'24 საათი' - პირველი ქალბატონი - დღევანდელი როლისთვის კარგად ვარ მომზადებული
მე არ ვარ პირველი ლედი მხოლოდ მართლმადიდებელი საშუალო ქართველისთვის, რომელიც თბილისში ცხოვრობს, პირველი ლედი ვარ ასევე უშგულის ერთი ბავშვისთვისაც, სამცხე-ჯავახეთის სომეხი პედაგოგისთვისაც და პანკისელი მოხუცისთვისაც.
რეიტინგი ჯერ არ არის დაცემული, მაგრამ 96 პროცენტი ახლა არ განმეორდება.
იდეა, რომ მიშა ოდესმე მნიშვნელოვან თანამდებობაზე იქნებოდა, ჩემთვის მისაღები იყო, მაგრამ, ეს დრო იმაზე სწრაფად მოვიდა, ვიდრე ველოდი.
მან გადაიტანა ქმრის ამბოხი იუსტიციის მინისტრობისას, საკრებულოს თავმჯდომარეობისას და ბოლოს - ამბოხი, რომელიც მთელს ქვეყანას მოედო და პრეზიდენტობით დასრულდა. კარგი იქნებოდა, ამით არ დამთავრდეს და პრეზიდენტის ამბოხი ქვეყანაში არსებულმა ყველა უკანონობამ და თითოეულმა კორუმპირებულმა ჩინოვნიკმა გამოიწვიოს. ქვეყნის პირველ ქალბატონს ალბათ, ამ ტიპის ამბოხის გადატანა უფრო გაუადვილდებოდა.
ფრანგები მამაკაცს იმით აფასებენ, თუ როგორი ქალბატონია მის გვერდით. სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილის სერიოზული კაპიტალი იყო საარჩევნო კამპანიის დროს და ის ახლაც წარმატებით გადის "ფრანგულ ტესტს". ქალბატონი სანდრა პოლიტიკური აქტივობით არ გამოირჩევა, სამაგიეროდ, აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და ამას იქამდეც აკეთებდა, ვიდრე სტატუსი დაავალებდა. ჰარმონიული არსებობისთვის ოჯახთან და საკუთარ საქმიანობასთან ერთად სჭირდება ჯაზი (ან კლასიკა), გეგმები და ოცნებები.
- რას გავალებთ პირველი ქალბატონის სტატუსი და რომელი სფეროების მფარველობას აპირებთ?
- მფარველობის ქვეშ მთელი ქვეყანა უნდა იყოს.
- პრეზიდენტი რაღას გააკეთებს?
- პრეზიდენტს ნაკლებად სცალია რეგიონებში სასიარულოდ და განცხადებების წასაკითხად, სჯობს, ეს მე გავაკეთო. ბატონი მიშა და მე ვართ ამ ქვეყნის მმართველობის ერთგვარი სიმბოლო. ეს სიმბოლო ყველგან უნდა ჩანდეს. ისიც და მეც ბევრს დავდივართ, მაგრამ ჩემს თავს ვავალებ, რაც შეიძლება მეტად ვიყო რეგიონებში. მე არ ვარ პირველი ლედი მხოლოდ მართლმადიდებელი საშუალო ქართველისთვის, რომელიც თბილისში ცხოვრობს, პირველი ლედი ვარ ასევე უშგულის ერთი ბავშვისთვისაც, სამცხე-ჯავახეთის სომეხი პედაგოგისთვისაც და პანკისელი მოხუცისთვისაც. მინდა ყველგან ვიყო, მაგრამ ეს ვერ მოხერხდება, რადგან მეც ოჯახი მაქვს, ჰუმანიტარულ საქმიანობას ვეწევი. ვცდილობ, 2 კვირაში მაინც 1-2 დღე რომელიმე რეგიონში ჩავიდე.
- თქვენი დღის გრაფიკი მოულოდნელ ცვლილებებს განიცდის ხოლმე?
