჭლის რეცხვაზე უარს აცხადებდა. ასე ამბობდა, - როცა შენ ამზადებ, სამზარეულოში ყველა თეფში გასარეცხიაო.
ჩემი აზრით, ეს აღზრდის ძალიან კარგი მეთოდი იყო, ამით ჩვენ საჭირო უნარსაც ვიძენდით, რათა მომავალში, სტუდენტობისას თავის მოვლა შეგვძლებოდა. თანაც ამ საქმიანობის დროს მინიმუმ 20 წუთს მაინც დედასთან საუბარში ვატარებდით, შეგვეძლო, გაგვეზიარებინა ჩვენი ფიქრი, დაგვესვა კითხვები. დღეს ვცდილობ, ეს მეთოდი ჩემს უფროს ვაჟთან გამოვიყენო, მაგრამ ჯერჯერობით არცთუ ისე შედეგიანად გამომდის.
გახსოვთ პირველი შთაბეჭდილება, რომელიც თქვენზე კლასიკურმა მუსიკამ მოახდინა?
ამ მხრივ, ჩემი პირველი მოგონება ბებია-ბაბუასთან გატარებულ შაბათ-კვირას უკავშირდება. დედაჩემის მშობლები მუდამ უზარმაზარ, დაუსრულებელ სიმფონიებს ისმენდნენ, ფირფიტა ტრიალებდა და ტრიალებდა, მთელ სახლში ჟღერდა მუსიკა. მაშინ მე ეს მუსიკა სულაც არ მომწონდა. მოსაწყენი მეჩვენებოდა.
ასე რომ, ჩემი პირველი შთაბეჭდილება კლასიკურ მუსიკაზე სულაც არ ყოფილა საუკეთესო, მაგრამ თანდათან დამოკიდებულება შემეცვალა, რადგან დედას ხშირად დავყავდი ოპერაში სიმფონიური, უფრო ხშირად კი კამერული მუსიკის კონცერტებზე. თანდათან მოსმენა ვისწავლე და შემიყვარდა კლასიკური, განსაკუთრებით კი საფორტეპიანო მუსიკა. დაახლოებით 14-15 წლის ასაკში, როცა უკვე თავადაც ვუკრავდი, ხშირად ვუსმენდი ლისტს, შოპენს, შემდეგ თანდათან ვოკალური ხელოვნებაც დავაფასე. ოპერასაც გემო გავუგე.
მუსიკის პირველი გაკვეთილები გახსოვთ?
ჰოლანდიაში მუსიკის სწავლების აქაურისგან საკმაოდ განსხვავებული მეთოდიკა არსებობდა: პირველი სამი წელი მხოლოდ თეორიას, სოლფეჯიოს სწავლობ და შემდეგ გსვამენ რომელიმე ინსტრუმენტთან. მე ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლა მინდოდა. მახსოვს, ამ სოლფეჯიოთი ძალიან ვიტანჯებოდი, ჩემი დეიდაშვილი კი უკვე უკრავდა. ინსტრუმენტი მხოლოდ 11 წლისას მიყიდეს, გაკვეთილებიც ძალიან ძვირი ღირდა. ჩემი მშობლები ხშირად მეკითხებოდნენ, განა ეს ასეთი აუციელებელიაო? ამ საქმეში მაინცდამაინც დიდი პროფესიონალი ჩემგან არ გამოვიდა, რადგან, როგორც გითხარით, იქ სულ სხვა, უფრო მსუბუქი დამოკიდებულება აქვთ მუსიკის სწავლების მიმართ, ვიდრე საქართველოში. აქ თუ ბავშვები კვირაში რამდენჯერმე რეპეტიტორთან ერთად მეცადინეობენ და საათობით უკრავენ, მე მხოლოდ კვირაში ნახევარსაათიანი გაკვეთილები მქონდა. სტუდენტობისას ბრიუსელში რომ გადავედი, ინსტრუმენტს, ბუნებრივია, თან ვერ წავიღებდი და ფლეიტა შევიძინე. იქ მუსიკის გაკვეთილები შედარებით იაფი ღირდა. კვირაში ორჯერაც ვახერხებდი სიარულს, ასე რომ, ფლეიტაზე დაკვრაც ცოტა მეხერხება.
შარშან კი, ჩემს დაბადების დღეს, მეუღლემ საჩუქრად ჩემი საყვარელი ვიოლონჩელი მომიტანა. რამდენიმე გაკვეთილიც მივიღე, მაგრამ ძალიან რთული ინსტრუმენტია. ჩემი ოცნებაა, რომ ოდესმე ჩელოზე ლამაზად დავუკრა. ის ხომ ადამიანის ხმასთან ყველაზე მიახლოებულ ბგერას გამოსცემს, შეუდარებლად ლამაზ ბგერას. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ვიოლონჩელისტი გახლავთ ჟაკლინ დიუპრე, ინგლისელი მუსიკოსი, რომელიც სამწუხაროდ, ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა.
რა იცოდით საბჭოთა კავშირის შესახებ?
ძალიან ცოტა რამ. იუგოსლავია, რუმინეთი და სხვა სატელიტური ქვეყნები შედარებით ახლოს იყო ჩვენთვის, მაგრამ საბჭოთა კავშირზე თითქმის არაფერი ვიცოდით. ვიცოდი, რომ იქ დახურული სისტემა, კომუნისტური წყობა იყო. რკინის ფარდა ჩემი სტუდენტობისას ჩამოიხსნა. ვსწავლობდი უცხო ენათა ინსტიტუტში, სადაც რუსულ ენასაც ასწავლიდნენ, მაგრამ ჩემი სპეციალობა გახლდათ გერმანული და ფრანგული ენები. როცა ბერლინის კედელი დაინგრა, ჩემში ინტერესმა გაიღვიძა. ვიფიქრე: მოდი, იმ ქვეყნებში წავალ, ვნახავ, რა ხდება, დავეხმარები ვინმეს, ბავშვთა სახლებს ვუპატრონებ. გადავწყვიტე, რუსული ენა შემესწავლა. დავიწყე კიდეც. ნახევარ წელიწადში მოგზაურობის საშუალებაც მომეცა. ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიყავი, სანამ დამოუკიდებლობას მოიპოვებდნენ, ვნახე რუმინეთი.
რამდენი წლის იყავით?
ოცდაერთის ან ოცდაორის...
არ შეგეშინდათ, ასე შორს და ასეთ უცხო გარემოში იმ არეულ დროში მოგზაურობა?
