ფართო საზოგადოებისთვის, სანდრა ელისაბედ რულოვსი გამართული ქართულით მოსაუბრე, ყველაზე ცნობილი ჰოლანდიელია, რომელიც მეგრულადაც ისე მღერის, თითქოს მამა ბავშვობიდან ასწავლიდა. ის უკვე 15 წელია საქართველოში ცხოვრობს და ჩამოსვლის დღიდან აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა. ყველაზე დიდი “უცნაურობა”, რასაც სანდრაზე დაფიქრებისას აწყდები, ისაა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია იპოვო ადამიანი, რომელიც მასზე აუგს იტყვის, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს მისი მეუღლის, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ – „მე ყოველთვის მიშას ჩრდილში, მეორე ადგილზე ვარ”, – გვიხსნის პირველი ლედი.
სანდრასთან შეხვედრაც კი არ არის საჭირო იმისთვის, რომ მიხვდე – ეს პრივილეგირებული სტატუსი, მისთვის თავისთავად არაფერს ნიშნავს, თუ არ გაამართლა ის ნდობა – რაც მიიღო, არ გამოხატა თანაგრძნობა – რომელსაც განიცდის, არ შეასრულა მოვალეობა – რომელიც საკუთარ თავს დააკისრა.
შედარებით იშვიათად ექცევა ქართული მედიის ყურადღების ცენტრში. მაინცდამაინც არ უყვარს ადგილები, სადაც სამკაულები ბრწყინავს. თითქმის ყოველთვის სადად და მოკრძალებულად აცვია. როდესაც მოსახლეობას ხვდება, ცდილობს პრეტენზიულად არ გამოიყურებოდეს: „ბუნებრივია, ვერ იგრძნობ თავს კომფორტულად, როცა გამოპრანჭული ელაპარაკები ადამიანებს, რომლებსაც უამრავი პრობლემა აქვთ”. თუმცა იქვე, სიცილით აღნიშნავს, რომ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე უარს ვერ ამბობს, თუ კარლა ბრუნის ან მეჰრიბან ხანუმს (ილჰამ ალიევის მეუღლე) ხვდება.
საქმე პირველი ლედისთვის ყოველდღიურ შრომას, ჩართულობას და პასუხისმგებლობას გულისხმობს: პერინატალური ცენტრი, ორი ჯანდაცვის საბჭო, საქველმოქმედო ფონდი SOCO, რომელიც მრავალმხრივი ჰუმანიტარული და სამედიცინო მიმართულებებით მუშაობს.
2005 წელს სანდრა ელისაბედ რულოვსის ბიოგრაფიული წიგნი გამოიცა. „იდეალისტის ნაამბობის” კითხვისას რწმუნდები, რომ ავტორი საკუთარ ცხოვრებაზე ბევრს ფიქრობს და ბოლომდე აცნობიერებს მის წინაშე მდგარ ამოცანებს.
“ახლა, როდესაც გასული ათი-თორმეტი მშფოთვარე წლის აღწერა დავაპირე, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს [მატარებლიდან] სადღაც შუალედურ სადგურზე ჩამოვედი და დროებით მოგზაურობა შევწყვიტე, რათა ყველაფერს თავი მოვუყარო, დავახარისხო, გეზი მივცე”, – გვიყვება სანდრა წიგნის წინათქმაში.
ყველაფერი კი ჰოლანდიის პროვინციულ ქალაქ ტერნეზენში, მოსიყვარულე და მშრომელ კათოლიკურ ოჯახში გატარებული უდარდელი ბავშვობით იწყება. ბავშვობას, უცხო ენებისა და კულტურების ინტერესი მოჰყვება, რაც სიყმაწვილეში მისიონერულ მოწოდებასა და საზოგადოებრივი აქტივობის წყურვილში გადადის. ბრიუსელში, უცხო ენათა ინსტიტუტს ფრანგული და გერმანული ენების სპეციალობით ამთავრებს. ენებს ადვილად ეუფლება, ფრანგული განსაკუთრებით უყვარს, თუმცა ბრიუსელში დარჩენა არ სურს, ფიქრობს ბავშვობის გატაცება აისრულოს და რომელიმე ფრანგულენოვან აფრიკულ ქვეყანაში საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიით გაემგზავროს.