- ყოველთვის მზად ვარ მოულოდნელობებისთვის. როცა მიშა მეუბნება, რომ სადღაც ჩვენი ერთად წასვლაა საჭირო, ან რაიმე სახელმწიფო შეხვედრა იგეგმება, ეს პირველ რიგში დგას. ჩემი დღის გრაფიკი კი ასეთია: ბავშვის საუზმე, მომზადება და სკოლაში წასვლა. მერე ვბრუნდები, მიშასთან ერთად ვსაუზმობ, ვსაუბრობთ და როცა ის მიდის, მეც ან ჩემს ფონდში მივდივარ, ან შეხვედრებზე. სამ საათზე ბავშვი გამომყავს სკოლიდან, ისვენებს, მერე ჩემს ორგანიზაციაში ვსადილობთ - ახლოა და ფეხით მივდივართ. ამის შემდეგ მიდის ხან ჩოგბურთზე, ხან ცურვაზე, ხან სოლფეჯიოზე ან დაბადების დღეზე და ა.შ.
- შვილის ნიშნებით კმაყოფილი ხართ?
- დიახ, კმაყოფილი ვარ. მას აქვს რვეული, სადაც იწერება ნიშნები. კვირის ბოლოს მშობლის ხელმოწერაა საჭირო და ყოველთვის ვაწერ.
- პრეზიდენტიც აწერს ხელს დღიურს?
- კი, პირველ გვერდზე მისი ხელმოწერაა.
- ეს უკვე სახელმწიფო მნიშვნელობის დოკუმენტია... "მაკდონალდსში" ისევ ახერხებთ ერთად სიარულს?
- ხანდახან კი, მაგრამ მაინც არ ვარ ამ ტიპის კვების მომხრე, იქ უფრო საჩუქრისთვის მივდივართ...
საღამოს ექვსი საათისთვის მივდივართ ან დედამთილთან, ან რომელიმე გამოფენაზე. სახლში 7 საათზე ვბრუნდებით, ვალაგებ, სამზარეულოში პატარა ბუტერბროდებს ან სწრაფად მოსამზადებელ საკვებს ვამზადებ, ეს უფრო მეხერხება. საღამოს ვმეცადინეობთ, სახლში ფორტეპიანოს პედაგოგი მოდის. 10 საათისთვის ბავშვი იძინებს და ვიწყებ შემდეგი დღის დაგეგმვას - წერილებზე პასუხის გაცემას, შეხვედრებისთვის მოზადებას, უკვე ჩატარებული შეხვედრების ანალიზს.
- კარგად იცით, რა ხდება ქვეყანაში?
- რა თქმა უნდა, ვიცი, ბევრ ხალხთან მაქვს კონტაქტი, ხან მანქანაში რადიოს ვუსმენ.
- ვინ გირჩევთ, სად წახვიდეთ შეხვედრაზე და სად - არა, თქვენი მისვლა ხომ სახელმწიფობრივ მხარდაჭერად აღიქმება?
- 9 წელია, აქ ვცხოვრობ. ვმუშაობდი წითელ ჯვარის საერთაშორისო ცენტრში, ჰოლანდიის საელჩოში, წლის განმავლობაში ვიყავი ბიზნესკონსულტანტი - მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად ჰოლანდიიდან ბიზნესმენები ჩამომყავდა. ვეწევი სამედიცინო-ჰუმანიტარულ საქმიანობას, ვკონტაქტობ არასამთავრობოებთან, დიპლომატებთან, კერძო სექტორთან - ასე რომ, დღევანდელი როლისთვის კარგად ვარ მომზადებული. ცხადია, ყველაფერი არ ვიცი, მეც ვსწავლობ. მყავს მრჩეველი და ის მეხმარება, ერთად ვწყვეტთ, სასწრაფოა თუ არა, აქტუალურია თუ არა. საჭიროა თუ არა ჩემი გამოჩენა და თანამშრომლობა. მაღაზიების გახსნასა და ლენტების გაჭრას პროექტების წერა მირჩევნია. სამედიცინო, ჰუმანიტარულ და საგანმანათლებლო სფეროს შეხვედრები უფრო საინტერესოა ჩემთვის, ვიდრე სადღესასწაულო ღონისძიებები.
- თქვენ ხალხს ადრეც ხვდებოდით. რა განწყობას ამჩნევთ ადამიანებს ახლა?