საშიში არ იყო, თანაც ჩემი მშობლები ყოველთვის საკმაოდ დიდ თავისუფლებას მაძლევდნენ. თექვსმეტი წლის ვიყავი, როცა საფრანგეთში საზაფხულო ენის კურსებზე სამი კვირით მარტო გამიშვეს. მაშინ ჩემს კლასში ვიყავი პირველი გოგო, ვისაც დამოუკიდებლად მოგზაურობის ნება დართეს.
როგორი იყო პირველი შთაბეჭდილება სოციალისტურ სამყაროზე?
პირველი შთაბეჭდილება ჯერ კიდევ სტუდენტობისას მივიღე - ბერლინში ექსკურსიაზე, სადაც უცხო ენათა ინსტიტუტიდან გაგვამგზავრეს და ერთი დღით აღმოსავლეთ ბერლინის სანახავად გადავედით. მახსოვს, ოცი დასავლურგერმანული მარკა გვქონდა, ის უნდა გადაგვეცვალა აღმოსავლურ მარკებზე. იმ თანხის დახარჯვა ჩვენთვის პრობლემად იქცა, რადგან იქ ჩვენთვის საინტერესო არაფერი იყიდებოდა. ბიჭებმა ძეხვი და ლუდი იყიდეს, მე კი ატლასი შევიძინე - აბა, კარლ მარქსის `კაპიტალს~ ხომ არ ვიყიდდი?! მახსოვს, ერთ-ერთი მუზეუმიდან გამოსულები კიბეზე ჩამოვსხედით. მოულოდნელად თავს დაგვადგა ჯარისკაცი და მკაცრად მოგვმართა: ადექით, აქ დაჯდომა არ შეიძლებაო! ჩემთვის იქაურობა მოსაწყენი იყო, მოსაწყენი, ერთფეროვანი და ნაცრისფერი.
გაიხსენეთ სტუდენტური ყოველდღიურობა...
ბრიუსელში პატარა ბინაში დავბინავდი. სამ სტუდენტთან საზიარო სამზარეულო მქონდა. რადგან ბინა საკმაოდ შორს იყო ჩემი ინსტიტუტიდან, იქ მხოლოდ ერთი წელი ვიცხოვრე. შემდეგ კი უკეთეს ადგილას გადავედი, სახლში, რომელიც მთლიანად სტუდენტებზე იყო გაქირავებული. მათგან უმეტესობა ბელგიელი გახლდათ. სხვათა შორის, ბებია, მამის მხრიდან, ბელგიელი მყავს. საერთოდაც, ტერნეზენთან ბელგიური ქალაქები უფრო ახლოს არის, ვიდრე ჰოლანდიური, ამიტომ იმ სტუდენტებთან საერთო ენა იოლად ვიპოვე.
ინსტიტუტი, სადაც მე ვსწავლობდი, ევროკავშირის შენობასთან ახლოს, არასტუდენტურ ზონაში მდებარეობს. ირგვლივ სულ ოფისებია, მაღაზიები თითქმის არ გხვდება. შესვენების დროს ან სამსახურის შემდეგ ადამიანები ძირითადად, მხოლოდ სენდვიჩბარებსა და პატარა კაფეებში იკვებებიან. მეც, რაკი მარტო ვიყავი, სადილების მომზადება მეზარებოდა. შაბათ-კვირას თუ ვინმე მესტუმრებოდა, მხოლოდ მაშინ ვამზადებდი რაიმეს. მაგრამ სხვა დროს უფრო სენდვიჩებით და შოკოლადით ვიკვებებოდი. თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მქონდა. 4 საათამდე ინსტიტუტში, ლექციებზე ვიყავი, მერე კი მთელი საღამო ბიბლიოთეკაში ვიჯექი. ინტერნეტი, ცხადია, მაშინ არ გვქონდა და საჭირო ლექსიკონებსა თუ ლიტერატურას იქ ვეცნობოდი. როცა დრო ჩამივარდებოდა, კლასიკური მუსიკის კონცერტებს ვესწრებოდი. ჩემს მაგიდაზე მუდამ იდო კონსერვატორიის პროგრამა. წინასწარ მოვინიშნავდი ხოლმე ჩემთვის საინტერესო საღამოებს. ბრიუსელში ძალიან კარგი, ძველი კინოსახლია, საინტერესო ფილმებს ვნახულობდი. მაგრამ უფრო ხშირად მაინც შინ გამგზავრება მერჩია, მით უმეტეს, რომ სახლს სულ რაღაც 90 კილომეტრი მაშორებდა.
ბელგიელები ოჯახის მოყვარული ხალხია. გოგოები და ბიჭები, ყველა, ვინც ჩემს სახლში ცხოვრობდა, პარასკევს საღამოს თავ-თავის მშობლიურ სოფელში, მშობლებთან მიემგზავრებოდა. თავიდან ძალიან მიჭირდა უცხო ქალაქში შაბათ-კვირის მარტო გატარება, ამიტომ პარასკევს მეც მატარებელში ვჯდებოდი და ჩემს მშობლებთან გავრბოდი. სხვათა შორის, იმ დროს ჰოლანდიელ სტუდენტებს უფლება გვქონდა, მატარებლით უფასოდ გვემგზავრა. მართალია, მე ბელგიაში ვსწავლობდი, მაგრამ ჰოლანდიის რკინიგზაზე ამ უფლებით მაინც ვსარგებლობდი. საქმე ის იყო, რომ ჰოლანდიაში თარჯიმნებს არ ამზადებდნენ, მხოლოდ მთარგმნელი შეგეძლო გამოსულიყავი, ამიტომ ბელგიაში სწავლის სტიპენდიას მიხდიდნენ და ჰოლანდიური რკინიგზის ბარათსაც მაძლევდნენ. მართალია, ბელგიაში ეს ბარათი დიდად არაფერში მადგებოდა, სამაგიეროდ, შაბათ-კვირასა და არდადეგების დროს აქტიურად ვსარგებლობდი. რადგან მატარებლით მგზავრობა მიყვარს, მთელი ქვეყანა შემოვიარე. მგზავრობისას აუცილებლად უნდა დამეწერა - სად, როდის, რომელ ქალაქში მივემგზავრებოდი. ასე რომ, ყველაფერი შენახული მაქვს - რას ვაკეთებდი მთელი სტუდენტობა, სად ვყოფილვარ და რა მიკეთებია.
მშობლებზე გვიამბეთ...