შინაგან მოწოდებას თუ ბედისწერას 25 წლის სანდრა ადამიანთა უფლებათა სამართალში ერთთვიანი კურსის გასავლელად სტრასბურგში ჩაჰყავს. უნივერსიტეტის კაფეტერიაში შემთხვევით „ფრანგ” სტუდენტს გაიცნობს. თუმცა აღმოჩნდება, რომ ფრანგულად მოსაუბრე სტუდენტი, როგორც თავად ამბობს, „თეთრ ცხენზე ამხედრებული ქართველი უფლისწულია, ვარდით ხელში”.
წყვილი მალე ნიუ იორკში გადადის საცხოვრებლად, სადაც ხელმოკლედ, სტუდენტურად ცხოვრობს – „თვის ბოლოს ბანანის ბუტერბროდებით გავდიოდით ფონს”. მიშა კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობს, სანდრა მუშაობს. “ნიუ იორკში მოსაწყენი სამუშაო მქონდა, – იხსენებს ჩვენთან საუბარში, – ამ დროს, დედაჩემმა მომწერა, ტერნეზენის სკოლაში ფრანგული ენის მასწავლებლის ვაკანსიააო, გული დამწყდა, რომ ვერ შევძლებდი დაბრუნებას. მიშას ჩემი სინანული დიდხანს ჩარჩა გულში – კარგა ხანს მახსენებდა, მე რომ არ გაგეცანი, ახლა ფრანგულის მასწავლებელი იქნებოდი, ტერნეზენშიო”.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ისინი საქართველოში ბრუნდებიან. მომდევნო მოვლენები ჩვენთვის კარგად ცნობილი უახლესი ისტორიაა: ახალგაზრდა და ამბიციური პოლიტიკოსის მეტეორული კარიერა შევარდნაძისდროინდელ საქართველოში, ბრძოლა მიზნის მისაღწევად და ვარდების რევოლუცია. სანდრა მიშას გვერდით დგას, ქართულს სწავლობს და ქართველი დედა ხდება. განსაცდელს თუ ყოველდღიურობას ჩვეული გამჭრიახობითა და გააზრებული სიმშვიდით ხვდება. „ქართულ ენაში ერთი კარგი სიტყვაა – მეუღლე. ჩემი თავი სწორედ ასე წარმომიდგენია: ვხედავ, როგორ ვეწევი ჩემს ხართან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ მძიმე უღელს”.
წიგნი წიგნად, მაგრამ სანდრასთან პირადი კონტაქტი სრულიად განსხვავებულია. ხიბლი პირველი ლედის იმ უშუალობაშია, რომელსაც პირველივე შეხვედრისას გრძნობ. ბუნებრიობა მისი თანდაყოლილი თვისებაა. დაკვირვების გარეშეც შეამჩნევ – ხასიათში, სიტყვებში ყველაფერი იმდენად გულწრფელია, რომ ხანდახან უნებლიე ღიმილსაც მოგგვრით. ასეთივე დაგვხვდა – გადამდებად გულღია, თავისუფალი, არამანერული.
პირველ ლედის მშობლიურ ტერნეზენში შევხვდით. ამ ქალაქს ის წელიწადში ორჯერ, წინასაახალწლოდ და ზაფხულობით სტუმრობს. სასტიკი ყინვა იდგა. ჩვენ რაც თან გვქონდა წაღებული, ყველაფერი გვეცვა და სიცივისგან აბუზულები მორჩილად მივყვებოდით თხელ ფეხსაცმელსა და წითელ ლაბადაში გამოწყობილ სანდრას, რომელსაც ზამთრის სუსხი არაფრად მიაჩნდა და ხალისით გვიამბობდა ბავშვობის შესახებ.