- 7 წელია, ჰუმანიტარული ორგანიზაციის დირექტორი ვარ, მაგრამ მანამდე მცირე მასშტაბის პროექტებს ვახორციელებდით. მყავდა სპონსორები ჰოლანიიდან, ბელგიიდან. რა თქმა უნდა, ახლა ნდობის ფაქტორმაც მოიმატა. უცხოელები ინტერესსა და სიმპატიებს გამოხატავენ ჩვენი რევოლუციური ცვლილებების მიმართ და საქველმოქმედო აქციების ჩატარების სურვილს გამოთქვამენ. თებერვლიდან გახშირდა სპონსორების წერილები, სურთ დაეხმარონ ჩვენს ბავშვებსა და მოხუცებს, ან დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამართონ რაიმე აქცია, ან რომელიმე კოლეჯთან დამეგობრებას გვთავაზობენ. ასეთ წინადადებებზე ყოველთვის წავალ, თუ ეს სერიოზული და სანდო ხალხია და თუ არ არის პოლიტიკური.
- როგორც ვიცი, თქვენი არასამთავრობო ორგანზაცია SOCO ჭიათურაშიც გახსენით...
- დიახ და ახლა ქსელის გაფართოებაზე ვმუშაობთ. გვინდა, 25 ორგანიზაციასთან დავამყაროთ განსაკუთრებული ურთიერთობა. ახლა ხობის მოხუცებულთა სახლის დამხმარებას ვაპირებთ და ვფიქრობთ, ქუთაისის ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას მივმართოთ მონიტორინგისთვის და ინფორმაციის გასაცვლელად. ეს მათთვისაც საინტერესოა - სტატუსი ექნებათ, რაც საქველმოქმედო საქმეების საკეთებელ შანსს მისცემს.
- თქვენ სამედიცინო-ჰუმანიტარულ სფეროში მოღვაწეობთ. ობიექტური ინფორმაცია გაქვთ ამ დარგში შექმნილი ურთულესი მდგომარეობის შესახებ?
- დიახ, ვითარება რთულია. სამედიცინო სფროში ჩახედული ვარ და ვცდილობ, ამ დარგს სტიმული გადავცე. მაქვს ურთიერთობა სახელმწიფო სტრუქტურებთან და არამხოლოდ როგორც არასამთავრიობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, არამედ როგორც თანამოაზრეს. ვარ რამდენიმე კომისიის წევრი, ტუბერკულოზის, შიდსისა და მალარიის საკოორდინაციო ცენტრის თავმჯდომარე. ვმუშაობთ ძუძუს კიბოს პრევენციაზე. მაქვს ურთიერთობა დამწვრობის ცენტრთან. მუდმივი დიალოგი მაქვს ჯანდაცვის, განათლების სამინისტროებთან.
როცა საქმეში პირველი ლედია ჩართული, არასამთავრობოებს უფრო სერიოზულად იღებს მთავრობა და ეხმარება. მზრუნველობას მოკლებული 4 000 ბავშვია ამ ინსტიტუციებში. გვინდა შვილობილობის პროგრამის განხორციელება, მაგრამ, ამას შესაბამისი კანონმდებლობა, განათლების კოორდინაცია უნდა, რათა პრიორიტეტები გაირკვეს. ამგვარი სახლებისთვის ბავშვი ერთგვარი კაპიტალია, რადგან ისინი აღსაზრდელების რაოდენობის მიხედვით იღებენ დახმარებას. ასეთ სახლებს ხელს არ აძლევს ბავშვების შემცირება, რადგან ბავშვზე 3-6 ლარია დახმარება. ამ ფულიდან მხოლოდ მცირე თანხა ხმარდებათ ბავშვებს, ალბათ ხვდებით, სად მიდის დანარჩენი. ჰოლანდიაში მზად არიან, თვეში 25 ევრო გადაუხადონ ოჯახს ბავშვზე დროებითი ზრუნვისთვის, მაგრამ საკანონმდებლო პრობლემებს ვაწყდებით. ოჯახური გარემო ყვლას უნდა და ეს სახლები ის ადგილი არ არის, სადაც ბავშვები ამგვარ გარემოს მიიღებენ.
მისახედია ქუჩის ბავშვებიც. ვიცი, რომ არსებობს ბირჟები, სადაც 200-მდე ასეთი ბავშვი იყრის თავს და ხიდების ქვეშ, ყუთებში ცხოვრობენ, მიშვებულები არიან. უნდა შეიქმნას კარგად აწყობილი გამანაწილებელი ცენტრი, საიდანაც ციხეში კი არ უშვებენ, არამედ მათი სოციალური რეაბილიტაცია ხდება.
