Google+

ინტერვიუები

15.02.2005
'24 საათი' - სტუმარ-მასპინძლობა ყვავილების ქვეყანაში

- სანდრა, ქალბატონი სანდრა სად არის?!

- მგონი, გაიყვანეს უკვე...

- გუბერნატორი და მისი მეუღლე?

- ისინიც.

- ფრთხილად, ფრთხილად, დასველდებით!

- უკვე დავსველდით ყველა.

- არ გადავარდეთ. თუ შეიძლება, კაიუტაში შემობრძანდით, სავარძელში მოთავსდით, ან მოაჯირს დაეყრდენით. გემბანზე ყოფნა სახიფათოა.

კაიუტა და მართვის კაბინა კი ძალიან პატარაა, მაინც დავსველდით.

თითქოს, ეს თხუთმეტი წუთი არ მთავრდება, ზეელანდ სიიპორტის მეორე ბოლო არაფრით არ გამოჩნდა. თუმცა, მძაფრი განცდა მაინც სასიამოვნოა. ყველანაირი გარანტია არსებობს. გემი საიმედოა, ეკიპაჟი კი - გამოცდილი. ჩრდილოეთის ზღვა ცივია. თანაც, მისი შხეფები საგულდაგულოდ გამოწკეპილს მაინცადამაინც სასიამოვნოდ არ გელამუნება. ყველა ყვირის, ოღონდ კატარღის ბღუილს მაინც ვერ ჯაბნის. ამ ქაოსში ჟურნალისტი აუცილებლად მიხვდები, რომ უნდა აიღო ფოტოკამერა და რაღაც დააფიქსირო - ქვეყნის პირველი ქალბატონი კატარღის საჭესთან მიიპატიჟეს. გამოსდის... ამ კონკრეტულ შემთხვევაში მის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებულია ოცი ადამიანის ბედი.

რა თქმა უნდა, ჯგუფი და "მულტრაშიფის" კატარღის ეკიპაჟი ვლისინხენის სანაპიროზე უსაფრთხოდ, თუმცა ემოციებით ანთებული გადაბარგდა. წინ საპორტო ცხოვრების თვალსაჩინო ნაწილი - იახტკლუბური საღამოა. ყველა სხვა შემთხვევაშიც, სანდრას შეხვედრის ადგილი საგულდაგულოდ აქვს შერჩეული. ეს ქართული დელეგაციის ჰოლანდიაში სტუმრობის მეორე დღე იყო და ძალიან გამოირჩეოდა დანარჩენი ოთხისგან.

სტუმრობა უბრალო არ იყო და ის მთლიანად საქმიან ელფერს ატარებდა. სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟითა და შუამდგომლობით, ფოთის პორტი ჰოლანდიის მასშტაბებით მესამე "ზეილანდ სიიპორტს" დაუმეგობრდა, ამას გარდა საბოლოოდ შეათანხმა თანამშრომლობის დეტალები მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია "ბოსკალისთან", რომელიც ჰოლანდიის მთავრობის მიერ გამოყოფილი 15,3 მილიონი ევროთი ფოთის სანაპიროზე საბლოოდ მოხსნის ნაპირის, ე.წ. მოლოს, პრობლემას.

ეს მართლაც ის შემთხვევაა, როცა სასარგებლო ბოლომდე გაჯერებულია სასიამოვნოთი. სტუმარ-მასპინძელის მეპატრონეებს არაერთხელ აღგვინიშნავს, რაოდენ ღვთისაა სტუმარი, მაგრამ არც ისე ყოფილა საქმე, რომ მარტო ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადი.

ტერნოიზენი ჰოლანდიის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ის პატარა, მყუდრო და მშვიდი ქალაქია, სადაც უსაქმოდ არავინ დადის. ჭიანჭველების ბუდე. დაუღალავი შრომის დამღა აქ ყველა კუთხეს ადევს. საქართველოს პირველი ლედი, სანდრა ელისაბედ რულოვსი აქ გაიზარდა. ტერნოიზენის ქუჩებში სანდრა ეამაყებათ. მასთან დამოკიდებულება ისეთივე უშუალოა, როგორც ყოველთვის, მაგრამ პატივისცემა - უსაზღვრო. რულოვსების ოჯახი ამას იმსახურებს.