საღამო იტალიურ რესტორანში გავატარეთ. მკრთალად განათებულ ოთახში მხოლოდ ჩვენი მაგიდა იყო დაკავებული. გაუხარდა კიდეც ეს სიცარიელე, ზედმეტი ყურადღება მაინცდამაინც არ სიამოვნებს.
ტერნეზენი პატარა ზღვისპირა ქალაქია ნიდერლანდების სამხრეთ დასავლეთში, ზელანდიის პროვინციაში. ჩრდილოეთით დასავლეთ შელდას ყურეა, სამხრეთით ბელგიური ფლამანდიის საზღვარი. მოსახლეობა 25 ათასი. ქალაქს პროვინციისთვის დამახასიათებელი ერთი ცენტრალური ქუჩა კვეთს, მაღაზიებით და რესტორნებით, ცენტრში კი – კათოლიკური ეკლესიით. დეკემბრის სუსხიანი დილაა და ჩრდილოეთის რძისფერი ცა შელდას ყურეს თხელ ნისლად აწევს. მსუბუქ, თეთრ საფარში საბარგო გემების სილუეტები ანტვერპენისკენ მწკრივად მიედინება. მიქცევა უკვე დაწყებულია, სანაპირო შავი, ტალახიანი ბელტებით არის მოფენილი. ეს ხედი რულოვსების ბინიდან იშლება – “6 საათში მოქცევა დაიწყება და ზღვის დონე აიწევს”, – გვეუბნება სანდრას მამა.
დილის შუქით უხვად განათებულ სახლში სასიამოვნოდ თბილა. ვხვდებით, რომ გველოდნენ, მაგრამ ჩვენს დასახვედრად “განსაკუთრებული ზომები” არ მიუღიათ. ყველა და ყველაფერი ისეთივე ბუნებრივია, როგორიც თავად სანდრა, მათ შორის დილის ფუსფუსიც: დედა – მაგდალენი ჩანთას ალაგებს, სამხატვრო სკოლაში წასასვლელად ემზადება – იქვე, ბელგიაში. მაგდალენ ვან დერ პული ფერმწერია, ძირითადად აკვარელის საღებავით მუშაობს. ერთ-ერთი ნამუშევარი შემოსასვლელში კიდია: ხალხი ვარდებით, მთავრობის სასახლე, უკანა ფონზე კი ეკლესია. რევოლუციის თემას ბინის სიღრმიდან გამომავალი მარსელიოზას მოტივები ახმოვანებს: კლასიკური მუსიკის რადიოთი ბერლიოზის Symponie Fantastique-ს გადმოსცემენ.
ედუარდ რულოვსი – სანდრას მამა მაღალი, წარმოსადეგი, სპორტული აღნაგობის კაცია. ადრე მაკლერი იყო, ამჟამად აღარ მუშაობს. უყვარს ნავიგაცია და ველოსიპედი, თავისუფალ დროს ხანგრძლივ ველო-ლაშქრობებში ატარებს. ბელგიაში ისიც დადის, კვირაში ორჯერ – ფრანგულის გაკვეთილებზე. ამჟამად ედუარდი საუზმის სამზადისშია. 5 წლის ნიკოლოზი უკვე საუზმობს. ჩაიდანი ხელმეორედ ადუღდა და სანდრა მაგიდასთან გვეპატიჟება.
ქართული დელეგაცია ნიკოლოზის ირგვლივ ვსხდებით. ბავშვი არნახულ მადაზეა, ჰერკულესის ფაფის შემდეგ ერთი ბუტერბროდი უკვე მოამთავრა და ეტყობა, რომ არც მეორეზე აპირებს გაჩერებას. თან ხმაურობს – აშკარად ცდილობს მის მიმართ ყურადღების შენელება არ დაუშვას. “ნიკოლოზი მამამისს ჰგავს, სულ ყურადღების ცენტრში უნდა ყოფნა, – გვიხსნის სანდრა, – ედუჩა სხვანაირია, დაკვირვება უფრო იზიდავს”.
