იმ დროს, როცა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ნებისმიერი მნიშვნელობის ობიექტებს წარმატებით, ან წარუმატებლად ასაღებს, ფოთის პორტი ახალ კავშირებზე გადის. მართალია, ეკონომიკის მინისტრი ბენდუქიძე სიტყვა "სტრატეგიულს" არ ცნობს, მას ამ ტერმინის გააზრება შინაარსობრივი თუ ორთოგრაფიული თვალსაზრისით მაინც მოუწევს. ქვეყნის პირველი ქალბატონის, სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივითა და პატრონაჟით ფოთის პორტის დელეგაცია ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს პორტს სტუმრობს. სტუმრობა დაძმობილებითა და კონკრეტული ფინანსური შეთანხმებით სრულდება. ფოთში ოქროს ხანას ელიან.
ფოთის პორტის ახალი ხელმძღვანელის თემურ მიმინოშვილის განცხადებით, "პორტი 2004 წელს რეკორდულ მაჩვენებელზე გავა". 6 მილიონ ტონიანი ტვირთბრუნვა ქართულ ნავსადგურს მართლაც არ ახსოვს. დღევანდელი მაჩვენებლებით, ფოთის პორტის მიერ გაწეული მომსახურების 60 პროცენტი ტრანზიტულ ტვირთებზე მოდის, დანარჩენი კი ექსპორტ-იმპორტზე. მარკო პოლოსა და "აბრეშუმის გზას" სულ რომ არ ვცნობდეთ, ესეც საკმარისია იმისთვის, რომ ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ფინანსურ წყაროდ სწორედ ტრანზიტი ჩავთვალოთ. შეიძლება ითქვას, რომ ფოთის პორტი საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს. მას აქვს საშუალება, მიიღოს და მოემსახუროს ნავთობს, სხვადასხვა ქიმიურ ტვირთებს, ნაყარ მასალას, ასევე გენერალურ ტვირთებსაც. ყოველ მათგანს ცალკეული და განსაკუთრებული ტექნოლოგიებით აგებული სატვირთო, სასაწყობე და გადამზიდავი პირობები ესაჭიროება. დღეს ფოთის პორტის მთავარი პრობლემებია მმართველობის ფორმა, საკადრო საკითხები და მწირი ფინანსური ინვესტიციები.
მიმინოშვილის ინფორმაციით, პორტი დღეს 420-იდან მხოლოდ 30 ჰექტარ ფართობს იყენებს აქტიურად. 380 ჰექტარი ე.წ. მომავალი განვითარებისათვის არის განკუთვნილი. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, რეორგანიზაციის პროცესი ჯერაც მიმდინარეობს. ოქტომბრის ბოლოს კი ცნობილი გახდება პორტის განვითარებისა და მომავალი საქმიანობის სტრატეგია, სადაც ყურადღება გამახვილდება ყველაზე მნიშვნელოვან - მმართველობის ფორმის - საკითხზეც. ამ საკითხს გვერდი ვერ აუარა სანდრა ელისაბედ რულოვსმაც. საქართველოს პირველი ქალბატონი "24 საათს" ესაუბრა:
- ამ თემაზე დიდი ხანია, ვფიქრობ. ჰოლანდია, საპორტო ინდუსტრიის თვალსაზრისით, ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. ამდენად, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მოვახერხე ურთიერთშეთანხმების მიღწევა ფოთის პორტისა და "ზეილანდ სიიპორტის" ხელმძღვანელობებს შორის. ეს ჰოლანდიის ის მხარეა, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე. როგორც თქვენ პრეზენტაციაზე გაცნობეს, ტერნეუზენისა და ვლისინგენის პორტები რამდენიმე წლის წინათ გაერთიანდა და ჩამოყალიბდა, როგორც "ზეილანდ სიიპორტი". ის მასშტაბებით უფრო მცირეა, ვიდრე როტერდამის პორტი, მაგრამ ევროპაში ერთ-ერთ მზარდ კომპანიად ითვლება. ის, რომ ამ პორტში მუშაობს ზეილანდის პროვინციის დასაქმებულთა 25 პროცენტი, ბევრზე უნდა მეტყველებდეს.
- რა არის ამ ინიციატივის არსი?