- ბოდიში, თვითმფრინავში ნუ გახსნით ბოთლს, თუ ისურვებთ, თავად მოგაწვდით იმ ღვინოს, რომელსაც სპეციალურად მგზავრებისთვის უზრუნველყოფს ავიაკომპანია KLM!.. მაპატიეთ, ეს ღვინო საიდან გაქვთ?

- ტერნოიზენის მერის საჩუქარია.

- მაპატიეთ, მინდოდა მეკითხა, რომ ამ ქალაქში იყავით თუ არა? მეც ამ მხარიდან ვარ და ძალიან მეამაყება, რომ თქვენი პირველი ლედი ტერნოიზენიდან არის წარმოშობით.

- ძალიან კარგი, ნუ იღელვებთ, უბრალოდ, საჩუქარია და ის ჩვენთვის ძალიან ძვირფასია.

KLM-ის სტიუარდესა ისედაც ცაში იყო და შესაბამისად სიხარულით უფრო მაღლა ვეღარ გაფრინდებოდა. ქართველს კი, მართლაც, ვერ გააკვირვებ ღვინით და ეს სანდრასაც მშვენივრად განუმარტავს მეგობრებისთვის. ნებისმიერ საღამოზე ერთი სალაპარაკო თემა ქართული ვაზის წვენი ყოველთვის იყო. უბრალოდ, თავად სანდრა რულოვსი იქცა სიურპირიზად და გურჯებსაც დიდი დრო აღარ გვრჩებოდა ტრადიციული თვითხოტბისთვის. სწორედ მაშინ, როცა ჰოლანდიური ჯენივიასა და ფრანგული კაბერნეს გარდუსით გაბრუებულებს "ქართული მოგვაწვა", ტერნოიზენის უძველეს რესტორანში "თბილისო" გაისმა. ფორტეპიანოს სანდრა მიუჯდა. ესეც გადასარევად უსწავლია, რომ აღარფერი ვთქვა ჩემსა და მას შორის გამართულ "ჭიჭე" მეგრულ დიალოგზე. ლინგვისტია. იცის მშობლიური, ფრანგული, ინგლისური, გერმანული, ქართული, რუსული და რა გამოლევს.

მიუხედავად იმისა, რომ რულოვსების თავკაცი ედუარდი, კარგა ხანია, საკმაოდ სოლიდურ ბიზნესს, ბინათმშენებლობასა და უძრავ ქონებას მართავს, უბრალოება და უშუალობა ყოველ მიმიკაზე ეტყობა. რულოვსები ტრადიციების ოჯახია. მგზავრობით დაღლილმა ქართველებმა სასტუმროში მისვლისას შევნიშენთ რაღაც უცნაური - სასტუმროსათვის უცხო.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტერნოიზენში!

ედუარდ და მაგდალენა რულოვსი

6 ოქტომბერი 2004 წელი

ტექსტი ჰოლანდიური ყვავილების ბოლქვებით სავსე კოლოფებს ამშვენებდა. არც დარგვისა და მოვლის ინსტრუქციების გაცემა დაზარებია ვინმეს. ხალასი და უშუალო ცხოვრების წესი რულოვსების ოჯახსაც ეტობა. მყუდრო, კომფორტული და კომპაქტური ბინა, ერთი მხრივ, ზღვის, მეორე მხრივ კი, სკვერის ხედით არაფრით არ ქმნის პოპმეზურობის განცდას და არ გაფიქრებინებს, რომ აქ ქვეყნის პრეზიდენტი დააბიჯებს ხოლმე. ყოველი დეტალი გემოვნებით არის საერთო გამაში მოქცეული და ერთობ სასიამვნოა, რომ ამ პალიტრას, კერძოდ ჟურნალის მაგიდას, "24 საათის" ნარინჯის ფერიც ამშვენებს, თანაც როგორც ოჯახში ამბობენ - მუდმივად.

არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ყველა კუთხე ყვავილით ან დეკორატიული ხით არის მორთული. ისე კი, საინტერესოს პირველი ლედის ოჯახში ადამიანი, განსაკუთრებით ჟურნალისტი, ყოველთვის მოძებნის და ამ შემთხვევაში ყურადღების ცენტრში ედუარდ სააკაშვილის ტილოები მოექცა. მარჯვნივ შავ პიჯაკში ჩაცმული მამა და მკაცრი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მარცხნივ კი ვარდებიან სამოსში გამოწყობილი დედა და საქართველოს გეოგრაფიული ფორმის კოლიეთი გულდამშვენებული საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი.

ამ კოლიეს სანდრა მუდამ ატარებს და ყოველთვის, როცა ამბობს - "ჩვენ ეს გვჭირდება", "ჩვენს ქვეყანას ეს გამოადგება", "ჩვენი ხალხი ამას იმსახურებს" - ნიშნავს, რომ საუბარი ეხება საქართველოს და ქართველებს. რა თქმა უნდა, სამშობლო ყველაფერს ურჩევნია, მაგრამ რეალობის შეგრძნებას არაფრით არ კარგავს. აშკარად მზრუნველი ადამიანია, ისევე როგორც მისი მშობლები.

მეტიც, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ყველგან, სადაც გაიარა, საქართველოზე იზრუნა. დანამდვილებით ვიცი, რომ კომპანია "მულთრაშიფს" თბილისის დამწვრობის ცენტრისთვის ხუთი ათასი ევროს გამოყოფა დაგეგმილი სულაც არ ჰქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ პორტში ხანძარსაწინააღდეგო სწავლებასა და ნორმებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, საპორტო საქმიანობის ერთ-ერთი ლიდერის "მულთრაშიფისა" და რულოვსის საუბარი, რომ თანხა სწორედ დამწვრობის ცენტრში წასულიყო, დიდ ხანს არ გაგრძელებულა. "თბილისში დაბრუნებისთანავე ამ თანხას საჭიროებისამებრ მივმართავთ," - ამბობს სანდრა რულოვსი.

რულოვსების ბინა და საერთოდ ცხოვრება ჰოლანდიური მოწყობის ზუსტი ანარეკლია. ეს არის ერთდროულად თანამედროვე და უძველესი ქვეყანა. თუკი როტერდამი არასდროს იძინებს და მისი ინდუსტრიულ-მოდენრისტული განლაგება 21-ე საუკუნით არის გაჯერებული, ამსტერდამი წმინდა წყლის ევროპაა - რიკულები, კოშკურები, სასახლეები, ლამპიონები, რატუშები, მცირე კაფეები და, რა თქმა უნდა, ვან გოგი. რეი ჩარლზისგან განსხვავებით, რომელიც მთელი ცხოვრება ჯორჯიაზე მღეროდა და მხოლოდ ათობით წლის შემდეგ მიხვდა, რომ სხვა ქვეყანასაც შეჰღაღადებდა, ჩვენ ჰოლანდია ვიცით. ამავე დროს, ვეთანხმებით იმასაც, რომ სიმღერა ყვავილების ქვეყნის შესახებ ჰოლანდიას, მართლაც, შეეფერება. ამ სილამაზის აღწერისა და სიტყვებით გადმოცემის უფლება მხოლოდ მწერალს აქვს და თავს არ შეგაწყენთ. მხოლოდ იმას ვისურვებ, ყველა ქართველისთვის იოლად შესაძლებელი იყოს ჰოლანდიის სტუმრობა და ამ მშვენებით ტკბობა.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს განსაკუთრებული ელფერი ენიჭება, თუ ქვეყნის პირველი ლედი არ დაიზარებს და გიდობას მოისურვებს, როგორც ქალაქის ქუჩებში, ისე მუზეუმში, ან სხვა ღირსშესანიშნავ წერტილში. ერთი წუთით არ გაჩერებულა... სტუმართმოყვარეობა მისი გვარის დიდი სიმდიდრეა.