მასპინძელი მოგვიწოდებს ნიკოლოზს მივბაძოთ: „ჭამეთ რა, რატომ არ ჭამთ?” ისე უშუალოდ გვეუბნება, რომ ყველანი უხერხულად ვიშმუშნებით. უხერხულობას ისევ სანდრა არღვევს: „როგორ მოგწონთ ქალაქი? – თითქოს იცის კითხვის რიტორიკული ხასიათი და პასუხს თვითონვე სცემს – ძალიან შეზღუდულია ეს ტერნეზენი, მოსაწყენი. თითქოს 400-წლიანი ისტორია აქვს, მაგრამ არსად ჩანს ეს. აქ ყველაფერი კლინიკურია – ერთადერთი კომპენსაცია ზღვაა. არა მგონია აქ დავრჩენილიყავი, მე ხომ აფრიკაში მივდიოდი სამუშაოდ”.
მისიონერობაზე ბავშვობიდან ფიქრობდა, “დედაჩემის დეიდები კათოლიკური მისიით ინდონეზიასა და განაში მსახურობდნენ, ეს ჩემში ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა, ვფიქრობდი, რომ ჩვენ, მდიდარი ჰოლანდიელები – ღარიბებს უნდა დავხმარებოდით”. სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა სამართლის კურსიც იმიტომ გაიარა, რომ სომალიში გასამგზავრებლად მომზადებულიყო. ამ დროისთვის სანდრა უკვე ნამყოფი იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და, თქვენ წარმოიდგინეთ – საქართველოშიც. „ჩემი სტუდენტობა 1990-იანი წლების დასაწყისს დაემთხვა, როდესაც აღმოსავლეთ ევროპა იხსნებოდა, მახსოვს ბერლინის კედლის დანგრევა. დამაინტერესა რა იყო რკინის ფარდის მიღმა. ვიმოგზაურე რუმინეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რუსეთში. იმ დროს ცოტა რუსული უკვე ვიცოდი და ამან საშუალება მომცა რუსეთიდან საქართველოში ჩამოვსულიყავი, როგორც თარჯიმანი”.
საქართველოს პირველად 1992 წელს ესტუმრა. მაშინ მიშას არ იცნობდა. მოსკოვიდან მატარებლით გამოემგზავრა და ქართულ მიწაზე პირველად ფეხი სოხუმში დადგა. ფლამანდიელი ძმები, რომლებსაც იგი თარჯიმნობას უწევდა, ქუთაისელი მასპინძლის მოწვევით ჩამოვიდნენ. მათ საქართველოში ჰოლანდიური ბოსტნეულის თესლი ჩამოიტანეს. სტუმრებმა ქუთაისში ათი დღე დაჰყვეს და უკან ისე გაბრუნდნენ, თბილისში არც ჩამოსულან, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, სანდრა სამშობლოში საქართველოზე შეყვარებული დაბრუნებულიყო. “მახსოვს ვფიქრობდი, ეს რა ხალხია, როგორ უყვართ ერთმანეთი! ან ეს სუფრები! ქორწილშიც ვიყავი, ნათლობაშიც, სულ ვტიროდი, როდესაც სადღეგრძელოებს ამბობდნენ, მშობლების, დედმამიშვილების, წასულების, ან იმას გაუმარჯოს, ვინც სახლში გელოდება... მართლა. სულ მეტირებოდა. ჩემმა მასპინძელმა – ძალიან კოლორიტული კაცი იყო – კარგად გამაცნო ქვეყნის ხასიათი, ქართული სული, რომელიც ტრადიციებშია გამოხატული”.
საინტერესოა, რომ აზრი საქართველოში 15 წლის ცხოვრების შემდეგაც არ შეუცვლია. მიაჩნია, რომ სუფრა დღესაც აქტუალურია და ასეთად დარჩება. „დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ სუფრა იდეალური საშუალებაა დაძაბულობის მოსახსნელად. როდესაც სამეგობროში ან სანათესავოში რამე პრობლემაა, ერთი სუფრა და ყველაფერი გვარდება. სრულიად უცნობ ადამიანებსაც კი აახლოებს ერთმანეთს”.