- დაძმობილება პორტებს შორის და მომავალი განვითარებისა თუ ურთიერთთანამშრომლობის გეგმების დასახვა. ამჟამად, რამდენადაც ვიცი, ჩვენი მთავრობა იხილავს (სანდრა რულოვსი სიტყვას "ჩვენი" იშველიებს მხოლოდ მაშინ, როცა საუბარია საქართველოზე - ო.ქ.) საკითხს ფოთის პორტის მმართველობის თაობაზე. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი საქმე არ არის, თუმცა მე ვეცადე, ფოთის პორტის ხელმძღვანელობისთვის მიმეცა საშუალება, გაცნობოდა საერთაშორისო გამოცდილებას, შეესწავლა ის მიდგომები, რაც მსოფლიო სტანდარტებით არის მიღებული, მმართველობის ფორმები, განვითარების სტრატეგიები და ა.შ.
- თქვენი აზრით, უნდა გაიყიდოს თუ არა ფოთის პორტი?
- ეს ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის და მე, როგორც გითხარით, ამაში არ ვერევი. ისე კი მიიმაჩნია, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, თუნდაც ნაწილობრივ მაინც, სახელმწიფო მმართველობაში უნდა დარჩეს, რადგან კონკრეტულ შემთხვევებში შესაძლოა მათი, მაგალითად, ბოროტად გამოყენება ან ბლოკირება, რაც ხალხისთვის შეიძლება ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს, ხოლო რეგიონისთვის - საზიანო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი საუბარი ეხება სატრანზიტო დერეფანს და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დერეფანზე ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებიც.
"ზეილანდ სიიპორტი", რა თქმა უნდა, მასშტაბებით გაცილებით დიდია, ვიდრე ფოთის პორტი. მას 4400 ჰექტარი ფართობი აქვს ათვისებული და დაახლოებით 200-ის ათვისებას უახლოეს მომავალში აპირებს. მისი ტვირთბრუნვა შეადგენს წლიურად 28 მილიონ ტონას და მასში ათასობით ადამიანია დასაქმებული. "ამ პორტის გაშენება გასული საუკუნის შუა რიცხვებში დაიწყო ჰოლანდიის ხელისუფლების ინიციატივით, რაც ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ ხალხი ტერნეუზენიდან და ვლისინგენიდან სამუშაოდ ცენტრისკენ, ამსტერდამის ან როტერდამისკენ მიემართებოდა. მოღვაწეობა პორტმა მცირედით დაიწყო და მეოცე საუკუნის დასასრულისთვის უკვე სერიოზულ კომპანიას წარმოადგენდა. განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი ტერნეუზენისა და ვლისინგენის პორტების გაერთიანება იყო. ფოთის პორტის შესახებ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ გვსმენია. მას საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეიძლება დაეკისროს მომავალში ევროპიდან აზიაში ტრანზიტის მოძრაობის თვალსაზრისით. ამდენად, ჩვენ მზად ვართ, გავუზიაროთ მათ ჩვენი გამოცდილება და ვისაუბროთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებაც," - აცხადებს "ზეილანდ სიიპორტის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თავმჯდომარის მოადგილე ადემარ ვან ვასი.
მმართველობასთან დაკავშირებით ირკვევა, რომ პორტების 50 პროცენტის მფლობელი ზეილანდის პროვინციის მთავრობაა, დანარჩენი კი მუნიციპალიტეტებს ეკუთვნის. რა თქმა უნდა, ამ მოდელის გადმოტანა ქართულ რეალობაში დღესდღეობით რთულია, ვინაიდან მუნიციპალიტეტები, განსკუთრებით ფოთის, სულაც არ ემსახურება ხალხის ინტერესებს. თუმცა, საქართველოს მთავრობისთვის კარგი მაგალითი იქნებოდა საზოგადოებრივი მართვის ამგვარი მექანიზმი და ისიც, თუ როგორ ენდობა მოსახლეობა მუნიციპალიტეტებს. პორტებს ჰყავს მმართველი დირექტორატი და სამეთვალყურეო საბჭო. ასე ვთქვათ, მთავრობა და პარლამენტი, ან პოზიცია და ოპოზიცია. ასეთ შედარებას იმიტომ ვაკეთებთ, რომ პორტების ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ხშირად ისინი წინააღმდეგობაში მოდიან და სწორედ ასეთი მმართველობით არის შესაძლებელი სახელმწიფო საკუთრებაში ერთდროულად ძლიერი, ეკონომიკურად ეფექტიანი და მომგებიანი კომერციული სტრუქტურის არსებობა. რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობა დაქირავებულია, საბჭოს თავმჯდომარეს კი ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევენ, სადაც უშუალოდ მოსახლეობაც იღებს მონაწილეობას.