- ადამიანების განწყობაზე რას იტყვით - ახლა და რევოლუციამდე?
- პირველი წელი რთული იყო და ვფიქრობ, მეორეც რთული იქნება. ზამთარი მოდის, ახლა გადამწყვეტი პერიოდია. თუ შუქი გვექნა, პენსიებმა და ხელფასებმა თუ არ დაიგვიანეს, ეს უკვე კარგი საქმეა. რა თქმა უნდა, კორუფცია კიდევ არსებობს, მაგრამ შემცირდა და გახმაურების შიშია. ეს უკვე პოზიტიური მოვლენაა. მაგრამ ამ ძველ, მავნე ჩვევებს კონტროლი და გამჭვირვალობა უშველის.
ადამიანების განწყობა კი მძიმეა. თებერვლიდან ჩემს ორგანიზაციაში 2 000 განცხადება შემოვიდა, ჭიათურის ოფისში, რომელიც აპრილში გავხსენით - 1 200. ეს მოხუცების და გაჭირვებულის ხელით დაწერილი განცხადებებია. მათ სჭირდებათ ბინა, სასამართლოში საქმის წარმოება, პენსიები, დახმარებები. ძალიან ხშირად ამ თხოვნების ასრულება არ შეგვიძლია, რადგან ეს ჩვენს კომპეტენციას სცილდება. ხშირად თანხებზეა საუბარი და არასდროს არ ვმალავ, რა შემიძლია და რა - არა. გვინდა, რომ ვისაც ვეხმარებით, კარგად დავეხმაროთ და დაპირებებით არ შემოვიფარგლოთ. ამიტომ, იმ 2 000 წერილიდან შეიძლება 10 პროცენტი დავაკმაყოფილოთ. ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ ეს არის 200 ან 400 ადამიანი, რომელმაც მიიღო ინვალიდის ეტლი, ან წამლები, ან კვების პაკეტი. ახლა თურქმა ბიზნესმენებმა მოგვცეს 30 ლარიანი სტიპენდია, რომელიც დაენიშნებათ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს სვანეთიდან, ცხინვალიდან ან სხვა რეგიონებიდან. ეს არ არის დიდი მასშტაბები, მაგრამ მაინც კარგია. ხალხი დახმარების იმედით მომმართავს და ზოგჯერ ავიწყდებათ, რომ ჩემს განკარგულებაში მხოლოდ 24 საათია და მარტო 2 ხელი მაქვს. ყველანაირად ვცდილობ, მოვიძიო ინტერესები და დაფინანსება, რადგან ეს პროცენტი აუცილებლად უნდა გაიზარდოს.
- მშვიდი ადამიანი ჩანხართ, თქვენთვის რით იყო საინტერესო ერთი წლის წინანდელი მოვლენები - უძრაობიდან გამოსვლის და აქტიური ქმედების ხანა?
- რა თქმა უნდა, ჩემთვის ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მიშა ყოველთვის პოპულარული პოლიტიკოსი იყო. 5-6 წელია, რაც გაზეთების გამყიდველებიც კი მეუბნეოდნენ, თქვენი ქმარი უნდა იყოს პრეზიდენტიო. თავიდან მეღიმებოდა. იდეა, რომ მიშა ოდესმე მნიშვნელოვან თანამდებობაზე იქნებოდა, ჩემთვის მისაღები იყო, ამას მიჩვეული ვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს დრო იმაზე სწრაფად მოვიდა, ვიდრე ველოდი. არ მეგონა, რომ წინა პრეზიდენტის მერე სააკაშვილი იქნებოდა, რადგან ეს ძალიან რადიკალური ცვლილებაა. ვფიქრობდი, რომ ჯერ გარდამავალი პერიოდი დადგებოდა, მმართველობის სხვა ფორმა იქნებოდა. ამასობაში მიშა გაიზრდებოდა, გამოცდილებას მიიღებდა. ალბათ, თავადაც ასე ფიქრობდა, მაგრამ როდესაც 2003 წლის ნოემბრის არჩევნები გაყალბდა და ხალხმა საკმაოდ ორგანიზებული, მასობრივი აღშფოთება გამოხატა, ალბათ, მიშა დარწმუნებული იყო, რომ ეს ის დროა.
