Google+

ინტერვიუები

25.12.2006
'ცხელი შოკოლადი' - თავისუფლების დღიურები

გავიღვიძე მატარებელში... აჭარაში მივდივართ და პატარა ნიკოლოზისთვის ეს არის საუკეთესო და კომფორტული ტრანსპორტი, ასევე ჩვენთვისაც, რადგან მატარებელში შეგიძლია ისეირნო, იმუშაო, იკითხო, მშვიდად ჭამო, ადამიანებთან ისაუბრო და ა.შ. ჩვენ ვართ მე, ძიძა, დაცვის სამი წევრი, ჩემი პრესის ასისტენტი მაკა, ჰუმანიტარული ფონდის ასისტენტი ზეინაბი და ეკა, ჩემი მდივანი იმ საბჭოში, რომელიც ახორციელებს პროექტებს შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ.

ჯერ ექვსი საათი არ არის და უკვე ჩამოვდივართ მატარებლიდან, პატარამ გაიღვიძა. შემდეგი სამი საათი ვაგრძელებთ ძილს ბობოყვათის სასტუმროში...

ნიკუშას ვაჭმევ ძუძუს, ვსაუბრობ, ვსაუზმობ, ცოტა ხანი პიანინოზეც ვუკრავ და უკვე დროა წასვლის. წირვაზე მივდივარ ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში, სადაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მოღვაწეობა დაიწყო.

თორმეტის ნახევარზე მივდივართ ბათუმის რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც ორმოცდაათამდე უნარშეზღუდული ბავშვი დადის. აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან და ბათუმის მერთან ერთად ვესაუბრები ბავშვებს და მათ მშობლებს, გადავცემთ საჩუქრებს. ჯინსის ქურთუკში ჩაცმული ერთი ბიჭი გელა მეხუტება და გახარებული სახით მეკითხება, თუ როგორ ვარ...

ფრენბურთის ფინალური მატჩი პირველი ლედის თასზე წელს ბათუმში პირველად ტარდება და უკვე სამი წელია ასეთ შეხვედრას ვესწრები... მატჩი ორი საათი გრძელდებოდა და დასავლეთ საქართველოს გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

გვაგვიანდება შიდსის ღონისძიებაზე კინოთეატრში და ვნერვიულობ, რადგან თასი უნდა გადავცე, ინტერვიუ მივცე, უამრავი ადამიანი კი უცხოელების ჩათვლით ორი საათიდან გველოდება... ამ ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, განათლების მინისტრი და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებიან, ასევე ის ხალხი, ვისაც შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი... ინტერვიუს დროს ძირითადად ყურადღებას გავამახვილებ ნარკომანიასა და ნარკოტიკების მოხმარებაზე, რადგან ეს სენი უდიდეს ზარალს აყენებს საქართველოს განვითარებას... ორმოცდაათი ათასი ნარკომანი და სავარაუდოდ ოთხასი ათასი მომხმარებელი დიდ საფრთხეს უქმნის თავის ჯანმრთელობას. მათ სამუშაო უნარი არ გააჩნიათ და თან ის ფაქტი, რომ დღეში ოცდაათი ლარი სჭირდებათ იმას ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში მათი საქმიანობა კრიმინალური ხდება... ჯანდაცვის სექტორისთვისაც ნარკომანია დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული. მე მინდა, რომ სკოლებში უფროსკლასელებს შევხვდე და ასეთ თემებზე ვესაუბრო... მგონი ეს აუცილებელია და ამისთვის დროს გამოვნახავ.

ღონისძიების შემდეგ ბათუმის შადრევნების ტბასთან ჩემს მეუღლესთან ერთად ვისადილებ, შემდეგ ორ ოჯახს ვეწვევი, რომელთანაც ზაფხულში დავდიოდი ხოლმე. ერთ-ერთი მათგანი ძალიან გაჭირვებულია, სადაც მამა და სამი შვილი ცხოვრობს, მეორე ოჯახმა კი ჩემი ხელშეწყობით ტყუპი ბიჭები იშვილა. ერთ-ერთის ნათლია მე გახლავართ...