ახლა, როდესაც სანდრა ელისაბედი უცხოელებს მასპინძლობს და ქართულ ტრადიციებს აცნობს, თავისი პირველი შთაბეჭდილებები ახსენდება – „პირველად ჩამოსულისთვის ქართული ტრადიციები კულტურული შოკია. უკვირთ და სულ კითხულობენ: აჰა! ესე იგი, ასე არ შეიძლება რომ დავლიო? – უცხოელებს ხომ ძალიან უყვართ წესები! – და ლუდით რატომ არ შეიძლება სადღეგრძელოს დალევა?” ამ ფორმით საკუთარი თავის გახსენება ერთგვარ ხალისს მატებს. სიამოვნებს მასპინძლობაც.
ამბობს, რომ ქართველი დედის როლში შესვლა თავიდან გაუჭირდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დედამთილთან, გიული ალასანიასთან ერთად ცხოვრობდა. მიუხედავად ახლო და თბილი ურთიერთობისა, ერთ ჭერქვეშ ყოფნა რთული აღმოჩნდა. თავს სტუმრად გრძნობდა. განსაკუთრებით ძნელი აღელვებულ ნათესავებთან გამკლავება იყო, თუ ბავშვი ავად ხდებოდა. ტელეფონით დასმული დიაგნოზები და დანიშნულებები, მცირე სიცხის დროს გაკეთებული „ანტიბიოტიკის ინექციები, ცხენის დოზებით”, მეზობელ-ახლობლების რჩევები – „ბავშვი რომ დაიბადება, 40 დღე კუჭი უნდა გამოურეცხოთ, რომ ნაწლავები არ გადაეხლართოს” – აბნევდა.
განვლილს მშვიდად და ღიმილით იხსენებს: „37.2° სიცხე არ არის, ბავშვი შეიძლება აქტიური იყოს, სკოლაშიც წავიდეს. ჩვენთან, საქართველოში, როგორც წესი, ასეთ სიცხეს შეშფოთებით უყურებენ. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ისეთი უებარი მკურნალობის მიმართ, როგორიც მასაჟი ან ძმრიანი წინდების ჩაცმაა”.
საკუთარი შეხედულება აქვს ბავშვის განათლებასა თუ ფიზიკურ აღზრდაზე, მისთვის ბუნებრივია, რომელიმე სასწავლებლის მიერ დადგენილი წესი საკუთარი შვილის მისწრაფებებს მოარგოს. მიაჩნია, რომ მუსიკაზე ან სპორტზე სიარული ბავშვისთვის სერიოზული დატვირთვაა. საქართველოში კი მიღებულია, რომ ბავშვმა ერთ სახეობაზე კვირაში რამდენჯერმე იაროს, რათა “პროფესიონალი გახდეს”. ხშირად ბავშვს ამის სურვილი და დრო ნაკლებად აქვს, ამიტომ ის, რაც წესით სასიამოვნო უნდა იყოს, იძულებით ხასიათს იღებს და საძულველი ხდება – „არ მესმის ვისთვის ან რისთვის არის საჭირო ასეთი იძულება. მახსოვს, ერთმა პედაგოგმა ძალიან გაიკვირვა, როდესაც საათების შემცირება ვთხოვეთ – მე ხომ სულითა და გულით ვამზადებ, კვირაში ერთხელ მეცადინეობამ რა შედეგი უნდა მოიტანოს? – მითხრა მან. და შედეგი რა არის? ყველა მუსიკოსი ან სპორტსმენი ხომ არ გამოვა? ახლა ედუჩა დადის კვირაში ერთხელ ფორტეპიანოზე, ერთხელ – გიტარაზე და ორჯერ – ცურვაზე”. სანდრა სიცილით იხსენებს ამბავს, როდესაც დედამთილმა ჰკითხა – რა იცი, იქნებ გამოვიდეს კიდეც ედუჩა პიანისტიო, – არ იცოდა, რა ეთქვა. – “მიშაზეც ხომ არავინ იცოდა, რომ პრეზიდენტი გახდებოდა? რა უნდა მეპასუხა დედამთილისთვის, რომელსაც ასეთი შვილი ჰყავს გაზრდილი?”