24 ოქტომბერს დედაჩემი 60 წლის გახდა და 2 კვირით ჰოლანდიაში წავედი შვილთან ერთად, 9 ნოემბერს უნდა დავბრუნებულიყავით. აქ განვითარებულ ამბებს თვალს ვადევნებდი და, რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი. ორგვარი გრძნობა მეუფლებოდა - ჩემი მეუღლის გამო ვღელავდი, მაგრამ, მეორეს მხრივ, ვამაყობდი, რომ ხალხმა გაიღვიძა, აღსდგა და ცვლილებები მოუნდა. საქართველოში 9 დეკემბერს ჩამოვედი...
- ყველაზე საინტერესო ადგილები გამოგიტოვებიათ...
- სამწუხაროდ, მაგრამ როდესაც ჩამოვედი, სულ სხვაგვარი საქართველო დამხვდა.
- ჰოლანდიაში ყურადღების ცენტრში იყავით?
- დიახ. ჰოლანდიისა და ბელგიის პრესასთან მქონდა ურთიერთობა და ეს ჩემთვის კარგი შანსი იყო. რთული იყო იქ ყოფნა, ერთგვარ გაურკვევლობაში ვიყავი. არ ვიცოდი, რა და როგორ მოხდებოდა, დააყენებდა თუ არა მიშა თავის კანდიდატურას... ცხადია, ეს არ იყო სატელეფონო თემა და ამის შესახებ არ ვსაუბრობდით. ჩემთვის ძალიან რთული იყო, მაგრამ იმედით ვიყავი სავსე.
მალე ჰოლანდიაში გამოვა წიგნი ჩემი ცხოვრების, განვლილი გზის შესახებ. წიგნი წერილების საფუძველზე შევადგინე. მშობლებს თითქმის ყოველდღიურად ვწერდი ამერიკიდან და საქართველოდან. წიგნი მარტში ჯერ ჰოლანდიაში გამოვა და მერე აქაც.
- ერთ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში არ შედგა, პრეზიდენტობის გარიჟრაჟზე თქვენს მეუღლეს უთქვამს, ვიცი, წლის ბოლოსთვის ჩემი რეიტინგი დაეცემა, ისეთი ნაბიჯების გადადგმა მომიწევსო, ასეა?
- რეიტინგი ჯერ არ არის დაცემული, მაგრამ 96 პროცენტი ახლა არ განმეორდება. ეს არამხოლოდ მიშასთვის მიცემული ხმაა, არამედ წინა ხელისუფლებისა და მართვის სტილისთვის უარის თქმასაც ნიშნავდა. ახლა გარკვეული ცვლილებებია სოციალურ სფეროში, პენსიებსა და ხელფასებში. გამოჩნდნენ ინვესტორები, სხვაგვარი დამოკიდებულებაა მთავრობასა და მოსახლეობას შორის. რაც მთავარია, აღარაფერი აღარ იმალება. ადრე სხვაგვარად იყო - წავიდოდა შევარდნაძე ბათუმში და არავინ იცოდა, რაზე, ჩამოვიდოდა და - არ ამბობდა, რის შესახებ ილაპარაკეს. ხალხი მოტყუებული იყო.
მიშას ძალიან უნდა ხალხის ჩართვა დემოკრატიულ პროცესებში. უნდა იცოდეს ხალხმა, რატომ იგზავნებიან ჩვენი ჯარისკაცები ერაყში. ჩვენ არ გვჭირდება ჯარისკაცები? საზღვრები არ ირღვევა ჩვენთან? მაგრამ, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ანტიტერორისტულ კამპანიაში ვმონაწილეობთ, როგორც სახელმწიფო. ჯარისკაცები გამოცდილებას მიიღებენ და გამოგვადგება.