შვიდ საათზე შიდსის დღესთან დაკავშირებით ბანკეტია დაგეგმილი, შემდეგ კი ახალგაზრდებისთვის დისკოთეკა გაიმართება, არ ვიცი მეც უნდა ვიცეკვო თუ არა, ვნახოთ... სამწუხაროდ, ხშირად ჩემი საქციელი ჩემს ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული, არამედ იმაზე, რასაც ჩემგან ელიან...

ბანკეტის შემდეგ Save-the-Children-ის მიერ მოწყობილ დისკოთეკაზე ვიყავით, სადაც ცოტათი ცეკვაც გავბედე...

4 დეკემბერი

დღეს მთიან აჭარაში მივემგზავრებით, კერძოდ, ხულოს სამი სოფელი უნდა მოვინახულოთ, რომ ჩავუტანოთ სახელმძღვანელოები, ფეხსაცმელები, ბურთები, გლობუსები, რუკები და ვიტამინები.

ხულოში გამგზავრებამდე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივედი და კოლექტივს არსებულ პრობლემებზე ვესაუბრე. გზად ერთი ქალბატონი შემოგვიერთდა, რომელიც გასულ ზაფხულს პატარა გიორგი შანთაძეს პატრონობდა ხულოს ერთ-ერთი სოფლიდან. ეს ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში ჯერ კიდევ ბავშვთა სახლიდან გადმოვიყვანე და შემდეგ დიდხანს იმყოფებოდა ამ ქალბატონის მეთვალყურეობის ქვეშ... ასევე შემოგვიერთდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ლექსო ჩიკვაიძე. შუახევში გავჩერდით, რადგან აჭარის ტელევიზიას საახალწლო მილოცვის ჩაწერა უნდოდა. შესაბამისი ტექსტი ჩემმა ასისტენტმა და მე რუსულად და ქართულად დავამუშავეთ, საბოლოოდ კი მგონი წარმატებულად ჩავწერეთ.

ხულოს რაიონული ცენტრის შემდეგ ვესტუმრეთ სოფელ დიაკონიძეების სკოლას, სადაც მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები უკვე გველოდნენ. გადავეცით საჩუქრები და მოვისმინე თხოვნები კოლექტივის წევრებისგან. შევედით თითოეულ კლასში და ვესაუბრეთ ბავშვებს ხან გაკვეთილის თაობაზე, ხან ენებზე, სოფელზე, ოჯახებზე. გადავიღეთ ბევრი სურათი და ჩვენი გზა ყვავილებით, ხილითა და თხილით ხელდამშვენებულებმა გავაგრძელეთ...

საჩუქრები სოფელ ბოძაურშიც გადავეცით და თან ძალიან ვისიამოვნეთ, რადგან ბავშვებმა ჩვენი სტუმრობა ლექსებითა და სიმღერებით გაახალისეს. რამდენიმე ბავშვი თბილისში საახალწლო ნაძვის ხეზე დავპატიჟე, რადგან არც ერთი მათგანი თბილისში ჯერ ნამყოფი არ არის.

შევამჩნიე, რომ ბევრ ბავშვს ღია ფერის თვალები და ქერა თმები ჰქონდა, რასაც ნამდვილად არ ველოდი. ერთ გოგონაზე კი ზუსტად ჩემი ფერის თმა რომ დავინახე, მივედი და ჩვენი თმები ერთმანეთს შევადარე, რამაც გამგებლის ყურადღება მიიპყრო და შემდეგ ეს ფაქტი ჩემს სადღეგრძელოშიც ახსენა....

შანთაძეების ოჯახში პატარა გიორგი აკვანში იწვა, ყურის ანთება ან სეფსისი ჰქონდა, მაგრამ წონაში ცოტათი მომატებული იყო, კიდევ უფრო დამსგავსებოდა თავის მამას მერაბს...