შვილების აღზრდაზე საუბრისას ჰოლანდიელების მომჭირნეობაზე ამახვილებს ყურადღებას: “ჰოლანდიელები ეკონომიური ხალხია, ფულის მოგროვება უყვართ და სანამ დახარჯავენ, ბევრს ფიქრობენ. ამ მხრივ, ქართველებისგან განსხვავდებიან. მინდა ჩემი შვილებიც მომჭირნეები იყვნენ. ჩვენთან, საქართველოში ხურდას აგდებით უყურებენ. რატომ? არ ვიცი. ბევრი ხურდა ხომ უკვე ფულია?!” სანდრა თავის ბავშვობას იხსენებს: “ბოთლი მქონდა, რომელშიც 10-ცენტიანებს ვყრიდი. დრო გადიოდა და 60 გულდენი, ანუ 30 ევრო მიგროვდებოდა – ეს ჩემთვის მთელი კაპიტალი იყო. გავრბოდი და ბანკში ჩემს პირად ან UNICEF-ის ანგარიშზე ვდებდი. მე ასე გავიზარდე. მჯერა, რომ ცოტ-ცოტა როცა გროვდება, ბევრი ხდება”.
სანდრას არ სურს შვილებმა ზრდასრული ასაკის შემდეგ მასთან იცხოვრონ. „ედუჩა ამერიკულ აკადემიაში დადის და ალბათ სასწავლებლად საზღვარგარეთ წავა. ნიკუშას 13 წლის შემდეგ მოუწევს ამაზე ფიქრი და ეგებ ამ დროისთვის ჩვენთანაც კიდევ უფრო გაუმჯობესდეს სწავლების დონე. ედუჩას რომ გავუშვებ, ძალიან გამიჭირდება, ვიტირებ. მინდა, რომ ბევრი რამ მივცე იმ ორ წელიწად-ნახევარში, რაც მის წასვლამდე დარჩა. ცოტა დროა, სულ რაღაც 800 დღე”.
პირველი ლედი თბილისის ერთ-ერთ სამშობიაროში მოხალისე ექთნად მუშაობს. ეს რეფერალური საავადმყოფოა, სადაც სხვადასხვა გართულებებით ყველაზე მძიმე პაციენტები ხვდებიან. “პერინატალური ცენტრი საზოგადოების სარკეა, შეიძლება ერთ პალატაში იწვეს ლენტეხელი მრავალშვილიანი დედა, რომელიც მორიგ შვილს ელის, თბილისელი ახალგაზრდა გოგო, რომელიც პირველად აჩენს და საკეისროს ითხოვს, და სენაკელი ქალი, რომელიც ტყუპებს ელოდება”.
როგორც ამბობს, პაციენტებთან პირადი კონტაქტისას ზუსტად ირკვევა თუ რა უჭირთ, უფრო ცხადად ჩანს, რა სფეროშია მეტი პრობლემა. შემდეგი ეტაპი ზომების მიღებაა, რაც ორი ჯანდაცვის საბჭოს მეშვეობით ხორციელდება: რეპროდუქციული ჯანმრთელობის საბჭო და ინფექციურ დაავადებათა საბჭო, რომლებშიც ამ სფეროში დასაქმებული პროფესიონალები შედიან, თუმცა არა მხოლოდ – აქვე არიან პარლამენტის, ეკლესიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. საბჭოს სხდომებზე პრობლემებს იხილავენ, რეკომენდაციებს აძლევენ სამინისტროებს, კოორდინაციას უწევენ დონორებს.