არ მეგულება უცხოელი, რომელსაც ქართველი თუ არა, ქვეყანა მაინც არ შეყვარებოდა. უამრავი პლუსი გვაქვს - ბუნება, ხალხი, კულტურა. მეზობელ ქვეყნებთან - რუსებთან, თურქებთან, სომხებთან, აზერბაიჯანელებთან - მინდა იდეალური ურთიერთობები დამყარდეს. მალე სომხეთში 10 კაციანი დელეგაციით მივდივარ. დელეგაციაში იქნებიან ჟურნალისტები, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორი, პარლამენატარი. მეზობელ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობები უნდა იყოს და ამაში ვხედავ ჩემს როლს.
- მსოფლიოს გამოჩენილ ადამიანებთან, პრეზიდენტებთან გიწევთ ურთიერთობა. მეგობრობთ სხვა ქვეყნების პირველ ქალბატონებთან?
- ჩვენი ურთიერთობები საქმიანია. არ მინდა, რომელიმე სახელმწიფო ვიზიტზე ტურისტად წავიდე, ამის დრო ნამდვილად არ მაქვს. ამიტომაც არ წავედი ირანში, თუმცა იქ ნამყოფი არ ვარ და ძალიან მაინტერესებს. ვიზიტისას ჩემთვის საინტერესოა საქმიანი, შინაარსიანი შეხვედრები პირველ ლედისთან, ქართველებთან, ჰუმანიტარულ სპონსორებთან, არასამთავრობოებთან, რათა ეს ყველაფერი საქართველოსთვის სასარგებლო გამოდგეს. ყველასთან მეხერხება ურთიერთობა - პრეზიდენტებთან, პედაგოგებთან, დამლაგებლებთან...
- თქვენთვის აქამდე უცნობი რა შტრიხი შეიძინეთ?
- ყოველთვის ვცდილობ, ვიყო უშუალო და ხალხი დამელაპარაკოს. დაცვა მყავს, მაგრამ ხალხი ქუჩაში ხშირად მოდის ჩემთან - ან თხოვნას გადმომცემენ, ან უბრალოდ გადამკოცნიან, ან ყვავილებს მომართმევენ. რაც უნდა მეჩქარებოდეს, 1-2 წუთით დალაპარაკებას ყოველთვის ვახერხებ. ვცდილობ, ვიყო უშუალო და ბუნებრივი. შეიძლება, ადამიანისთვის მნიშვნელოვანია პირველ ლედისთან შეხვედრა და ვცდილობ, ყოველი ასეთი შეხვედრა რაღაცით უნიკალური იყოს. ადრე არ მქონდა ეს თვისება.
- თქვენს ყოველ ნაბიჯს, გამოხედვას, გაღიმებას, ჩაცმის სტილს უფრო ფართო თვალებით უყურებენ, ვიდრე ოდესმე, ამას გრძნობთ?
- დიახ და ხშირად პოზიტიურად. უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ ჩაცმულობას. ვცდილობ, დავრჩე ისეთი, როგორიც ვარ.
- საქართველოში ქალები უფრო მეტად არიან შებოჭილნი სოციალური ვალდებულებებით, მეთანხმებით?
- საქართველოში ნამდვილად მძიმე ტვირთი აქვთ ქალბატონებს, მაგრამ კარგად ართმევენ თავს. ყველას ჯანმრთელობას, გამრავლებასა და სიძლიერეს ვუსურვებ. ხანდახან მინდა, რომ ქართველი ქალი უფრო მეტად სპორტული იყოს. მე თვითონ ვარ ცხოვრების ჯანმრთელი სტილის მომხრე. მინდა, რომ ქალებს საკუთარი თავის წინაშე მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდეთ - ეს მათი ცხოვრებაა. თუ ოდნავი საშუალება გაქვს, ოჯახი უნდა დააზღვიო, შეიძლება, ენა და კომპიუტერი ისწავლო... ამას, უბრალოდ, სერიოზული მიდგომა უნდა, თორემ ამისთვის უამრავი საშუალებები არსებობს. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება ენის მცოდნე მეზობელი გყავდეს, ან დეიდა იყოს მასწავლებელი, ეს ხომ ქართული რეალობაა?!
- თქვენი აზრით, როგორ უნდა დააღწიონ ქალებმა თავი არჩევანს მაღალ შემოსავალსა და დიასახლისობას შორის?