ჩემი დედ-მამა ხასიათით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. დედა უფრო ემოციური ადამიანია, მოთმინებისა და მოსმენის კარგი უნარი აქვს. მამა უფრო საქმიანია, ხშირად არ ამჟღავნებს ემოციას. მიუხედავად ამისა, არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. იშვიათად მინახავს მათი კამათი, მათ შორის ერთი ხმამაღალი სიტყვაც არ თქმულა. ის, რომ ჩემი მშობლები ასე ავსებენ ერთმანეთს, ასე ტკბილად არიან - ბედნიერებაა, რომელიც ბავშვობიდან მომყვება. ჩემი მშობლები ჯანსაღად, სპორტული წესით ცხოვრობენ, იშვიათად მიირთმევენ ხორცს და მანქანით მგზავრობას, ველოსიპედით სეირნობას ამჯობინებენ.
მუდამ ახალ-ახალი ინტერესი აქვთ. მაგალითად, მამამ ახლახან ფრანგული ენის გაკვეთილებზე დაიწყო სიარული. უნდა, რომ ამ ენის ცოდნა გაიღრმავოს, რადგან ჩემი ძმა ამჟამად პარიზში ცხოვრობს და მამა მასთან ხშირად სტუმრობს. დედა შემოქმედებითი ნატურაა, დადის სამხატვრო აკადემიაში, გატაცებულია სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგით - გრაფიკით, კოლაჟით, ქანდაკების კურსიც კი გავლილი აქვს. ჩემთვის და ჩემი ძმისთვის ისინი ყოველთვის სამაგალითონი იყვნენ.
ბოლო დროს შედარებით ხშირად ვნახულობ, ჰოლანდიაში წელიწადში სამჯერ მაინც ჩავდივარ, ისინიც წელიწადში ორჯერ ჩამოდიან ჩემთან. გამოდის, რომ ორ თვეში თუ არა, სამ თვეში ერთხელ მაინც ვახერხებთ შეხვედრას, ამიტომ ნაკლებად გვიჭირს განშორება, ვიდრე ადრე, როცა ამის საშუალება არ გვქონდა. მაგრამ მათთვის ალბათ მაინც ძალიან ძნელია შვილიშვილებთან 5000 კილომეტრის დაშორებით ცხოვრება, ამიტომ ძალიან მინდა, ჩემი ძმა დაოჯახდეს, რომ მისი მხრიდანაც შეეძინოთ შვილიშვილი.
თქვენი მშობლები როგორ ხედავდნენ თქვენს მომავალს? ალბათ ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათი ქალიშვილის ბედი ასეთ შორეულ ქვეყანას დაუკავშირდებოდა.
ვერა, ნამდვილად ვერ წარმოიდგენდნენ. ერთხელ, როცა მე და მიშა ნიუ-იორკში ვცხოვრობდით, დედამ მომწერა: სკოლაში, სადაც შენ სწავლობდი, ფრანგულის მასწავლებელს ეძებენო. ერთი კი გავიფიქრე: აუ, რა შანსია! რა კარგი იქნებოდა, ჩემს სკოლაში მასწავლებლად დავბრუნებულიყავი-მეთქი!
იცოდნენ, რომ მე მქონდა ჰუმანიტარული მიდრეკილება, რომ აუცილებლად საზღვარგარეთ უნდა მესწავლა. ყოველთვის მინდოდა, წითელ ჯვარში მემუშავა და ვარაუდობდნენ, რომ ჩემი მომავალი აუცილებლად იქნებოდა დაკავშირებული ენებთან, სხვა კულტურებთან... მაგრამ ასე შორს თუ წავიდოდი, არ უფიქრიათ... როცა, 90-იანების დასაწყისში, ქართველზე გავთხოვდი და მშობლები ჯვრისწერაზე ჩამოვიდნენ, მათ ღარიბი, არეულ-დარეული ქვეყანა დახვდათ. მახსოვს, ჩვენს ქორწილში ბუშტი გასკდა და ხალხი დაფრთხა, იფიქრეს, ვინმემ ხომ არ ისროლაო?
თქვენი და თქვენი მეუღლის ურთიერთობა სტრასბურგში დაიწყო. ამის შესახებ არაერთხელ გიამბიათ. თავიდან, ერთხანს ამერიკაში ცხოვრობდით. ყველაზე მეტად რა გენატრებათ იმ დროიდან?
ყველაზე მეტად რა მენატრება? ის, რომ მიშას მეტი დრო ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მშრომელი სტუდენტი იყო და ბევრს მეცადინეობდა. გამოცდების დროს ღამეებსაც ათენებდა, მეც ვეხმარებოდი. თუ თემა ჰქონდა დასაწერი, ხელით წერდა, მე კი ვუბეჭდავდი, რადგან თვითონ, ჩემსავით სწრაფად ვერ ბეჭდავდა... მაინც უფრო თავისუფალი და უდარდელი იყო, შინ მეტ დროს ატარებდა, თუმცა ჩვენს უდარდელობას რაღაც მაინც აკლდა. მაშინ საქართველოსთვის ძალიან რთული წლები იდგა.
მიშასთან შეხვედრამდე, 1992 წელს უკვე ნამყოფი ვიყავი ამ მხარეში, ქუთაისს ვესტუმრე და ძალიან კარგი შთაბეჭდილებები დამრჩა აქაურ ადამიანებზე, ქართულ ბუნებაზე, პოლიტიკასა და ეკონომიკაში კი მაინცდამაინც ვერ ვერკვეოდი. იმ დროს, როდესაც აფხაზეთის ომი მძვინვარებდა, ჩემი მეუღლე გამუდმებით `ამერიკის ხმის~ გადაცემებს უსმენდა, განიცდიდა იმას, რაც ოკეანის გაღმა, მის ქვეყანაში ხდებოდა, სტრესისგან სიცხეც კი უწევდა.
თავიდან კოლუმბიის უნივერსიტეტის ერთ-ერთ სამდივნოში ვმუშაობდი, იურიდიულ ფაკულტეტს ვეხმარებოდი. მაშინ საკმაოდ მცირე შემოსავალი გვქონდა, ამიტომ საქართველოში ხშირად ჩამოსვლას ან თუნდაც ჰოლანდიაში გამგზავრებას ვერ ვახერხებდით. ერთი-ორჯერ ჩემი მშობლები დაგვეხმარნენ, მაგრამ ძირითადად, მოგზაურობაზე უარის თქმა გვიწევდა.
