Google+

ინტერვიუები

08.03.2007
'ავერსი' - სანდრა ელისაბედ რულოვსი: დედობა უპირველესი მოვალეობაა

გაეროს მოსახლეობის ფონდის პროექტის "რეპროდუქციული ჯანმრთელობის სრული ინფორმაცია და სამსახურები" წყალობით კვალიფიციურ კონსულტაციასა და სამედიცინო მომსახურებაზე საქართველოს სულ უფრო მეტ სოფელს მიუწვდება ხელი. მობილური ჯგუფები თავად მიდიან სოფლებში და მოსახლეობას პროფესიულ დახმარებას უწევენ. ისინჯებიან უმთავრესად ქალები, თუმცა ბოლო დროს პაციენტი მამაკაცების რიცხვმაც იმატა.

პროექტის წარმომადგენლები მოსახლეობას პლაკატებსა და ბროშურებსაც ურიგებენ, თუმცა ინფორმაციის გადაცემის საუკეთესო საშუალებად მაინც საუბარი რჩება. კლინიკური გასინჯვა და ინფორმაციის გადაცემა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ქვეყნის პირველი ლედის მონაწილეობა პროექტს კიდევ უფრო ავტორიტეტულს ხდის. ხალხი გრძნობს სახელმწიფოს თანადგომას და სოლიდარობას, ხედავს, რომ პირველი ლედი ზრუნავს მათზე, მათ ჭირ-ვარამს იზიარებს და ეს მათთვის მეტად მნიშვნელოვანია.

ჩვენს ჟურნალს საშუალება მიეცა, ამ პროექტის შესახებ საქართველოს პირველ ლედის პირადად გასაუბრებოდა:

- თითქმის უკვე თორმეტი წელია, გაეროს მოსახლეობის ფონდი ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში მუშაობს. მე ამ საქმიანობაში დაახლოებით ერთი წლის წინ, უმცროსი ვაჟის დაბადების შემდეგ ჩავერთე. დავინტერესდი და შევისწავლე ეს დარგი. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ, რეგიონებში ქალებს შევხვედროდით.

იდეას ხორცი შევასხით. ყველგან ვიყავით. ათი შეხვედრის დროს რვაას ქალს შევხვდით. ვისაუბრეთ, როგორ უნდა მოემზადოს ქალი ოჯახის შესაქმნელად, რას უნდა მიაქციოს ყურადღება ორსულობისას, რა სახის მომსახურებას აფინანსებს სახელმწიფო, რამდენი ვიზიტია უფასო და რა უფლებებით სარგებლობენ მშობიარეები... შევეხეთ იმასაც, რა არის უმჯობესი ბავშვის ჯანმრთელობისთვის, როგორ უნდა ვესაუბროთ მოზარდებს რეპროდუქციული პრობლემების შესახებ, რომ, მაგალითად, გოგონას მენსტრუაციის დაწყების არ შეეშინდეს, როგორ მივაჩვიოთ პირადი ჰიგიენის დაცვას, როგორ და რატომ უნდა დაიცვას თავი ახალგაზრდამ პირველი სქესობრივი კონტაქტის დროს, ვისი პრეროგატივაა ასეთ თემებზე საუბარი - სკოლის თუ ოჯახის... სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა და საბოლოოდ ასეთ დასკვნამდე მივედით: სკოლებში ეს საკითხი ბიოლოგიური, თეორიული მხრიდან უნდა განიხილონ, ოჯახში კი ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვან და შვილებს, შვილიშვილებს გულახდილად ესაუბრონ. უმჯობესია, პირისპირ და არა სხვების თანდასწრებით, ვინაიდან ეს მეტად ფაქიზი თემაა. მეც მიწევს ამგვარ საკითხებზე საუბარი ჩემს 11 წლის ვაჟთან. ასეთი შემთხვევაში მშობელი გულწრფელი უნდა იყოს და ბავშვის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე იმსჯელოს. ცხადია, ეს ადვილი არ არის...

ჩვენი საუბრის ერთ-ერთი თემა ისიც გახლდათ, როგორ შეიძლება შეუწყოს ხელი რეპროდუქციულ ჯანმრთელობას სახელმწიფომ თუ კერძო სექტორმა, სად უნდა მოხდეს სახსრების მობილიზება - დაწესებულებებში, წამლებზე, კონტრაცეპტივების გავრცელებაზე თუ მრავალშვილიანთა მატერიალურ დახმარებაზე.