- ყველა ქალი ბუნებით დიასახლისია, მეც ასე ვარ. როცა სახლში მივდივარ, ჯერ ვალაგებ, ჭურჭელს ვრეცხავ, მეც ვდებ ყვავილს ვაზაში, მეც ვცვლი ტუალეტის ქაღალდს, გამაქვს ნაგავი - ზრუნვა სისუფთავეზე და ბავშვებზე ყველა ქალში ზის.
მაგრამ, თუ ქალს მუშაობის საშუალება აქვს, ძალზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში რაიმე როლი შეასრულოს. ამისთვის აუცილებელი არ არის ბანკში ან საელჩოში მუშაობა. შეიძლება მოხალისეც იყოს, ან სკოლაში დამხმარე პედაგოგად წავიდეს, ან საკუთარ ჰობის - პოეზიას, დიზაინს მიუძღვნას დრო... ქალმა თავად უნდა აირჩიოს მისთვის სასურველი კომბინაცია. ქალი ჰარმონიულად უნდა გრძნობდეს თავს. ბრძანეთ, მშვიდი აურა გაქვსო - ვცდილობ, ჩემი ჰარმონია არ დავარღვიო. მინდა, ვიზრუნო ოჯახზე, ფონდზე და თან მინდა, ჩემი პატარა გატაცებები მქონდეს.
- და ამ ჰარმონიას ვერც ისეთ ადამიანი არღვევს, როგორიც მიშა სააკაშვილია?
- წარმოიდგინეთ, არ არღვევს. ეს სიმშვიდე შიგნიდან მოდის და ჩემს ბედნიერ ბავშვობას ვუკავშირებ. მქონდა ჯანსაღი გარემო, განათლების ყოველგვრი საშუალებები. ეს კარგ საფუძველს ქმნის მთელი ცხოვრებისთვის.
- ძლიერი ქალების კატეგორიას მიეკუთვნებით?
- რა თქმა უნდა, მეც ვნერვიულობ, ან რაიმეზე ვბრაზობ, მაგრამ რადგან შინაგანი ჰარმონია ვიპოვე, ამის გადატანა არ მიჭირს. საბედნიეროდ, ჯერ ძალიან ცუდი რამ, პირადი ტრაგედია არ მომხდარა.
- ერთი წლის წინანდელი მოვლენები საკმაოდ დიდი განსაცდელი იყო და არამხოლოდ თქვენთვის...
- რა თქმა უნდა, მაგრამ, საბედნიეროდ, კარგად დამთავრდა. შემიძლია რთული პერიოდების გადატანა. საკუთარ თავს მუდმივად ვესაუბრები. როცა საღამოს ბავშვს სძინავს და მიშა ჯერ სახლში არ არის, ვზივარ და განვლილ დღეს ვავლებ თვალს. თუ ხვალინდელი დღე არ დავგეგმე და განვლილი არ გავაანალიზე, ჩემი ჰარმონია ირღვევა. არიან ქალები, რომელთაც მარტოობა არ შეუძლიათ. მეც მიყვარს ხალხთან, მეგობრებთან ყოფნა, მაგრამ ძალიან მჭირდება საკუთარი დრო - ვრთავ ჯაზს, ან კლასიკას და ვართ მე, ჩემი გეგმები და ოცნებები.
- რა იყო ქართველთა ხასიათის ის სირთულე, რომლის გადალახვაც ყველაზე მეტად გაგიჭირდათ?
- ბავშვი წლის არ იყო, როცა ჩამოვედი და ავად გახდა. რადიკალური გადაწყვეტილება მიიღეს და მაშინვე ანტიბიოტიკები და ნემსები გაუკეთეს. დიდი ბებიაც, მამამთილიც ექიმები იყვნენ და ბავშვს ვინ მიმაკარებდა?! პირველი ზამთარი განსაკუთრებით გამიჭირდა. ჩემს ბავშვს ახლაც ხშირად აწუხებს დისბაქტერიოზი, რომელსაც მაშინდელ მიდგომას ვაბრალებ. ახლა ამის გამოსწორება შეიძლება სპორტით, კვებით - ბიჭია და მოძლიერდება. თუმცა, ქართველების უფრო პოზიტიური თვისებები მახსენდება. კარგი თვისებაა, როდესაც გინდა, ადამიანს რამენაირად აჩვენო, რომ არ გიჭირს. ოჯახში სუფრა იშლება და არავინ იცის, რა გაიყიდა ამის გამო, ან რა ვალი აიღეს. ძალიან პოზიტიურია ის, რომ მეგობრობა და ერთგულებაა მთავარი, მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს - ამასობაში, სკვერები, სადარბაზოები მოუვლელია, ნაგვიანია. თუმცა, ვამჩნევ, რომ გამონაკლის შემთხევევებში ეს სწორდება, მაგრამ ძირითადად თავის ოჯახსა და გარეგნულობაზე ზრუნავენ.