იმ ოჯახში მთელი ნათესაობა და ნაცნობობა შეკრებილიყო და ყველას ხელში განცხადება ეჭირა. გამონაკლისის გარეშე ყველა სამედიცინო კუთხით დახმარებას ითხოვდა, ზოგს ოპერაცია სჭირდებოდა, რეაბილიტაცია ან საზღვარგარეთ მკურნალობა. ძალიან ძნელია იმის მოსმენა, როდესაც იცი, რომ ყველას ვერ დაეხმარები, თან სამედიცინო პოლისი აქვთ, მაგრამ ჯერ ვერ გამოიყენებენ ან ნაკლებად იციან, თუ რა უფლებებით სარგებლობენ.

ჩემი მოკრძალებული აზრით, ყველაზე კარგი ამ მხარეში მრავალპროფილიანი მობილური ჯგუფების გამოგზავნაა, თვეში ერთხელ მაინც, ასევე ხულოში კარგი საავადმყოფოს აშენება შესაბამისი აღჭურვილობითა და კადრებით.

დიდი რიყეთის სკოლაში ვეღარ მოვხვდი, რადგან გზა მოყინული იყო, საჩუქრები ხულოს განათლების განყოფილებაში დავტოვე. გარანტია მოგვცეს, რომ ყველაფერს გადასცემდნენ. მე ამის მჯერა, რადგან ამ ფაქტს თავად მინისტრი დაესწრო... უკანა გზაში გავიცანი უსაყვარლესი ცოლ-ქმარი თამარა და თენგიზი, ექვსი შვილის მშობლები, პირველი შვილიშვილის მოლოდინში... ჭაჭა, პური და ყველი შემოგვთავაზეს. საუბრის დროს თენგიზს ვკითხე რომელი აღმსარებლობის იყო, მან კი მიპასუხა, რომ ხან ეკლესიაში, ხან კი მეჩეთში დადიოდა, ასევე მითხრა, რომ რწმენა ხულოში ძალიან მკაცრი არ არის....

დაღლილები შუახევის მთიან-აჭარული სამზარეულოს შემდეგ (ვგიჟდები კაისეფაზე, სინორსა და ბორანზე) ბათუმში ღამე ათ საათზე შევედით. არაფრის გაკეთების თავი აღარ მქონდა და არა მხოლოდ მე, არც იმეილების შემოწმების, არც განცხადებების კითხვის და არც არაფრის... ჩემს ასისტენტს ვუთხარი, რომ დილას ცხრა საათზე ვიწყებდით მუშაობას, თერთმეტ საათზე კი ზუგდიდში უნდა წავსულიყავით. ნიკუშას ძუძუ ვაჭამე და შხაპის მიღების შემდეგ დავიძინე...

5 დეკემბერი

მკვდარივით მეძინა, ნიკუშას შვიდ საათზე ვაჭამე და ისევ დავიძინე; როდესაც გავიღვიძე მეუღლის საათზე დავინახე, რომ უკვე ათი საათი და ორმოცდაათი წუთია. ჩქარა, ჩქარა, ჩქარა... ერთი ლუკმა პური, ჩაი და უკვე ზუგდიდისკენ მიმავალ გზაზე ვართ. გოგოები იქედან წავლენ თბილისში, მე კი ზუგდიდის ღონისძიებების შემდეგ მეუღლესთან და ნიკუშასთან ერთად კიდევ ერთი დღით დავრჩები, ოღონდ ხვალ ორ საათზე თბილისში უნდა ვიყო, რადგან გაეროს პრეზენტაციას უნდა დავესწრო და ხუთ საათზე სტუდენტებთან წავიდე, რომლებსაც ფრანგულს ვასწავლი...

გზაში მე, მაკა, ზეინაბი და ეკა ვსაუბრობთ და ორი საათის შემდეგ შევდივართ ზუგდიდში, სადაც ტუბერკულოზის ცენტრში გველოდებიან. თბილისიდან ჩამოვიდა ტუბერკულოზის ცენტრის დირექტორი დოქტორი არჩილ სალაყაია.

ზუგდიდის ტუბერკულოზის ცენტრის სამსართულიან შენობაში მოთავსებული არიან "კლასიკური პაციენტები", დაახლოებით ოცი ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი, რომლებსაც ესაჭიროებათ ორი-სამ თვიანი ინტენსიური მკურნალობის კურსი. პირველ სართულზე განთავსებულია ლაბორატორია და ამბულატორია, სადაც პაციენტები ინტენსიური მკურნალობის (გადამდები პერიოდის) შემდეგ რეგულარულად მიდიან წამლების მისაღებად, მეორე სართულზე კი არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია MSF-ის ოფისია, რომელმაც ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმის მკურნალობა დაიწყო. ზუგდიდის რაიონში დაახლოებით ორმოცდაათამდე პაციენტია რეგისტრირებული.