საუბრის შემდეგ ქალები კითხვებს გვისვამდნენ, ბოლოს კი საჩუქრებს ვურიგებდი - პარფიუმერიას და წიგნებს ჩემივე ავტოგრაფით. შეკითხვები, რომლებსაც ყველაზე ხშირად სვამდნენ, შევკრიბეთ. უახლოეს მომავალში გაეროს მოსახლეობის ფონდის თანადგომით გამოვცემთ ბროშურებს, რომლებიც მრავალ ასეთ კითხვას გასცემს პასუხს. ერთ-ერთი ახალშობილის მოვლას შეეხება, ხოლო მეორე რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის იქნება განკუთვნილი - მიუთითებს, სქესობრივი მომწიფების ასაკიდან მოყოლებული, რაზე გაამახვილონ ქალებმა ყურადღება. როგორ მოიქცნენ დაოჯახების, ორსულობის, მენოპაუზის დროს, როგორ აიცილონ თავიდან ონკოლოგიური დაავადებები.

გაეროს ფონდი და ჩვენ წელსაც ერთიანი ძალისხმევით განვაგრძობთ მოსახლეობის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვას - ისინი მთელ ქვეყანაში იმუშავებენ, ჩვენ კი გვსურს, ფონდ SOCO-ს დახმარებით ეს პროგრამა ქვემო ქართლში გავაძლიეროთ.

აბორტი და გართულებული მშობიარობა ხშირია დმანისში, მარნეულში, ბოლნისში, თეთრ წყაროსა და რუსთავში. ამ თვალსაზრისით აქ მეტად რთული ვითარებაა. განზრახული გვაქვს, პრობლემურ რეგიონებში ინფორმაციის მიწოდება გავზარდოთ, მოსახლეობას უფასო კონსულტაციები გავუწიოთ და ამით საქართველოში დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობა შევამციროთ. სტატისტიკა შემაშფოთებელია - 100 ათასი ბავშვიდან ოცზე მეტი ორმოც დღესაც ვერ ცოცხლობს, 100 ათასი ქალიდან კი 43 ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო იღუპება. ეს, რაღა თქმა უნდა, ძალიან ცუდი მაჩვენებელია. მაგალითად, ინგლისსა და იტალიაში ასეთ შემთხვევებში 100 ათასიდან 6 ქალი და 3-4 ბავშვი იღუპება.

- დემოგრაფიული მდგომარეობა საქართველოში მართლაც სავალალოა, მით უფრო, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელიც მაღალია. რას ურჩევთ მომავალ დედებს?

- ვურჩევ, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავის ჯანმრთელობას. ბევრი თავს შვილებისა და მეუღლის შემდეგ, ბოლო ადგილზე აყენებს, სინამდვილეში ქალი ოჯახის ხერხემალია, ამიტომ თავსაც უნდა მიხედოს. ცუდი კვება, ღამეების ტეხა - ეს ყოველივე მის ჯანმრთელობაზე აისახება.

ამჟამად საქართველოში დიდი პრობლემაა ანემია. ორსულთა 60% სისხლნაკლებობის გამო მიდის საავადმყოფოში. არადა, მისი პროფილაქტიკა არც ისე ძნელია - ჰემოგლობინი არის ხორცში, ბროწეულში, შეუძლიათ, სულაც რკინის შემცველი აბები მიიღონ. მომავალმა დედამ ეს ყველაფერი უნდა იცოდეს.

დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულობის დაგეგმვას. მაგალითად, თბილისში ათიდან ექვსი ორსულობა დაუგეგმავია... თუ ერთი ან ორი შვილი გყავს და მესამის გაჩენასაც აპირებ, უმჯობესია, ცოტა ხანს შეისვენო, რადგან ორგანიზმს დასვენება, ფუნქციის, ენერგიის აღდგენა სჭირდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, სამი წელი ინტერვალისთვის საუკეთესო პერიოდია.

ორსულობის მეთორმეტე კვირიდან ქალმა კონსულტაციებზე უნდა იაროს. მას 4 უფასო ვიზიტი ეკუთვნის. პერიოდულად უნდა შეიმოწმოს სისხლი, ჩაიტაროს ექოსკოპიური გამოკვლევა შესაძლო პათოლოგიების გამოსავლენად.

ონკოლოგიური პრობლემების პრევენციაც მნიშვნელოვანია. ქალს შეუძლია, მკერდის კიბოს თავიდან ასაცილებლად თვითგასინჯვის მეთოდი გამოიყენოს. ეს სამ-ხუთწუთიანი მარტივი პროცედურაა, რომელსაც მეც ვიყენებ. ქალს პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა ჰქონდეს და ხვდებოდეს, რომ მის ჯანმრთელობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

- შეხვედრისას უმთავრესად რას გეკითხებიან ქალები?

- ბევრი რამ აინტერესებთ. მაგალითად, კონტრაცეპტივების შესახებ. გვეკითხებიან, ხომ არ გამოიწვევს აბები ონკოლოგიურ დაავადებებს. ამ დროს პირიქით არის - ზოგიერთი თანამედროვე კონტრაცეპტივი კიბოს პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა. ოღონდ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს წამლები მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტმა უნდა დანიშნოს კონსულტაციის საფუძველზე.