ეს თვისებები ხანდახან არარაციონალურია, პრიორიტებებია სხვანაირი. მაგრამ როცა ჰოლანდიაში ჩავდივარ, მეუბნებიან - როგორ გაქართველებულხარო... რა მნიშველობა აქვს, რა სუფრა დევს მაგიდაზე, ან რატომ უნდა იყოს ორი თეფში და ორი ჭიქაო? რა ვქნა, აქ მივეჩვიე. მაგალითად, უსაფრთხოების ღვედებს ჰოლანდიაში სულ ვიკეთებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამაჯარიმებენ. აქ კი ქამრის გადაჭერა მძღოლისთვის უნდობლობის გამოცხადება მგონია და მეც ისევე, როგორც ის მძღოლი, იმ პატარა ხატის იმედზე ვარ, რომელიც აუცილებლად აქვს მანქანაში.
- ჰოლანდიაში ძალიან უყვართ დედოფალი და ქვეყნის დედად მიაჩნიათ. რა დამოკიდებულება აქვს დედოფალს უბრალო დამიანებთან?
- ძალიან ძლიერი დედოფალია, კარგი ოჯახის დედაა და ძალიან კარგი შვილები ჰყავს.
ცნება "უბრალო ჰოლანდიელები" - პირობითია, რადგან მინისტრებიც დადიან ველოსიპედებით და მეტროთიც მგზავრობენ. არავინ იცნობს პრემიერის, ან მერის მეუღლეს, კონტაქტი უშუალოა. რა თქმა უნდა, დედოფალს თავისი პროტოკოლი აქვს. მაგრამ ვიცი, რომ ინფორმირებული ადამიანია. შეიძლება, სიტყვით წელიწადში ერთხელ გამოვიდეს, მაგრამ დედოფლის ოჯახი აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ პროცესებში. ჰოლანდია განვითარებული ქვეყანაა, საქმეები კარგად მიდის. ამ ბოლო დროს იყო მკვლელობა, ანტიისლამური ქმედებები და ეს დედოფალს ძალიან აწუხებს. დარწმუნებული ვარ, გააკეთებს განცხადებას, რათა ხალხი დაამშვიდოს. რა თქმა უნდა, იქაც არის იმიგრაციის, დისკრიმინაციის პრობლემები, მაგრამ როცა ქვეყანა დალაგებულია, ხელმძღვანელის მიმართ დადებითად არიან განწყობილნი.
- ამ ბოლო დროს პრეზიდენტის პარტიის რეგიონულ ორგანიზაციებში სკანდალებია, რატომ?
- პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა მთავრობაში არ უნდა გადავიდეს. უნდა იყოს ჯანმრთელი ოპოზიცია, სხვადასხვა პარტიები, რომელთაც სხვადასხვა პროგრამები აქვთ. ხალხმა ამ პროგრამებით უნდა შეაფასოს მათი მოღვაწეობა და არა პიროვნებებით და დაპირისპირებებით. ეს არ არის ახლოს დემოკრატიულ პროცესებთან. ჰოლანდიას 400 წელი დასჭირდა დემოკრატიის ასაშენებლად, აქ დემოკრატია ახალია და ამას აშენება უნდა.
- ეს თქვენი ჰოლანდიური თვისებაა, რომ პრეზიდენტის დედა უფრო ჩანს ტელევიზორში, ვიდრე თქვენ?
- ვფიქრობ, რომ საკმაოდ ხშირად ვჩანვარ. მირჩევნია, რეგიონებში, ოჯახებში პირადად ვიყო ხშირად, ვიდრე პირველი არხის, ან "რუსთავი 2"-ის ეთერის მეშვეობით.
მაია ჭალაგანიძე
"24 საათი"