იქ ჰიგიენას უმკაცრესად იცავენ - ნიღბები, შლიუზების კარები, ვენტილაცია და ა.შ. დირექტორთან საუბრის დროს აღმოჩნდა, რომ გაეროს UNOMIG-ის მისია საავადმყოფოს მესამე სართულის რემონტს დაპირდა (სამოცი ათასი ევროს ღირებულებით), რისი განხორციელებაც გაურკვეველი მიზეზების გამო გაჭიანურდა. გადავწყვიტე მივსულიყავი UNOMIG-ის წარმომადგენლობაში, რამაც საკმაოდ დააბნია მისი ხელმძღვანელობა სოხუმში... აქ მეგობრულად მიგვიღეს და თავადაც კმაყოფილები იყვნენ ჩვენი ვიზიტით. მისიის ხელმძღვანელი მხიარული კორეელი იყო, თან ახლდა ორმოცი სამოქალაქო და დაახლოებით სამოცი სამხედრო პირი, ოღონდ არა შეიარაღებული... გვითხრა, რომ აპრილში რუსეთის შეიარაღებული სამშვიდობო ძალების (სამი ათას კაციანი კონტინგენტის) მანდატი დამთავრდებოდა, თუ გაეროს უსაფრთხოების საბჭო არ გააგრძელებდა. "ჩვენ აქ საკმაოდ გვიან ვდგებით", - თქვა მან და დილას ექვს საათსა და ოცდაათ წუთზე ადგომას გულისხმობდა. "მე ჩემს მიმღებ ოჯახში კორეული სამზარეულო შევიტანე", - გამიკვირდა, რომ ყველა (გერმანელი, ჩეხი, პოლონელი, პაკისტანელი, ინდონეზიელი) ზუგდიდის სხვადასხვა ოჯახში ექვსი თვიდან ოთხ წლამდე ცხოვრობდა და ამისთვის თანხას იხდიდნენ. ვისაუბრეთ ტუბერკულოზის ცენტრის რემონტზე, რაც მალე უნდა დაწყებულიყო. სტიმული რომ მიმეცა დავპირდი, რომ ორი თვის შემდეგ გახსნაზე სიამოვნებით ჩამოვიდოდი. ბოლოს გაეროს დროშის ქვეშ სურათები გადავიღეთ და იქაურობა დავტოვეთ...

დადიანების სასახლის ტერიტორიაზე ვისეირნეთ, ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესიაში შევედით და ტუბერკულოზის ცენტრისთვის წმინდა გიორგის ხატი, სანთლები და ლოცვანი ვიყიდე, რადგან იქ არსად იყო სალოცავი კუთხე. ხატი აკურთხეს... პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში ზაზა გოროზია ყველგან დაუზარელად დაგვყვებოდა. პროკურატურის ახალი შენობაც დავათვალიერე და ბათუმში დავბრუნდით. გზაში ყოფნის დროს დავურეკე ფოთის პორტის დირექტორს ლაშა ახალაძეს, რომ ფოთში სადმე ერთად გვესადილა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მე ფოთში და ის კი თბილისში იმყოფებოდა... ცოტა ხნის წინ ფოთის ერთი სკოლა ჰოლანდიურ სკოლას დაუძმობილდა და მათ შორის თანამშრომლობა დაიწყო, რაც ძალიან მახარებს. მე და ლაშა აგრეთვე ვცდილობთ, რომ ინვალიდ ბავშვებს ეტლები შევუძინოთ, ამისთვისაც ჰოლანდიაში დავამყარეთ კონტაქტები. ჩემს მშობლიურ ქალაქს ტერნეუზენსა და ფოთის პორტს 2004 წლიდან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება აქვთ დადებული..