არანაკლებ მნიშვნელოვნად გვეჩვენა საკუთრების ფორმებთან დაკავშირებული ინფორმაცია. როგორც გაირკვა, დასაწყისისთვის პორტი კუთვნილ მიწებს ყიდდა სხვადასხვა კომპანიებზე, რომლებიც შემდგომში ამ ტერიტორიებზე აყალიბებდნენ სხვადასხვა საპორტო საქმიანობასთან დაკავშირებულ ბიზნესს - იქნებოდა ეს ტერმინალები, უსაფრთხოების სასწავლო ცენტრები, სასაწყობე მეურნეობები, ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები თუ ა.შ. თუმცა, გასული საუკუნის 70-იან წლებში ხელისუფლებამ და პორტის ხელმძღვანელობასმ სტრატეგია შეცვალა და მიწების გაყიდვა შეწყვიტა. დღეს "ზეილანდ სიიპორტი" მიწებს მხოლოდ 60 წლიანი ლიზინგით გასცემს. როგორც პორტების ხელმძღვანელობაში აცხადებენ, აღნიშნული განპირობებულია ერთი გარემოებით - მთავრობამ გადაიფიქრა მიწების გასხვისება კონტროლის გამო. ალბათ, ეს მნიშვნელოვანი მაგალითი იქნება როგორც ფოთის პორტისთვის, ისე მთლიანად საქართველოს ხელისუფლებისათვის.
ერთი სიტყვით, რულოვსების ოჯახში თბილი მიღებისა და რამდენიმე საინტერესო ვიზიტის შემდეგ საპორტო ბიზნესში ჩართულ კომპანიებში, დაძმობილების ცერემონიალი სანდრა რულოვსის მშობლიური ქალაქის ტერნეუზენის მერიაში შედგა. ცნობილი გახდა ისიც, რომ ჰოლანდიის მთავრობამ ფოთის პორტს გამოუყო 15.3 მილიონი ევრო, საიდანაც 9.45 კრედიტია, დანარჩენი კი გრანტი. ამ თანხას საქართველოში ჰოლანდიური კომპანია "ბოსკალისი" დახარჯავს.
ამ ინიციატივას ჰოლანდია-საქართველოს ურთიერთობებში გადამწყვეტ როლს ანიჭებს საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში კოტე ზალდასტანიშვილი, რომელიც ასევე ესწრებოდა დაძმობილების ცერემონიალს. მისი თქმით, "ამ სფეროში კავშირის დამყარება იქნება წინაპირობა ურთიერთობების სხვა მიმართულებით განვითარებისთვისაც. ჰოლანდია არა მარტო პორტებიათ და ტრანსპორტირებით არის ცნობილი, მისი სავიზიტო ბარათი მსოფლიოში ულამაზესი ყვავილები და ერთ-ერთი ურთულესი საქმიანობა - სასათბურე მეურნეობაა, რაც საქართველოს პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის ძალიან მომგებიანი იქნება".
ერთი სიტყვით, საქართველოს პირველი ლედი კმაყოფილია დელეგაციის მუშაობით. მეტიც, აქვე მან მოახერხა მოლაპარაკება ერთ-ერთ უმსხვილეს საპორტო კომპანია "მულტრაშიფთან". შედეგად, თბილისის დამწვრობის ცენტრს გადაერიცხება 5000 ევრო. როგორც პირველი ლედი აცხადებს, თანხა მოხმარდება კონკრეტულ ოჯახებსა და პირებს და მის ხარჯვას პირადად გაუწევს კონტროლს. ხოლო მისი და ზოგადად რულოვსების სტუმართმოყვარეობის, ოჯახური ტრადიციების, სასკოლო ისტორიებისა და სხვა საინტერესო ამბების შესახებ "24 საათი" უახლოეს მომავალში გიამბობთ.
ოთარ ქირია
"24 საათი"