რულოვსებშიც, ისევე როგორც ზევით ვთქვით, მთელ ჰოლანდიაში, ერთდორულად გამშვიდებს ულტრათანამედროვე დიზაინის ინტერიერი და ძველებური აქსესუარები. ეს არ არის უფერო ან უგემოვნო განლაგება. დიასახლისობაში მაგდალენა რულოვსს ბადალი არ ჰყავს, თუმცა, როგორც ამბობენ, ნაკლები ნიჭით არც მისი ქალიშვილი გამოირჩევა და ამის შემჩნევა არც ისე რთულია. ჰოლანდიაში მთავარი თევზია და როცა იქ მოხვდებით, არც იმან გაგაკვირვოთ, თუ ქუჩაში, თევზის მაღაზიასთან სანდრა რულოვსი დაინახოთ, რომელიც ე.წ. ცოცხალს პირდაპირ, ხელით მიირთმევს. ეს ნიდერლანდური ცხოვრების ერთ-ერთი ატრიბუტია და არასდროს იფიქროთ, რომ ასეთ ალაგს თევზის ხელით მირთმევა სირცხვილია. პირიქით, თქვენ პატივი ეცით მასპინძლის ტრადიციას.

ამას რომ თავი დავანებოთ, აუცილებლობას წარმოადგენს ველოსიპედი. პირველი ლედი სიამოვნებით საუბრობდა იმაზე, რომ ჰოლანდიაში ველოსიპედის ტრასების საერთო სიგრძე 40 ათას კილომეტრს შეადგენს. ხოლო იმას, რომ ასეთი სტრადები ყველა სამანქანო გზას გაჰყვება, გამორჩეული სახით ახსნა სულაც არ სჭირდება. ველო-საცობში მოწითალო ბილიკზე თავადაც მოვხვდი. ისე კი, ველოსიპედების პარკირების ადგილებს შეუძლებელია უცხოელმა შურნარევი ღიმილით არ ჩაუარო. თუმცა, ჩვენთვის მაინც ყველაზე საინტერესო სანახაობა სანდრა რულოვსის ველორბოლა იყო. უხერხული შეგრძნება მაშინ მოგვეხსნა, როცა ბატონი ედუარდის საოჯახო ბიზნესის ოფისს ვეწვიეთ და დათვალიერების შემდეგ გარაჟიდან ჩვენთვისაც გამოაგორეს ორთვალა ტრანსპორტი. რაღა თქმა უნდა, სანდრასთან ასპარეზობას ცოტა მოწიწებასთან ერთად, დიდი გამოცდილებაც ესაჭიროება...

ჟუნრალისტზე არანაკლები ინტერესითა და ჟინით ათვალიერებდა ყველა იმ წერტილს, სადაც პროგრამის თანახმად დელეგაციას უწევდა სტუმრობა. არც პორტის ერთ-ერთი ტერმინალის მინუს ოცგრადუსიან მაცივარში მორიდებია შესვლა და არც უსაფრთხოების ტრეინინგცენტრში, სადაც, სხვათა შორის, საკმაოდ საშიში სიმულაციური (სასწავლო) კონსტრუქციებია განთავსებული და მხოლოდ სპეციალური ქუდით, ე.წ. "კასკით" და სპეცმარშრუტებით უნდა იარო. დაღლილობას პირველ ლედის საერთოდ ვერ შეამჩნევ. ამიტომ, არც უნდა გაგიკვირდეს ენების, ეკონომიკის, მუსიკის, კულინარიის, სტუმართმოყვარეობის და საერთოდ ყველაფერის ცოდნა. საშრობივით იწოვს ინფორმაციას. გონებამახვილი და, ამავდროულად, იუმორით სავსეა. არასდროს ავიწყდება, ვინ არის და ისიც, რომ პირველი ლედის ტიტულამდე ადამიანი იყო.

შესაბამისად, დიდი ევრიკა არ ყოფილა ის, რაც სანდრა რულოვსის მათემატიკის მასწავლებელმა ფრენკ აუდენარდემ მითხრა ინტერვიუში:

- კარგი მოსწავლე იყო.

- მარტო წიგნებში იყო, თუ კლასელებთანაც მეგობრობდა?

- ვერ ვიტყვი, რომ თავისთვის იჯდა. საკმაოდ გახსნილ და მეგობრულ მოსწავლედ ვიცნობდი.

- რაიმე ექსცესი ყოფილა მის გარშემო, მაგალითად, თუ აცდენდა ლექციებს, ან თუ შეგიძლიათ რაიმე კონკრეტული გაიხსენოთ მის შესახებ?