ქობულეთში ერთ საბავშვო ბაღში გავჩერდი, სადაც მამა კირიონს ოცდაათამდე ბავშვი ჰყავს ყოველ დღე და ხუთი სხვადასხვა ზომის ველოსიპედი ვაჩუქე ჩემი ფონდის SOCO-ს სახელით. ის ზაფხულობით ბანაკებს აწყობს ხოლმე და მეუფე დიმიტრისთან ერთად დიდი სურვილი აქვს, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვები ამ ბანაკებში დაპატიჟოს, რათა ქართული სიმღერა, პოეზია ასწავლოს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ექსკურსიები მოაწყოს და ა.შ. მან მთხოვა ოცდაათ ადგილიანი ავტობუსი და ქალაქ ქობულეთიდან ტერიტორიის განათება, საბავშვო ბაღისთვის სათამაშოები, ჩამოსასრიალებლები, კარუსელები და ა.შ. არ ვიცი რისი საშუალება მექნება მომავალში, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან კარგი და კეთილშობილური ინიციატივაა.

საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე მდებარე პატარა ხის ეკლესიაშიც შევედი და სანთლები ავანთე. ბობოყვათის სასტუმროში მარტო დავბრუნდი. ასისტენტები თბილისში წავიდნენ (მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ისინი ტუბერკულოზის საავადმყოფოს დირექტორთან იყვნენ სახლში დაპატიჟებულნი მეგრულ ღომზე, ელარჯზე, საცივზე და კარგ დროს ატარებდნენ, მაშინ, როდესაც ჩვენ ცარიელი კუჭებით დავუბრუნდით სანაპიროს...). მეუღლე, ნიკუშა და ძიძაც ვერტმფრენით წასულიყვნენ თბილისში (პატარა ბავშვისთვის ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე სწრაფი და კომფორტული გზაა), ჩვენ კი ღამის მატარებლით ვაპირებდით წასვლას, ღამის კვება ამის გამო ამოვარდებოდა, მაგრამ ხვალ დილას ორივე უფრო დიდი მონატრებით განვაგრძობდით ძუძუთი კვებას. ეს მაინც ყველაზე კარგია ბავშვის განვითარებისთვის და იმუნიტეტისთვის და მიხარია, რომ უკვე მეთორმეტე თვეა, რაც დღეში მინიმუმ ორჯერ ვაჭმევ. ბავშვი სხვა სახის საკვებსაც იღებს, მაგალითად, გატარებულ ბოსტნეულს, ხილს, ქათამს, ხბოს ხორცს, მაწონს, წიწიბურას, ბრინჯს და ყველს.

6 დეკემბერი

ისევ მატარებელში ვართ. ის ქობულეთის განახლებული სადგურიდან ზუსტად თორმეტ საათზე დაიძრა და თბილისში დილას შვიდ საათსა ოცდაათ წუთზე იქნება. კარგია, ედუჩას სკოლაში თვითონ მივიყვან.

მატარებელში ცოტა სამუშაო მაქვს, მინდა ხვალინდელი ლექციის მომზადება, კომპიუტერში წერილების დაწერა და მონაცემთა ბაზაში ახალი კონტაქტების შეყვანა. შოკოლადი, ორცხობილა, წყალი და ჩაი მაქვს, მაგრამ მატარებელში ასევე ძალიან კარგად მძინავს და ამიტომ მგონი დიდხანს აღარ ვიფხიზლებ...

დილას რვა საათზე ჩამოვედით თბილისში და როგორც იქნა ედუჩა ცხრა საათზე სკოლაში მივიყვანე. შემდეგ ცოტა ჩემს თავს მივხედე, დალაქთან წავედი, კიდევ რამდენიმე საათი დავიძინე... დღის ბოლოს პანაშვიდზეც მივედი...

"ქორთიარდ მერიოტში" გაეროს და USAID-ის მიერ ორგანიზებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის შედეგების პრეზენტაციას დავესწარი. 2005 წელს კონტრაცეპტივების მოხმარება 7%-ით გაიზარდა, ამაღლდა ქალების ინფორმირებულობის დონე და შემცირდა აბორტების რაოდენობა. მინდა ეს დავიჯერო, მაგრამ ვიცი, რომ რევოლუცია არის მოსახდენი იმდენი რამის შეცვლაა საჭირო ამ დარგში; მაგრამ იმედით ცოცხლობს ადამიანი და რასაკვირველია იმედს არ ვკარგავ...