შემდეგ მიშამ უნივერსიტეტი დაამთავრა და ძალიან კარგი შეთავაზება მიიღო – ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფირმაში სტაჟიორად მიიღეს. იმ დროისთვის მე ჰოლანდიურ ფირმაში ვმუშაობდი, მდივნის მოვალეობას ვასრულებდი. საკმაოდ კარგი ხელფასი მქონდა _ 2000 დოლარი. მართალია, თანხის ნახევარს ბინის ქირაში ვიხდიდით, მაგრამ ჩვენს მწირ, სტუდენტურ ბიუჯეტთან შედარებით, ეს მაინც დიდი შველა გახლდათ. თანაც, ამერიკაში ხელფასის გაცემის კარგი სისტემა აქვთ _ ხელფასს ორ კვირაში ერთხელ გაძლევენ და ფულის გადანაწილება გაცილებით იოლია, ვიდრე მთელ თვეზე. სხვათა შორის, ამერიკაში პიცერიაშიც მიმუშავია...
რა სასარგებლო თვისება შეიძინა მომავალმა პირველმა ლედიმ პიცერიაში?
სასარგებლო ბევრი რამ ვისწავლე. ყველა ადამიანს უნდა გაუღიმო, ყველას ერთნაირი სერვისი და მომსახურება შესთავაზო, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კლიენტი არც ისე თავაზიანია. გარდა ამისა, ვისწავლე _ ცხელი ცომეული როგორ უნდა მიიტანო მაგიდასთან ისე, რომ ხელები არ დაიწვა. ძალიან კარგი კოლეგები მყავდა, წარმოშობით იტალიელები. ყველაფერს მიხსნიდნენ და ყველაფერს მასწავლიდნენ...
მას მერე, რაც ცნობილი ადამიანი გახდით, თუ შეხვედრიხართ კოლეგებს პიცერიიდან?
არა, სამწუხაროდ, მათ არ შევხვედრივარ. კოლუმბიის უნივერსიტეტის თანამშრომლებთან კი მქონია ურთიერთობა. სხვათა შორის, ივნისში თბილისში ჩამოდის ჩემი მაშინდელი კოლეგა ქალბატონი მარიეტა, იურიდიული ფაკულტეტის ერთ-ერთ თანამშრომელთან ერთად. ამ ქალბატონთან ძალიან ტკბილი მოგონებები მაკავშირებს, ერთი-ორჯერ თავისი ტანსაცმელიც კი მაჩუქა. ძალიან თბილად მეპყრობოდა. რომ ჩამოვა, მინდა, საქართველო დავათვალიერებინო და ვაჩვენო, როგორია აქაურობა სინამდვილეში.
ერთი საინტერესო პროფესია თბილისშიც შეიძინეთ, მას მერე, რაც 2008 წელს მედდის სამწლიანი კურსი დაასრულეთ.
ვმუშაობ თბილისის ერთ-ერთ სამშობიაროში, ვასრულებ ჩვეულებრივად ყველა იმ მოვალეობას, რაც მედდას ევალება _ ვეხმარები მშობიარობის დროს, ვზრუნავ პაციენტებზე, მაგალითად, წნევას ვუზომავ. ხომ იცით, მელოგინე ქალისთვის რა მნიშვნელოვანია, რომ წნევამ არ აუწიოს.
პაციენტებს რა დამოკიდებულება უჩნდებათ, როცა თეთრ ხალათში გამოწყობილ სამედიცინო პერსონალში დაგინახავენ ხოლმე?
ჩვეულებრივი, დადებითი.
არ იძაბებიან?
არა, პირიქით _ უხარიათ. თუმცა ხანდახან ცოტა ერიდებათ, ამბობენ _ ვაიმე, თქვენი თანდასწრებით, როგორ უნდა ვიყვირო?! მაგრამ მერე, პროცესი რომ დაიწყება, ნუ გეშინია, ყვირიან და ყვირიან რომელია!
ძალიან მაინტერესებს ეს საქმე, მთელი პროცესი. რა რის შემდეგ და რატომ ხდება, რამდენ წუთში ერთხელ უნდა იყოს შეტევა, როდის იწყება შემდეგი ეტაპი, როდის უნდა გავზომო წნევა, როგორ უნდა დავარეგულირო, თუ ის მაღალია.…
პრაქტიკაში მძიმე შემთხვევა თუ გქონიათ?
ერთი-ორჯერ ყოფილა, რომ მელოგინის მდგომარეობა გართულებულა, ან ბავშვს უჭირდა რაღაც. იცით, როცა მართლაც ძალიან მძიმე ვითარებაა, მე იქაურობას ვტოვებ, მაშინვე გავდივარ, ყოველთვის! ვფიქრობ, რომ ასეთ დროს საოპერაციოში ჩემი ყოფნა მეტ დაძაბულობას შექმნის. მე ხომ მათი სრულფასოვანი თანამშრომელი არა ვარ. მაგრამ ძირითადად, მშვენიერი განწყობილება სუფევს და შედეგიც მშვენიერია _ ჯანსაღი ბავშვი, დაღლილი, მაგრამ ბედნიერი დედა და გახარებული ნათესავები.
იმ დღესაც ვიყავი ღუდუშაურში, დავეხმარე ერთ ქალბატონს, გვარად წიკლაურს. დაიბადა ვაჟი, 3 კილო და 400 გრამი, 50 სანტიმეტრი სიმაღლის. წმინდა ანდრია მოციქულის დღე იყო, ამიტომ ბიჭსაც ანდრია დაარქვეს. მე, როგორც მახარობელი, დერეფანში გავედი და მამას შვილის ფოტოები ვუჩვენე. მერე კი, როცა ბიჭის სანახავად პალატაში შევიყვანე, ცოტა სასაცილო რამ მოხდა: შევიდა, დახედა ბავშვს და, _ უფ, უფ, რა კარგი ბიჭია, ეს აუცილებლად პატრული გამოვაო! ძალიან ბევრი ვიცინე. ამ საღამოს ან ხვალ დილით პატარა ანდრიას ფოტოები უნდა დავბეჭდო, რათა პატარა სუვენირთან, ტანსაცმელთან და მისალოც ბარათთან ერთად, ჩემგან სამახსოვროდ გავუგზავნო. სხვათა შორის, ყოველი მორიგეობის შემდეგ შინ დაბრუნებული ვიწერ, ვის დაბადებას დავესწარი, ვიწერ ბავშვის სახელს, გვარს, წონასა და სიმაღლეს, დედისა და მამის სახელებს. უბრალოდ ისე, ჩემთვის. მინდა, რომ ეს სია მქონდეს.