- საერთოდ, ის უმაღლესი დონის კლასში იყო და ამდენად ამ ჯგუფის წევრებისგან არც უნდა ელოდო გაცდენას, უპასუხისმგებლობას ან რაიმე ცუდს. ამ კლასში მასწავლებლები ყველაზე მშვიდად გრძნობენ თავს. შესაბამისად, არც სანდრა გაოირჩეოდა. ის იყო სტუდენტი, რომელიც ყოველთვის მზად იყო.

- გამოცდებს კარგად აბარებდა?

- ნებისმიერ გამოცდას უპრობლემოდ გადიოდა.

- მისი მშობლები თქვენ ან რომელიმე მასწავლებელს დაგიბარებიათ საყვედურისთვის?

- არასდროს.

- როგორ სწავლობდა?

- 80-90 პროცენტით მათემატიკაში, თუმცა მე ვიცოდი, რომ მისი მთავარი მისწრაფება ენა იყო. ამ თვალსაზრისით, ის ყოველთვის ლიდერობდა.

- ახლა რას ფიქრობთ მასზე?

- ძალიან მეამაყება. საერთოდ, ტერნოიზენში სანდრას ოჯახს ძალიან დიდ პატივს სცემენ. კარგი ხალხია.

- სანდრას კლასში კიდევ არის ვინმე, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია?

- საერთაშორისო დონეზე არა (იცინის). ქვეყნის მასშტაბით კი ყველაზე დიდ წარმატებად შეიძლება ჩავთვალოთ რამდენიმე სტუდენტი, რომლებმაც მედიცინაში გაიკეთეს დიდი კარიერა.

- თუ წარმოგედგინათ ოდესმე, რომ თქვენი მოსწავლე პირველი ლედი გახდებოდა?

- ვერ გეტყვით, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. მგონი, არც ერთ ქვეყენაში, რა თქმა უნდა, ნიდერლანდების გარდა, პირველი ლედი ჰოლანდიელი არ არის. ეს ძალიან საამაყოა.

- პიროვნულად გააჩნია ასეთი მონაცემები?

- მაშინ ამაზე ვერ ვისაუბრებდი, თუმცა, ის ყოველთვის ძალიან შრომისმოყვარე იყო. არც ზრდილობა და თავდაჯერებულობა აკლდა. ადამიანები უყვარდა, პატივს სცემდა. თან ძალიან კარგი ოჯახის შვილია. ალბათ, ასეთი მონაცემების მქონე ადამიანისთვის, მართლაც, შესაფერისია პირველი ლედის სავარძელი.

განსხვავებულ ინფორმაციას არც მშობლები იძლევიან, სანდრას ჩვეულებრივ, ნორმალურ ადამიანად ახასიათებენ. თუმცა, ედუარდ და მაგდალენა რულოვსები დღეს კარგად აცნობიერებენ შვილის მდგომარეობას და ერთი გოჯითაც არ სცილდებიან ეტიკეტის ჩარჩოებს, თანაც ისე, რომ უშუალობა არ დაკარგონ. ძალიან დიდ პატივს სცემენ სიძეს და ბოლომდე დარწმუნებული არიან მის შესაძლებლობებში. საქართველოზე მზრუნველობის ნიშნები მათაც აშკარად ეტყობათ, სწავლობენ ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს, არ ტოვებენ საინფორმაციო გამოშვებებს თუ გაზეთებს. გამოთქვამენ თავიანთ აზრს, მაგრამ არასრდოს არ ერევიან სხვის საქმეში. რაღა თქმა უნდა, მზე და მთვარე ამოსდით შვილიშვილზე. პატარა ედუარდის, ასევე, ახალგაზრდა მიხეილისა და სანდრას სურათებით სახლი მოფენილია. ოჯახი არც არაფერს მალავს და არც არაფერს უკეთებს განსაკუთრებულ აფიშირებას. რულოვსები ისევე მშვიდად ფუსფუსებენ, როგორც მთელი ტერნოიზენი და საერთოდ ჰოლანდია. იგივე - ყვავილების ქვეყანა.


ოთარ ქირია
"24 საათი"




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code