ხუთიდან შვიდ საათამდე სტუდენტები მყავს კავკასიის ბიზნეს სკოლაში, მათ ფრანგულს ვასწავლი...

ამერიკელ სტუმრებთან, გეროსა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ვვახშმობთ და ცხრა საათზე შევდივარ სახლში.

ედუჩა თავის მეგობართან ერთად არის, ეს ჩვენი მეზობელი ბიჭია და ამავე დროს ჩემი ნათლულია.

გავიგე, რომ დღეს საპატრიარქოში ათ საათზე ლოცვა იქნება და ნიკუშასთან ერთად წასასვლელად ვემზადები.

უწმინდესთან ვსაუბრობთ ლოცვამდე და ლოცვის შემდეგაც და ჩაძინებულ ნიკუშასთან ერთად დაახლოებით თორმეტის ნახევარზე შინ ვბრუნდები... ღამე ორ საათამდე მაინც არ ვიძინებ, მეგობრებს ვწერ, ტელეფონით ვესაუბრები. რა კარგია, რომ საქართველოში გვიანობამდე შეგიძლია რეკვა, ჰოლანდიაში კი საღამოს ცხრა საათის შემდეგ ტელეფონი ზარი ხალხს აშინებს, რადგან ფიქრობენ, რომ რაღაც მოხდა...

ხვალინდელი შეხვედრებისთვის ვბეჭდავ მასალას და ვგეგმავ. მე ასეთი ჩვევა მაქვს, რომ სია გავაკეთო წინა ღამე, რა უნდა გაკეთდეს შემდეგი დღის განმავლობაში, ვის უნდა დავურეკო, მივწერო, ვის ვხვდები და რისი გარკვევა მინდა. ეს ძალიან სასარგებლოა და მეხმარება პრიორიტეტების განსაზღვრაში.

7 დეკემბერი

ნიკუშას დილას ოთხ საათზე ვასმევ ჩაის, შვიდის ნახევარზე კი ძუძუს ვაძლევ. შემდეგ ერთად ვიძინებთ ტახტზე (ისევ თავის საწოლშია ხოლმე, საკუთარ ოთახში).

ედუჩას ვაღვიძებ ცხრის ოც წუთზე და ძლივს ვასწრებთ ცხრა საათზე სკოლაში მისვლას. საუბარი მაქვს "თბილისი მერიოტში" ანსამბლ "რუსთავის" წევრებთან, შემდეგ კი თურქებთან, რომლებიც ქველმოქმედებას ეწევიან. როგორც შარშან წელსაც ვაწყობთ გამოფენა-გაყიდვას, შემოსული თანხა კი ბავშვების დამწვრობის ცენტრს მოხმარდება. ეს ჩემი სამიზნე ჯგუფია, რადგან დამწვრობები ხშირად სოციალურად დაუცველ ოჯახებში ხდება, სივიწროვის, გაზის ბალონის ან ცუდი ელექტროგაყვანილობის გამო, შუა ოთახში მდგარი ადუღებული წყალი ხშირად ბავშვების დამწვრობის მიზეზი ხდება...

შემდეგ ღუდუშაურის კლინიკაში მელოდებიან. ამერიკელებმა პერინატალურ ცენტრს დიდი ავტობუსი აჩუქეს, რომელშიც შესაძლოა ქალებს დიაგნოსტიკა ჩაუტარო რეგიონებში. შთამბეჭდავია, რომ ეს ერთ-ორ თვეში დედოფლისწყაროშიც იწყებს მუშაობას და შევთანხმდით, რომ გახსნას დავესწრები.

პირველ საათზე მელოდებიან დამწვრობის ცენტრში, სადაც დანიური სახლის საჩუქრებს გადავცემ: ათ საწოლს მატრასითა და ლეიბებით, ორ კარადას და ნაძვის ხეებს...