თქვენ მხოლოდ ბედნიერ დედებთან არ გიწევთ ურთიერთობა, 2010 წლიდან ფონდი SOCO-ს ფილიალში ჩამოაყალიბეთ `ალიანსი იშვიათი დაავადებებისთვის~. ალბათ ამ ალიანსში მოღვაწეობისას ძალიან ბევრი მძიმე ამბის მოსმენა გიწევთ.
იშვიათი დაავადებების საერთაშორისო დღე სიმბოლურად, 29 თებერვალი გახლავთ; რაკი 2011 ნაკიანი წელი არ იყო, ეს დღე 28-ში აღვნიშნეთ და კოლეგებთან ერთად მოვაწყვეთ შეხვედრა იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების მშობლებთან. აი, იქ მართლაც ბევრი საკმაოდ მძიმე ამბავი მოვისმინე მშობლებისგან, რომლებიც სათითაოდ გამოდიოდნენ მიკროფონთან და გვიამბობდნენ თავიანთი მდგომარეობის შესახებ. ალიანსის საშუალებით ვცდილობთ დავეხმაროთ ამ დედებსა და მამებს იმაში, რომ თავად შეძლონ ბავშვებზე ზრუნვა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი _ ზუსტი დიაგნოსტიკაა, ამიტომ ხშირად საჭიროა, სადიაგნოსტიკო მასალის საზღვარგარეთ, ამა თუ იმ გენეტიკურ განყოფილებაში გაგზავნა. ასეთი პათოლოგიური ცენტრი ჩვენ საქართველოშიც გვჭირდება. მე ვმუშაობ, რომ ის ჩვენთანაც მალე გაიხსნას, რაშიც ჰოლანდიელები და ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველები გვეხმარებიან. ჩვენ ამაში ვეხმარებით. ჯგუფური, კოლექტიური მიდგომა ბევრად ეფექტიანია _ მშობლებს საშუალებას აძლევს, უფრო მეტს მიაწვდინონ საკუთარი ხმა, რადგან ერთია, როცა ერთი ბავშვის შესახებ ესაუბრები რომელიმე მინისტრს, ფარმაცევტულ ან სადაზღვევო კომპანიას, და სულ სხვაა, როცა ეს ყველაფერი 20 ან 50 ბავშვს ეხება.
ძალიან ბევრია სამუშაო არა მხოლოდ იშვიათი დაავადებების მქონე, არამედ საერთოდ, უნარშეზღუდული ბავშვების საკითხებზე. იცით, რამდენი ბავშვია დაინვალიდებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად? ბავშვები, რომლებიც წელს ქვემოთ მოწყვეტილნი არიან, ან ტვინის მძიმე დაზიანებები აქვთ მიღებული? საბედნიეროდ, ჩვენ ნელ-ნელა ვეჩვევით ღვედების ხმარებას, უმჯობესდება უსაფრთხოება ჩვენს გზებზე. მაგრამ იმ ბავშვებისთვის, ვინც უკვე დაზარალდნენ, საჭიროა სარეაბილიტაციო პროგრამები. სამწუხაროდ, საქართველოში ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს სქოლიოზი. ჩვენ ვაპირებთ სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას, სადაც ბავშვებს ჩაუტარდებათ ფიზიოთერაპია, ჰიდროთერაპია, შედარებით იაფი დაჯდება დიაგნოსტიკაც. ამ საქმეში შესაძლოა დაგვეხმარონ იტალიელები, პოლონელები, ებრაელებიც გამოგვეხმაურნენ. მთავარია, დრო ყველაფერზე მეყოს, იმიტომ, რომ ბევრი პროექტი მაქვს დაწყებული. ვმუშაობ ონკოლოგიურ პრობლემებზე. უშვილობაც საკმაოდ მწვავე პრობლემაა საქართველოში. როცა სხვა ქვეყნებში იგი 10%-ს შეადგენს, ჩვენთან 15-17%-ს აღწევს. გვინდა, საქართველოში შეიქმნას უშვილობის ორი ცენტრი. მინდა, პირველ რიგში დავეხმარო იმ წყვილებს, რომლებიც დიდი ხანია, უშედეგოდ მკურნალობენ, რომელთაც დიდი სურვილი აქვთ, შვილი იყოლიონ, ხელოვნური განაყოფიერებისთვის საჭირო თანხები კი არ გააჩნიათ. ამ ეტაპზე უბრალოდ ვარკვევთ, რა შეიძლება გაკეთდეს, ვაანალიზებთ საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკას _ მაგალითად, საფრანგეთში მოქალაქეს 6 ცდას უნაზღაურებს სახელმწიფო. ჰოლანდიაში 2 ცდა ფინანსდება, მესამე ცდა უკვე თავად უნდა აანაზღაურონ. ვფიქრობ, ჩვენც უნდა გადავდგათ ნაბიჯი ამ მიმართულებით. ალბათ დაახლოებით 2012-2013 წლებში შევძლებთ, რომ წყვილებს თუნდაც მინიმალურად დავეხმაროთ. მაგრამ მე მაქვს ასეთი სურვილი, გნებავთ _ პრეტენზია, პირველ რიგში, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია, ცდილობენ ამ პრობლემის დაძლევას.
ჯანდაცვის და სოციალური პროექტების გარდა, საკმაოდ აქტიურად საქმიანობთ კლასიკური მუსიკის განვითარების საქმეშიც.
საქართველოში რომ ჩამოვედი, აქაურმა საფორტეპიანო და ვოკალურმა კულტურამ უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მას მერე, რაც რადიო `მუზა~ დავაარსე, ძალიან ახლო კონტაქტი დავამყარე მუსიკოსებთან, კონსერვატორიის პროფესორებთან, ამ სფეროს სამზარეულოშიც უკეთ გავერკვიე და ახლა უფრო მესმის, რა გვაკლია.
ჩვენ გვყავს ძალიან კარგი სოლისტები, მევიოლინეები, ვოკალისტები, პიანისტები, მაგრამ სრულფასოვანი ორკესტრი მხოლოდ სოლისტებით ვერ შედგება. მაგალითად, ჩასაბერ ინსტრუმენტებზე დაკვრა არავის სურს, არ სარგებლობს პოპულარობით ფაგოტი და კლარნეტი, ამის გამო კარგი პედაგოგიც ძალიან ცოტაა. ისეც ხდება, რომ ერთი პედაგოგი, ერთდროულად რამდენიმე ჩასაბერ ინსტრუმენტზე დაკვრას ასწავლის. ჰოლანდიაში ჩასაბერი ინსტრუმენტების ძალიან კარგი სკოლაა.