სანდრა ელისაბედ რულოვსის გატაცება კლასიკური მუსიკაა. 2007 წელს მან რადიო მუზა დააარსა და შაბათობით დილის ათ საათზე საავტორო გადაცემა „სანდრას მუზა” მიჰყავს. იმას, რომ უცხო ენაზე გადაცემის წაყვანა იოლი არ არის, ბევრი მტკიცება არ სჭირდება, თუმცა სანდრა ამასაც ჩვეული სიმტკიცითა და მოთმინებით ართმევს თავს. მუზა აპოლიტიკური რადიოა, აქ არც ახალი ამბები გადის, არც რეკლამა. „ბუნებრივია, მსურს, რომ მუზას მსმენელთა რიგი გაფართოვდეს, უფრო მეტმა ახალგაზრდამ დაიწყოს კლასიკური მუსიკის მოსმენა, ბევრი ადამიანი ჩვენს არხს მუშაობის დროს ფონად იყენებს, ან მანქანაში აქვთ ჩართული, გვისმენენ ავადმყოფები და ისინი, ვისაც ღამით არ სძინავს”, – ამბობს სანდრა.
პრეზიდენტის საქმეში ცდილობს არ ჩაერიოს – „იყვნენ წარსულში ადამიანები – არამარტო საქართველოში – ვინც, ასე ვთქვათ, მეუღლის საქმეში ჩაერია და რაღაც გააფუჭა. ამიტომ ყოველთვის ვფრთხილობ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით ჩემს ქმარს უნებლიეთ, რაიმე ზიანი არ მივაყენო. ახალ წამოწყებას ყოველთვის მას ვუთანხმებ”.
სანდრა ელისაბედ რულოვსი არ მალავს, რომ პრეზიდენტობა წყვილის გაცნობიერებული არჩევანია – “ნიუ იორკში უკვე ვიცოდით, რომ საქართველოში ვბრუნდებოდით იმისთვის, რომ მიშას საკუთარი წვლილი შეეტანა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. თავიდან, მის პრეზიდენტობაზე უფრო მეტად უცხო ხალხისგან მესმოდა. როდესაც მაგალითად ჯიხურში გაზეთს ვყიდულობდი და გამყიდველს ვეუბნებოდი, აი, ჩემი მეუღლის სურათი, ნახეთ რა სტატია დაწერა? გამყიდველი კმაყოფილი მპასუხობდა: მართალი კაცია, ასეთი კაცი უნდა გახდეს პრეზიდენტი. აი, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები. ასეთი შემთხვევები რომ გახშირდა, უკვე ვხუმრობდი: ეჰ, ვის უნდა დღევანდელ საქართველოში რომ ჭკვიანი კაცი იყოს სათავეში? ვინ გაუშვებს წინ?” სანდრა იჭმუხნება და “იმდღევანდელ საქართველოს” – ადამიანის მოტაცებებს, უშუქობას, უიმედობასა და ქურდობას იხსენებს – “მერე დავფიქრდი და საკუთარ თავს ვკითხე, ვინმე ხომ უნდა გამხდარიყო პრეზიდენტი და პირველი ლედი. ვინ იცის, იქნებ ეს ვინმე ჩვენ ვყოფილიყავით”. თუმცა, მისი თქმით, ყველაფერი უფრო ადრე მოხდა, ვიდრე ისინი ელოდნენ.
„მე ვიტყოდი, რომ მიშა, ახლა თავის ადგილზეა”, – მოკლედ ამბობს. გვეცინება ასეთ პირდაპირ და ლაკონურ ნათქვამზე. „მართლა, ისე მოხდა, თითქოს საკუთარი ადგილი იპოვა, მიხვდა, რომ იქ არის, საიდანაც ყველაზე მეტის გაკეთება შეუძლია”.