ხშირია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებიც. უახლოეს მომავალში აჭარაში ვიწყებთ ახალ პროექტს "ჯანმრთელი ქორწინება". უკვე მოვიპოვეთ ჰოლანდიური სამედიცინო ფირმისა და კომპანია "ელიტ ელექტრონიქსის" მხარდაჭერა. სხვა სპონსორებსაც ვეძებ. ქორწინების შემდეგ, პირველივე კვირებში, გამოვიკვლევთ, ჯანმრთელია თუ არა წყვილი, რადგან არსებობს ინფექციები, რომლებიც უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ორსულობის დროს კი ნაყოფზე გადადის და ანომალიებს იწვევს, ამიტომ გამოკვლევა დაორსულებამდე უნდა მოხდეს.

აჭარაში ყოველწლიურად 1700 წყვილი ქორწინდება. იმედი გვაქვს, 500 მაინც გამოეხმაურება ამ პროგრამას. წყვილებს მივიწვევთ ბათუმში, უფასოდ გამოვიკვლევთ და შემდეგ დავასაჩუქრებთ კიდეც... ძალიან გვინდა, პროგრამა სხვა რეგიონებზეც გავრცელდეს.

- როგორია სანდრა რულოვსი - ორი ვაჟკაცის დედა, ქალი და პირველი ლედი?

- როგორც დედა, სამართლიანი ვარ და შვილებს საკუთარი ბავშვობის მაგალითზე ვზრდი. საკმაოდ ლაღი, თავისუფალი ბავშვობა მქონდა, მშობლები მენდობოდნენ, ზედმეტად არ მზღუდავდნენ. დამეხმარნენ, რომ ენები შემესწავლა, საზღვარგარეთ მემოგზაურა, სპორტის სხვადასხვა სახეობაში მომესინჯა ძალა. ვისურვებდი, ჩემს შვილებსაც ასეთივე ბედნიერი ბავშვობა ჰქონოდეთ.

როგორც ქალი, სპორტული და აქტიური ვარ, საქმიანი და თან ოჯახური. ყოველივე ამის შეთავსება ძნელია, მაგრამ თუ შევძლებთ, შედეგად ძალიან ლამაზ, ჰარმონიული ერთიანობას მივიღებთ... ქართველი ქალებისგან ბევრი რამ ვისწავლე, მაგალითად, ჩაცმა, მაკიაჟი, ოჯახისთვის თავდადება და ამავდროულად - ელეგანტურობა. ჰოლანდიაში, სტუდენტობისას, გარეგნობაზე ასე არ ვზრუნავდი, ახლა კი მსიამოვნებს მუდმივად ფორმაში ყოფნა.

რაც შეეხება პირველი ლედის სტატუსს, ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც ყოველდღე ვგრძნობ. ამასთანავე, მუდამ მახსოვს, რომ ეს სტატუსი დროებითია, ამიტომ ვცდილობ, ეს პერიოდი რაც შეიძლება ნაყოფიერად გამოვიყენო. ჩემს უმთავრეს ამოცანად ჯანმრთელობის სფეროზე ზრუნვას მივიჩნევ. ასევე, მინდა, შევქმნა კლასიკური მუსიკის რადიო. ეს იდეა უკვე ისხამს ხორცს. ამჟამად შესაფერის კადრებს ვეძებ. სავარაუდოდ, აპრილში რადიო ფუნქციონირებას დაიწყებს.

ვცდილობ, შევინარჩუნო უშუალობა და ხალხი მეუბნება, რომ გამომდის კიდეც. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ოჯახშიც, ვცდილობ, დიასახლისის ყველა მოვალეობა თავად შევასრულო. დილით ედუჩა მიმყავს სკოლაში. იქიდანაც მე თვითონ მომყავს. ამ წესს მხოლოდ მაშინ ვარღვევ, როცა ქალაქში არ ვარ. სკოლაში, მოწაფეების მშობლებთან, უშუალო კონტაქტი ყოველთვის მაქვს. არასოდეს მითქვამს, რომ ბავშვისთვის არ მცალია, ვინაიდან დედობა უპირველესი მოვალეობაა. მინდა, ყველაფერი მოვასწრო - საქმესაც, ოჯახსაც, სპორტსაც თავ-თავისი წილი ყურადღება დავუთმო, სტუმრები მივიღო, ვაჩვენო, რა ლამაზ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჩემი ყოველი დღე გადატვირთულია, მაგრამ უფლება არ მაქვს, პასიური ვიყო, რადგან გვაქვს შანსი, რაღაც სასიკეთოდ შევცვალოთ. ამიტომ მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩემს მოვალეობას. სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც ძილის წინ განვლილ დღეს გონების თვალს გადავავლებ და ვხვდები, რომ ბევრი რამ მოვასწარი, მაგრამ რაღაც ოცნებები და გეგმები ყოველთვის შეუსრულებელი რჩება...


თამარ ციბალაშვილი
"ავერსი"




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code