მესამე წელია, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან და ბელგიიდან ფესტივალზე ჩამოგვყავს მუსიკოსები, რათა მოვახდინოთ ამ ინსტრუმენტების პოპულარიზაცია. ჩვენი სურვილია, რომ აქაურმა აუდიტორიამ გემო გაუგოს ბაროკოს, ძველებურ მუსიკას _ მუსიკას, რომელიც ჩასაბერი ინსტრუმენტებით სრულდება...
რადიოში გვაქვს გადაცემები ასეთი მუსიკის შესახებ, თანამედროვე მუსიკის შესახებაც. სულ უფრო მეტი მსმენელი ინტერესდება ყველაფერ ამით.
ასევე ძალიან გვჭირდება დირიჟორები სიმფონიური ორკესტრისთვის. საგუნდო ხელოვნება კი ჩვენთან ძალიან მაღალ დონეზეა, შეგვიძლია, თავად ვასწავლოთ სხვებს. ქართულ პოლიფონიას ხომ საერთოდ, არაფერი შეედრება. მახსოვს ჩემი შთაბეჭდილება, როცა პირველად მოვისმინე იგი. სუფრაზე ჯანსუღ კახიძესთან ერთად მოვხვდი. მოსმენილმა სიმღერებმა მართლაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ბატონი ჯანსუღ კახიძე მართლაც არაჩვეულებრივი მუსიკოსი იყო. ძალიან ვაფასებ ასევე ანზორ ერქომაიშვილს, ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანია, ნამდვილი ნიმუშია იმისა, თუ როგორ უნდა უყვარდეს კაცს თავისი ფესვები, როგორ უნდა უფრთხილდებოდეს კულტურულ მემკვიდრეობას. მას შეუძლია, ავადმყოფობის მიუხედავად, დღედაღამ იმუშაოს. უნდა, რომ ყველაფრის ჩაწერა მოასწროს, ძველი გურული, აჭარული თუ ხევსურული ჰანგებისა და მელოდიების შთამომავლობისთვის დატოვება შეძლოს. იცის, რომ მის შემდეგ და მის ნაცვლად ამას ვერავინ გააკეთებს. ეს ძალიან დასაფასებელია.
მას მერე, რაც თქვენი ბედი საქართველოს დაუკავშირდა, ალბათ ურთულესი იყო 2008 წლის აგვისტოს დღეები.
აგვისტოს დღეებში ჩინეთში, ოლიმპიურ თამაშებს ვესწრებოდი. ბავშვები თან მყავდა. მიშაც ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო, მაგრამ გადაიფიქრა წამოსვლა. როცა ეს ყველაფერი დაიწყო და "სი-ენ-ენით" და "ევრონიუსით" გადმოცემული კადრები ვნახე, თვალებს ვერ დავუჯერე. ვის ჰქონდა ოლიმპიური თამაშების თავი?! სულ იმაზე იყო საუბარი, ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიადა დაეტოვებინათ თუ არა. მაგრამ მეუღლემ ოლიმპიურ ჯგუფს სთხოვა _ დარჩით იქ, სადაც თქვენი ბრძოლა გაქვთ ჩასატარებელი და მედლებით დაბრუნდითო. ასეც მოხდა.
მე პეკინიდან ბავშვებთან ერთად კიევში გავემგზავრე, სადაც ჩემი მშობლები დამხვდნენ. ბავშვები ომის პერიოდში ბებია-ბაბუას მეთვალყურეობის ქვეშ კიევში დავტოვე, მე კი ევროპის ხუთი ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად თვითმფრინავით საქართველოში გამოვფრინდი.
თქვენმა მშობლებმა როგორ გამოგაცილეს?
ამას ვერ გადმოგცემთ.
გახსოვთ, რა სიტყვები გითხრათ დედამ?
ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ ძალიან მძიმე გულით წამოვედი იმიტომ, რომ არ ვიცოდი, რა მელოდა, როგორ დამხვდებოდა მეუღლე...
აქ ჩამოსულმა პირველ რიგში მოვინახულე დაჭრილები, ვიყავი პანაშვიდზეც, თავიდანვე ჩავერთე დევნილების დასახმარებელ პროექტებში. გავიხსენე ძველი კავშირები, მივწერე ფონდი SOCO-ს სპონსორებს _ როგორი ვითარება იყო, რომ გვჭირდებოდა საბნები, ლეიბები. ძალიან ბევრი გამოგვეხმაურა. უეცრად თითქოს წარსულს, საწყის მდგომარეობას დავუბრუნდი, ანუ ჰუმანიტარული დახმარების გაცემის პერიოდს, მაშინ როდესაც თანდათან ჰუმანიტარული პროექტებიდან კულტურის სფეროზე ვაპირებდი ჩემი ყურადღების გადატანას.
ომის შემდეგ დაახლოებით ერთი წელი ჰუმანიტარული სფეროთი ვიყავი დაკავებული. ვმორიგეობდი არა სამშობიაროში, არამედ ჰოსპიტალში. ის შემოდგომა იყო ურთულესი, როცა ჯამდებოდა ომის შედეგები, როცა მეუღლე საშინლად ღელავდა, რომ არ სრულდებოდა და დღემდეც არ შესრულებულა საფრანგეთის მოპოვებული ხელშეკრულება რუსეთთან. ჰოსპიტალში მორიგეობისას ხშირად ყოფილა, რომ პაციენტი, რომელსაც ორი დღით ადრე ვესაუბრე, წამალი დავალევინე, სიცხე გავუსინჯე, ადგილზე აღარ დამხვედრია. რამდენი ასეთი ახალგაზრდა წავიდა იმ დღეებში ჩვენგან, ვინ მოთვლის?! ერთადერთი, რისი გაკეთებაც ასეთ დროს შემეძლო, მათი ოჯახის წევრების გვერდით ყოფნა იყო. დღემდე მაქვს კონტაქტი ამ ახალგაზრდების მშობლებთან და ნათესავებთან.
წარმოშობით ჰოლანდიელი, ჰოლანდიაში გაზრდილი ქალისთვის, რამდენად რთულია, იყოს საქართველოს პირველი ლედი?
საკმაოდ რთულია, მაგრამ ამ ყველაფერს ერთი დიდი პლუსი აქვს ჩემთვის: არა ვარ არც რომელიმე რეგიონის, არც რომელიმე გვარის წარმომადგენელი, ამიტომ შემიძლია ობიექტურად ვუყურო ყველას. საერთოდ, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, თუმცა ეს ყველაფერი ვერ შეედრება ჩემი მეუღლის პასუხისმგებლობას. მე ალბათ არც კი ვიცი, რა ტვირთს ზიდავს იგი, ყველაფერს ხომ არ მეტყვის, ყველაფერს, რაც პოლიტიკის სამზარეულოში ხდება, ვერ მიამბობს და ზოგჯერ, რაც იქ ხდება, ალბათ ძალიან მძიმეა.