რევოლუციის მიღწევებზე ვსაუბრობთ. მიაჩნია, წარმატება სახეზეა, მიუხედავად იმისა, რომ მისკენ მიმავალი გზა რთულია და ხშირად მტკივნეული – “მთავარია, რომ წინ მივდივართ, მიხარია, რომ ნელ-ნელა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტეგრირება ხდება. იგრძნობა უფრო მეტი ინდივიდუალური პასუხისმგებლობაც”. კმაყოფილია, რომ უდედმამო ბავშვები ახლა უკვე მცირე საოჯახო ტიპის სახლებში იზრდებიან, უნარშეზღუდულები – დღის ცენტრებში დადიან და აღარ უწევთ საკუთარი მდგომარეობის დამალვა. შემდეგ მნიშვნელოვან გამოწვევად ფსიქიატრიული პაციენტების საზოგადოებაში ინტეგრირებას მიიჩნევს – “უნდა დაინერგოს ერგოთერაპია – მკურნალობა რეკრეაციული დასაქმების გზით. ფსიქიატრიული პაციენტი წამალს მხოლოდ იმიტომ არ უნდა იღებდეს, რომ ჩუმად იყოს. თუმცა ისიც მიღწევაა, რომ მედიკამენტებით მომარაგების პრობლემა მოგვარდა. სამწუხაროდ, ტუბერკულოზი და შიდსი ისევ ტაბუდადებულ თემებად რჩება. არადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში გარიყული ადამიანები არ არსებობდნენ.”
სანდრას მიმდინარე პროცესებზე, ყოველთვის თავისი აზრი აქვს და ამაზე საუბარს არ გაურბის – თუნდაც პრეზიდენტთან. „როგორც მეუღლე, გულწრფელი ვარ, სწორ დროს ვარჩევ და ვეუბნები, რომ აი ეს არასწორი იყო. თუმცა მერე აღმოჩნდება, და ეს ბევრჯერ შემინიშნავს, რომ მისი მიდგომა ამართლებს და ის შედეგი, რისი მიღებაც უნდოდა, მიღწეულია – ჩვენ შედეგისთვის ვმუშაობთ და ვიბრძვით”.
მეუღლეს და პრეზიდენტს ცალ-ცალკე არ განიხილავს. „მიშა ერთი ადამიანია და ეს ადამიანი პრეზიდენტია. ის ჩემი პრეზიდენტიც არის, პატივს ვცემ როგორც მეუღლეს, მაგრამ როგორც პრეზიდენტს – არანაკლებად. ვიცი, რომ მას მძიმე ტვირთი აწევს, ამიტომ ვცდილობ სახლში ისეთი ატმოსფერო შევქმნა, რომ დასასვენებლად მოვიდეს. არ მინდა თვითქება გამომივიდეს და იდეალურ მეუღლედ წარმოვაჩინო ჩემი თავი, მაგრამ ეს მართლა ასეა – როდესაც მიშა სახლში დაღლილი მოდის, პრობლემებზე არ ვესაუბრები, რადგან ვიცი, ამის დროც მოვა. ვცდილობ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნა – დავუსხამ ჩაის, ან მის საყვარელ შამპუნს მივუტან, როდესაც ვერ პოულობს”. პრეზიდენტის “საყვარელი შამპუნი” ჩვენს ინტერესს და ღიმილს იწვევს, მაგრამ აღარ ვეძიებით.
„უსამართლო ბრალდებების წინააღმდეგ განუსაზღვრელი იმუნიტეტი არ მაქვს. ცხადია მტკივა, როდესაც დაუმსახურებლად გვლანძღავენ, ძალიან ხშირად ხომ ბრალდება სიცრუეა”, – აღნიშნავს გულისტკივილით, და უცებ მხნევდება – “ეგ არაფერი, რადგან ვიცი, რომ სიმართლე საბოლოოდ მაინც გაიმარჯვებს”.
ამ ოპტიმისტურ ტალღაზე სანდრას ვემშვიდობებით, ნაქირავებ რენო კანგუში ვსხდებით და მოყინული გზით უკან, ამსტერდამისკენ მივდივართ. გზაში ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ. ცოტა ვღელავთ, სტატია დითირამბად არ გვექცეს, თუმცა ამაზე ხვალ... დღეს საღამოს კი, ამსტერდამი გველის.
თამარ ჩერგოლეიშვილი
სანდრო ჯანდიერი
"ტაბულა"