უზომოდ გახარებულები არიან. ჩემი კოლეგა ფონდ SOCO-დან იქ რჩება, რათა ბავშვთა განყოფილებაში ნახოს, თუ ვის ესაჭიროება ყველაზე მეტად დახმარება, წამლები და საოპერაციო თანხა. ჩვენ უკვე წლების მანძილზე ვეხმარებით მათ ასე.

მე მეჩქარება სკოლაში, რომ ედუჩა გამოვიყვანო. მას სახლში მივიყვან, შემდეგ კი წყალბურთზე უნდა წავიდეს. მე მეყოლება სტუმრები, მუსიკოსები, ვისთან ერთადაც ვაწყობთ საშობაო სიურპრიზს რამდენიმე ახალი სიმღერის სახით. მათთან ერთად ვსადილობ. კომპიუტერში წერილებს ვპასუხობ, ვრეკავ, ვგეგმავ და ვწერ ათ პასუხს შემოსულ განცხადებებზე...

ხვალ დილიდან სამ საათიანი ფრანგული ლექცია უნდა მოვამზადო, ალბათ ერთი საათი დავიძინებ.

ამ კვირაში არ მცალია ექთნობის კურსებზე დასასწრებად, ცუდი გოგო ვარ...

8 დეკემბერი

პირველის ნახევარზე მეძინა და ღამე ორ საათზე ნიკუშას ძუძუ ვაჭამე. მეუღლე ლაპარაკის ხასიათზე იყო. შუა ღამე კი იყო, მაგრამ სიამოვნებით ვუსმენ ხოლმე და ჩემს პროექტებზე, იდეებზე ვესაუბრები, ძირითადად იმაზე, რაც ვნახე რეგიონებში და რა შთაბეჭდილებებით ჩამოვედი ამ შემთხვევაში მთიანი აჭარიდან.

დილას რვის ნახევარზე ძიძამ ნიკუშა შემომიყვანა (როცა ვთხოვ, რჩება ხოლმე, მაგრამ ეს ძირითადად არ ხდება).

ედუჩა სკოლაში რომ წავიდა, შემახსენა, რომ პირველ საათზე გეოგრაფიის ღია გაკვეთილი და შემდეგ მშობელთა კრება იყო დაგეგმილი. "ვიქნები- მეთქი", - ვუთხარი...

მეოთხე კურსის სტუდენტთა ნახევარი არ გამოცხადდა... მათ სხვადასხვა ფირმაში სტაჟირება დაიწყეს. კარგია, რომ ზოგიერთს 1000 ან 2000 დოლარი აქვს ხელფასი.

თორმეტ საათზე მანქანიდან ხუთ ადამიანს ვურეკავ. ასე ვაკეთებ ხოლმე. ერთის მხრივ ცუდია, რომ თავად არ ვზივარ საჭესთან, რადგან მე ის მძღოლი არ ვარ, რომელსაც, რაიმე რომ მოხდეს, ტროტუარებზე სიარული შეუძლია; მაგრამ მეორეს მხრივ კარგია, რადგან მეტი დრო მრჩება საქმიანობისთვის.

როდესაც ჰოლანდიაში ჩემს მშობლებთან სტუმრად ვარ, მამაჩემი მსვამს ხოლმე საჭესთან და ბავშვივით მიხარია.

ედუჩას სკოლაში ღია გაკვეთილზე ბავშვებმა სამხრეთ ამერიკაზე ისაუბრეს. ედუჩა მართლა ძალიან მაღალია, 1 მეტრი და 66 სანტიმეტრი, თავის თანაკლასელებთან ერთად რომ დგას, ეს კიდევ უფრო შესამჩნევია. კრებაზე ექსკურსიაზე და საშობაო სპექტაკლის თარიღზე ვისაუბრეთ. ედუჩა უნდა იყოს მეფე ობერონი "ზაფხულის ღამის სიზმარში".