რაც შემეხება მე _ ვგრძნობ, რომ იმ დარგში დავასაქმე ჩემი თავი, სადაც ჩემი გულია. ეს არის ჯანდაცვა, სოციალური საკითხები. ძალიან ბევრი პირველი ლედი ჩართული გახლავთ ამგვარ საქმიანობაში. მაგრამ მე ცოტა უფრო ფართოდ მივუდექი ამ სფეროს. რა მიმართულებით უნდა წავიდეს ჯანდაცვის სისტემის რეფორმა, როგორ უნდა იმუშაოს დაზღვევის სფერომ _ ჩემთვის ყველფერ ამის კარგი მაგალითია ჰოლანდია.
როცა ორი სხვადასხვა ქვეყნის პირველი ლედი პირისპირ რჩება, უფრო ხშირად რაზე საუბრობთ?
ორი სიტყვით, რა თქმა უნდა, ერთიმეორის ქვეყნის კულტურასა თუ ბუნებაზე ვისაუბრებთ, ბავშვებზეც ვიტყვით რაიმეს, მერე კი აუცილებლად დგება ისეთი მომენტი, როცა საუბრის თემის გამონახვა არც ისე ადვილია. ამიტომ ვცდილობ, ისეთ თემებზე ვილაპარაკო, რაშიც თავად ვერკვევი და რაც მათთვისაც საინტერესოა _ ჯანდაცვა და სოციალური სფერო, ორსულობა და ონკოლოგია. მსგავს ყოფით და საჭირბოროტო თემებზე საუბრით ვცდილობ, კომფორტი შევუქმნა ჩემს თანმოსაუბრეს იმიტომ, რომ ისინიც, ალბათ ისევე, როგორც მე, ნერვიულობენ, _ ვაიმე, ახლა რაღაზე უნდა ვილაპარაკოო? _ რადგან ხშირ შემთხვევაში ეს ქალბატონები განსხვავებული კულტურის, ასაკის და შეხედულებების ადამიანები არიან. ყველაზე კარგად და ბუნებრივად ურთიერთობა მარია კაჩინსკასთან გამომდიოდა, როგორც უფროს დას, ისე ველაპარაკებოდი ხოლმე, ყველაფერზე, მართლა ყველაფერზე _ ბალეტზეც კი, რომელიც არ წარმოადგენდა ჩემს საყვარელ ჟანრს, მაგრამ მარია ძალიან იყო მისით გატაცებული. სურდა, მის შვილიშვილს ბალეტზე ევლო და ნინო ანანიაშვილთანაც იყო სახლში სტუმრად მისული. ისეთი გატაცებით საუბრობდა ხოლმე ბალეტზე, რომ მეც დამაინტერესა. საერთოდაც, განსაკუთრებული ქალი იყო _ თბილი, კეთილი, თავმდაბალი და, რაც მთავარია პირველი ლედისთვის, ყოველთვის მეორე პლანზე იდგა, მეუღლის გვერდით, მის ჩრდილში. ეხმარებოდა, რითიც შეეძლო, საქველმოქმედო კონცერტებს აწყობდა, ბავშვთა საავადმყოფოებს ხსნიდა, უამრავ პროექტში მონწილეობდა, მაგრამ არასოდეს გამოდიოდა ავანსცენაზე.
როგორია პირველი ლედის ოჯახური ცხოვრება?
ოჯახში ვცდილობ, მეუღლეს შევუქმნა სამსახურისგან განსხვავებული სიტუაცია. სახლი არ უნდა იყოს სამსახურის გაგრძელება. რა თქმა უნდა, ის ერთი და იგივე ადამიანია შინ და გარეთ,Mმაგრამ როცა სახლში მოდის, ვცდილობ, ბავშვებზე, ოჯახზე ვესაუბრო. ვცდილობ, არ დავღალო საქმეზე ლაპარაკით, თუნდაც ეს ჩემს დარგს ეხებოდეს. ამის დროც მოდის ხოლმე, მაგრამ არა მაშინ, როცა შინ ბრუნდება და ის უფრო აინტერესებს, რა არის ახალი ოჯახში, როგორ არინ მისი შვილები... ვცდილობ, მყუდრო გარემო შევუქმნა. დედამისიც ასე იქცევა და ეს მისგან ვისწავლე.
შვილების შესახებაც გვიამბეთ. თქვენს დაწერილ ზღაპრებს თუ უკითხავთ?
სამწუხაროდ, ზღაპრების დასაწერად დრო აღარ მრჩება. საერთოდ კი უმცროს ვაჟს ხშირად ვუკითხავ ზღაპრებს. ბელგიაში ცოტა ხნის წინ ანდერსენისა და ძმები გრიმების ზღაპრები ვიყიდე, მინდა, რომ ნიკუშას წავუკითხო. უფროსი კი დიდი ხანია, ზღაპრებით აღარ არის დაინტერესებული, თანაც თავად კითხულობს ძალიან ბევრ ენაზე.
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მისი შვილის ყოფაში ალბათ ბევრი რამ შეიცვლა. როგორ შეეგუა ახალ ცხოვრებას?
მუდმივად დაცვა რომ დაჰყვება, ეს, რა თქმა უნდა, არ სიამოვნებს. 15 წლის ბიჭისთვის არ არის ადვილი ასეთი ცხოვრება. იმიტომ, რომ მეგობრები ჰყავს, რაღაც პატარა საიდუმლოებები აქვთ, ალბათ არ სურს, რომ გამუდმებით ადევნონ თვალყური _ რას აკეთებს, სად არის, რომელ საათზე, ვისთან... ცოტა ძნელია მისთვის, მაგრამ სხვა გზა არა აქვს და ეს იცის. გარდა ამისა, გამორჩეულ ყურადღებას მანამდეც შეჩვეული იყო. სხვათა შორის, პატარაობისას ეს ამბავი უფრო მოქმედებდა მასზე. თუ მაღაზიაში ყურს მოჰკრავდა ჩურჩულს _ აი, სააკაშვილის ცოლ-შვილიო, მაშინვე მთხოვდა, _ დედა, აქედან გავიდეთო. ასევე ძალიან არ უყვარდა, როცა დაბადების დღეების ზეიმზე, სადმე ბავშვთა ცენტრში მისი სახელის გაგონებაზე ბავშვები აჟიოტაჟს ატეხდნენ _ შევარდნაძე! შევარდნაძეო! მართლა ძალიან განიცდიდა და ყველას უმეორებდა, _ რა შუაშია შევარდნაძე, ედუარდი ჩემს ბაბუას ჰქვია, ჩემი ბაბუის სახელი დამარქვესო.