სახლში ჩვენი დიასახლისი ავად არის, ამიტომ ჩვენ სადილისთვის "მაკდონალდსში" შევდივართ. Yves Roches მაღაზიაში ვყიდულობ შხაპისთვის სასიამოვნო დასაბან საშუალებებს ჟოლოს, ვანილისა და ატმის სურნელით, რათა ქალებს შობა-ახალ წელს ვაჩუქო, ზუსტად ჯერ არ ვიცი ვის რომელი მივცე, მაგრამ ამ მაღაზიასთან რომ გავიარე, ვიფიქრე, რომ ეს კარგი საჩუქარი იქნებოდა, ამიტომ გავჩერდი და ვიყიდე.

მე ვგიჟდები საჩუქრების გაკეთებაზე, ძალიან მსიამოვნებს სხვა ადამიანების გახარება და ყოველთვის ვცდილობ ორიგინალური და ზედგამოჭრილი საჩუქარი იყოს. ხშირად ტანსაცმელსაც ვყიდულობ, რაც არ უნდა რთული შესარჩევი იყოს ზომის ან გემოვნების მხრივ.

მერე წავედი მეგობარ სოსთან. იგი უსინათლოა და პირველად წავიყვანე მასთან ახლოს მყოფ მაღაზიაში, ცოტა დაიბნა...

ხუთ საათზე რეპროდუქციული ჯანმრთელობის კონფერენციის დახურვაზე დავპირდი წასვლას, ექვს საათზე კი დავიძრებით ბორჯომის ხეობისკენ, იქ ვიქნებით მთელი ოჯახი. ასპინძაში სოფელ ივერიაში მომიწევს წასვლა, რათა ერთი გაჭირვებული და მგლოვიარე ოჯახი მოვინახულო: მამა და ოთხი მცირეწლოვანი შვილი. ოცდაშვიდი წლის ქალმა სახლში იმშობიარა და უმცროსი ქალიშვილის - სანდრას დაბადების დროს დედას ინფექცია შეეჭრა, სეფსისი დაემართა და რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. როგორი ტრაგედიაა!.. ასეთი რამ დღევანდელ საქართველოში ხომ არ უნდა მოხდეს!

ნიკუშა და ძიძა ბორჯომში ამ დილას წავიდნენ, საღამოს კი ჩვენც იქ ვიქნებით. მომენატრა ბორჯომ-ლიკანი, სადაც ორსულობის ბოლო თვე და ნიკუშას სიცოცხლის პირველი ორმოცი დღე გავატარე.

ბორჯომის მფარველი წმინდა ნიკოლოზია და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მეორმოცე დღეზე მირქმის ცერემონია ჩავატარეთ თოვლსა და ყინვაში...

9 დეკემბერი

დღეს ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა, საფლავზე ვერ მივდივარ და როგორც ყოველთვის ნინოს აუცილებლად დავურეკავ....

ბორჯომის სამშობიაროში მივდივართ დანიური სახლის ავეჯით. იანვარში იქ უნდა მივიყვანო ჰოლანდიელები, რომლებიც ძალიან დაინტერესებულები არიან, რომ ამ გაღარიბებულ სამშობიაროს დაეხმარონ.

საღამოს ლოცვაზე დასწრებას ვაპირებ კიმოთესუბნის ეკლესიაში. ამდენი ულამაზესი პატარა ტაძარია აქ, თამარ მეფის მიწაზე...

ორშაბათს დილას ცხრა საათზე თბილისში უნდა ვიყო. ედუჩას სკოლაში მივიყვან, ათ საათზე კი ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ჰემატოლოგიურ განყოფილებაში მივდივარ, სადაც ამჟამად ლეიკემიით დაავადებული ოცდასამი ბავშვი მკურნალობს. მათ ფინეთიდან ჩამოსულმა სანტა კლაუსმა საჩუქრები უნდა გადასცეს. ასეთ ბავშვებს მედიკამენტებით ყოველთვის ვეხმარები და ამიტომ ღონისძიებაში მონაწილეობას მეც ვიღებ... კომპანია "ბორჯომმაც" გამოთქვა სურვილი, რომ ბავშვებს დაეხმაროს, რადგან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დღეში 1 ლიტრი ბორჯომი სჭირდებათ. ის ფაქტი, რომ საქარველოში ქველმოქმედება ინერგება, ძალიან მახარებს......

ეს არის და გორის ციხე!..


სანდრა ელისაბედ რულოვსი
"ცხელი შოკოლადი"




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code