ახლა მიეჩვია, რა ქნას?! თანაც, ახლა უკვე აინტერესებს ყველაფერი, რაც მამამისის საქმიანობას ეხება. ახალ ამბებს თვალს ადევნებს, ყველა მის კომენტარს ან გამოსვლას პარლამენტში, გაეროსა თუ ევროპარლამენტში ყურადღებით უსმენს.
უკვე იცის, რა პროფესიას აირჩევს მომავალში?
ჯერ არ აურჩევია. საკმაოდ ლოგიკური აზროვნება აქვს, მათემატიკა კარგად იცის ძალიან. ენებშიც წარმატებულია. არა მგონია, რომ ჩემსავით ლინგვისტი იქნება. ალბათ უფრო, ფიზიკას, მათემატიკას ან მეცნიერების რომელიმე მსგავს დარგს აირჩევს. ამას თავად გადაწყვეტს, მე მხოლოდ არჩევანს მივცემ. თავისუფალ დროს, როგორც მისი თანატოლების უმეტესობა, ძირითადად, კომპიუტერთან ატარებს. ინტერნეტი შემთხვევით თუ გაეთიშა, გიჟს ჰგავს! ჩეთში ზის ან პატარა ფილმებს ამონტაჟებს, რომლებსაც თავის მეგობრებთან ერთად იღებს. სხვათა შორის, კარგად გამოსდის. ასევე ძალიან უყვარს და აინტერესებს თავისი პატარა ძამიკო. სულ ეღიმება ნიკუშაზე, ყველა მის სიტყვას თუ საქციელს აკვირდება _ როდის რას ამბობს, როგორ აზროვნებს. როცა ნიკუშა ქართულს და ჰოლანდიურს ერთმანეთში აურევს, ეცინება. ნიკუშა რომ დაიბადა, ჰოლანდიური ტრადიციით, ნათესავებთან გასაგზავნი სასაცილო ბარათი დახატა: პატარა ბავშვი პამპერსით, რომელიც ქართულ დროშას აფრიალებს.
მას შემდეგ, რაც ნიკუშა დაიბადა, ძალიან შეიცვალა. პასუხიმგებლობას გრძნობს და, სხვათა შორის, ძმის თვალში ყველაზე დიდი ავტორიტეტია, მგონი, უფრო დიდი, ვიდრე მამამისი. რადგან მამას ნიკუშა ისე ხშირად ვერ ხედავს, ედუჩასთან კი ყოველდღიური კონტაქტი აქვს, იცის, რომ ის უფროსია, ბევრი რამე იცის და ბევრ რამეს წყვეტს. თქვენ წარმოიდგინეთ, როცა მე არ მიჯერებს, ედუარდს ვეძახი და მას ნებისმიერ თხოვნას უსიტყვოდ უსრულებს.
პატარა ნიკუშა როგორია?
ნიკუშა მამამისის ასლია. სულ ყურადღების ცენტრშია, მუდამ რაღაც გმირის როლშია შესული _ ხან რაინდია, ხან ჯარისკაცია, ხან პოლიციელია, ხან ჩიტია, ხან ზღაპრის გმირია.Eგათენდება თუ არა, დილაობით ლოგინში შემოგვიძვრება და გვეფერება. გვეკითხება, _ რაინდების დრო წავიდა? ვპასუხობ, _ კი, რაინდების დრო წავიდა. _ ახლა ართურ მეფე აღარ არის? _ არა, აღარ არის. _ მაშინ მე შევქმნი ახალი რაინდების ჯარს! დავუძახებLლუკას, საბას, გუგას, _ ჩამოთვლის თავის ბაღის მეგობრებს, _ შევუკეროთ ფორმა და ვიქნებით რაინდები. ზოგჯერ მოგზაურობისას, მაგალითად, საფრანგეთში იტყვის, _ მოდი, დიღომში წავიდეთო; ბათუმში შეიძლება მთხოვოს, საქართველოში დავბრუნდეთო: იცის, რომ სახლი დიღომშია, მაგრამ ის, რომ დიღომი თბილისის ნაწილია, ჯერ ვერ აღიქვა.
დაახლოებით 10 წლის შემდეგ, როგორ ხედავთ თქვენს ცხოვრებას?
10 წლის შემდეგ სად და როგორ ვიქნები, დამოკიდებულია იმაზე, თუ სად და რას გააკეთებენ ჩემი მეუღლე და შვილები. ედუჩა ალბათ მაგისტრატურაში ისწავლის, 25 წლის იქნება და არა მგონია, დაოჯახებული იყოს, ცოტას ალბათ დაიცდის. ნიკუშა იქნება 15 წლის, როგორც ახლა ედუჩაა. დარწმუნებული ვარ, რომ ისეთივე კარგი მოსწავლე და სპორტული ბიჭი გახდება. მე უფრო მის ირგვლივ ვიტრიალებ, რადგან მისი უფროსი ძმა სახლიდან წასული იქნება და დამოუკიდებლად იცხოვრებს. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს _ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი საქმე ექნება და კიდევ უფრო მეტი ენერგია, რომ ეს საქმე გააკეთოს.
მე კი უამრავი ინტერესის სფერო მაქვს და ყოველთვის ვეცდები, იმას მოვახმარო ჩემი ძალისხმევა, რასაც სხვა ჩემს მაგივრად ვერ გააკეთებს. გამოვიყენებ ჩემს გამოცდილებას ჰუმანიტარულ და ჯანდაცვის დარგში. მთავარია, რომ რასაც აკეთებ, გულით გააკეთო, ბუნებრივად გინდოდეს ამ საქმეში მონაწილეობა და ხელოვნურად არ იყო ჩართული. ასეთ შემთხვევაში, წინააღმდეგობები ვერ დაგაბრკოლებს, ყველაფერს გადახარშავ და თავიდან დაიწყებ. მთავარია, იცოდე, რომ საჭირო საქმეს აკეთებ და არ გაჩერდე, იმიტომ, რომ დრო მიდის და ყველაფერი უნდა მოვასწროთ ცხოვრებაში.
“ეპიზოდი“
ნინო დადვანი